საქართველოში ექიმებს ბიოლოგიური და რადიაციული ინციდენტებისთვის მოამზადებენ - კვირის პალიტრა

საქართველოში ექიმებს ბიოლოგიური და რადიაციული ინციდენტებისთვის მოამზადებენ

ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებს საქართველოში ბიოლოგიური და რადიაციული ინციდენტებისთვის მოამზადებენ. საქართველოში­ პირველად სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე­ მორეაგირე სამედიცინო ჯგუფების გადა­მზადებისა და რეაგირების მიზნით "პრო­ექტი 88" იწყება. სასწავლო-სატრენინგო ცენტრი აღიჭურვება სპეციალური სასწავლო აღჭურვილობით, რომლის ღირებულებაც 300 ათასი ევროა და საქართველო მას უფასოდ მიიღებს. დაგეგმილია ინციდენტებზე რეაგირებისთვის სამედიცინო ეკიპაჟების სპეციალური აღჭურვილობით უზრუნველყოფა. ევროკავშირის დაფინანსებული "პროექტი 88"-ის მასპი­ნძელი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრია. "პროექტი 88" 2022 წლის 10-დან 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში. თუ რატომ გახდა აუცილებელი ექიმების მომზადება ბიოლოგიური და რადიაციული ინციდენტებისთვის, რისთვის უნდა ვიყოთ მზად, ამის შესახებ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი გვესაუბრა:

- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ინციდენტის შემდეგ გამოაქვეყნა პროცესის განვითარების რამდენიმე შესაძლო სცენარი. სამწუხაროდ, საქართველო ყველა სცენარში დაბინძურებისა და დაზიანების სფეროდაა მიჩნეული. შესაბამისად, იმთავითვე მოვთხოვეთ ხელისუფლებას, რომ ზომები მიგვეღო­. მაგალითად, მოგვემარაგებინა იოდი, დაგვეგეგმა ლოჯისტიკა და პაციენტების ნაკადების მართვა. სასწრაფო დახმარების ექიმების მომზადება დასაწყისია, მალე მიმღების ექიმებსაც გადაამზადებენ და შესაბამის მედიკამენტებსაც მოიმარაგებენ. ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების ინფორმირება და მომზადებაც. როდესაც მეზობლად ტერორისტი გყავს, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეები ყოველთვის არსებობს.

- ეჭვი მაქვს, ძალიან მალე მოსახლეობა პანიკურად დაიწყებს იოდის შეძენას. ალბათ, უნდა იცოდნენ,­ რომ საუბარი არ არის იმ იოდზე, რომელიც აფთიაქებში იყიდება. საქმე ეხება კალიუმის იოდის აბებს, რომელიც ახლა ფიზიკურად არ არის საქართველოში.

- დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობდი­, როდესაც მოსახლეობის ინფორმირებაზე ვსაუბრობდი. სახელმწიფომ ზუსტი ინსტრუქცია უნდა მისცეს მოქალაქეებს, თუ რა შემთხვევაში, რა დროს და რა რაოდენობის იოდი უნდა მიიღონ. რამდენიმე­ თვით ან კვირით ადრე იოდის მიღება საჭირო შედეგს არ იძლევა. პირიქით, საზიანოც არის. კალიუმის იოდიტის აბი სახელმწიფოსა და ექიმის ერთობლივი­ მითითებით ზუსტ დროს ერთჯერადად­ უნდა მიიღოს ადამიანმა. კალიუმის იოდიტი­ ბოჭავს რადიოაქტიულ ელემენტებს და იცავს ფარისებრი ჯირკვალს. ის უნდა გამოიყენონ ახალგაზრდებმა, ორსუ­ლებმა... არ შეიძლება მისი გამოყენება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც იოდის აუტანლობა აქვთ. ამ აბებს უკუჩვენებაც აქვს და ყველასთვის არ არის რეკომენდებული მისი მიღება. ჩვენ ის უპირატესობა­ გვაქვს, რომ ტერორისტული სახელმწიფო რუსეთი ატომურ ბომბს პირდაპირ ჩვენ არ გვესვრის, მაგრამ ზაპოროჟიეს ან სხვა ატომური სადგურის დაზიანების შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, რადიაციული მასა ჩვენამდეც მოაღწევს. მცირედი სანუგეშო ის არის, რომ რადიაციული ტალღის მოსვლამდე ჩვენ შესაბამისი მედიკამენტის გამოყენების დრო გვექნება. მაგრამ ცუდი ის არის, რომ ასეთი­ მედიკამენტი საქართველოში­ ჯერ არა გვაქვს. იმედია, გამოიჩენენ პასუხისმგებლობას და ამ მედიკამენტებს შეისყიდიან. მხოლოდ იმის იმედად ნუ ვიქნებით, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას ვერ გაბედავს.

- კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ კრიტიკულ მომენტში?

- მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ქარიან ადგილს, შუქს. უნდა ვეცადოთ შევიდეთ შენობის სიღრმეში, სარდაფებში. ძალიან სახიფათოა ბევრი ხალხის თავმოყრა, თუნდაც სამედიცინო პუნქტებში. სამწუხაროდ, ჩვენ არა გვაქვს თავშესაფრები, ისღა დაგვრჩენია, სისტემა ამ ამბავს მედიკამენტებით აღჭურვილი შეხვდეს.

- ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთ­ქების შემდეგ, უკრაინაში ბავშვებსაც კი აფრთხილებდნენ, რომ არ მოეწყვიტათ და არ დაეყნოსათ ყვავილები. კიდევ რისი ცოდნა შეიძლება­ გამოგვადგეს საჭირო მომენტში?

- წინასწარ თქმა, რა არ უნდა გააკეთო, შეუძლებელია, ყველაფერი მაინც იმ კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული, რომელიც ბირთვული ტალღის გავრცელების მომენტში შეიქმნება.

- როგორ გგონიათ, თავად რუსეთი მზად არის ასეთ საფრთხეებთან გასამკლავებლად?

- როდის იყო რუსეთის მმართველ ელიტას ხალხი ადარდებდა? პუტინს, რომელიც ბავშვებისა და ქალების წამებას, მკვლელობას აწერს ხელს, გგონიათ ადამიანების ჯანმრთელობა აფიქრებს? კრემლში ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვით თავს არავინ შეიწუხებს, ხალხი ვერ გახდება მათთვის დაბრკოლება ბოროტების გზაზე.

ხათუნა ბახტურიძე