"მინდა ჩემი თბილისი ისევ „სიხარულის სახლად“ იქცეს“ - კვირის პალიტრა

"მინდა ჩემი თბილისი ისევ „სიხარულის სახლად“ იქცეს“

დღეს თითზე ჩამოსათვლელად დაგვრჩა­ ადამიანები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს. მათ შორის ერთ-ერთი მათგანი რეჟისორი მერაბ­ კოკოჩაშვილია, რომლის ჯილდოებსაც კიდევ ერთი, "საპატიო თბილისელის" წოდებაც შეემატა.

- ბატონო მერაბ, გილოცავთ "საპატიო­ თბილისელის" წოდებას. რას ნიშნავს ეს ჯილდო თქვენთვის და როგორია თქვენი თბილისი?

- ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში, ეს საზოგადოების დიდი პატივისცემაა, თბილისელების პატივისცემა, და ბუნებრივია, იმ ორგანიზაციების, რომელთაც აქვთ უფლება ეს წოდება მოგანიჭონ. მოხარული ვარ, რომ ჩემ გვერდზე ისეთი ადამიანები ისხდნენ, რომლებსაც უაღრესად დიდი პატივით მოვიხსენიებდი და ყოველთვის ვიყავი მათ მიმართ განსაკუთრებულად განწყობილი. დიდი მადლობა, რომ ასეთ გარემოსა და საზოგადოებაში მეც მომიწია საპატიო თბილისელის წოდების მიღებამ.

თუკი რომელიმე ქალაქს ვცემ პატივს, ეს თბილისია. რატომ? გარდა იმისა, რომ უძველესი ქალაქია, არქეოლოგიური გათ­ხრები ადასტურებს, რომ თბილისი არის ცენტრი კავკასიის, ხოლო ამიერკავკასია ის გამავალი გზა, რომელიც დღესაც გვაცოცხლებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც უნდა იყოს, თბილისზე უნდა გაიაროს. თავის დროზე, აფრიკიდან მომავალი პირველყოფილი ადამიანები სწორედ ამ გზით მოდიოდნენ, ესე იგი, ამ გზის გარეშე არ არსებობდა არავითარი კონტაქტი ერთმანეთს შორის, ჩრდილოეთიდან სამხრეთით და აღმოსავლეთიდან დასავლეთით. იცით, თბილისში გამავალი თუ მომავალი სტუმარი რას ეძახდა თბილისს? "სიხარულის სახლს". რატომღაც აქ გახარებულები­ და ბედნიერები იყვნენ. თბილისელებს შეეძლოთ სიხარული მოეტანათ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი ისტორია კიდევ უფრო მეტს გვეუბნება, გვეუბნება, რომ ჩვენ ტოლერანტულები ვიყავით. ჩვენ შეგვეძლო ყველა რელიგიის პატივისცემა, შეგვეძლო ყველა მხარის, მოქალაქისა და ეროვნების ადამიანის პატივისცემა. ეს ჯერ კიდევ დავით აღმაშენებელმა, აგერ მე-11-12 საუკუნეებში დაამტკიცა, როდესაც თვითონ მივიდა მუსლიმანთა სალოცავში. ებრაელების ცხოვრებაც საქართველოში ამის დასტურია. ესე იგი, ჩვენ ვყოფილვართ მიმტევებლები და ნებისმიერი კონფესიისა და რჯულის გამგებელი. ამ ყველაფერმა მოიტანა სახელწოდება "სახლი სიხარულისა". თუ ჩვენს ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ გამუდმებით უზარმაზარი ქვეყნების შემოსევების სამიზნე ვიყავით. რუსეთი, თავისთავად, ასევე, საბერძნეთი, რომი, სპარსეთი, თურქეთი... ყველა ცდილობდა ამ გზის ხელში ჩაგდებას, მაგრამ ეს გზა მუდამ ქართველებს უბრუნდებოდა... მე მინდა გუშინდელი თბილისი ვნახო, რომ ჩემი თბილისი ისევ "სიხარულის სახლად" იქცეს, რომ თბილისელი იყოს ის, ვისაც სიხარულის მოტანა შეუძლია სხვისთვის. ეს რთული საქმეა. დღევანდელობა კი სრულიად საპირისპიროს გვეუბნება. განსაკუთრებით კულტურაში, განათლებაში, ხელისუფლების მართვაში ჩანს, რომ ამ თვისებას ვკარგავთ, და თუ დავკარგავთ, მაშინ ყველაფერს დავკარგავთ. ეს კარგად უნდა გაიგოს ნებისმიერმა ხელისუფალმა, იმიტომ, რომ ის ჩვენი არჩეულია. ჩვენი ნდობა აქვს მიღებული, რათა გვმართოს. მე ვირჩევ იმიტომ, რომ მინდა განათლება, სიკეთე, კულტურა, მიმტევებლობა, ყველაფერი ეს იყოს ის საფუძველი, რითაც დღეს თბილისი და საერთოდ, საქართველო უნდა ხელმძღვანელობდეს.

- ხომ არ გაიხსენებთ თქვენი თაობის თბილისელებს? ბევრისაგან მომისმენია, ვკარგავთ თბილისსო...

- ყოველთვის სახიფათოა ამაზე ლაპარაკი. ბუნებრივია, ჩემს ბავშვობაში იყო ყველაფერი ის, რაც ჩემთვის უაღრესად საყვარელია. თუმცა ჩემს ბავშვობაშიც იყო ბევრი რამ, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია და დაღი დაასვა ჩემს აზროვნებას, ხასიათს და ასე შემდეგ...

უმძიმესი წლები იყო, მაგრამ ჩვენ ვერ ვგრძნობდით, ვთამაშობდით, ვხარობდით მეზობლებში. სხვანაირი იყო ქალაქი, ეზო, სახლი მრავალთა ერთიანობა იყო. ერთად ვცხოვრობდით, ერთ დიდ ოჯახად. ადრე გაცილებით მეტი იყო ცოცხალი, ადამიანური ურთიერთობა, ვიდრე დღეს. დღეს, როდესაც ერთიანი შეკრებებია, მაგალითად, სუფრასთან, ხშირად მობილურებით ურთიერთობენ კიდევ სხვებთან. ურთიერთობა კარგია, მაგრამ ცოცხალი ურთიერთობების დაკარგვა საშინელებაა. ის თბილისი გაცილებით ცოცხალი თბილისი იყო...

უკანასკნელი ორი წელიწადი, როდესაც ჩვენთან კორონავირუსი იყო, ონლაინსწავლებაზე გადავედით. ჩემთვის ეს სიკვდილი იყო. ვხედავდი გაყინულ სტუდენტს და არაცოცხალ ურთიერთობაში მყოფს, და ვგრძნობდი, რომ ჩემი პროფესია იღუპებოდა.

- იმ ცოცხალი ურთიერთობიდან ხომ არ გაიხსენებთ პატარა ისტორიას თქვენი ცხოვრებიდან?

- მე და ჩემი მეუღლე მანანა მეორე შვილს ველოდებოდით. ერთ საღამოს ჩემმა­ მეუღლემ ტირილი დაიწყო. გადავირიე, რა გატირებს-მეთქი? - პამიდორი მინდაო. ღამის 12 საათი ხდება... რა მექნა, ჩავიცვი და წავედი პამიდვრის საშოვნელად. სადაც მივედი, ყველაფერი დაკეტილი დამხვდა. უცებ შორიახლო რესტორნიდან ნაცნობი სიმღერა შემომესმა, გავაღე კარი და რას ვხედავ, ჩემი თამაზ მელიავა, თემიკო ჩირგაძე და უამრავი კიდევ ნაცნობი ქეიფობენ. მერაბ, მერაბ, მოდი, მოდიო, მტაცეს ხელი, დამაყენეს სკამზე, ჩემი სადღეგრძელო დალიეს და მერე მეკითხებიან, რამ მოგიყვანა აქ ამ შუაღამისასო. მე მიზეზი ვუთხარი. მაშინვე დაუძახეს ოფიციანტს და მოატანინეს 3-4 პატარა პამიდორი. მე უცებ წასვლის მომერიდა და საუბარს რომ შევყევი, გავიხედე და სადღაა პამიდორი, დაავიწყდათ და შემოეჭამათ სიმწრით ნაშოვნი პამიდორი. მაშინვე შევიპარე მზარეულთან და ვეუბნები, ერთი პამიდორი იქნებ მიპოვო-მეთქი. გახსნა უზარმაზარი მაცივარი და სადღაც სიღრმიდან ძლივს გამოიტანა ერთი პატარა პამიდორი. აუ, გახარებულმა ვტაცე ხელი და გავვარდი სახლში, დავრეკე კარზე და... ღამის პერანგში მანანა დგას. ცრემლები მოსდის ღაპაღუპით. ვაი, პამიდორიო,­ თქვა და ამ დროს მეორე ოთახიდან გამოვარდა მაია, ჩემი უფროსი გოგონა, რომელიც მაშინ 4 წლის იყო. ვა, პამიდორიო, აიღო და შეჭამა.... მანანა ისევ უპამიდვროდ დარჩა და ისევ ტირილი დაიწყო. მთელი ღამე გავათენეთ...

- ახლა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"­ ვართ და ამ კითხვას ვერ გავექცევით: რა შეიცვალა აქ და დღეს რა მდგომარეობაა?

- შეიცვალა ის, რომ თუ ადრე კინო­სტუდიას სახელმწიფო აფინანსებდა, დღეს "ქართული ფილმი" არა სახელმწიფო დაწესებულება, არამედ 90-იანი წლებიდან მოყოლებული სააქციო საზოგადოებაა. თავის დროზე სამად იყოფოდა აქციები: სახელმწიფოს წილი, კინოსტუდია "ქართული ფილმის" წილი და თანამშრომლების წილი. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში ცხოვრება ჭირდა და 2000 წლის დამდეგს პირველი წილი გაიყიდა. შემდეგ დიდი შეცდომების შედეგად, რომლებიც დაშვებული იყო "ქართულ ფილმში", დაიკარგა მესამე წილიც და ყველაფერი ეკონომიკის სამინისტროს ხელში გადავიდა. დაახლოებით 12 წელია, ცოტა მეტი, რაც განუწყვეტელი ბრძოლაა იმისათვის, რომ შემოსავალი გვქონდეს გაქირავებით, შენობების ტექნოლოგიური გამოყენებით, ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფილმის გადასაღებად, თუ, რა თქმა უნდა, გაქვს ამის შესაძლებლობა. მეორე წელია, რაც კულტურის სამინისტროში გადავიდა ეს დაწესებულება. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით სამი პროექტის დამტკიცება, მათ შორისაა ჩემი ფილმი, რომელსაც 4 წელია ვიღებ მწირი­ ბიუჯეტის გამო და სავარაუდოდ, დეკემბერში დავამთავრებ... ევროპის ქვეყნებში იციან, რომ კინო ეროვნული კულტურის უძლიერესი საშუალებაა და ამიტომ ამაში დიდ ფულს დებენ ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ბელგია... ამიტომაც ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს. ვიცი, რომ კულტურის სამინისტრო ცდილობს ამის გაკეთებას, მაგრამ მასაც მწირი დაფინანსება აქვს. კარგად მესმის, რომ პირველ რიგში დასაქმების, განათლების პრობლემები უნდა აღმოიფხვრას, ბევრიც შიმშილობს, მაგრამ კულტურა ისე ნელ-ნელა მიდის უკან-უკან, რომ საქართველოში შეიძლება ეს პრობლემა გარკვეული დროის შემდეგ უმძიმეს პრობლემად იქცეს.

რუსუდან შაიშმელაშვილი