ევგენი ხარაძის მშობლიურ სოფელში მისი დაარსებული საუკუნოვანი სკოლა დაიხურა - კვირის პალიტრა

ევგენი ხარაძის მშობლიურ სოფელში მისი დაარსებული საუკუნოვანი სკოლა დაიხურა

"15 სექტემბერს ხარაგაულში, სოფელ ფარცხნალის დაწყებით სკოლაში, სწავლის მაუწყებელი ზარი აღარ დაირეკა...­ ფარცხნა­ლის სკოლაში მხოლოდ ორი მოსწავლე, ძმები თაბუკაშვილები სწავლობდნენ. ისინი ახლა სწავლას ხარაგაულის მე-3 სკოლაში გააგრძელებენ", - იუწყება გაზეთი "ჩემი ხარაგაული"...

იზა ვეფხვაძე, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი: - სკოლა ბატონი ევგენისა და მისი ძმის, არჩილ ხარაძის დიდი ძალისხმევით აშენდა. ისინი გამუდმებით ეხმარებოდნენ სკოლას სახელმძღვანელოებით, წიგნებით ბიბლიოთეკისთვის. განუზომელია მათი ღვაწლი.

ევგენი ხარაძის შესახებ ფილმი გადავიღე. ხშირად მქონდა მასთან საუბრის საშუალება და უპირველესი თემა ფარცხნალის სკოლა იყო. უმცროს მეგობარს მეძახდა, როცა თბილისში ვეწვეოდი,­ უსათუოდ მოიკითხავდა სკოლის ამბებს, განსაკუთრებით აინტერესებდა სკოლის ბიბლიოთეკის ბედი, სურდა სკოლას კარგი ბიბლიოთეკა ჰქონოდა, თავის ახალგამოცემული წიგნების პირველ ეგზემპლარებს ყოველთვის ჩუქნიდა ფარცხნალის სკოლას. ბოლო წლებში მოსწავლეთა სიმცირესა და სოფლის დაცარიელებაზე წუხდა.

skola3-1665947834.jpg

- რა ბედი ეწია ახლა ბიბლიოთეკას?

- ჯერჯერობით სკოლის შენობაშია­ დაცული. სკოლა სხვა სკოლას შეუერთდა და ვინაიდან ახალი სამართალმემკვიდრე ჰყავს, ისინიც საიმედოდ დაიცავენ.

"ევგენი ხარაძეს მთელი სოფელი უდიდ­ესი მადლიერებით ვიხსენებთ. სკოლა მისი აშენებულია. 1966 წელს მიიღო პირველი მოწაფეები, ბოლო დროს კი აქ მხოლოდ ორი მოსწავლე იყო. უმძიმეს 90-იანებში მთელ ქვეყანაში არაფერი იყო, ფარცხნალში კი ევგენი ხარაძის დამსახურებით ყველაფერი გვქონდა", - გვითხრა სოფელის გამგებელმა ავთო თაბუკაშვილმა.

- ფარცხნალში 270 კომლი ცხოვრობს. ჩვენ რაიონის მომიჯნავე სოფელი ვართ. ზოგიერთი უბნისთვის რაიონის სკოლა სულ რაღაც ნახევარ კილომეტ­რშია. ფარცხნალის ბავშვები სკოლაში რომ მოსულიყვნენ, სამი კილომეტრის გავლა უწევდათ. 2005 წელს ჩვენი სკოლა ხარაგაულის მე-3 საჯარო სკოლას შეუერთეს. შედეგად, უფროსკლასელები რაიონის სკოლაში გადავიდნენ. მათ ტრანსპორტი­ ემსახურება. ბავშვმა დაწყებითში სწავლა აქ დაიწყოს, შორ გზაზე ფეხით იაროს და მერე რაიონის­ სკოლაში გადავიდეს, ამას ამჯობინეს თავიდანვე რაიონის სკოლაში იყვნენ. ეს ერთი უმთავრესი მიზეზია და მეორე ის, რომ ბევრი ახალგაზრდა სოფელ ფარცხნალში დაუქორწინებელია­. კონტინგენტი ამიტომაც არ არის სკოლაში. ერთი ბავშვიც არ იყო წელს, პირველ კლასში რომ მიგვეღო. შარშან მთელ სკოლაში ორი მოწაფე იყო, ერთმა უკვე დაამთავრა დაწყებითი კლასი, გადავიდა რაიონის სკოლაში და მხოლოდ ერთი ბავშვისთვის წელს სკოლა აღარ გაიხსნა - დასანანია, რომ ევგენი ხარაძის ნაამაგარი სკოლა დაიხურა.

- უმძიმეს მდგომარეობაში იყო ევგენი ხარაძის სახლიც, ამ მხრივ თუ შეიცვალა რამე?

- წელს მის სახლს შეძლებისდაგვარად­ მივხედეთ: ეზოს მომვლელი დავუყენეთ, სახლსაც ხავსი, სურო მოვაშორეთ. სახლში ისევ ვერ შევდივართ, რადგან პატრონი ჰყავს და ველით, როდის მიენიჭება სახლ-მუზეუმის სტატუსი. სახლი ავარიული არ არის, რადგან ევგენი ხარაძემ თავის დროზე რესტავრაცია ჩაუტარა, სახურავი შეცვალა და გაამაგრა.

- საუკუნოვან სკოლას რას უპირებთ?

- ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ამ სკოლის დახურვა, ამიტომაც ვიბრძვით, რომ ამ შენობაში რაღაც ცენტრი დავაარსოთ. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა ისეთ სოფელს ვემსახურო, რომელმაც საქართველოს ექვსი აკადემიკოსი, მრავალი პროფესორი და საზოგადო მოღვაწე გაუზარდა. რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის თეატრის დირექტორი დაინტერესებულია, რომ მთელი სოფელი მუზეუმად გამოცხადდეს. სურს ამ სახლებს სახლ-მუზეუმის სტატუსი მიენიჭოს და ჩვენც ვცდილობთ ეს საკითხი მალე გადაწყდეს. სოფელში ამდენი გამოჩენილი მოღვაწე აღიზარდა და ერთის სახლ-მუზეუმიც არ არის!

რეზო თაბუკაშვილის სახლიც მძიმე მდგომარეობაშია. მას პატრონი ჰყავს­ და სხვის საკუთრებაში რა უფლება გვაქვს­, რამე გავაკეთოთ. სახელმწიფო მაშინ მიხედავს, როცა სახლ-მუზეუმის სტატუსი ექნება.

სოფლის შემოსასვლელში მემორიალურ დაფას ვითხოვთ, სადაც აქაური აკადემიკოსების, პროფესორებისა და წარჩინებულ პირთა სახელ-გვარები განთავსდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი სოფელია რესპუბლიკაში, რომელმაც ამდენი ლეგენდარული ადამიანი აღზარდა.

skola4-1665947834.jpg

„წყაროზე განგებ მოდიოდნენ ფარცხნალის ულამაზესი გოგონები და გალაკტიონს ეპრანჭებოდნენ“

სოფელ ფარცხნალს განათლების დიდი ხნის ტრადიცია აქვს. აქ ამ სკოლამდეც იყო სკოლა, სადაც გალაკტიონ ტაბიძე ასწავლიდა. ფარცხნალში ეკლესიის ეზოში გალაკტიონ ტაბიძის დარგული ცაცხვის ხეა. ოჯახში, სადაც გალაკტიონ ტაბიძე ღამეს ათევდა, დღეს მუზეუმია, სადაც დაცულია გალაკტიონის ნივთები და ტურისტები მიდიან. სახლის პატრონი ელგუჯა ხარაძეა.

ელგუჯა ხარაძე: - სოფელ ფარცხნალში გალაკტიონ ტაბიძე 1910-1911 წლებში მუშაობდა. მამიდის მონათხრობიდან ვიცი, რომ ხარაგაულიდან ფარცხნალამდე ურმით წამოუყვანიათ, საცალფეხო გზაზე ურემი ძლივს მოდიოდაო. გალაკტიონი სოფლის ცენტრში შეჩერებულა, იმ დროს იქ ყოფილან ფარცხნალის ულამაზესი გოგოები და გახარებიათ, ასეთი კარგი კაცი მოვიდა ჩვენს სოფელშიო. გალაკტიონისთვის რომ უკითხავთ, აქვე ახლოს სახლები­ დგას და სად წაგიყვანოთო, მან თურმე გაიხედ-გამოიხედა, დაუნახავს, რომ სახლში, სადაც მე ვცხოვრობ, კვამლი ამოდიოდა და უთქვამს, ნაძვების ძირში რომ სახლი დგას, იმ სახლის გარდა არსად წავალო. უარი უთქვამთ, შორია და იქ ტალახიაო, მაგრამ გალაკტიონის დაჟინებული თხოვნით წამოუყვანიათ. იმ დროს ამ სახლში ჩემი დიდი ბებია და დიდი ბაბუა ცხოვრ­ობდნენ. ბაბუაჩემს ერთი ოთახი მყისვე დაუთმია.

თურმე გალაკტიონი ღამღამობით, ეზოს გადაღმა რომ დიდი ნაძვებია, იქ წერდა. ერთხელ ბაბუაჩემს ოთახში რომ ვერ უნახავს, მთვარიან ღამეში იმ ნაძვებში მიუგნია...

skola2-1665947833.jpg

მამიდა იმ სკოლაში სწავლობდა, სადაც გალაკტიონი ასწავლიდა და თავად გალაკტიონს დაჰყავდა. გაკვეთილები რომ დამთავრდებოდა, უბნის ბავშვები უმისოდ შინ არ მიდიოდნენო. ბავშვებს რომ ამეცადინებდა, მერე ბაბუაჩემს ყანაში, ტყეში ეხმარებოდა. ერთად სადილობდნენ, სულ ერთად იყვნენ. იმდენად კარგი ხასიათი ჰქონდა, ყველას უყვარდა.

- გალაკტიონ ტაბიძის ოთახი მუზეუმად როდის გადააკეთეთ?

- ეს იზა ვეფხვაძის იდეა იყო. ისე გამიხარდა, ვუთხარი, თუ გინდათ სახლს მაგ ოთახს სულ მოვჭრი და სადაც გინდათ წაიღეთ-მეთქი. საიდან არ მოდიან დამთვალიერებლები. მინდა მთელ სოფელში მოვიძიო მისი ნაწერები, თუ სადმეა შემორჩენილი, და ამ ოთახში გამოვფინო.

თურმე აქ წყაროზე განგებ მოდიოდნენ ფარცხნალის ულამაზესი გოგონები და გალაკტიონს ეპრანჭებოდნენ. თურმე ერთი გოგონა, მარო მოსწონდა, ლექსებიც აქვს მაროზე, მაგრამ არავინ იცის, რომელი მარო იგულისხმება. გალაკტიონს არაფრით სურდა ფარცხნალიდან წასვლა, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა, დედამ შემოუთვალა, ჩამოდიო.

ფარცხნალი ლეგენდარული ხალხის სოფელია. 1964 წელს სამხედროში სამსახურში როსტოვში ვიყავი. მაშინ გაზეთი "პრავდა" გამოდიოდა და იქ სოფელ ფარცხნალზე სტატია რომ ნახეს, მითხრეს, მთელი საბჭოთა კავშირი ამ სოფელზე ლაპარაკობსო. ძალიან ვნანობ, ის გაზეთი რომ არ შევინახე, ეწერა, მეორე ასეთი სოფელი მსოფლიოში არ არსებობსო.

80 წლის კაცი ვარ, ჩემს დროს სოფელში რვაკლასიანი საშუალო სკოლა იყო. კლასში 30 ბავშვი ვიყავით, ახლა ერთ­კლასიანი სკოლაც აღარ არის, დაიხურა. პირდაპირ მეტირება, ამას რომ გეუბნებით... სამუშაო აქ არ არის და ვინ გაჩერდება?!

ბეტონის გზა დააგეს, მაგრამ ჩემს სახლამდე ასი მეტრი აკლია... ვთხოვე, რაიონის გამგებელს დაეგო, ამდენი ხალხი მოდის, აღმართია და ძნელი ამოსასვლელი-მეთქი, მაგრამ ყური არავინ დამიგდო. ეს სახლი საუკუნე-ნახევრის არის, მაგ­რამ გალაკტიონ ტაბიძის ოთახის ხათრით რამეს როგორ შევცვლი?! სამი შვილი მყავს, ორი ვაჟი, ერთი გოგო და ჩემი გარდაცვალების მერე ისინი რას იზამენ, არ ვიცი. სანამ მე ცოცხალი ვარ, ასე იქნება და მერე დავიბარებ, გალაკტიონის ოთახი უცვლელად იყოს!