„მამა ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ომში ერთად წამოვიდოდით“ - კვირის პალიტრა

„მამა ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ომში ერთად წამოვიდოდით“

"რუსულმა მედიამ მკვდრებად გამოგვაცხადა, მაგრამ მათი სიხარული ნაადრევია. ყველა გადავრჩით - ამ ფეისბუკ-სტატუსის ავტორი რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი თორნიკე გოგუაძეა, რომელსაც­ 27 წელი ფრონტის ხაზზე შეუსრულდა - ვვახშმობთ... ახლა ჩემ წინ ამერიკელი მოხალისეები სხედან. მეუბნებიან, ყველაზე ახალგაზრდა ხარ, ვინც აქ ვნახეთო. არ ვიცი, როგორ ვუთხრა ინგლისურად, რომ "შემონახული" ვარ, თორემ უკვე 27 წელს მივუკაკუნე", - წერს თორნიკე. ხშირად წერს, ჩანახატებს, პატარ-პატარა ისტორიებს... თანამებრძოლები ამბობენ, სიკეთით სავსე გულს დაატარებს, იდეალისტია და ცდილობს გულდასმით შეისწავლოს ყველაფერი, რასაც გამოცდილი თანამებრძოლები ასწავლიანო.

- უკრაინაში 6 მარტიდან ვიბრძვი. ჯერ კიდევ 27 თებერვალს ჩავეწერე მოხალისედ კიევის საელჩოში, მაგრამ არავინ დამიკავშირდა და გადავწყვიტე, უკრაინაში­ "ქართულ ლეგიონს" დავკავშირებოდი. ჩავედი თუ არა, მაშინვე მათ შევუერთდი. რუსეთი ჩემთვის და ყველა­ ქართველისთვის­ მტერია და ვფიქრობ, რომ ეს იყო იდეალური შანსი, მებრძოლა საქართველოს­ თავ­ი­სუფლებისთვის.­ ახლა დონეცკის ოლქში ვარ და ამაყად ვატარებ ქართულ დროშას.

- ომში წასვლამდე რას საქმიანობდით?

- საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკის მეცნიერებებს ვსწავლობდი ილიას უნივერსიტეტში. კარგი სტუდენტიც ვიყავი, მაგრამ სწავლას და მუშაობას ერთმანეთს­ ვერ ვუთავსებდი, ამიტომ უნივერსიტეტი­ მივატოვე და გურიაში, ჩემს სოფელში დავბრუნდი, შერეული ტიპის მეურნეობა­ გავაკეთე. პარალელურად რამდენიმე კომე­რციულ პროექტშიც ჩავერთე. რუსეთი უკრაინაში რომ შეიჭრა, მოსვენება დავკარგე. არც ჯარი მაქვს გავლილი და არც ომში ვარ ნამყოფი, მაგრამ საკუთარი­ თავის მჯეროდა და გადავწყვიტე წასვლა. ეს ოჯახს ძალიან გვიან გავაგებინე. იცოდნენ,­ აზრს ვეღარ შემაცვლევინებდნენ, ამიტომ არც უცდიათ, თანაც მშობლებმა ისე გამზარდეს, რომ მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა ჩემს მოვალეობად მიმაჩნია. დედამ და დამ ბევრი ტირილის შემდეგ გზა დამილოცეს. მამა ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ომში ერთად წამოვიდოდით. როგორც კი ჩამოვედი, ინტენსიური წვრთნა გავიარე. ბევრ გამოუცდელ მოხალისეს არ მისცეს ფრონტზე წასვლის უფლება, თუმცა მე დავამტკიცე, რომ ბრძოლისუნარიანი ვიყავი...

უკრაინაში კრიტიკული მდგო­მარეობა­ იყო. შორიდან ისე ჩანდა, რომ რუსეთი დაიკავებდა ტერიტორიებს. თუმცა ჩამოვედი თუ არა, მალევე გავაცნობიერე, რომ 50X50-ზე შანსი გვქონდა,­ ახლა კი ღრმად ვარ დარწმუ­ნებული, რომ ომს მოვიგებთ. როცა ლვოვში ჩავედი, ქალაქი გამუდმებით იბომბებოდა. საფრთხე იყო, რომ რუსები დესანტსაც გადმოსხამდნენ. ამიტომ ქალაქის დაცვაზე დაგვაყენეს.­ პირველი 20 დღე მეც იქ ვიყავი. ყოველ 4-6 საათში ერთხელ 4 საათით გავდიოდით პატრულში, ან საბრძოლო პოზიციებზე. ბევრი დივერსანტი იყო და საფრთხეს ყველა მხრიდან ვგრძნობდით. არავის ვენდობოდით. ყოფილა შემთხვევები, როცა ღიმილით მოსული ადამიანი რუსების ან ბელორუსების აგენტი აღმოჩენილა. ლვოვიდან მალევე გადავედი კიევის დაცვაზე. თუმცა კიევში შემოჭრა და პოზიციების დაკავება რუსებმა ვერ შეძლეს. დაბომბვა ხშირი იყო, არტილერიით თუ ავიაციით.

- ყველაზე რთულ სიტუაციაში როდის აღმოჩნდით?

- ლისიჩანსკის დაცვისას ქართველები­ ძალიან რთულ პოზიციებს ვიცავდით. რამდენიმე დღე ცენტრთან კავშირიც კი გაწყდა. რუსულმა მედიამ მიცვალებულებად გამოგვაცხადა. ყველასთვის გასაკვირად იმ სასაკლაოდან უდანაკარგოდ გამოვაღწიეთ.

- არასდროს დაჭრილხართ?

- არ დავჭრილვარ, არც კონტუზია მიმიღია. აშკარად იღბლიანი ვარ, ჩემი კეთილისმსურველების ლოცვა მშველის.

- რა შეცვალა ომმა თქვენს ცნობიერებაში?­

- ომი ყველა ადამიანს ცვლის, ზოგს კარგისკენ, ზოგს ცუდისკენ, ზოგს სულს უსახიჩრებს, ფსიქიკას ურყევს, სულიერად ღლის... პირადად მე გამაძლიერა, უფრო მიზანდასახული გამ­ხადა. დავრწმუნდი, რომ რაც შეგიძლია დღეს, აქ და ახლა უნდა გააკეთო. არავინ იცის, გექნება თუ არა იმ საქმისთვის დრო და მომენტი. ომმა უფრო შემაყვარა სამშობლო, ჩემი ხალხი და უახლოესი წრე. როცა სიკვდილს გადაურჩები, ყველა და ყველაფერი გეძვირფასება, თითოეულ მათგანში მხოლოდ სიკეთეს ხედავ. რაც მთავარია, ომი სამყაროს ერთი კანონზომიერების გააზრებაში დამეხმარა: ,,ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!"

რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა და ეს მოცემულობა უკრაინულ ჯარს უფრო მეტ მოტივაციას აძლევს. ახლა თითოეული უკრაინელი მებრძოლი მოწადინებულია, რაც შეიძლება მალე იძიონ შური და ბოლო მოუღონ ბოროტების იმპერიას. ჩვენ დღითი დღე წინ მივიწევთ, ვიბრუნებთ დაკარგულ და ოკუპირებულ ტერიტორიებს.

- ომის დასრულებამდე აპირებთ დარჩენას?­

- როცა ჩამოვედი, ვაპირებდი ბოლ­ომდე დარჩენას. რამდენიმე დღეა, რაც გადაწყვეტილება შევიცვალე. მე ახლა ერთად­ერთი მიზანი მაქვს - ჩემი სამოქალაქო აქტივიზმით უნდა დავეხმარო საქართველოს, რომელიც ახლა უმძიმეს დღეშია.

- რას გულისხმობთ?

- ჩვენი მამებისა და უფროსი ძმების­ სიმწრით მოპოვებული დამოუკიდებლობა­ რუსულ ჭაობში იძირება. ეს ძალიან ბევრ ახალგაზრდას არ მოსწონს... აქტიუ­რად ჩავერთვები ჩემი დაფუძნებული მოძრ­ა­ობის - ,,სამოქალაქო წინააღმდეგობის" საქმიანობაში.­ ჩვენ უკვე გვქონდა პირველი კარგი აქტივობა - პარლამენტის წინ ჩავატარეთ აქცია ,,ჩაკეტე საზღვარი". ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს რუსიფიკაციასთან ბრძოლას და დავუპირისპირდებით ყველა იმ მანკიერებას, რაც ქვეყანაშია.

ხათუნა ბახტურიძე