"რუსეთს თუ ჰგონია, უკრაინელ ხალხს გატეხს, ძალიან ცდება“ - კვირის პალიტრა

"რუსეთს თუ ჰგონია, უკრაინელ ხალხს გატეხს, ძალიან ცდება“

"მაპატიეთ, რომ ასე გვიან მიწევს დაკავ­შირება, სინათლე არ იყო. მეგობართან მოვედი, რომელსაც გენერატორი აქვს, მასთან დავტენე ტელეფონი", - ასე დაიწყო ჩემი საუბარი კიევში მყოფ პოლ­კოვნიკ კახა ბასილიასთან,­ ქართული­ ლეგიონის გადამზადების ცენტრის მეთაურთან:

- 10 ოქტომბერი ტრაგიკული დღე იყო მთელი უკრაინისთვის და ქართველებისთვისაც - სარაკეტო იერიშის დროს დაიღუპა 44 წლის ედიშერ კვარაცხელია, უკვე მეოცე ქართველი მეომარი, ქართული ლეგიონის წევრი. ის 2008 წლის ომის მონაწილეც გახლდათ, უკრაინაში კი 2014 წლიდან იმყოფებოდა. დავასვენებთ ტაძარში, მერე კი საქართველოში ჩამოვასვენებთ.

28 ფრთოსანი რაკეტა და 15-ზე მეტი ირანული უპილოტო აპარატი გამოუშვეს რუსებმა. ეს ის უპილოტო აპარატებია, დღემდე რომ არკვევენ, როგორ მოხდა ირანიდან რუსეთში.

- რა მიიღო უკრაინის ქალაქებზე ერთდროული თავდასხმით რუსეთმა?

- არაფერი, არც ერთი სამხედრო ობიექტი არ დაზიანებულა, მხოლოდ სამოქალაქო ობიექტები დაზიანდა. რა მიზანს ემსახურება ეს, გასაგებია: ეს ფსიქოლოგიური შეტევაა, უკვე აცივდა უკრაინაში და სინათლის, გათბობისა და ინტერნეტის გარეშე იქნება ხალხი. დღეს ყველა დიდ ქალაქში იგრძნობა­ 10 ოქტომბრის შედეგები, გრაფიკითაა შუქი, წყალი, მაღაზიებში რიგებია, ბევრი მაღაზია დაიკეტა, სკოლები ონლაინრეჟიმზე გადავიდნენ, ყველას მომზადებული აქვს სათადარიგო ჩემოდანი. მეტროებში სძინავთ. მაგრამ ისეთი შემართებით არიან, გაგაოცებთ მათი განწყობა, მღერიან პატრიოტულ სიმღერებს... რუსეთს თუ ჰგონია, უკრაინელ ხალხს გატეხს, ძალიან ცდება, მით უმეტეს, ჯარი საუკეთესო­ ფორმაშია...

წარმოიდგინეთ, 10 ოქტომბერს რუსეთმა 84 ფრთოსანი რაკეტა, 24 უპილოტო­ საფრენი აპარატი გამოუშვა. საერთო ჯამში დანახარჯმა 700 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. შეტევა წარმატებას მაშინ მოიტანს, თუ სისტემატური იქნება და დიდ ზიანსა მიაყენებს უკრაინას, მაგრამ სისტემატური დაბომბვა რუსეთს არ შეუძლია, მას აღარ გააჩნია ამდენი არც უპილოტო საფრენი აპარატი, არც ფრთოსანი რაკეტა. რესურსი, რომელიც გამოიყენა, შავი დღისთვის ჰქონდა შემონახული.

- მაშ, რატომ დაგეგმა ეს შეტევა?

- 8 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არმიის გენერალი და რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი სერგეი სუროვიკინი დაინიშნა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად. სუროვიკინი მანამდე რუსეთის ჯარების სამხრეთის დაჯგუფებას მეთაურობდა, რომელიც თვეების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა "აზოვსტალის" აღებას. სუროვიკინმა ჯერ ჩეჩნეთში "ისახელა თავი" სისასტიკით, სხვათა შორის, 2008 წელს საქართველოშიც იყო. ის "სირიელი მანიაკის" სახელით ცნობილი დაუნდობელი გენერალია. "პუტინის ძაღლი", "გენერალი არმაგედონი", "თავისიანებისთვისაც კი საშიში" - ასე მოიხსენიებს მას დასავლური მედია. ზუსტად მისი ხასიათის გამოვლინებაა, რომ სამოქალაქო ობიექტების მასირებული დაბომბვა დაიწყო. მაგრამ ეს მხოლოდ პუტინის დამარცხებაზე მიანიშნებს, იმაზე, რომ ჩიხშია მოქცეული.

შვიდეულის სამიტზე ზელენსკიმ ყველას დაანახა ფაქტებით, რომ მსოფლიოს რადიაციული კატასტროფა ემუქრება პუტინის რეჟიმისგან, ამიტომ აუცილებელია უკრაინამ დანაპირები მიიღოს: რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, თვითმფრინავები, ტანკები, შორსმსროლელი არტილერია...

ამ 10 ოქტომბრით რუსეთმა ერთი ის გააკეთა კარგი უკრაინისთვის, რომ ეს პროცესები დაჩქარდება და დასავლეთი აუცილებლად მიაწვდის უკრაინას ტექნიკას.

ახლა ერთი საშიშროება ისიც არის, რომ "კარტოფილის მეფეს", ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს სხვა გზა არ ექნება და, ალბათ, ერთ დღესაც ბელარუსიდანაც გაიხსნება ახალი ფრონტი კიევის მიმართულებით. რუსული ჯარების როტაცია უკვე მიმდინარეობს.

- რა პრობლემას შეუქმნის ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს?

- ძნელი სათქმელია. ძლიერი და მართლაც საშიში 24 თებერვალს შემოსული რუსეთის პროფესიონალური ჯარი გახლდათ. ახლა იქიდან 40-50% დარჩა. დღეს მათი ჯარი დაკომპლექტებულია რეზერვისტებით, მოუმზადებელი ხალხით, რომლებიც ცუდად შეიარაღებული არიან. პრობლემა აქვთ ყველაფერში: ტანსაცმლის, კვების, საწვავის... ბიუროკრატია, რომელიც გამეფებულია რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, ხელს უშლით ჯარის მომზადებაში. თავდაცვის მინისტრი ჯარშიც არ არის ნამყოფი, არაფერი გაეგება შეიარაღებული ძალების, მარტო კორუფციულ სქემებშია გაბმული. ამან ჩამოშალა ის სისტემა, რომლისაც მთელ მსოფლიოს ეშინოდა. მსოფლიოში მეორე კი არა, ალბათ, ბოლოდან მეორე არმიაა, იმდენად დასუსტებულია.

რაც მთავარია, ატომური დარტყმის საფრთხე ისევ არის. პუტინისგან გასაკვირი არ იქნება, თუ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სარაკეტო დარტყმა მიაყენა. მერე შეეცდება ეს უკრაინას გადააბრალოს, როგორც სჩვევია. რუსეთი აუცილებლად დაიშლება, ეს გარდაუვალია, და ეს ჩვენი თაობის ისტორიული მისია იქნება.

სამწუხაროდ, ავიაიერიშები გაგრძელდება დიდ ქალაქებზე, ხალხი იღუპება, მაგრამ ეს უკვე ვეღარ შეცვლის ომის ვითარებას და ძალიან მალე, ამ თვის ბოლომდე, ბევრი რამ გაირკვევა. დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა.