"ნიკას ყოველთვის მიაჩნდა, რომ ნუციზე მაღლა იდგა, სადაც უნდა წასულიყვნენ, გოგოების ჩურჩული ესმოდა, ნეტავ რით მოხიბლა ამ გრძელცხვირა გოგომ ეს ბიჭიო" - რამდენიმე ნოველა სიყვარულზე - კვირის პალიტრა

"ნიკას ყოველთვის მიაჩნდა, რომ ნუციზე მაღლა იდგა, სადაც უნდა წასულიყვნენ, გოგოების ჩურჩული ესმოდა, ნეტავ რით მოხიბლა ამ გრძელცხვირა გოგომ ეს ბიჭიო" - რამდენიმე ნოველა სიყვარულზე

ამბები, რომელიც უნდა მოგითხროთ, ცხოვრების მეგზურს უკავშირდება. ზოგი სახალისოა, ზოგიც მძიმე და დასაფიქრებელი. ამბობენ, მეორე ნახევრის არჩევა ლატარიასავითაა, ან გაგიმართლებს, ან არაო. დრომ და გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ მართლაც ასეა. რაც ამ რუბრიკას ვაკეთებ, რესპონდენტების უმეტესობა სწორედ პირად ცხოვრებაში სირთულეების გამო მოვიდა ჩემთან. კარიერაში ყველაზე წარმატებულსაც კი, თუ პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა, მისი დიპლომიც და სამსახურიც ფერს კარგავს.

ცხელი ყავით გაწუწული სასიძო

ეს ამბავი ცუდად რომ დამთავრებულიყო, კურიოზი არც ერქმეოდა, თუმცა ღვთის მადლით ყველაფერი მშვიდობით დასრულდა და დღეს მას ღიმილით იხსენებენ მთავარი მოქმედი გმირები.

თაზო ნიჭიერი მათემატიკოსია, მაგრამ უსაშველოდ მორიდებული. მშობლები გეოლოგები ჰყავს. ხანგრძლივი მივლინებებით ხან სად იყვნენ და ხან სად, ამიტომ პატარაობიდანვე ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა. წლები გავიდა, სკოლაც დაამთავრა და უნივერსიტეტიც, მაგრამ მაინც სულ მოხუცებისკენ მიუწევდა გული. მათთან ისევ პატარად გრძნობდა თავს... არადა, უკვე 29 წლის ბიჭის მშობლები და ახლობლები წუხდნენ, ამას ძალით ვინმე თუ არ მივგვარეთ, ისეთი მორიდებულია, შეყვარებულსაც ვერ გაიჩენსო...

ერთ დღეს, როცა სამსახურიდან ისევ ბებია-ბაბუის სახლისკენ გაუყვა გზას, ერთ მშვენიერ გოგოს მოჰკრა თვალი. გულმა უცნაურად დაუწყო ბაგაბუგი. ასე არასდროს­ დამართვია. გაიფიქრა, ალბათ, ეს ჩემი ბედიაო და უკან გაჰყვა. თურმე არცთუ ისე შორს უცხოვრია. ცოტა ხანში გაიგო კიდეც გოგონას სახელი და მოხუცებს ჰკითხა, თქვენს მეზობლად რომ ეკა ცხოვრობს, იცნობთო? იმათ უპასუხეს: ახლები გადმოვიდნენ, მათ ჯერ არ ვიცნობთ, შენ კი ისე დაინტერესდი ამ ეკათი, ალბათ, მოგეწონა, არიქა, როგორმე გადააბიჯე შენს მორიდებულობას და გაეცანი გოგოსო. მოხუცებისგან შეგულიანებულმა გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, გაეცნო ის ლამაზი გოგო. ერთი თვე სდია უკან. მიჰყვებოდა შორიახლოს და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. გოგონას შეუმჩნეველი არ დარჩენია მორიდებული "მდევარი". ბოლოს გაბედა, თაიგულით წამოეწია გოგონას და ძლივს ამოღერღა, ჩემი გამ­ზრდელი ბებია-ბაბუა აქვე ცხოვრობენ და დიდი ხანია,­ შეგამჩნიეთო. ეკა თითქოს ელოდებოდა ბიჭისგან პირველ ნაბიჯს და სიხარულით გამოართვა თაიგული. ასე გადაილახა ბარიერი.

ეკა კონსერვატორიაში სწავლობდა, სულ ვიოლინოთი დადიოდა, ოცნებობდა­ ცნობილ ორკესტრში მოხვედრასა და დიდ მუსიკოსებთან ერთად დაკვრაზე. ძალიან ბეჯითი იყო, სულ ორჯერ მოახერხა თაზოსთან სკვერში გასეირნება, დანარჩენ შემთხვევაში კი მათი ერთად ყოფნა გაცილება-გამოცილებით იფარგლებოდა. ეკა უბოდიშებდა ბიჭს, მალე მოვრჩები გამოცდებს­ და მეტი დრო მექნებაო. თაზო ბედნიერი იყო, რომ გოგონასგანაც გრძნობდა სიმპათიას, ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ეკა როგორც კი ჩააბარებდა გამოცდებს, მათი ურთიერთობა გაღრმავდებოდა. ხანმოკლე შეხვედრების დროს მთავარი სალაპარაკო თემა ისევ და ისევ კონსერვატორია, გამოცდები და ორკესტრი იყო. ერთ დღეს ჯერ კონსერვატორიამდე მიაცილა ეკა, მერე იქიდან გამოსულს დახვდა და სთხოვა, კაფეში­ შევიდეთო. ისევ შეწუხდა გოგო, მოუბოდიშა, დღეს არ შემიძლია, აი, ორ კვირაში მოვრჩები გამოცდებს და მერე კაფეშიც ვიაროთ და ექსკურსიაზეცო.

ექსკურსიის ხსენებამ გაახალისა თაზო. მეგობრებთან ერთად საქართველო შემოვლილი ჰქონდა და ძალიან უყვარდა ბუნებაში გასვლა და ეკლესია-მონასტრების მონახულება. წარმოიდგინა, თავის სამეგობრო წრეში ეკას რომ დაპატიჟებდა და მთელი დღე (შეიძლება ორიც) ერთად იქნებოდნენ. ჰოდა, ამაზე კარგი ვარიანტი რა უნდა ყოფილიყო? ამ ოცნებაში იყო, ძმაკაცებმა რომ დაურეკეს, ამა და ამ კაფეში ვართ და შენც მოდიო. სწორედ ის ბიჭები­ იყვნენ, რომლებთან ერთადაც საქართველოს გზები დატკეპნილი ჰქონდა. გაუხარდა თაზოს, ჩემს გეგმას გავაცნობ და კარგ ადგილს ერთად შევარჩევთო. მივიდა კაფეში და მეგობრებს გეგმა გაანდო... შუა ლაპარაკში მზერა გაეყინა - ორი მაგიდის იქით ეკა ვიღაც ყმაწვილთან ერთად იჯდა და გულიანად კისკისებდა. თვალთ დაუბნელდა, თან გული ძალიან ეტკინა - გოგო ისე გულმოდგინედ აჯერებდა, სამეცადინო მაქვს და ერთი წუთითაც ვერ მოვიცლიო, ვერ შეიტანდა ეჭვს. ახლა კი იჯდა ვიღაც კუნთებდაბერილთან და მხიარულობდა. ვერ გაეგო, როდის მოასწრო თაზოზე ადრე ამ კაფეში მოსვლა. იმდენად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, სკამზე ვეღარ გაჩერდა, მორიდებულობა სადღაც გაქრა, ადგა და პირდაპირ იმ მაგიდისკენ გასწია. გოგოს სიცილი მაშინაც არ შეუწყვეტია, როცა გაფითრებული ბიჭი თავს წამოადგა. ეკამ გაკვირვებით ახედა. თაზო გოგოს დაჟინებით მისჩერებოდა და მისი საქციელის ახსნას ელოდა. ეკას თანმხლები წამოიმართა და თაზოს მხარზე უხეშად გაჰკრა ხელი, რაშია საქმე, რა გინდაო? გაცეცხლდა თაზო, არც დაფიქრებულა, ისე ამოჰკრა ნიკაპქვეშ მუშტი და ამხელა კაცი სკამებზე გადააფრინა. გოგონამ იკივლა, ფინჯანს ხელი წამოავლო და მოძალადეს ცხელი ყავა სახეში შეასხა. ხალხი წამოიშალა... მეგობრები შოკში იყვნენ, ასეთ საქციელს არ ელოდნენ თაზოსგან, თავად თაზოც გაოგნებული იყურებოდა აქეთ-იქით.­ ეკა უსირცხვილოდ უკიოდა ბიჭს, რა გინდა, ვინ ხარო? თაზომ ძლივს ამოღერღა: სამეცადინო გქონდა და ამიტომ ვერ წამოხვედი კაფეში, თუკი ჩემთან ყოფნა არ გინდოდა, გეთქვაო. უცებ ლოყაზე ხელი შემოირტყა გოგომ - ეს ეკა კი არა, მისი ტყუპისცალი და, ლიკა გახლდათ. შეიძლება წვიმის ორი წვეთი უფრო განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, ვიდრე ეკა და ლიკა. თაზო სახტად დარჩა, როცა გაიგო, რომ ეს გოგონა მისი საოცნებო ეკა კი არა, ლიკა იყო, ის კუნთებდაბერილი ყმაწვილი კი, მისი საქმრო... თაზოს სახე ერთიანად ასწითლებოდა სიბრაზისა და ცხელი ყავისგან. მისი გააფთრება მომენტალურად შეცვალა სიხარულმა. უსაზღვროდ ბედნიერი იყო, რომ ეკა ლიკა აღმოჩნდა... გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ ეკა, დასა და მის კუნთებიან საქმროსთან ერთად თაზოს სამეგობრო ჯგუფს შეუერთდა და კახეთში არაჩვეულებრივი სამი დღე გაატარეს. ურთიერთობა მართლაც გაღრმავდა და მალე მორიდებულმა თაზომ და ეკამ იქორწინეს.

გრძელცხვირა ნუცი

ნუცი თავის კურსზე გამორჩეული გოგონა იყო. ბევრს მოსწონდა, ის კი მხოლოდ ნიკაზე ფიქრობდა. ნიკას გოგონები ბუზებივით ეხვეოდნენ და ისიც იფერებდა. როცა გაიგო, რომ ნუცის უყვარდა, გაიბრიქა. ნუცი სხვების მსგავსად არ ცდილობდა მისი ყურადღების მიქცევას, ამან კი ნიკას უფრო გაუღვიძა ინტერესი...

გავიდა ერთი წელი და ნუცი და ნიკა დაახლოვდნენ. ნუცი ბედნიერი იყო, ნიკა კი თითქოს გოგოს თავს ამადლიდა, ცდილობდა ვაიხუმრობებით დაემცირებინა, ყველაზე ხშირად კი, რასაც ახსენებდა, ნუცის ცხვირი იყო. გოგონა მოცეკვავე იყო, მშვენიერი აღნაგობით, მაგრამ ცხვირი მართლაც ცოტა დიდი ჰქონდა, უფრო სწორად, კეხიანი. ნიკა შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, მის ცხვი­რზე რამე მწარე არ ეთქვა. ხან ცხვირი გასწიე, დამანახე ხალხიო, ეუბნებოდა, ხან ჩემი ბარბრა სტრეიზანდი ხარ, ოღონდ ის მღერის, შენ კი ცეკვავო, ხან აფრთხილებდა: სანამ ცხვირის ოპერაციას არ გაიკეთებ, მანამდე არ დავქორწინდებითო. მეოთხე კურსზე რომ გადავიდნენ, საზაფხულო­ სესიების შემდეგ ნიკა ბიჭებთან ერთად მთაში სალაშქროდ წავიდა, ნუციმ კი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, სურდა სიურპრიზით დახვედროდა შეყვარებულს. ერთი თვის შემდეგ, როცა სილურჯე გაქრა, ნუცი დამშვენებული წარდგა თავმომწონე ბიჭთან. მართალია, არც იმ კეხით იყო ურიგო გოგო, მაგრამ ოპერაცია და ოდნავ აწეული ცხვირი ძალიან მოუხდა. ნიკა პირდაღებული შესცქეროდა ფერიასავით გოგოს. თუმცა ხომ იცით, ჩვეულება რომ რჯულზე უმტკიცესია... მომდევნო დღეებში, როცა ერთ დიდ წვეულებაზე­ მივიდნენ, გალამაზებულ-დამშვენებული ნუცი მამაკაცების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. არ ესიამოვნა ბიჭს. მას ხომ ყოველთვის მიაჩნდა, რომ ნუციზე მაღლა იდგა, სადაც უნდა წასულიყვნენ, გოგოების ჩურჩული ესმოდა, ნეტავ რით მოხიბლა ამ გრძელცხვირა გოგომ ეს ბიჭიო. ისედაც ქედმაღალს მეტი რა უნდოდა? მიაჩნდა, რომ ნუცი სიკვდილამდე ბედნიერი უნდა ყოფილიყო იმით, რომ ღმერთმა ნიკას სიყვარული არგუნა წილად. ამჯერად კი ნუციმ დაჩრდილა თავმომწონე ნიკა. დაიბოღმა, აღარ იცოდა, რა ექნა... რამდენიმე ჭიქის შემდეგ ნუცის ყველას თანდასწრებით მიმართა: ამათ ჰგონიათ, ბუნებრივი სილამაზე გაქვს, ის კი არ იციან, რამხელა ცხვირის პატრონი იყავიო. სუფრაზე უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ნუციმ ძლივს შეიკავა თვალზე მომდგარი ცრემლი, ადგა და იქაურობა დატოვა. ნიკა არ გაჰკიდებია. რაღაცნაირი თავმოწონებით გადაწოლილიყო სკამზე და იქ მსხდომთ ღიმილით ათვალიერებდა.

მეორე დღეს მიხვდა, რომ გადაამლაშა. ნუცის მიაკითხა, მობოდიშებას არც აპირებდა, ფიქრობდა, რომ ნუცი ამჯერადაც აპატიებდა უტაქტობას, მაგრამ გოგო მასთან შესახვედრად არ გამოვიდა, არც მის სატელეფონო ზარებს უპასუხა. ნიკას ეგონა, რამდენიმე დღეში გაუვლიდა ნუცის წყენა, მაგრამ შეცდა. ერთი კვირის შემდეგ ნუცი უნივერსიტეტში ერთ ძალიან კარგ ბიჭთან ერთად გამოჩნდა. ხმა გავარდა, ნუციმ ნიკა მიატოვა და ახალი შეყვარებული ჰყავსო. ნიკას კინაღამ თვალები დასცვივდა მათ დანახვაზე. ამჯერად იკადრა და მარტო დარჩენილ ნუცის ბოდიში მოუხადა, მთვრალი ვიყავი და ვერ მოვზომეო. ნუციმ მოუსმინა და მერე მოკლედ მოუჭრა: ბოდიში მიღებულია, მაგრამ მე აღარ მიყვარხარ. ჩემ გვერდით ახლა ის ადამიანია, რომელსაც ბავშვობიდან იმ ცხვირითაც ვუყვარდიო. ნუცისთან დაშორება დიდხანს იდარდა ნიკამ, რა აღარ სცადა, რომ გოგო დაებრუნებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ერთი კარგი ნაყოფი კი გამოიღო გოგოსთან დაშორებამ - ნიკა აღარაა ამპარტავანი.

უცნობი და

გეგას და ქეთის რომანი მათი გაცნო­ბისთანავე დაიწყო. თითქოს გულმა გული იცნო, უცებ გაიბა ორ ახალგაზრდას შორის სიმები. რამდენიმე თვის შემდეგ გეგამ საცოლე დედას გააცნო. სადედამთილოსაც ძალიან მოეწონა მომხიბლავი და მოკრძალებული გოგო. არც დაფიქრებულა, ისე გამოიტანა ოქროს ბეჭედი და სარძლოს თითზე წამოაცვა. ქეთი, რომელიც დედას კარგა ხანს უმალავდა გეგას არსებობას, აღფრთოვანებული დაბრუნდა შინ, ამჯერად ყველაფერი უამბო­. ქალბატონი მარიამი ღიმილით უსმენდა შვილს და მასაც­ მოუნდა სასიძოს გაცნობა. გეგა ლამაზი თაიგულითა და ტკბილეულით მივიდა სასიდედროს გასაცნობად. მის დანახვაზე თითქოს შეკრთა მარიამი, მაგრამ არ შეიმჩნია, სუფრასთან მიიწვია სტუმარი.­ ქეთი ბედნიერებისგან ასხივ­ებდა... მარიამმა­ ბიჭს გვარი ჰკითხა და როცა გაიგო, სახე მოექუფრა. ახალგაზრდები ისე გახარებული­ იყვნენ ერთად ყოფნით, რომ ქალის გუნების შეცვლა არც შეუმჩნევიათ. მხოლოდ გეგას წასვლის მერე შეატყო ქეთიმ, რომ დედას სახეზე ფერი აღარ ედო. ჰკითხა, შეუძლოდ ხომ არ ხარო და, მარიამმა არც აცივა, არც აცხელა, შენ გეგას არ გაჰყვები­ ცოლადო. რატომ, ხომ მოგეწონაო, ხმა ჩაუწყდა გოგოს. შენთვის შეუფერებელიაო, უთხრა დედამ. იმ დღეს მეტის ლაპარაკის თავი არ ჰქონდა ქალს. ქეთიმ მთელი ღამე ვერ დაიძინა. არც მარ­იამს ეძინა. დილით ქალიშვილმა ისეთი კატეგორიულობით უთხრა დედას, შენ თუ ნებას არ მომცემ, იცოდე, მაინც გავყვები გეგასო, რომ მარიამი მიხვდა, სიმართლე აუცილებლად უნდა ეთქვა ქალიშვილისთვის.

- ქეთი, გეგა შენი ძმაა... მაპატიე, რომ აქამდე გატყუებდი და გეუბნებოდი, რომ ვითომ ის შენს დაბადებამდე ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. მე გეგას­ მამასთან ვმუშაობდი, ახალგაზრდა, სულელი­ გოგო ვიყავი, დავიჯერე, რომ მართლა შევუყვარდი­ და ჩემ გამო ოჯახს მიატოვებდა.­ როცა ვუთხარი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ბავშვის მოცილება მთხოვა და ფული შემომთავაზა. სახეში მივაყარე და სამუდამოდ წავედი მისი ცხოვრებიდან. ერთხანს მართლა ვაპირებდი აბორტის გაკეთებას, მაგრამ რომ წარმოვიდგენდი, შვილი­ უნდა მომეკლა, მივხვდი, ამაზე ვერასოდეს წავიდოდი. ჩემი მშობლები ლამის გაგიჟდნენ, როცა გაიგეს, ქორწინების გარეშე ვაპირებდი ბავშვის გაჩენას, მაგრამ იმასაც მიხვდნენ, რომ გადაწყვეტილებას აღარ შევცვლიდი და ბედს დამორჩილდნენ. შენ გაჩნდი და ყველაფერი უკან დარჩა: წყენაც, დარდიც, პრობლემებიც... შენ ისეთი სხივი­ შემოიტანე ჩვენს ოჯახში, ყველამ დაივიწყა ის ორომტრიალი. 22 წელია არ მინახავს­ მამაშენი და როცა სტუმრად მოსული გეგა დავინახე, მაშინვე მისი სახე დამიდგა თვალწინ, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მამამისს. სანამ მის გვარს გავიგებდი,­ იმედს ვებღაუჭებოდი, იქნებ მეჩვენება და არ არის მისი შვილი-მეთქი, მაგრამ გვარი რომ მითხრა, თვალთ დამიბნელდა. დავითი მამაშენიცაა. ამიტომ უნდა დაშორდე იმ ბიჭს. მაპატიე, რომ აქამდე გიმალავდი მამაშენის ვინაობას, - დაასრულა მარიამმა და გაფითრებულ შვილს მიაჩერდა.

ქეთი სამი დღე გარეთ არ გასულა, ჩაკეტილი იყო თავის ოთახში. ბოლოს გეგამაც გაიგო სიმართლე. ახალგაზრდებმა ძალიან მტკივნეულად გადაიტანეს წლების განმავლობაში დამალული სიმართლე. მათი ურთიერთობა ცოტა ხანში ისევ განახლდა, ამჯერად უკვე და-ძმის სტატუსით.