"როდესაც კავკასია ისტორიულად დუღს, გაოგნებული ვარ „ქართული ოცნების“ არხეინობით" - კვირის პალიტრა

"როდესაც კავკასია ისტორიულად დუღს, გაოგნებული ვარ „ქართული ოცნების“ არხეინობით"

"ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნების დიდოსტატია, მაგრამ ოროსნები არიან ქვეყნის ეფექტიანად მართვაში, თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაში", - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი­ ალეკო ელისაშვილი.

- უპირველესად რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა დაგვეწესებინა ვიზები და მათთვის ქონების მიყიდვა აგვეკრძალა. უკრაინაში ომის დაწყების დღიდან რაღაცნაირი ბეჩავები ვჩანვართ. ვინ შემოვუშვით, სად შემოვუშვით? ოკუპანტი რუსი გვყავს,­ ტურისტი რუსი გვყავს, ახლა დეზერტირი რუსები გვინდა? მგონი, რუსეთის მოქალაქეები საქართველოს მოსახლეობის 10%-ს გადასცდა. ამათ რა დაძრავს და დააბრუნებს თავის ქვეყანაში?! წავიდნენ და დაიხოცონ თავისი პუტინისთვის! ხომ უკრავდნენ ტაშს 2008 წელს, ხომ იყვნენ ბედნიერი, რუსეთმა ტერიტორიები რომ წაგვართვა, ყირიმი რომ წაართვა უკრაინას, ახლაც 6 თვეა ტაშს უკრავენ, სპეცოპერაციაო, გაიძახიან და არ ადარდებთ, ბავშვები რომ იხოცებიან უკრაინაში, წავიდნენ და დაიხოცონ თვითონაც! სენტიმენტის ნატამალიც არა მაქვს.

- რას უნდა აკეთებდეს ასეთ დროს ჩვენი­ ხელისუფლება?

- ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ არაფერს აკეთებს. როდესაც კავკასია ისტორიულად დუღს, "ოცნების" არხეინობა გამაოგნებელია. ყველა ჩვენი მეზობელი საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული, რას ვაკეთებთ ჩვენ?! ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა და 80 მილიონი მიდის თავდაცვაზე, საიდანაც ახალი იარა­ღის შესყიდვაზე მხოლოდ 20 მილიონი ლარია. ეს სირცხვილი და არაადეკვატურობის მწვერვალია. ნორმალური ხელისუფლება ამ დროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას უნდა აძლიერებდეს. ნახეთ რა ხდება ჩვენ გარშემო: თურქეთი სირიაშია შეჭრილი, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ჩვენი ორი მეზობელი ჩვენი საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მძიმე რეაქტიულ არტილერიას უშენს ერთმანეთს. ჩვენ ამ დროს, სულ მინიმუმი, განადგურებულ სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურას მაინც უნდა ვაყენებდეთ მწყობრში, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ თავდაცვა გაცხოველებულად უნდა აყალიბებდეს ტერიტორიული თავდაცვის ძალებს და ფეხზე აყენებდეს სამხედრო მრეწველობას. ამასთან, უნდა ყიდულობდეს მძიმე შეიარაღებას, განსაკუთრებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს.

სახელმწიფომ უნდა აღადგინოს საყოველთაო გაწვევა,­ ოღონდ ყარაულებად კი არ უნდა მიჰყავდეს ჯან-ღონით სავსე 18 წლის ახალგაზრდები, საბრძოლო მომზადების კურსებზე უნდა ატარებდეს. მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, ჩემი შვილებით დავიწყებდი. ყველამ უნდა გაიაროს ეს კურსი, რათა ომის შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი, საკუთარი თავისა და ოჯახის დაცვა მაინც შეეძლოთ. ღმერთმა დაგვიფაროს ომისგან, მაგრამ ომს მხოლოდ ის ქვეყანა აირიდებს, რომელიც კარგად არის მომზადებული სამხედრო თვალსაზრისით. თითოეულ თეთრს, თითოეულ ლარს უნდა ვაგროვებდეთ თავდაცვის გასაძლიერებლად. ბიუჯეტში შესული ცვლილებების მიხედვით, 480 მილიონიდან 220 ჯანდაცვაზე მიდის, რაც ნამდვილად კარგია. 150 მიდის სოფლის მეურნეობაზე, 80 მილიონი - თავდაცვაზე. ამ 80 მილიონიდან ახალი იარაღის შესყიდვისთვის მხოლოდ 20 მილიონი ლარია განსაზღვრული.­ რის ან ვის იმედად ვართ, ასე არხეინად როდემდე შეიძლება ვიყოთ?! მაგალითად, პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 5% სამხედრო ბიუჯეტია, ჩვენ კი 1%-იც არა გვაქვს. სომხეთმა ჩვენზე სწორი დასკვნა გამოიტანა მთელი ამ ამბიდან - მომავალ წელს ამ ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი მილიარდ ორასი მილიონი დოლარი იქნება. აზერბაიჯანზე აღარაფერს ვიტყვი, რომელსაც უკვე წლებია რამდენიმემილიარდიანი სამხედრო ბიუჯეტი აქვს. ჩვენ საჯაროდ საუბარს კი არა, ფიქრსაც ვერ ვბედავთ სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე. ალიევმა ხომ ხედავთ, რა ქნა? ახლა ისე არ ჩათვალოთ, რომ ხელისუფლებას სადმე შეჭრისკენ მოვუწოდებ, უბრალოდ, ვამბობ, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენმა ფინანსთა მინისტრმა თავად გააკეთა განცხადებები იმის თაობაზე, შევიდა თუ არა რუსეთში საქართველოდან 22 ტონა ასაფეთქებელი და ამით აფეთქდა თუ არა რუსეთის ყველაზე სტრატეგიული ობიექტი - ყირიმის ხიდი. კაცმა­ ამაზე­ ილაპარაკა, მერე მოტრიალდა და თქვა, ჩვენთან სიმშვიდეა, აღორძინდა ქვეყანა და არანაირი პრობლემა არა გვაქვსო. ამაზე მეტი არაადეკვატურობა ვეღარც კი წარმომიდგენია. ისლანდია და ახალი ზელანდია ვართ, თავდაცვისთვის რომ არ ვემზადებით და თან გავიძახით, ყველაფერი კარგად გვაქვსო? არა მგონია, ნორმალურ ადამიანს ომი უნდოდეს, მაგრამ თუ გვინდა ომი თავიდან ავიცილოთ, მით უფრო ისეთ რეგიონში, რომელშიც ვართ, კარგად უნდა მოვემზადოთ ომისთვის - ეს არის კაცობრიობის ისტორიის აქსიომა. იმ ქვეყანას არ ესხმიან ხოლმე თავს, რომელზეც იციან, რომ მზად არის, ჯარი გაწვრთნილი ჰყავს და ყველა დადგება საკუთარი თავისუფლებისთვის საბრძოლველად, როგორც დღეს დგას უკრაინა. მარტო კაცები კი არა, ქალებიც უნდა მოვამზადოთ ომისთვის. იარაღზე არც უკრაინელი ქალები არ გიჟდებოდნენ, მაგრამ საქმეს რომ დასჭირდა, გვერდზე გადადეს კეკლუცობა და იარაღს მოჰკიდეს ხელი. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ქალებს, გოგონებს ცალ ხელში ავტომატი რომ ეჭირათ და მეორე ხელში რამდენიმე თვის ბავშვი.

- რა იცით ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის შესახებ, გარდა იმისა, რომ თავდაცვა შესაბამისად არ ფინანსდება?

- ვიცი, უფრო სწორად, არ ვიცი, თავდასხმის შემთხვევაში ჩვენთან ჩაირთვება სირენა? ერთ-ერთი ყველაზე დამთრგუნველი უკრაინაში სირენები იყო, მაგრამ სამოქალაქო თავდაცვის ამ ინფრასტრუქტურამ არაერთი ადამიანი გადაარჩინა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში მეტროს გარდა, თავშესაფარი არ არსებობს. ძველი ობიექტები თითქმის განადგურებულია.

ხათუნა ბახტურიძე