"ოკუპანტმა მეზობელმა შეგვახსენა, რომ აქ არის და თუ დასჭირდა, კიდევ ბევრჯერ დახოცავს ქალებსა და ბავშვებს“ - კვირის პალიტრა

"ოკუპანტმა მეზობელმა შეგვახსენა, რომ აქ არის და თუ დასჭირდა, კიდევ ბევრჯერ დახოცავს ქალებსა და ბავშვებს“

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ყირიმის ხიდის აფეთქებიდან ორ დღეში, რუსეთმა­ უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმის მეორე ტალღა დაიწყო. ამჯერად იერიშების სამიზნე უკრაინის ელექტროსისტემები და მშვიდობიანი მოსახლეობაა. 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქების დაბომბვამ ბევრი დასახლება ელექტრომომარაგების გარეშე დატოვა. რუსეთის სარაკეტო იერიშს არაერთი სამოქალაქო პირი შეეწირა, დაშავებული და დაჭრილია 100-ზე მეტი კაცი. ხელისუფლებამ მოსახლეობას და ბიზნე­ს­ობიექტებს დენის დაზოგვისკენ მოუწ­ოდა. ენერგეტიკის მინისტრის კირილო ტიმოშენკოს განცხადებით, თებერვალში­ დაწყებული ომის შემდეგ ეს ყველაზე დიდი შეტევაა უკრაინის ენერგოსისტემაზე, რის გამოც ქვეყანა იძულებულია ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი დროებით შეაჩეროს. ტიმოშენკომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მზად უნდა იყვნენ მსგავსი იერიშების შედეგებთან გასამკლავებლად.

სვეტლანა პოგორელოვა გვიყვება, რომ ლვოვში დენის­ მიწოდება ნაწილობრივ­ აღდგენილია. ელექტროენერგია სრულად აღუდგა კიევს, მაგრამ მოსახლეობას მოუწევს შეზღუდოს დენის მოხმარება საღამოს 5-დან 10 საათამდე. განათება გაეთიშება სარეკლამო აბრებსაც.

- ელექტროენერგიის დაზოგვა, აბრებისა და გარე განათებების გამორთვა, დენისა და სხვა რესურსების დაზოგვა ნამდვილად არ არის გაუსაძლისი, მაგრამ ცუდი ის არის, რომ უცნობია, როდის დასრულდება ეს კოშმარი. ბოლო თავდასხმა მოულოდნელი იყო, ახალი შოკი მოსახლეობისთვის, რომელიც ცდილობდა ომის სინდრომისგან გათავისუფლებას და შეძლებისდაგვარად ცხოვრების ნორმალური რიტმისთვის დაბრუნებას. თუმცა ჩვენმა ოკუპანტმა მეზობელმა შეგვახსენა, რომ აქ არის და თუ დასჭირდა, კიდევ ბევრჯერ დახოცავს ქალებსა და ბავშვებს, რადგან ვერაფერს უხერხებს უკრაინის შეიარაღებულ ძალების ბოლოდროინდელ კონტრშეტევებს.­ რუსული პროპაგანდისტული მანქანების ინფორმაციით, თებერვალში უკრაინაში "ნაცისტურ რეჟიმს" ებრძოდნენ უკრაინელი ხალხის გასათავისუფლებლად, ახლა კი ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადეს, მშიერი, ჩაუცმელი, მოუმზადებელი ხალხი ფრონტის ხაზზე შეყარეს, იმავდროულად, უკრაინის ქალაქებს დრონები დაუშინეს, რომ ჩვენმა თავდაცვის ძალებმა ცოტა ხნით ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანონ, მათ კი ამოისუნთქონ, მაგრამ ასე არ იქნება - ამ დროს პანიკა ყველაზე დიდი მტერია. ამიტომ ჩვენ პანიკაში არა ვართ, ბრძოლას ვაგრძელებთ, თუმცა ადვილი არ არის, როდესაც საჰაერო განგაშის სიგნალი ირთვება, უკრაინის სხვადასხვა ქალაქში ადამიანებს ოჯახის წევრებს შორის არჩევანი უწევთ - წაიყვანონ ბავშვები სარდაფებში ან მეტროში მოწყობილ ბომბსაფრებში, თუ შინ დარჩნენ მოხუცებთან, რომელთაც სწრაფად გადაადგილება არ შეუძლიათ. ზოგჯერ მოხუცები შინ დარჩენას ამჯობინებენ, რათა შვილებმა პატარები უსაფრთხო ადგილას გაიყვანონ. ბოლო თვეებში უკრაინაში მილიონობით ადამიანი დაბრუნდა. მათ რუსული ჭურვებითა და არტილერიით დაზიანებული სახლები და ინფრასტრუქტურა აღადგინეს.

ქალაქის ქუჩები სავსე იყო. დილაობით ხალხი სამსახურებში მიიჩქაროდა, შუადღის შესვენებაზე ყავა-ჩაიზე გამორბოდნენ, საღამოს კი იკრიბებოდნენ, მართავდნენ წვეულებებს, ახლა კი ქუჩები ისევ ცარიელია, ჩაბნელებული, სარაკეტო იერიშებისგან გამოშიგნული და დამწვარი სახლები, სკოლები, ბაღები, საბავშვო სივრცეები... პარალელურად, მიმდინარეობს აღდგენა, შენობების ნანგრევებისგან გაწმენდა, გზების ხელახალი გაყვანა, მაგრამ მტერი არ ისვენებს. ჩვენს გამძლეობას ცდის, ელოდება, როდის გავტყდებით, მაგრამ უკუშედეგს იღებს. რაც მთავარია, გვჯერა, რომ ეს სისხლიანი მონსტრის უკანასკნელი კუდის მოქნევაა. ვიცით, რომ მისნაირი ტერორისტული სახელმწიფო, ირანი ეხმარება "შაჰიდის" დრონებით, მაგრამ ამან დახმარება დააჩქარა, დასავლური საჰარეო თავდაცვის სისტემები უკვე გზაშია, ვიღებთ სხვადასხვა სახის ანტისარაკეტო სისტემებს. მე ფილოლოგი­ ვარ და შარშან გაგონილიც არ მქონდა "ჯაველინი", "ჰაიმარსი", "ისკანდერი", ტანკსა და ჯავშანტრანსპორტიორს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდი, მაგრამ ახლა ჩემი ქვეყანა ომშია და მე უკრაინის ერთი რიგითი ჯარისკაცი ვარ. ჩემი ფრონტის ხაზი სკოლაში, ჩემს მოსწავლეებთან არის, მათზე ზრუნვაში გამოიხატება ჩემი ქვეყნის სამსახური და ეს მხოლოდ ცოდნის გაზიარება არ არის - შეიძლება გაკვეთილიდან პირდაპირ ბომბსაფარში ჩავიდეთ და იქ გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი.

- მოსახლეობა ამბობს, რომ რთული ზამთარი ელოდება და ამისთვის ემზადება.

- დიახ, უკრაინას გამარჯვების გარდა, უკანდასახევი გზა არა აქვს... რთული ზამთრისთვის ნამდვილად ვემზადებით. გვითხრეს, დენი გრაფიკით გვექნება და გათბობის პრობლემაც იქნებაო. გაგვაფრთხილეს, რომ სანთლები მოვიმარაგოთ, გამზადებული გვქონდეს თბილი ტანსაცმელი, წყალი, საკვები, მედიკამენტები... ქვეყანაში­ ყველაფერი გაძვირდა, სურსათისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ფასმა კატასტროფულად მოიმატა, მაგრამ როდესაც გავიმარჯვებთ, ყველაფერი დალაგდება. რუსეთის არმიის "უძლეველობა" ამ ექვს თვეში ვნახეთ და იმასაც ვხვდებით, რომ არც მისი რესურსი იქნება ამოუწურავი. ჩვენმა პრეზიდენტმა საჰაერო დაცვის სისტემები მოითხოვა, იმედია, დიდხანს არ გვალოდინებენ. დანარჩენს თავად გავაკეთებთ, ამ დროის განმავლობაში, ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა ირანს 24 000 დრონი შეუკვეთა, "რიგშია" ბელარუსიც - ნებისმიერ დროს შეიძლება იქიდან მასშტაბური ცეცხლი წამოვიდეს. ლუკაშენკო თავისი დიქტატურის შესანარჩუნებლად ყველაფრისთვის მზად არის... უკრაინას სიმშვიდის შენარჩუნება და დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები დასჭირდება.

dabombili2-1665942871.jpg

"ამასაც გავუძლებთ!"

ულიანა გერაშჩენკა: - უმძიმესი დღეები გადავიტანეთ, უამრავი ადამიანი დავკარგეთ, მაგრამ ასევე გავიგეთ, რომ უკრაინაში 40-მდე სამხედრო ტყვე და ამდ­ენივე ბავშვი დაბრუნდა. ოკუპანტებმა პატარები გაიტაცეს ხარკოვის ოლქიდან და სადღაც გელენჯიკთან, სოფელში ჰყავდათ... სადაც კი ჩვენს მიწას რუსული­ ჩექმა შეეხო, ყველგან ტრაგედია დატრიალდა. ამ ბავშვებს გაუმართლათ, რომ ოჯახებს დაუბრუნდნენ,­ მაგრამ ათიათასობით ბავ­შვი დღემდე მშობლებს მოწყვეტილია... თურმე ჩამოყვანილი­ ბავშვები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა არც ერთი არ არის, საკუთარი სახელის დაძახებაზე არ რეაგირებდნენ. ზოგს არც ახსოვს, რა ვითა­რებაში დაშორდნენ­ მშობლებს, ალბათ, დაბომბვის დროს. ზოგიერთის მშობელი ევროპის ქვეყნებში იყვნენ წასული იმ იმედით, რომ იქიდან უფრო შეძლებდნენ შვილების პოვნას. გატაცებული და რუსეთის სხვადასხვა ოლქსა და სოფელში გადასახლებული ბავშვების მოძიება გრძელდება. ამის პარალელურად, ყოველდღე ვხედავთ, როგორ ობლდებიან ბავშვები. 10 ოქტომბრის დაბომბვისას მთელი ოჯახი დაიღუპა,­ მხოლოდ 12 წლის ბიჭი გადარჩა. მას აუცილებლად უპოვიან მეურვეს, მაგრამ ეს მხოლოდ ცხოვრების გაგრძელებას ნიშნავს, ის ხომ ბედნიერი ვერასდროს იქნება. ისევე, როგორც ჩვენ, მთელი ერი. ჩვენ მხოლოდ გადარჩენისთვის ვიბრძვით, თორემ ჩვენი ლაღი და უზრუნველი ცხოვრება რუსეთმა 24 თებერვალს დაანგრია. მას შემდეგ სიკვდილის პირისპირ ვცხოვრობთ.

დაბომბვის დღეებში ყველაზე ძნელი ინფორმაციის გარეშე ყოფნა იყო - არაფერი ვიცოდით ოჯახის წევრების, ახლ­ობლების შესახებ. ქალაქის ქუჩები კვამლში იყო გახვეული. კიევი და სხვა ქალაქები გამაყრუებლად ზანზარებდა. კავშირი გაწყდა, შემდეგ კი სიჩუმე ჩამოვარდა. შუქი ჩაქრა, წყალი შეწყდა... ამ ხნის განმავლობაში მუდმივად გვასწავლიდნენ, როგორ უნდა მოვქცეულიყავით საგანგებო მდგომარეობის დროს - ოქროს წესია, შევინა­რჩუნოთ სიმშვიდე, რადგან ამ დროს პანიკა­ ჩვენი მეგობარი არ არის!.. მალე დიდი წვალებით ახალი ინფორმაციაც­ მოვისმინეთ, რომ სხვა ქალაქებიც დაუბომბავთ, იყო მსხვერპლი... როგორც კი ქალაქმა ზანზარი შეწყვიტა, ქუჩაში გამოვედი და ახლობლების ძებნა დავიწყე. ამ დროს ვიღაცამ ერთჯერადი ჭიქებით ცხელი ყავა დაგვირიგა, - კიევურ ყავაზე გეპატიჟებით იმის აღსანიშნავად, რომ გადავრჩითო. გზის პირას ჩამოვსხედით და ახლობლების შესახებ ამბის გაგება ვცადეთ. ზოგი ოჯახის წევრებს ვერ დაუკავშირდა, ვერც მაშინ, ვეღარც შემდეგ... ეს თავდასხმა იმაზე ყოჩაღად გადავიტანეთ, ვიდრე თებერვლის ბოლო დღეების. ქალაქიდან გასვლაზე არ გვიფიქრია და ხალხმა სუპერმარკეტებიდან ყველაფერი გაზიდა, სურსათი მოიმარაგეს. ეშინიათ, თუ სარაკეტო თავდასხმები ინტენსიურად გაგრძელდება, შესაძლოა სურსათის დეფიციტი­ დაიწყოსო. იმავე საღამოს ახალი ანეკდოტი გაჩნდა: "შემთხვევით ძველი თერმოსი ხომ არ გაქვთ ყავა-ჩაისთვის?" - "რამდენს შემომთავაზებთ?" - "ახალაშენებულ ბინაში გიცვლით, მაინც არაფერში მჭირდება, ისედაც მეტროში უნდა ვიცხოვროთ, ვიდრე პუტინის რუსეთი საბოლოოდ არ დამარცხდება".

რიგები იყო ავტოგასამართ სადგურებთან. სავაჭრო ობიექტების ნაწილი მხოლოდ ნაღდ ფულს იღებდა, შეეშინდათ, რომ უდენოდ თუ დარჩებოდნენ, ვერ გამოიტანდნენ. მალე ელექტრომომარაგება ნაწილობრივ აღდგა და ქალაქში ვითარებაც შედარებით დამშვიდდა. ყველამ ვიცით, რომ ეს მშვიდობა ხანგრძლივი არ არის, მაგრამ ერთი მძიმე ზამთარი ხომ გადავიტანეთ და ამასაც გავუძლებთ.