"სავსებით შესაძლებელია უკრაინაში ნატოს ჯარების შესვლაც" - კვირის პალიტრა

"სავსებით შესაძლებელია უკრაინაში ნატოს ჯარების შესვლაც"

რამდენიმე დღის წინ ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "რუსეთი ყველა შესაძლებლობით ისარგებლებს თავისი ტერიტორიის დასაცავად", რითაც მიანიშნა, რომ ამ შესაძლებლობაში ბირთვული იარაღის გამოყენება იგულისხმება. ანალიტიკოსების აზრით, პუტინის განცხადება ტრადიციულად, ნატოსა და დასავლეთის შანტაჟირებას ემსახურება და ნაკლებად მოსალოდნელია, იმ სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული არსენალით ისარგებლოს, რომელიც აშშ-ისთვის დარტყმის მისაყენებლად არის გამიზნული. პუტინს შეუძლია ფსონი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბირთვულ იარაღზე დადოს. ასეთ ატომურ მუხტს ნაკლები სიშორე და სიმძლავრე აქვს, მაგრამ დასავლეთს აიძულებს უკრაინის დახმარებასა­ და კონფლიქტის გაგრძელებაზე უარი თქვას. ჯერჯერობით მოსკოვი მხოლოდ ოფიციალური განცხადებებით შემოიფარგლება, რუსი ექსპერტების მტკიცებით კი ამჯერად ბირთვული ესკალაციის აუცილებლობა არ დგას."თუ პუტინი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას მძიმე შედეგები ექნება რუსეთისთვის", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორის, დევიდ პეტრეუსის განცხადებით, თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, აშშ უკრაინაში რუსეთის არმიასა და შავი ზღვის ფლოტს გაანადგურებს.ახლახან აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც გააფრთხილა რუსეთი: "ჩვენი პასუხი ისეთივე იქნება, რასაც რუსები გააკეთებენ. ამას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება". ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ შეიძლება აშშ-ის პასუხი უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს არმიის ლოკალურ ჩარევაში გამოიხატოს. იმავეს ვარაუდობს "კვირის პალიტრასთან" საუბარში საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე:

- უშვებთ თუ არა, რომ პუტინმა მუქარა­ შეასრულოს და თუნდაც მცირე სიმძლავრის ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს?

- ძალიან დაბალი ალბათობაა, მაგრამ გამორიცხვა არ შეიძლება. ბირთვული იარა­ღის გამოყენების შემთხვევაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება თავად რუსეთი, ვინაიდან ბირთვულმა იარაღმა­ არ იცის ჩემიანი და სხვისიანი, შეიძლება­ ბრძოლის ველზე ქარმა საწინააღმდეგო მხარეს დაუბეროს და რუსულ საბრძოლო ნაწილებს მიუბრუნდეს. ასე რომ, მისი გამოყენება ტაქტიკურად საბრძოლო ველზე სათუო უპირატესობის მომტანია. ამასთან, მას ძალიან სერიოზული რისკები ახლავს თან - თუ დღეს შედარებით ნეიტრალურ პოზიციას იჭერენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ირანი (არის ინფორმაცია, რომ ირანი საბრძოლო მასალასა და შეიარაღებას აწვდის), როგორც კი პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს,­ ის აბსოლუტურად გარიყული იქნება და არავინ მოისურვებს მის გვერდით დგომას. ეს თავად რუსეთისთვისაც დიდი პასუხისმგებლობაა, ყელზე ჩამოკიდებული ლოდი იქნება მთელი ქვეყნისთვის. ამასთან, არ არის გამორიცხული, დასავლეთმა­ შეიარაღებული­ ძალებიც შეიყვანოს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინა­ აკონტროლებს. ამაზე უკვე საუბრობენ აშშ-ის ყოფილი თუ მოქმედი გენერლები, სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელები, მაგალითად, გენერალი პეტრეუსი­ და სხვა. როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამბობენ, მათ სერიოზული სადაზვერვო ინფორმაცია აქვთ, მათ შორის, სატელიტური. ბირთვულ იარაღს შენახვისა და გადატანის წესები აქვს. სიტუაციიდან გამომდინარე, რუსეთს აკვირდებიან და პერიოდულად კეთდება განცხადებები, რომ ვერავითარ ცვლილებას, გადაადგილებას ან მზადებას ვერ ხედავენ. თუ მაინც მოხდა ასეთი შემთხვევა, პუტინი დაბალი ტონაჟის ბომბს გამოიყენებს, რადგან სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტის გამოყენებას შეიძლება საპასუხო რეაქცია მოჰყვეს და არმაგედონი დატრიალდეს. ბირთვულ ომში რომ გამარჯვებული არავინაა, ყველამ კარგად იცის. სსრკ-ის დროს სწორედ ბირთვულმა ორმხრივი განადგურების პოტენციალმა შეაჩერა სოციალისტურ-კომუნისტურ-დიქტატორული ბანაკისა და თავისუფალი სამყაროს დაპირისპირება. კუბის კრიზისის დროს თითქმის ბირთვულ ომამდე მივიდა საქმე და ყველამ ისწავლა გაკვეთილი.

ჩვეულებრივი აფეთქებისგან განსხვავებით, ბირთვულ იარაღს 100-ჯერ და მეტი დამანგრეველი ეფექტი აქვს. რადიაცია პირველადი ეფექტისგან განსხვავებით, დიდხანს შენარჩუნდება - ყველაზე მძიმე ეფექტი ესაა (გავიხსენოთ, ჩერნობილში ატომური სადგურის აფეთქებას წლების განმავლობაში მოჰქონდა ზიანი). ახლა ვარაუდობენ, რომ ეს მაშინ მოხდება, თუ პუტინს­ საბოლოოდ მოაქცევენ ჩიხში. თუმცა ბირთვული­ იარაღის გამოყენება ერთი პირის გადასა­წყვეტი არ არის. ასე რომ, თუ თავად პუტინმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, შესაძლოა დიდ წინააღმდეგობას შეეჩეხოს, რადგან მისმა გარემოცვამ, გენერალიტეტმაც­ იცის, რომ შედეგი კატასტროფული იქნება. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია - ისედაც ხომ ბომბავენ მოსახლეობას, მაგრამ პოლიტიკური წონის ქვეყნები მაინც თავს იკავებენ, პატარა შესაძლებლობას იტოვებენ და რუსეთს ტერორისტ სახელმწიფოდ არ აცხადებენ...

დარწმუნებული ვარ, არაოფიციალური­ არხებით მნიშვნელოვანი გზავნილები მისდის შტატების თავდაცვის ხელმძღვანელობას, საჯაროდაც მწვავე განაცხადება გააკეთა ბაიდენმა (და არა მარტო მან), ამას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვებაო, არაერთხელ გაიმეორა. თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სალივანმაც განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას "კატასტროფული შედეგები მოჰყვება და შეერთებული შტატები გადამწყვეტად უპასუხებს". სავსებით შესაძლებელია უკრაინაში ნატოს ჯარების შესვლაც. ერთი სავარაუდო ვარიანტია - შესაძლოა წერტილოვანი დარტყმით პუტინის განადგურებაზეც მიდგეს საქმე. ასე რომ, ბაიდენის სიტყვების მიღმა ბევრი ვარიანტი იგულისხმება და ეს კარგად იცის პუტინმა.

- ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში საქართველოს ხსენება და ქართველების მონაწილეობა როგორ გავიგოთ?

- როცა რუსეთში შევიდა ის ტრაილერი, რატომ ვერ ნახეს ტროტილი, თუ მართლაც იყო? ეს რუსული პროპაგანდაა, ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც ცდილობს სამეზობლო დააშინოს და ამით დასავლეთის ფრონტთან ერთიანობას ხელი შეუშალოს. ძალზე მნიშვნელოვანია სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ამოქმედება. პრემიერთან არსებობს ასეთი ერთეული - სამმართველო, რომელსაც აქვს ფუნქცია ამ ცილისწამებას პასუხი გასცეს. ასე, პერიოდულად გამოგდებულ ცრუნარატივებს მყისიერი რეაგირება სჭირდება. სამწუხაროდ, ეს სისტემა არ მუშაობს. არასამთავრობო სექტორს ამაზე ბევრი კრიტიკული განცხადება გაგვიკეთებია, მაგრამ ამაოდ. სტრატეგიული კომუნიკაციის სისტემა უფრო ფორმალურადაა, ვიდრე რეალურად.

- პოლონეთი ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადება - დაბომბვის შემთხვევაში გამოსაყენებელი 60 000-ზე მეტი თავშესაფრის შემოწმება დაიწყო. ანალოგიურად ჩვენც ხომ არ უნდა ვემზადებოდეთ?

- რა თქმა უნდა, საჭიროა მიწისქვეშა ნაგებობების შემოწმება, მოსახლეობის ინფორმირება, ვარჯიშები და ასე შემდეგ... შეიარაღებული ძალების წვრთნა-აღჭურვის პრობლემაა და დანარჩენი რა გასაკვირია? ცუდი სცენარის დროს მეტრო თავის შესაფარებელი ერთ-ერთი შესაძლებლობაა, მაგრამ ამ ყველაფერს შემოწმება და მომზადება უნდა. საჭიროა დაგეგმვა, განგაშის შემთხვევაში ვინ საით წავიდეს, რომ მერე პანიკა არ ატყდეს... მაინც ვფიქრობ, არ ღირს პანიკის ატეხა. ეს მხოლოდ რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს, ვინაიდან საკმაოდ დაბალია ამის ალბათობა.