ყველა „პალიტრელს“ ჩვენ-ჩვენი ნანა დაგვრჩა ხსოვნაში - კვირის პალიტრა

ყველა „პალიტრელს“ ჩვენ-ჩვენი ნანა დაგვრჩა ხსოვნაში

სამწუხაროდ, ეს თემა ასე უნდა დავიწყო: გარდაიცვალა ქალბატონი ნანა ანტონოვა-ილურიძე, გაზეთ "კვირის პალიტრის" პირველი თაობის წარმომადგენელი, იმ თაობისა, რომელმაც საფუძველი შეუქმნა კლიშეებისაგან თავისუფალი და პროფესიონალური მედიის განვითარებას; რომელმაც, თავის მხრივ, დიდი როლი შეასრულა ჩვენი საზოგადოების ცნობიერების გარდატეხაში.რატომ დავიწყე ასე? იმიტომ, რომ ეს სიმართლეა, რომლის მიღმაც, სხვებთან ერთად, დგას ნანა ანტონოვა - პროფესიონალი მთარგმნელი და შესანიშნავი ადამიანი. მისი გზა "კვირის პალიტრაში", როგორც გაზეთის პირველი თაობა იგონებს, იწყებოდა ასე:

26 წლის წინ, მძიმე 90-იანებში, ქალბა­ტონმა ლალი გუნთაიშვილმა, შემდგომში­ "კვირის პალიტრის" პირველმა მთავარმა­ რედაქტორმა, უახლოესი მეგობრები შეკ­რიბა­ და უთხრა, ჩემი ვაჟი, ირაკლი, გაზე­თის­ გამოცემას აპირებს და ჩვენი იმედი­ აქვს, თანაც უარი არ მიიღებაო. მეგობრებმა კი, რომელთაც უარზე არც უფიქრიათ, მაშინვე დაიწყეს მსჯელობა და ფიქრი, როგორი უნდა ყოფილიყო ახალი გაზეთი, რათა იმხანად არსებულ პრესის ბაზარზე­ თავისი ადგილი დაემკვიდრებინა და...­ მიუხედავად იმისა, რომ არ იყო სამუშაო პირობები, დენი, ტექნიკა, ბაზა და მრა­ვალი­ სხვა, 1995 წლის 18 აპრილს გამოვიდა "კვირის პალიტრის" პირველი ნომერი, რომელმაც სწრაფად იწყო ზრდა, რაშიც პირველი გუნდის პროფესიონალებს, მათ შორის ქალბატონ ნანას, დიდი წვლილი მიუძღოდათ. ამ გუნდმა, ისე, რომ არასდროს დაუშვია კომპრომისები მორალისა და ზნეობის ხარჯზე, მოახერხა საფუძველი ჩაეყარა იმ დიდი საქმისთვის, რომელსაც დღეს "მედიაპალიტრა" ეწოდება. ქალბატონი ნანა აქ რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრიდან მოვიდა, სადაც ლიტერატურის განყოფილებას განაგებდა. მოვიდა იქ, სადაც მთელ კოლექტივს მხოლოდ ერთი ოთახი, ერთი დივანი და ერთი კომპიუტერი დახვდა კოლოსალური სამუშაოს შესასრულებლად. თუ რამხელა ენერგია და თეთრად გათენებული ღამეები სჭირდებოდა ამ პირობებში პოპულარული გაზეთის შექმნას, ალბათ, დღეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ პოპულარული პრესა ყოველივე ამის მიუხედავად, მაინც შედგა. ქალბატონი ნანა ამ მრავალფეროვან "პალიტრაში" უცხოეთის ამბებს უძღვებოდა, რისთვისაც განუზომელი მოცულობის ინფორმაციას ეცნობოდა, თარგმნიდა და ამზადებდა­. სწორედ მისი დაუღალავი შრომისა და პროფესიონალიზმის წყალობით ქვეყანა უცხოეთიდან ობიექტურ ინფორმაციას სწორედ პრესისგან - "კვირის პალიტრისაგან" იღებდა.

nana2-1665933920.jpg

თუმცა ეს დაუღალავი ქალბატონი მხოლოდ თავის საქმეში არ იყო გამორჩეული. ლალი გუნთაიშვილთან ერთად ის მეგობრების საყრდენი, მათი გუნდურობის ძალა იყო. იმავდროულად კი ამ ლამაზ "პალიტრას" კიდევ ერთ ფერს მატებდა თავისი ქალურობითა და პეწიანობით...

და კიდევ ერთი: პირადად მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველა, ვინც ქალბატონ ნანას იცნობდა, დროდადრო ისევე ხშირად გაიხსენებს მის სიტყვებს, როგორც თავად ვიხსენებ: "სიკეთე არასდროს ითხოვს სამაგიეროს, მაგრამ ის აუცილებლად უნდა გასცე".

აი, ამიტომაც ყველა "პალიტრელს" ჩვენ-ჩვენი და დაუვიწყებელი ქალბატონი დაგვრჩა ხსოვნაში. ყველას, ვისაც კი მასთან შეხება ჰქონია. მის სამეგობროს ძალიან უჭირს ასეთ მეგობართან დამშვიდობება. ეს მეგობრობა ხომ 63 წლის წინ დაიწყო, მაშინ, როცა უნივერსიტეტში, პირველი კურსის პირველივე დღეს, შვიდმა გოგონამ თვალებით მოძებნა ერთმანეთი, ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდა და ასე ხელჩაკიდებულები მოიყვანა ქალბატონმა ლალი გუნთაიშვილმა "კვირის პალიტრამდე".

ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც კი ამ მშვენიერ ქალბატონს იცნობდა. გზანათელი ყოფილიყოს მისთვის სხვა სამყაროში.