სამტრედიელი ვიკინგები - კვირის პალიტრა

სამტრედიელი ვიკინგები

ვინც იმერლების ფენომენს იცნობს, სამტრედიელების თავმომწონეობის შესახებაც უეჭველად ეცოდინება. კაცმა რომ თქვას, რატომაც არა, უძველესი დროიდან სწორედ ისინი ეჯიბრებოდნენ ფუფუნებაში ევროპელებს, - აქ და გარშემო მუდამ "ოქრო წვიმდა". აქ, დღევანდელ სოფელ ბაშში იყო უძველესი ქართული საბაჟო, რომელიც ისედაც ოქრომრავალ კოლხეთს უფრო ამდიდრებდა. ევროპის სისხლის გამშრობი სასტიკი ვიკინგებიც პირველად სწორედ ამ ადგილებში შემოვიდნენ თავიანთი თავზარდამცემი გემებით და დაბანაკდნენ. თავიდან საქართველოს მეფე ბაგრატთან დადებული პირობებით, შემდეგ კი სამუდამოდაც, - ალბათ, უფრო აქაური ქართველი­ ქალების ეშხით, თორემ ევროპის დამპყრობლებს სიმდიდრე ისედაც არ აკლდათ. ამბავი კი ასე იყო: ცნობილია, თუ როგორ გაუშრეს სისხლი ხარბმა ერისთავმა­ ბაღვაშებმა საქართველოს მეფეებს. ლიპარიტ ბაღვაშიც სწორედ ტერიტორიების გამო აუშარდა მეფე ბაგრატ IV-ს. მას თბილისის შეერთებაც სურდა. 9 წლის ასაკში­ გამეფებული ბაგრატი ამ დროს კიდევ გამოუცდელი იყო. ამიტომაც ლიპარიტის გასამკლავებლად 3000 ვიკინგი შემოიყვანა.­ დღეს ამ ამბავზე "ქართლის ცხოვრება" და ბაშელები ერთნაირად მოგიყვებიან. ისინი თავს ვიკინგების შთამომავლებად მიიჩნევენ... ბაშელი ისტორიკოსი მამუკა გერაძეც გულახდილად გაგიმხელთ, რაც თავი მახსოვს, თამადა ვარ და სუფრაზე გერაძეებს მუდამ ვიკინგებს ვეძახი, ისე კი, რა თქმა უნდა, ქართველობა ვიკინგების დაპყრობილ მთელ ევროპას გვირჩევნიაო.

- ბაშში ვიკინგების დაბანაკებიდან ათას წელიწადზე მეტია გასული, მაგრამ კიდევ ათი ამდენიც რომ გავიდეს, ალბათ, ბაშელებს მაინც შეგვეკი­თხებიან, რა ქენით, რით ვეღარ დაადგინეთ, ნამდვილად ვიკინგების შთამომავლ­ები ხართ თუ არაო?! არადა, დიდი ხანია გარკვეული გვაქვს, რომ ვართ! ეს ამბავი­ თაობიდან თაობას გადმოგვეცემა. ასეთი გადმოცემებით შედგება ისტორია, თორემ ყველასთვის სად იყო ადრე, დამწერლობა­ და დოკუმენტაციები! თუმცა სამეფო ისტო­რიკოსმა გარკვევით დაწერა "ქართლის ცხოვრებაში": "მოვიდეს 3000 ვარანგი და დადგნენ ბაშს". ქართველები ვიკინგებს "ვარანგებს" ეძახდნენ, როგორც ბერძნები.

- ბაგრატმა რომელი ქვეყნიდან მოიყვანა­ ისინი?

- ვიკინგებმა მართლაც გადათელეს მთელი ევროპა. რუსების პირველი მთავ­რებიც სწორედ ეგენი იყვნენ, მაგრამ იმჟამინდელი ბიზანტიის ძლიერებას ვერაფერი­ გაუბედეს. ბიზანტიის იმპერატორები ვიკინგებს დაქირავებულ მეომრებად აბრძო­ლებდნენ და ფულსაც ბევრს უხდიდნენ. დიდი ვარაუდით, ბაგრატმა სწორედ ბიზანტი­იდან ჩამოიყვანა ვიკინგები, სულ 3000 კაცი და დღევანდელ სოფელ ბაშში­ დააბანაკა.

- უზარმაზარი რიცხვია! წარმომიდგენია, რამხელა გასამრჯელოს მოითხოვდა ეს ხალხი.

- ბევრს, მაგრამ არც ბაგრატი იყო ღარიბი. თბილისის აღების შემდეგ ამირას­ 44000 ოქროს დრაჰკანს ახდევინებდა ხარკად წელიწადში. ბაგრატი ძლიერი და გონიერი მეფე იყო, მხოლოდ ბაღვაშებს ვერ მოერია თავიდან იმიტომ, რომ ბერძნები უჭერდნენ მხარს. სხვა იმპერიებივით ცბიერი იყო ბიზანტია - ერთი მხრივ, ბაგრატს ვიკინგებთან უშუამავლეს, მეორე მხრივ, ლიპარიტს გამოატანეს ბაგრატის ნახევარძმა, რომელსაც ბაგრატი უნდა ჩამოეგდო ტახტიდან და თავად ასულიყო.

- დაყავი და იბატონე! სწორედ ამის ნიადაგზე იყო სასირეთის სამარცხვინო ომი დღევანდელი კასპის ტერიტორიაზე, ბაგრატ მეფესა და ლიპარიტ ბაღვაშს შორის.

- დიახ, ასე იყო. ისტორია არ წერს რატომ, მაგრამ ბაგრატმა ამ ბრძოლაში­ 3000 დაქირავებული ვიკინგიდან რატო­მღაც მხოლოდ 700 გაიყოლა. შეიძლება იმიტომ, რომ დასავლეთ საქართველოშიც ეჭვობდა ღალატზე. მაგრამ იმ დღეს სასირეთში ვიკინგები ბაგრატთან ერთად დამარცხდნენ, ვერ გაუძლეს ბაღვაშის მხარეს მებრძოლ ქართველებთან ომს.

- ცხადია, ქართული საბრძოლო ხელო­ვნების შესახებ ვიკინგებმა არაფერი იცოდნენ, თორემ ეს არ დაემართებოდათ. მათგან განსხვავებით ქართველებს ათასწლოვანი საბრძოლო ისტორია ჰქონდათ.

- სწორედაც. 1047 წელს სასირეთის ბრძოლაში ბაღვაშმა დამარცხებული ვიკ­ინგები ქართველებთან ერთად ჩაიგდო ტყვედ. თუმცა, ქართველებისგან განსხვავებით, სასტიკად არ მოჰქცევია. მათ დასცინა­ - ევროპის დამპყრობლებს ცხრილები­ დააჭერინა და ახალმოწეული ხორბალი აცხრილვინა.

- ანუ აქაოდა, რა მეომრები ხართ, დედაკაცების ადგილას უნდა ისხდეთო.

- ალბათ, თანაც ვიკინგების ტყვეობა, როგორც ჩანს, დიდხანს გაგრძელდა. გადმოცემით, ბაშში დაბანაკებულმა ვიკინგებმა დამარცხების შესახებ შეიტყვეს თუ არა, თავიანთ გემებში ჩასხდნენ და უკან გაემგზავრნენ. რაც ტყვეობიდან ბაშში დაბრუნებულმა ვიკინგობამ ან ვეღარ შეძლო, ან აღარ წავიდა სახლში, რადგან აქაურობა მოეწონათ თავისი ლამაზი კოლხი ქალებით. ასე შედგა ქორწინებებიც.

- რატომაც არა, ვიკინგები ქრისტიანები იყვნენ და თანაც, ცისფერთვალება ახოვანი მამაკაცები.

- ჰოდა, იმიტომაც ვართ ვიკინგების შთამომავლები. თავად კი ცოტა შავგვრემანი ვარ, მაგრამ უამრავი ბაშელი სწორედაც ცისფერთვალებაა. მახსოვს, ჩვენი სოფლის ერთმა სტუმარმა ჩვენი ცისფერთვალება ბავშვების დანახვაზე როგორ იყვირა, აი, ვისშია ვიკინგების სისხლიო!

- სისასტიკით არ გამოავლინოთ ვიკი­ნგების სისხლი, თორემ რა გვიჭირს. ისე, ბაშელები ლამაზი ხალხია, ვისი შთამომავლებიც უნდა იყვნენ.

- მომწონს, რაც მითხარით. ვიკინგებმა ქართველებში მაინცდამაინც მხედრული სული ვერ დანერგეს, ქართველებმა დაჯაბნეს, მაგრამ ვიკინგი მაინც ვიკინგია - მაგათი შიშით ევროპა თრთოდა.

ასე რომ, ბაშელები "შერეული" ზეძალის ხალხი ვართ - ქართველების და ვიკინგების ენერგიას ვფლობთ! ისე კი, ხუმრობა იქით იყოს და, თქმულებით გადმოცემულ ამბებში სიმართლე მუდამ დასტურდება. ამაში, როგორც ისტორიკოსსა და როგორ ბაშელს, უნდა მენდოთ.