"წაიკითხეთ ჩემი ცისფერი მთები? - შეთანხმდით ერთმანეთში ამ 12 საკითხზე" - კვირის პალიტრა

"წაიკითხეთ ჩემი ცისფერი მთები? - შეთანხმდით ერთმანეთში ამ 12 საკითხზე"

17 ოქტომბერს ზუსტად 4 თვე გავიდა 17 ივნისიდან, როდესაც ევროკომისიამ ის 12 პუნქტი გამოაქვეყნა, რომელთა შესრულების შემთხვევაში, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულება 12 საკითხს მოიცავს და დეოლიგარქიზაციის საკითხი სადღაც შუაშია, ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის თავიდანვე მთავარ და გადამწყვეტ საკითხად იქცა. არც არის გასაკვირი, რადგან ოპოზიცია პირდაპირ ივანიშვილს უკავშირებს და მიაჩნია­, რომ თუკი ის ოლიგარქად გამოცხადდება, პოლიტიკაზე მისი გავლენაც მოისპობა­ და უპატრონოდ დარჩენილი "ქართული ოცნება" ჩამოიშლება. "ქართულ ოცნებას" კი ივანიშვილის ოლიგარქად­ გამოცხადება არ სურს. შესაბამისად, თავის დაცვისთვის იქით შეტევის მეთოდი აირჩია­ - ოლიგარქი ივანიშვილი კი არა, კეზერაშვილია, რომელიც ოპოზიციურ მედიას აფინანსებს და შესაბამისად, გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებზეო. ცხადია, აქ მხოლოდ პოლიტიკური გავლენების პრობლემა არ არის და მთავარი გადაწყვეტილებების მიმღებებზე ანუ ხელისუფლებაზე გავლენაა. ევროკომისიის განსაზღვრულ პუნქტში კი სიტყვა "გადაჭარბებულიც" იქცევს­ ყურადღებას - "აიღებს და შეასრულებს დეოლიგარქიზაციის ვალდებულებას. აღმოფხვრის­ იმ გადაჭარბებულ ზეგავლენას­, რომელთაც პირადი ინტერესები აქვთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე", - წერია ევროკომისიის 12 პუნქტში მეხუთე პუნქტად. გადაჭარბებული ნდობის მქონე პირი კი ყველას გვახსოვს, ვინც არის, მაგრამ მმართველ პარტიას ეს არ აინტერესებს.

მათ უკვე მოამზადეს კანონპროექტიც, რომელიც უკრაინულის იმ ვარიანტს ეყრდნობა, ჯერ თავად უკრაინაშიც რომ არ ამოქმედებულა და ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება, დიდი ალბათობით კი, შეიცვლება, რადგან ბევრს ლაპარაკობენ მის პრობლემურობაზე. მით უმეტეს, რომ ის კანონი უკრაინულ რეალობას იყო მორგებული.

"ქართული ოცნების" კანონპროექტში პირი ოლიგარქად ჩაითვლება, თუ შემდეგი ოთხი პუნქტიდან სამს მაინც აკმაყოფილებს: ა. პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; გ. არის მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია, და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; დ. მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით 1 000 000-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს.

პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობად კი, ამ კანონპროექტის თანახმად, ითვლება პარლამენტის წევრობა, პარლამენტის თავმჯდომარეობა და მისი მოადგილეობა, პრემიერ-მინისტრის, პირველი ვიცე-პრემიერისა და ვიცე-პრემიერის, მინისტრებისა და მათი მოადგილეების, აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოს იმ ხელმძღვანელის, რომელიც არ შედის მთავრობის შემადგენლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული ორგანოს ხელმძღვანელის და მისი მოადგილეების თანამდებობის დაკავება. ასევე, პოლიტიკური პარტიის მართვის ორგანოში თანამდებობის დაკავება და პოლიტიკური პარტიის საქმიანობისა და ნებისმიერი აქტივობის დაფინანსება.

ვინ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს, რომ ოლიგარქად ჩაითვალოს, ამას პარლამენტი განსაზღვრავს მთავრობის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრის, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, პარლამენტის წევრის, პარლამენტის კომიტეტის ან საპარლამენტო ფრაქციის ინფორმაციის საფუძველზე.

მათ კი, ვინც ოლიგარქებად ჩაითვლებიან, შეიტანენ ოლიგარქთა რეესტრში და დაევალებათ საგანგებო დეკლარაციის შევსება, აეკრძალებათ პარტიის დაფინანსება ნებისმიერი სახით და მათ მხოლოდ საარჩევნოდ საკუთარი საარჩევნო ფონდის დაფინანსება შეეძლებათ. ასევე აეკრძალებათ, რომ ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყვნენ მყიდველი.

ეს კანონპროექტი ბევრ კითხვას აჩენს, განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, დააკმაყოფილებს თუ არა ევროკავშირს, შესრულებულად რომ ჩაითვალოს. კიდევ უფრო პრობლემური ის ჩანს, რომ ერთ პუნქტს შესაძლოა მთელი პროცესი გადაჰყვეს, რადგან ივანიშვილის ოლიგარქად გამოცხადება-არგამოცხადება ოპოზიციის დიდი ნაწილის პროცესიდან ჩამოშორების საბაბი გახდა და დღემდე აცხადებენ, რომ საკუთარ პროექტებს ძალიან მალე წარმოადგენენ. რას წერენ და მათი ხედვით თითოეული საკითხი როგორ უნდა შესრულდეს,­ არ ვიცით. ჯერჯერობით მხოლოდ ის გვესმის, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს და ყველაფერი მოგვარდება. მარტო დარჩენილმა ხელისუფლებამ კი არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი მოიშორა თავიდან და რასაც წერს, ვხედავთ. დრო კი სულ უფრო ცოტა რჩება...

მაგრამ ისევ გვესმის: "გაიტანეთ გრენლანდია", "გამოაცხადეთ ივანიშვილი ოლიგარქად"; "მე ამას არ წავიკითხავ და შენც კარგად იცი, რატომაც", "ჩვენ ამ სხდომებს არ დავესწრებით და ჩვენს პროექტებს მალე წარმოვადგენთ."

წაიკითხეთ ჩემი ცისფერი მთები? - შეთანხმდით ერთმანეთში ამ 12 საკითხზე...

რუსა მაჩაიძე