"ჩვენ რომ ეს ომი არ გვქონდეს ოჯახებში, ასეთი ძალადობრივი სურათი არ გვექნებოდა სხვა კრიმინალურ ფონთან დაკავშირებითაც" - კვირის პალიტრა

"ჩვენ რომ ეს ომი არ გვქონდეს ოჯახებში, ასეთი ძალადობრივი სურათი არ გვექნებოდა სხვა კრიმინალურ ფონთან დაკავშირებითაც"

საქართველოში ქალები ხშირად აწყდ­ებიან­ უფლებების დარღვევის სერიო­ზულ ფორმებს - ფემიციდს, სექსუალურ შევიწროებას, სქესობრივ ძალადობას, ოჯახში­ ძალადობას, იძულებით და ნაადრევ ქორწინებას, განათლების უფლების შეზღუდვას... არადა, ყველა ქალის კანონით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა დაცული იყოს ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან, თანასწორად ისარგებლოს სამოქალაქო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური უფლებებით. ქალებზე ან ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისთვის ერთ-ერთი ღონისძიებაა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმი შემაკავებელი ორდერის სახით, თუმცა საზოგადოების აზრით, ეს მექანიზმი საქართველოში­ ხშირად ვერ ამართლებს, ვინაიდან თითქმის ყველა მკვლელსა და მოძალადეს დანაშაულის ჩადენამდე შემაკავებელი ორდერი აქვს, თუმცა ეს სულაც არ აბრკოლებს ხელმეორედ დანაშაულის ჩადენაში.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, ამგვარ დანაშაულებზე გამოძიების დაწყების­ მაჩვენებელი 8.4%-ითაა შემცირებული, ხოლო შემაკავებელი ორდერების გამოცემა­ 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, დაახლოებით 9%-ით შემცირდა. 2020 წელს შსს-მ გასცა 10321 შემაკავებელი ორდერი, ხოლო 2021 წელს - 9376.

როგორც იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, ძალადობასთან საბრძოლველად მხოლოდ ორდერი, კანონი და სასამართლოს ჩარევა არ გამოგვადგება, თუ სხვა მექანიზმები არ დაემატა და არ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულებაც.

- ძალადობის ფაქტების გახშირება­ დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან, უპირველესად კი იმასთან, რომ საზოგადოების ინფორმირებულობა ამაღლდა. 10-15 წლის წინ ქალებს არც ჰქონდათ იმაზე ინფორმა­ცია, რა იყო ოჯახში ძალადობა, ბევრს არ ჰქონდა იმის ცოდნა, რომ მსხვერპლი იყო. გარდა იმისა, რომ მსხვერპლს ეცვლება­ ფსიქიკური მდგომარეობა და მოძალადეზე დამოკიდებული ხდება, მოქმედებს ე.წ. სტოკჰოლმის სინდრომიც. რეგიონებში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს ჯერ კიდევ აქვთ იმის განცდა, რომ ეს ოჯახის საქმეა და გარეთ არ უნდა გავიდეს. ამას ისიც ემატება, რომ ადგილობრივი პოლიცია არ არის ისეთი ქმედითი, როგორიც დიდ ქალაქებში,­ იქ სხვა დამოკიდებულებაა.­ თბილისში ნებისმიერი მეზობელი დარეკავს 112-ში, სოფლად კი უფრო დახურული საზოგადოებაა, მეზობლებს არ უნდათ ერთმანეთის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამომჟღავნება და ჰგონიათ, ეს არ არის ისეთი დანაშაული,­ რაზეც რეაქცია უნდა ჰქონდეთ.

როდესაც დამწყები ადვოკატი გახლდით,­ შეძრწუნებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ ბევრი ქალი წლების განმავლობაში ითმენდა ქმრისგან ფიზიკურ ძალადობას. მერე, როცა ჩემთან მოდიოდნენ, მეუბნებოდნენ, ახლა შვილები გაიზარდნენ და ამ ამბავს­ რომ შეესწრონ, გვეშინია, უბედურება არ დატრიალდესო. თვითონ რომ ათეული წლები იყვნენ მსხვერპლნი, ამაზე არ დარდობდნენ, მხოლოდ შვილები ადარდებდათ.

ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, ფსიქოლოგიურიცაა. ჩვენ ჯერ ხოცვა-ჟლეტის ამბები უფრო გვაწუხებს და როცა უფრო წინ წავა საზოგადოება, მერე ამაზეც ამაღლდება ცნობიერება. ადამიანები მიხვდებიან, რომ ისიც ძალადობაა, როცა ქმარი ცოლს არ აძლევს მუშაობის უფლებას, ან ფინანსურად აკონტროლებს... ეს ყველაფერი ძალადობაა, მაგრამ ჯერ ვლაპარაკობთ ფიზიკურ ძალადობაზე. სამოქალაქო ომი გვაქვს ოჯახებში, ადამიანები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ერჩიან, რაც ხშირად სიცოცხლის მოსპობით სრულდება. ეს საშინელი სურათი ძალიან აძრწუნებს­ საზოგადოებას. ხშირად ვფიქრობ, ჩვენ რომ ეს ომი არ გვქონდეს ოჯახებში, ასეთი ძალადობრივი სურათი არ გვექნებოდა სხვა კრიმინალურ ფონთან დაკავშირებითაც. ბავშვები, რომლებიც ისეთ გარემოში იზრდებიან, სადაც ძალადობა ურთიერთობის ნორმაა, მერე ადვილად იმეტებენ თანატოლებს და ძალადობენ მათზე.

- მუშაობს თუ არა ეფექტურად შემაკავებელი ორდერი, როგორც მოძალადისგან თავდაცვის საშუალება? აღმოჩნდება ხოლმე, რომ თითქმის ყველა მკვლელ მოძალადეს დანაშაულის ჩადენამდე გამოწერილი ჰქონდა. რა პრობლემაა ამ მექანიზმში და ფატალური შედეგების თავიდან ასაცილებლად კიდევ რა პრევენციული ზომების გატარება ჯობს?

- მექანიზმი ეფექტურია, მაგრამ ცალკე აღებული ვერ მოიტანს შედეგს. მხოლოდ აკრძალვა და შეკავება არ მუშაობს, თუ ამის პარალელურად იმ აგრესორს და მოძალადეს არ ექნა დამატებითი მექანიზმები. მაგ. არის სპეციალური სოციალური და ფსიქოლოგიური სამსახურები, რომლებიც მოძალადეს მისცემს შესაძლებლობას გააცნობიეროს, რატომ გამოუწერეს ორდერი. ასეთი მექანიზმები თუ არ ჩაერთვება, მოძალადე შეიძლება უფრო აგრესიული გახდეს. გარდა ამისა, ჩვენ აგრესიისა და ბრაზის მართვის სწავლება უნდა დავიწყოთ საბავშვო ბაღებიდან და შემდგომ განათლების ყველა საფეხურზე, რადგან ჩვენს საზოგადოებაში დიდი ნეგატიური ენერგიაა, რომელიც მერე სად ამოიფრქვევა, არავინ იცის. დღეს ძალიან უნდა იფრთხილო, რომ ქუჩაში ან ნებისმიერი თავშეყრის ადგილზე არაფერი შეგეშალოს, რომ თავს არ დაიტეხო გააფთრებული ადამიანის რისხვა. ვიღაცას რომ შემთხვევით დაეჯახო, შეიძლება სასიკვდილოდ გამოგეკიდოს. ადამიანებს ისე აქვთ დაძაბული ნერვები, ვერაფერს აკონტროლებენ, ამიტომ ბრაზის და აგრესიის მართვის კურსები, ტრენინგები თუ გაკვეთილები ყველა ეტაპზე უნდა გვქონდეს.

- შემაკავებელი ორდერის შემდეგ ხშირ შემთხვევაში ისევ აგრესიას და შურისძიებას­ ვიღებთ, მოძალადეს შეუძლია პოლიციის გვერდის ავლით მიუახლოვდეს მსხვერპლს და მოკლას.

- როგორც წესი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მოძალადეები ძალიან მშიშრები­ არიან. მათ აკავებთ არა მარტო ორდერი, ხანდახან იმის გასაჯაროებაც, რომ მოძალადეები არიან, შეიძლება შეაკავოს ოჯახის წევრების და ნათესავების ჩარევამ, იმანაც, რომ მეზობელმა გაკიცხა. ის იმიტომ სჩადის უზნეო და უკანონო საქციელს, რომ იცის, მშიშარაა. როცა პოლიციას მიჰყავს­ სასამართლოში, მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა გამოწეროს შემაკავებელი ან ამკრძალავი ორდერი და მიუსაჯოს პატიმრობაც, ანუ შეუძლია ამ სამიდან ის ღონისძიება გამოიყენოს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. აქ გვაქვს ერთი პრობლემა­ - პოლიცია ხშირად თვითონაც მოძალადის სოლიდარულია. ეს იმით აიხსნება, რომ ზოგი შეიძლება თვითონ გაიზარდა ასეთ გარემოში, ზოგიც თვითონაა მოძალადე და მიაჩნია, რომ ეს დანაშაული არ არის. ამ თემაზე პირველი ტრენინგი საქართველოში 2000 წელს ჩატარდა - გაერომ ჩამოიყვანა ბრიტანელი­ თადარიგში გასული პოლიციის ოფიცერი და როგორც ადგილობრივი ექსპერტი მეც მიმიწვიეს. მან საუბარი ასე დაიწყო: 30 წლის წინ, როცა გვითხრეს, ოჯახში ძალადობის საქმეებზეც უნდა გვემუშავა, შეურაცხყოფად მივიღეთ, ვამბობდით, ოჯახში ძალადობა რა ჩვენი საქმეა, ეს ჩვენს ღირსებას აკნინებსო. მერე, როცა ამ საქმიანობას მოვკიდეთ ხელი, მივხვდით, რომ ოჯახებში ძალიან ცუდი ამბები ტრიალებს და თუ არ ჩავერეოდით, შესაძლოა ძალზე მძიმე დანაშაული მომხდარიყო. ახლა, ამდენი ხნის შემდეგ არც ერთ პოლიციელს უკვე არ ჰგონია, რომ ეს ჩვენი საქმე არ არის. თქვენც დარწმუნდებით ამაში, როგორც კი თქვენთან ეს კანონი შემოვაო (ჩვენთან ჯერ კიდევ არ იყო კანონი ოჯახურ ძალადობაზე, 2005 წელს მიიღეს). ჩვენი პოლიციელები ბრიტანელ პოლიციელს თავიდან, ცოტა არ იყოს, უნდობლობით უსმენდნენ, ეს სახეზე ეწერათ, მაგრამ დღის ბოლოს ჩემთან მოდიოდნენ და საკონტაქტოს მართმევდნენ, ასეთი რამ თუ შეგვხვდა, როგორ მოვიქცეთო. მას შემდეგ, რაც კანონი ამოქმედდა და ჩატარდა ტრენინგები, ყველა რაიონის პოლიცია ინფორმირებულია, მაგრამ მინდა ყველას გასაგონად ვთქვა: როცა ოჯახში არის ძალადობა, თუ პოლიცია მართლა თავს იკატუნებს და ამბობს, არ არის ეს ჩვენი საქმე, ოჯახმა უნდა მოაგვაროსო, იცოდეთ, რომ კონკრეტული პოლიციელის პრობლემაა, რომელსაც არ უნდა თვალი გაუსწოროს საკითხს და ოჯახში ძალადობა დაინახოს.

- თქვენი აზრით, არის თუ არა საჭირო შემაკავებელი ორდერის მკაცრი მონიტორინგი ან კანონის უფრო გამკაცრება?

- კანონი ისედაც საკმარისად მკაცრია. შეწყალების კომისიაში კატეგორიულად არ ვიწყალებდით მოძალადეს მაშინაც კი, როცა მსხვერპლი ითხოვდა მის გამოშვებას (ხშირად ეს მოძალადეები ოჯახის ერთადერთი მარჩენლები არიან და ეს აფრთხობს ქალებს - მარჩენალი რომ დაკარგონ, მერე შვილებს რა ეშველებათო). ალტერნატიული მექანიზმი არა მარტო ფსიქოლოგების ჩარევას გულისხმობს, არამედ ამ ოჯახების ეკონომიკურ დახმარებას, მსხვერპლი ქალებისთვის სამსახურის შეთავაზებას, რაღაც შემოსავალი რომ გაუჩნდეს, არ იყოს მოძალადეზე ფინანსურად დამოკიდებული და მის გამოშვებას არ ითხოვდეს. ეს ღონისძიებები თუ ამოქმედდება, სასჯელის გამკაცრება აღარ იქნება საჭირო. ძალიან კარგია, ამ პრობლემაზე მედია რომ მუშაობს. არის ხარვეზებიც - საჭიროა, მეტად იყოს დაცული კონფიდენციალურობა, ეს უნდა იყოს ყოველდღიური კრიტიკული განხილვის თემა და არა როგორც სკანდალი, სენსაცია და მხოლოდ ფაქტი. ყოველმა ასეთმა შემზარავმა ფაქტმა უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ თუ სადმე რამე მსგავსი ხდება, უნდა ჩაერიოს, უნდა მიმართოს პოლიციას. შემაკავებელი ორდერის დაცვას მარტო მსხვერპლი კი არ უნდა მეთვალყურეობდეს, არამედ მეზობელიც, რომელმაც დაინახა, რომ მოძალადეს აკრძალული აქვს ოჯახთან მიახლოება, მაგრამ მაინც მიდის. რას ელოდება, დარეკოს, სანამ უბედურება დატრიალდება, პოლიცია ყველგან ხომ არ იქნება? სკოლებში ბავშვებს უნდა ასწავლიდნენ, ოჯახში თუ დედას ან მოხუცს ჩაგრავენ, ან თავად არის მსხვერპლი, დარეკოს 112-ზე.

- ხშირია შემთხვევები, როცა მსხვერპლი ითხოვს მოძალადის გათავისუფლებას. გარდა ფინანსური დამოკიდებულებისა, მომჩივანზე მოძალადის ზეწოლაა, მსხვერპლს აშინებს შურისძიებაც სასჯელის მოხდის შემდეგ...

- მსხვერპლის დაშინება ძალზე იოლია. ისეთი ფიზიკური მონაცემების ქალები შემხვედრია და ისეთ ელემენტარულ რაღაცებს ვერ ახერხებენ, ხანდახან მითქვამს, რატომ აბედვინებ-მეთქი. იმიტომაა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი მექანიზმები, რომ ეს ადამიანები გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან, თუმცა ხანდახან პოსტტრავმული სინდრომი მსხვერპლს მთელი სიცოცხლე მიჰყვება. ეს ხომ ერთჯერადი არაა, თანდათან გროვდება და საბოლოოდ ადამიანის სულიერ სამყაროს ანადგურებს, ფიზიკურადაც, ადამიანს ისე ამცირებენ, უუნა­რო ხდება თავი რომ დაიცვას. ეს წარმოუდგენელი ტრანსფორმაციაა. ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ომი კარს უკან, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვება. ხომ უკვე გახმაურდა, რამდენი ქალია მოკლული და ძალადობას შეწირული. ყველას მოვუწოდებ, ნუ დაიბრმავებენ თვალებს, ნუ წაუყრუებენ და გულგრილად ნუ ჩაუვლიან ძალადობის შემთხვევებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ - როგორც კი ახალდაქორწინებული ხვდება, რომ მეუღლე მოძალადე ჰყავს, იმის დაშვება, რომ მაგალითად, ბავშვი გვეყოლება და გამოსწორდებაო, ტყუილი იმედია. მან მაშინვე განგაში­ უნდა ატეხოს და საქმეში ჩარიოს ყველა - ნათესავები, ოჯახის წევრები, პოლიციაც და თუ მოძალადეს გამოსწორების შანსი აქვს, ეს მაშინვე გამოჩნდება. მოთმენა და გამოსწორების მოლოდინი დამღუპველია. ოჯახში ცემა-ტყეპა, ძალადობა ნორმად არ უნდა მივიჩნიოთ.