ქართველი „სპონსორები“, ანუ თაღლითური სქემა ამერიკაში ახალბედა ემიგრანტებისთვის - კვირის პალიტრა

ქართველი „სპონსორები“, ანუ თაღლითური სქემა ამერიკაში ახალბედა ემიგრანტებისთვის

"რომელ გადამყვანს გაუწევთ რეკომენდაციას თქვენი გამოცდილებით?" - ამ და სხვა შინაარსის კითხვებს ნახავთ სოციალური ქსელების დახურულ ჯგუფებში, სადაც ქართველი ემიგრანტები ამერიკაში წასვლის გზებსა და დეტალებს არკვევენ. სირთულეების მიუხედავად, რომელსაც ბოლო ხანებში როგორც მექსიკის, ასევე, ამერიკის საზღვარზე აწყდებიან, წასვლის მსურველთა ნაკადი არ წყდება. ემიგრანტები ჰყვებიან, რომ უცხო ქვეყანაში ჩასული ახალბედები ხშირად თავად ქართველების თაღლითობის მსხვერპლი ხდებიან.

პაპუნა კაციტაძე ამერიკაში მექსიკის უმძიმესი გზით გადავიდა, იქ მეგობრების მოძიებული სპონსორი დახვდა, რომელიც მეურვეობას, საცხოვრებლით უზრუნველყოფას ჰპირდებოდა, მაგრამ...

- ჩემამდე ჩემი ძმა წავიდა. ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სახლის ბანკში ჩადება მოგვიხდა. სამსახური კი გვქონდა, მაგრამ შემოსავალი ბანკის ვალსა და სხვა მოთხოვნებს ვერ ფარავდა, ამიტომ კერძო პირისგანაც ვისესხეთ და რამდენიმე თვის წინ ჩემი ძმა წავიდა მექსიკის გავლით... გაუმართლა, მესაზღვრეებმა ვერ შენიშნეს და რამდენიმე წუთში ამერიკაში გადავიდა. დაახლოებით ერთ თვემდე ციხეში იყო, შემდეგ კი ნიუ-იორკში თავის სპონსორს დაუკავშირდა და მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა არალეგალისთვის ნორმალური ანაზღაურებით.

ბევრმა იქ მყოფმა ქართველმა რომ დაინახა, აქედან წამსვლელთა ნაკადი არ წყდება,­ ხელის მოთბობა გადაწყვიტა. ე.წ. გადამყვანები მითური არსებებივით არიან, არავინ იცის მათი ნამდვილი გვარ-სახელი; ტელეფონის ნომერს გეუბნებიან, მაგრამ დარწმუნებული ვერ იქნები, რომ ერთჯერადი არ არის, საბანკო რეკვიზიტებს გაძლევენ და იქ სულ სხვა გვარ-სახელი ფიქსირდება, მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა გარისკო, ის 15 ათასი დოლარი, ზოგჯერ მეტიც, უნდა გადაურიცხო. უამრავი შემთხვევაა, როდესაც თანხა წინასწარ აუღია და გადამყვანი გამქრალა. ან იქამდე მიუყვანია, დაურიგებია, როგორ მოქცეულიყო, თუმცა არაფრის გარანტიას არ იძლევა, ამიტომ ზოგი დააკავეს, ერთხანს მექსიკის ციხეში ამყოფეს და შემდეგ საქართველოში მოუწიათ დაბრუნებამ. თუმცა ისევ ხელახლა ეძებენ გადამყვანს, ამჯერად უფრო სანდოს და იმ ჯოჯოხეთური გზის გავლას თავიდან ცდილობენ...

- სპონსორი ვინ არის?

- ადამიანი, რომელსაც ამერიკის მოქალაქეობა, საბანკო ტრანზაქციების მაღალი­ მაჩვენებელი, სტაბილური სამსახური და შემოსავალი უნდა უფიქსირდებოდეს. არ უნდა ჰქონდეს კანონდარღვევა და ცხადია, უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი იმ პირობით, რომ ერთი კაცის შენახვა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა შეეძლოს, რადგან ადგილობრივი კანონმდებლობით არალეგალს მუშაობის უფლება არა აქვს. მე პოლონეთის სამუშაო ვიზა ავიღე და ჯერ ესპანეთში, შემდეგ ლისაბონში, იქიდან კი მექსიკაში წავედი. ადრე მექსიკის ვიზის მიღება არც ისე რთული იყო, მაგრამ ნაკადის ზრდასთან ერთად გართულდა. გამაფრთხილეს, რომ "საქორწინო მოგზაურობაში მივდივარ", რომ "ახლობლებმა გადავწყვიტეთ იქ აღვნიშნოთ ერთ-ერთის დაბადების დღე" და მსგავსი სისულელეები­, მაგრამ აღარ ჭრიდა. გულწრფელად ვუთხარი, რომ დეპრესიას ვებრძოდი და რაღაც სიახლე მჭირდე­ბოდა. ვაჩვენე ექიმის დასკვნა, ფსიქოლოგის რჩევების თარგმანი, რაც ქართული გადმოსახედიდან ცოტა არასერიოზულადაც კი გამოიყურებოდა, მაგრამ გამიშვეს. კანკუნიდან სასაზღვრო ქალაქ ტიხუანაში ჩავედი. 12 ათას დოლარად მიმაცილეს საზღვრამდე, მკერდამდე მდინარე გადავცურეთ, 10-15 წუთის სავალ გზას დაახლოებით სამი საათი მოვუნდით, რადგან მექსიკელ მესაზღვრეებს ვემალებოდით. როცა ამერიკის ტერიტორიაზე გავედით, ხელ-ფეხს ვეღარ ვგრძნობდი... საშინელება იყო ბორდერის ოთახიც, სადაც 15 კვმ-იან ოთახში 20-ზე მეტი კაცი ვიყავით. იქვე იყო საპირფარეშო და ხელსაბანი ნიჟარა. მე კართან მოვხვდი და ჩაცუცქულს მეძინა, რადგან ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღების შესაძლებლობა არ იყო. ზოგი პირდაპირ უნიტაზის გვერდით იდგა. არ ვიცი, როგორ გაძლეს ის 12 დღე. შემდეგ იყო არიზონის ციხე, რომელიც ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ მომეჩვენა. იქ ერთ თვეს ვიყავი, ბოლოს ჩემს სპონსორსა და სხვა თემებზე კითხვები დამისვეს და გამომიშვეს. მაშინ ვთქვი, რომ სინამდვილეში იმ დღეს დავიბადე. გარეთ სპონსორი, ამერიკის მოქალაქე ქართველი დამხვდა და მითხრა, რომ ყველაფერში დამეხმარებოდა.

amerika2-1665944755.jpg

- მას ცალკე თანხა უნდა?

- დიახ, შემდეგ გავიგე, რომ სპონსორობით ფულს აკეთებს. ნიუ-ჯერზიში­ ცხოვრობს. გზაში მით­ხრა, ქართველები მეცოდება და იქ, სადაც 7 კაცის შეყვანის უფლება მაქვს, 10-11 შემყავსო. საუბარია 25 კვმ ოთახზე. იქ გავიგე,­ რომ თავად უნდა მეშოვა საწოლი ან მატრასი მაინც და თვეში 700 დოლარი გადამეხადა, რადგან თურმე ნიუ-ჯერზიში ძვირი ცხოვრებაა. არალეგალისთვის თვეში ამხელა თანხის გადახდა დიდი დარტყმაა, გამოდის, სპონსორისთვის უნდა იმუშაო. ამერიკის მოქალაქე ქართველებს წილში შემოჰყავთ ვიღაცები, რომელთა დახმარებითაც მათ ანგარიშზე მაღალი საბანკო ტრანზაქციები ხორციელდება. ეს "სუფთა ისტორიისთვის" არის საჭირო და ახალჩამოსული ქართველების ხარჯზე კარგ თანხას იღებენ. მთელი სქემა აქვთ, რამდენიმეკაციანი ჯგუფია. ყველა ქართველიც არ არის, მთავარია, მოქალაქეობა ჰქონდეს. მოკლედ, ჯერ ერთის "კარგი ისტორიის შექმნაზე" ზრუნავენ, შემდეგ მეორის და წილებსაც იღებენ. ერთ კაცს გარკვეული ვადის განმავლობაში ერთზე მეტის მეურვეობა არ შეუძლია. მშიერი, გაწამებული, უფულო, უსაბუთო მიგრანტის ქუჩაში გაშვება რისკია, არაჰუმანურიცაა. ამიტომ მესაზღვრე რეკავს სპონსორის ამერიკულ ნომერზე და ამოწმებს მისამართის ნამდვილობას. იგივე ხდება სამუშაოზეც - თუ ბინის ქირას ვერ იხდი, გამუშავებენ და გიქვითავენ. ქართველი, რომელმაც უნდა გიპატრონოს, ტრეფიკინგში გითრევს. ბევრმა ქართველმა ეს არც იცის და მხოლოდ ჩამოსვლის შემდეგ ეჯახება სინამდვილეს.

უმეტესობამ ენა არც იცის, სასაუბრო დონეზეც კი... ასეთებზე ნადირობენ აქაური მოქალაქეობის მქონე ქართველები და რუსულენოვანი ამერიკის მოქალაქეებიც. როდესაც ნიუ-იორკში ჩამოვედი, უამრავი ქართველი ვნახე, რომლებიც პირდაპირ ქუჩაში ბუნკერებთან ცხოვრობდნენ. იქიდან იღებდნენ საკვებსა და პლედებსაც, რათა შიმშილითა და სიცივით არ დახოცილიყვნენ. ზოგი მათგანი ჩემსავით მოატყუა ე.წ. სპონსორმა, რადგან იცის, რომ არალეგალი უუფლებოა და კიდევაც რომ მოინდომოს, ვერაფერს გახდება. არიან ისეთებიც, ვინც ხელმისაწვდომ ნარკოტიკს გვერდი ვერ აუარა და ყველაფერი დაკარგა. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ ქართველი კაცი, ოთხი შვილის მამა, რომელიც ამერიკაში მექსიკის გავლით შემოვიდა, ნარკოტიკით გარდაცვლილი იპოვეს ქუჩაში... მე ორ კვირას ვიცხოვრე თაღლითი ქართველის ნაქირავებ ბინაში, ერთი თვის ქირა წინასწარ გამომართვა. როცა სამუშაო­ ვერ ვიშოვე, მითხრა, რა ჩემი ბრალია, რაც დროს გადის, არალეგალების ნაკადი მატულობს­ და საქმეც მცირდებაო. მერე ნიუ-იო­რკში ჩემი ძმის ახლობლებს დავუკავშირდი და მათი დახმარებით ნიუ-ჯერზიდან წამოვედი. ახლობლებისგან გავიგე, რომ ადგილობრივი ქართველები შექმნილი ვითარებით სარგებლობენ და დასაქმებულ არალეგალებს მიზერულ თანხას უხდიან. მათ ხომ ენა არ იციან და ეს თაღლითებს ხელ-ფეხს უხსნის. ანუ ასობით ქართველი, პირველი ორი-სამი თვე, ან სანამ თავად არ გაერკვევიან სიტუაციაში, მხოლოდ ჭამისა და ბინისთვის საკმარისი ანაზღაურებისთვის მუშაობს. ასე იწყება დეპრესია... დღედაღამ მუშაობ, დილით ხუთის ნახევარზე იღვიძებ, რომ 6-ზე სამსახურში იყო, და ვიღაც იმიტომ, რომ სიტუაციაში კარგად ერკვევა, გიყენებს და შენს ნაშრომს ითვისებს...­ აქ უამრავი ქართველი ყოფილი პოლიციელია. კიდევ ერთი გზა ამერიკაში მოსახვედრად საქართველოდან გერმანიაში, ფრანკფურტში მოხვედრაა, სადაც ამერიკის საელჩოში შედარებით მარტივად გაძლევენ ვიზას, მაგრამ პოლიციელებს უარს ეუბნებიან, იმიტომ, რომ ბოლო ხანებში შს სამინისტროს უამრავი თანამშრომელი მიაწყდა ამერიკას.

- ძირითადად რაზე მუშაობენ?

- მშენებლობაზე, პარკინგზე, მტვირთავებად... შემდგომი ნაბიჯი ტაქსი და ტრაილერია, რომელიც მაღალანაზღაურებადია. თუმცა ტაქსის რისკი ახლავს, არსებობს უბნები, სადაც შესვლა სახიფათოა. ზოგჯერ პოლიციაც სახიფათოა - ტაქსისტს მანქანაში უგდებენ ნარკოტიკს და მერე "გადამტანის" ან "რეალიზატორის" ბრალდებით ასამართლებენ... ყველას ვურჩევ გაფრთხილდეს - როდესაც გეუბნებიან, ჩამოდი და რამეს მოვახერხებო, უკვე საეჭვოა, რადგან ძალიან შემცირდა სამუშაო და ანაზღაურებაც... მესამე თვე დაიწყო, რაც ამერიკაში ვარ და სტაბილური სამუშაო ვერ ვიშოვე. ხან ტვირთმცლელად ვმუშაობ, ხან მშენებლობაზე...

რუსები მექსიკის საზღვრის გავლით ამერიკაში მოხვედრას ბოლო რამდენიმე თვეა ყველა გზით ცდილობენ. ორი თვის წინ არიზონის ციხეში ნამდვილი საბჭოთა კავშირი დამხვდა - უამრავი­ რუსი, აზერბაიჯანელი, სომეხი, ჩრდილოკავკასიელი, ბალტიისპირელი ელოდებოდა ვითარების გარკვევას. გამიკვირდა პოლონელების ნახვა. როგორც გაირკვა, უკრაინის ომის შემდეგ სიტუაცია მათთანაც შეიცვალა, სამსახურები ან დაკარგეს, ან შემოსავალი შეუმცირდათ. სხვა პოსტსაბჭოთა­ ქვეყნებიდანაც ჩამოდიან, იმ მიზეზით რომ "სიტუაცია შეიცვალა". უკრაინელებმა გვითხრეს, ის, რაც ქართველებმა ახლა დაიწყეთ, მექსიკის გავლით ამერიკაში გადასვლა, ჩვენ ოცდაათი წლის წინ ვაკეთებდითო.

ბოლო დროს მთელი პოსტსაბჭოთა სივრციდან ნაკადმა იმატა. გარდა იმისა, რომ რუსებს ომში გაშვების ეშინიათ და ამიტომ გარბიან, ასევე ეშინიათ, რომ მათი ხელისუფლება, რომელსაც უკანდასახევი გზა არა აქვს, უარესზე წამსვლელია, შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს და ამის შემდეგ ნატოს ინიციატივით სამხედრო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.ლალი პაპასკირი