"საქართველოს იდეალური მთავრობა არასდროს ჰყოლია, იდეალური არც მიშას მთავრობა იყო, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"საქართველოს იდეალური მთავრობა არასდროს ჰყოლია, იდეალური არც მიშას მთავრობა იყო, მაგრამ..."

დიმიტრი ტატიშვილთან დიალოგი, პროფესიულ სიახლეებზე საუბართან ერთად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო. არსებული ხელისუფლების მიმართ ნეგატიურად განწყობილი მსახიობი საკუთარ პოზიციას არასდროს მალავს და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც: „უბედურებაა, რომ ჩვენს დღევანდელ მთავრობას რუსეთი მტრად არ მიაჩნია. პირიქით - ხელისუფლებაში მათი ყოფნის მთავარი გარანტიაა რუსეთი. ბიძინა არის პუტინის "შნირი" და დღევანდელი მთავრობის წევრები, არიან ბიძინას "შნირები". საქართველოში გვყავს კაცის კაცის კაცების რუსული მთავრობა“, - ამბობს ის.

- ბატონო დიმა, რა ხდება თქვენკენ და რას საქმიანობთ ამჟამად?

- ვმონაწილეობ ახალგაზრდულ სერიალში „ჩპს“, ანუ "ჩვენი პირველი სერიალი". ორი სეზონი უკვე გადაღებულია და „იუთუბზე“ იდო. ახლა მესამეზე ვმუშაობთ და, როგორც ვიცი, განთავსდება „კავეა პლუსის“ ვებგვერდზე. სერიალის რეჟისორი პაატა მეიშვილია, ხოლო მთავარი პროდიუსერი სტუდია „ნესვის“ დამფუძნებელი გიორგი კაკია. სიუჟეტის მიხედვით, სამხედრო მფრინავი ვარ, რომელსაც სერიალის მსვლელობისას პენსიაზე უშვებენ. როგორც მითხრეს, მესამე სეზონის განმავლობაში ჩემი პერსონაჟი სულ იქნება და მერე არ ვიცი.

- მართალია, პანდემია ჯერჯერობით ოფიციალურად დასრულებულად არ გამოცხადებულა, მაგრამ ყველა მას მაინც თითქოს წარსულში მოვიხსენიებთ. ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, შინ რომ ვისხედით, ხალხი სხვადასხვა გზით „ირთობდა“ თავს, ზოგი - ხელსაქმით, ზოგმაც კულინარიაში მოსინჯა ძალები. თქვენ?..

- არაფერს ვაკეთებდი. სპექტაკლები და გადაღებები არ მქონდა. ტელევიზიისთვის შინ ვწერდი ხმას და ინტერნეტით ვგზავნიდი. ვუყურებდი ფილმებს და ვვარჯიშობდი. კულინარიის მიმართ გურმანული დამოკიდებულება არ მაქვს. არავის ეწყინოს, მაგრამ კულინარიას, როგორც დიდ ნიჭს ან მეცნიერებას, არ ვუყურებ. ჭამაა, რა, ეს თემა არ არის ცხოვრებაში ჩემთვის მნიშვნელოვანი.

- და რა მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად?

- ჩემი საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს და ცხადია, მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის ბედი.

- მაშინ საქმით დავიწყოთ და მერე ქვეყანაზეც გკითხავთ. ახლა რაზე მუშაობთ მარჯანიშვილის თეატრში?

- არის ასეთი რეჟისორი ქეთევან ხარშილაძე, რომელიც დაახლოებით 20 წელია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მან ფაქტობრივად, ავტობიოგრაფიული პიესა დაწერა, რომელსაც თავად დგამს მარჯანიშვილის თეატრში. ამ სპექტაკლში დაკავებულია ქალბატონი ნანი ჩიქვინიძე. სპექტაკლი მაის-ივნისში უნდა გამოგვეშვა, მაგრამ თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა და პრემიერა გადაიდო. რეპეტიციები ახლახან განახლდა. თუ რამე არ შეიცვალა, სპექტაკლს ერქმევა „სადღაც, ამერიკაში“ და პრემიერა 10 ნოემბერს გაიმართება.

dimitri-tatishvili-dima-1665993842.jpg

- თქვენ მოწესრიგებული ადამიანი ხართ, პუნქტუალური და ასეთივე დამოკიდებულება გაქვთ რეპეტიციებისა და სპექტაკლების მიმართ. ქალაქში მუდმივად საცობებია და მანქანით გადაადგილებისას, ეს თუ გიქმნით პრობლემას?

- როგორ არ მიქმნის?! ვცდილობ, არსად დამაგვიანდეს. თუ სადმე მისასვლელად 20 წუთი მჭირდებოდა, ახლა სახლიდან 45 წუთით ადრე გავდივარ. მშვიდად ვერ ვუყურებ, მაგრამ ნერვებს არ ვასკდები, რადგან ვიცი, ამას არანაირი შედეგი არ ექნება. რაღაც პერიოდი უნდა მოვითმინოთ. არ მიმაჩნია, რომ ეს ადამიანმა დიდხანს უნდა აიტანოს, მაგრამ, როგორც ჩვენმა მერმა ბრძანა, ორი ძირითადი არტერიაა გადაკეტილი და საცობებიც ამიტომ არისო. ელემენტარული კითხვა მიჩნდება: ერთდროულად ორი რატომ გადაკეტეს, ჯერ ერთი გადაკეტილიყო და მოეწესრიგებინათ, მერე - მეორე, ასე ხომ გაცილებით ნაკლები საცობი იქნებოდა?! მეორე პრობლემა მანქანის საწვავია. გამიზნულად მინდოდა, ისეთი მანქანა მეყიდა, რომელიც დიზელზე იმუშავებდა, რადგან ეს გაცილებით ეკონომიურია. ვიყიდე, მაგრამ ახლა ჩემი მანქანის საწვავი ისე გაძვირდა, ბენზინის ფასზე მეტია. ის საწვავი, რასაც მე ვასხამ, 4.30-სა და 4.90 ლარს შორის მერყეობს. 2007 წელს თეატრში რა ხელფასიც მქონდა, დღესაც იმავეს ვიღებ. მაშინ რა დოლარის კურსი იყო, ყველას გვახსოვს და ახლა როგორია, ამასაც ვხედავთ. სახელმწიფო დაწესებულებაში ვმუშაობ. ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთ, რაღაც კონპენსირება ხომ უნდა ხდებოდეს?! მაგრამ ჩვენ ნორმალური ქვეყანა არ გვაქვს და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს მიტაცებული სახელმწიფოა.

- ბოლო ხანს ქვეყანაში უამრავი რუსი ეროვნების მოქალაქე შემოვიდა და მათ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. როგორ აფასებთ ამ ფაქტს?

- ძალიან უარყოფითად. არ ვიცი, დღეს გადამჭრელი ზომები რამდენად ადეკვატური იქნება, მაგრამ სავიზო რეჟიმი თავიდანვე უნდა დაგვეწესებინა. ნორმალური ქვეყანა რომ ვყოფილიყავით, ასეთივე მთავრობით, თავიდანვე უნდა დაწესებულიყო მკაცრი რეგულაციები და საზღვარზეც უნდა ყოფილიყო ფილტრი. რუსებს შეუძლიათ, ჩვენს ქვეყანაში 360 თუ 365 დღე გაატარონ, ანუ იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, რომელსაც საქართველოს მეხუთედი აქვს ოკუპირებული, ისე შეუძლიათ ჩვენს ქვეყანაში ყოფნა, რომ ვიზა არ სჭირდებათ. ეს უპრეცედენტო, ძალიან კაპიტულანტური და ლაჩრული დამოკიდებულებაა. სხვადასხვა ციფრი მესმის, მაგრამ, როგორც ვიცი, საქართველოში დღემდე 400 ათასამდე რუსია შემოსული.

- „ნორმალური მთავრობა რომ გვყავდეს“, „ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთო“, - ამბობთ. თქვენი აზრით, როგორია ასეთი მმართველობა? და კიდევ - გვყოლია თუ არა ოდესმე ასეთი ხელისუფლება?

- კი, გვყოლია. „ნორმალური მთავრობა“ დაკომპლექტებულია ისეთი ადამიანებით, რომლებსაც თავიანთი ქვეყანა უყვართ და ისინი შეძლებენ გაუძღვნენ ქვეყანას სწორი მიმართულებით. როცა საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებსაც საკუთარი ჯიბის იქით არაფერი აინტერესებთ და მათ ვაბოგინებთ, ვინც ახლა ბოგინობს საქართველოში, მაშინ ნორმალური ქვეყანა არ გვექნება. „ნორმალური მთავრობა“ გვყავდა ზვიად გამსახურდიას დროს, მიხეილ სააკაშვილის დროს.

- ბევრი შეგედავებათ ამ ორი ადამიანის ერთ კონტექსტში მოხსენიებისას...

- შემედავოს!.. დავიწყოთ იმით, რომ ზვიად გამსახურდიას არაფერი დასცალდა. დღეს „დემოკრატიული ძალებიდან“ ვერც ერთი დასაბუთებულ არგუმენტს ვერ გეტყვით, თუ რატომ იყო ზვიად გამსახურდია ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებული. მას ათას რამეს აბრალებდნენ, მაგრამ დრომ გამოავლინა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო. ფაქტობრივად, რუსეთის დავალებით ქართველებმა შეიარაღებული ამბოხების გზით, კანონიერი ეროვნული ხელისუფლება დაამხვეს. ეს დანაშაულია, რომ დღეს არ არიან დასჯილი ის ადამიანები, ვინც გამსახურდიას წინააღმდეგ იბრძოდა. ახლაც მშვენივრად დადიან და ყელყელაობენ. ლეგიტიმური ხელისუფლების შეიარაღებული ამბოხების გზით დამხობა დასჯადია ყველა ნორმალურ ქვეყანაში და ეს ხალხი ჩვენთანაც უნდა დასჯილიყო.

dima-tatisvhili-1665993898.jpg

- რაც შეეხება სააკაშვილის მთავრობას?..

- ჩემი აზრით, საქართველოს იდეალური მთავრობა არასდროს ჰყოლია და საერთოდ, ეჭვი მეპარება, რომელიმე ქვეყანას ოდესმე ასეთი ხელისუფლება ჰყავდეს. იდეალური არც მიშას მთავრობა იყო, მაგრამ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა და თან - ძალიან სწრაფი ტემპებით. ფაქტობრივად, რუსეთის ორბიტიდან გამოსვლა დასასრულისკენ მიდიოდა და მივდიოდით იქით, საითაც ყველას გვინდა, მაგრამ 2012 წლის შემდეგ ეს ვექტორი ვირეშმაკულად და ფარულად შეიცვალა. როცა ერთს ლაპარაკობენ და ქმედებები სხვაა, ეს რუსული სტილია.

- ანუ თქვენი აზრით, „ქართული ოცნების“ პირობებში ევროპისკენ ვერ მივდივართ?

- ვერ კი არა, ფაქტია, რომ არ მივდივართ. „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხელ სააკაშვილის მმართველობის დროს თუკი ვინმე იყო დასასჯელი, იმ ცალკეულ ადამიანებს ვგულისხმობ, ვინც კორუფციულ გარიგებებში გახლდათ, რასაკვირველია, უნდა დასჯილიყვნენ, მაგრამ ისე არ არის ყველაფერი, როგორც ახლა აბუქებენ. ათასი ტყუილი და ჭორი მოუგონეს და ნუ გგონიათ, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ტვინის "ნაჟურია". ზუსტად ვიცი, ეს თავიდან ბოლომდე რუსეთში დამუშავებული გეგმაა, რუსული პროპაგანდა, რუსებისთვის დამახასიათებელი ფრაზებით.

- „მოგონილ ამბებში“ რას გულისხმობთ? ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს არ უნდა იხდიდეს იმ ქმედებების გამო, რომელშიც მსჯავრდადებულია?

- რომელი ქმედებების გამო?!. თქვენ იცით, რა ბრალდებები აქვს წაყენებული?

- რამდენიმე მუხლია, მათ შორისაა სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ფლანგვა...

- ეს ტყუილია. ზუსტად იმავეს აკეთებდა და იგივე ხარჯები აქვს მის შემდგომ და ამჟამინდელ პრეზიდენტსაც. დეტალებში ნუ ჩავალთ, მაგრამ ამ საქმეში გარკვეული ვარ და ყველა ბრალდება, რაც სააკაშვილს წაუყენეს, შეთითხნილი და აბსურდულია. ის ამხელა სასჯელს არ იმსახურებს. იუსტიციის მინისტრი ამბობს, სააკაშვილი კრიმინალია, 19 მილიარდის მომპარავი მძიმე დამნაშავე და ა.შ., მაგრამ არც ერთი მძიმე მუხლი არა აქვს მიყენებული იმ სასამართლოსა და პროკურატურის მიერ, რომელიც ივანიშვილის ჯიბეშია. ჩვენ მიტაცებულ სახელმწიფოში ვართ და შედეგიც ცხადია. ჩვენ რუსეთში ვცხოვრობთ. სიყალბე, კორუფცია, ძალადობა - ეს არის სამი ძირითადი საყრდენი, რაზეც რუსეთის რეჟიმი დგას და საქართველოშიც ასეთი რეჟიმი ჩამოყალიბდა. მთავრობა დიდ ფულს აკეთებს და შენ გეუბნება: „კარგად ცხოვრობ, მაგრამ ვერ ამჩნევ“, „კეთილდღეობაა, განვითარება“, „ჩვენ წინ მივიწევთ“ და ა.შ. ეს ყველაფერი არის სიყალბე, რადგან ფაქტია - მოსახლეობის 97% ღარიბდება, 3% კი მდიდრდება.

- არსებული პოლიტიკური ძალებიდან ან ცალკეული პიროვნებებიდან თუ გესახებათ ვინმე, ვინც შეიძლება, ქვეყანას სათავეში ჩაუდგეს?

- არა. ერთადერთი ასეთი ადამიანი ის არის, ვინც ახლა ციხეშია. უბრალოდ, ახლა მას ეს ფიზიკურადაც არ შეუძლია, მაგრამ ვთვლი, რომ სააკაშვილი მსოფლიო მასშტაბის ფიგურაა. მასზე დღევანდელი მთავრობის წევრები რას ლაპარაკობენ, არ მაინტერესებს, რადგან მათი არც ერთი სიტყვის არ მჯერა. ისინი ქართულად რომ ლაპარაკობენ, რუსული ფრაზები მესმის. ვიცნობ რუსეთს, ჯარშიც იქ ვარ ნამყოფი და ვიცი მათი აზროვნება.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთი უკრაინაში დიდ ფიასკოს განიცდის. უკრაინა რუსეთს დააჩოქებს და ბეჭებზე დადებს, მთელი მსოფლიოს დახმარებით. შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ, ჩვენც გვეშველება. რუსეთის მიერ ნაკვები ხელისუფლებები, მათ შორის ჩვენი, დასუსტდება და, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა გაქრება.

- ახლახან სოხუმის დაცემიდან 29 წელი აღინიშნა. იმედი გაქვთ, რომ ოდესმე ოკუპირებულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ საქართველოს შემადგენლობაში იქნება?

- რა თქმა უნდა, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. სიმართლე გითხრათ, მეგონა, რუსეთი კიდევ დიდხანს იბოგინებდა, მაგრამ დანა ყელში თავად გამოისვა. ეს არა მხოლოდ ჩვენთვისაა სასიკეთო, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ტერორისტული რუსეთი მთელი მსოფლიოს განვითარებას აფერხებდა. ეს ჯოჯო მალე გაქრება იმ სახით, რომლითაც ის მთელი კაცობრიობისთვის საფრთხეს წარმოადგენდა...

- როცა ადამიანებთან პოლიტიკურ თემებზე ვსაუბრობთ, მარტივად ვიცით ხოლმე ასეთი შეფასება: „ეს ზვიადისტი ყოფილა“, „ეს ქოცია“, „ის ნაცია“. მგონი, თქვენზე იტყვიან, „ეს მიშისტი ყოფილაო“...

- არ მადარდებს!.. ცხოვრებაში "არავისტი" არ ვყოფილვარ, მაგრამ თუკი ვინმესთან ყოფნა შეიძლება ვისურვო, ეს მარტო მიშა იქნება. ერთ რამეს გეტყვით: ეს ყველაფერი რუსეთის მართული პროცესია. საქართველოს მოსახლეობას ერთმანეთში გასაყოფი არაფერი გვაქვს. წესით და რიგით, ვისაც "ქოცები" ჰქვიათ და "ნაცებსაც", საერთო მტერი გვყავს და ეს არის რუსეთი! 9 აპრილის დროს ყველას ამისი გვჯეროდა და იმიტომაც გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ. მას შემდეგ დაიწყო ადამიანების გაყოფა "იმისტებად" და "ამისტებად", ამას კი რუსეთი და მისი აგენტები აკეთებენ, რომლებიც მრავლად არიან საქართველოში. როცა ერი ერთიანია, მას ვერაფერს დააკლებ და თუ გაყოფ, მასზე ზეგავლენას იოლად მოახდენ, რაც სამწუხაროდ, რუსეთმა ნელ-ნელა ადვილად მოახერხა საქართველოში...

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"