რუსი მოდის, რუსი მიდის?! - კვირის პალიტრა

რუსი მოდის, რუსი მიდის?!

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ დაიწყო საქართველოში რუსების მასობრივად შემოსვლა და ამ პროცესმა პიკს მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მიაღწია, როდესაც ომში წასვლისგან თავის არიდების მსურველები ქვეყნიდან გამორბოდნენ. ცხადია, ამას საქართველოში აჟიოტაჟი მოჰყვა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ლარსის საბაჟოსთან ათიათასობითკაციანი რიგები იდგა. თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ შემომსვლელთა რიცხვი არც ისე დიდია.

შსს-ის გამოქვეყნებული მონაცემებით, რომელიც 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობას ასახავს, ამ თვის განმავლობაში სულ სახელმწიფო საზღვარი 2 276 302-ჯერ გადმოკვეთეს და ეს მოიცავს შემოსვლასაც და გასვლასაც (იხ. დიაგრამა 1). მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელების თანაფარდობა ასეთია: 23% უცხოელია და 77% - საქართველოს მოქალაქე.

რაც შეეხება უცხოელებში რუსეთის მოქალაქეების წილს, შსს მხოლოდ ნაწილობრივ ინფორმაციას აქვეყნებს (იხ. დიაგრამა 2).­ საინტერესოა, რომ შსს არ აქვეყნებს გასულთა რაოდენობას ქვეყნების მიხედვით (არადა, ეს ინფორმაცია გამშვები პუნქტების მიხედვით აქვს) და ცხადია, დასკვნის გაკეთება, თუ რამდენი დარჩა, შეუძლებელია. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ უამრავსლაიდიან პრეზენტაციაში შსს-ს მაინცდამაინც ეს ინფორმაცია "გამორჩა", ჩნდება ეჭვი, რომ დარჩენილთა რაოდენობა საკმაოდ დიდი უნდა იყოს.

"კვირის პალიტრამ" გამოითხოვა ინფორმაცია სხვადასხვა უწყებიდან იმასთან დაკავშირებით, თუ 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლ აგვისტომდე რამდენი კაცი შემოვიდა და რამდენი გავიდა, მათ შორის რამდენმა მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობა და რამდენმა მიიღო, რამდენმა იყიდა ქონება და დაარეგისტრირა ბიზნესი. ეს მონაცემები კი ასეთია:

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტის კომპეტენციაა. თუმცა რეკომენდაციებს ამზადებს იუსტიციის სამინისტრო. შესაბამისად, მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნები ჯერ იუსტიციის სამინისტროში შედის და სათანადო განხილვის შემდეგ მხოლოდ დადებითი რეკომენდაციები ეგზავნება პრეზიდენტს.

იუსტიციის სამინისტროს "კვირის პალიტრისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლ აგვისტომდე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება მოითხოვა სულ 3 057-მა პირმა. მათ შორის რუსეთის მოქალაქე იყო 2 607. აქედან საგამონაკლისო წესით მოთხოვნა იყო 2 999, მათ შორის რუსეთის მოქალაქის განცხადება - 2 589. ჯამში დადებითი რეკომენდაცია 897 პირზე გაიცა, საიდანაც რუსეთის მოქალაქეა 725. უარყოფითი რეკომენდაცია მისცეს 936 პირს, საიდანაც 784 რუსეთის მოქალაქეა.

ცნობისთვის: საგამონაკლისო წესით მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს, ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას მხედველობაში მიიღება სხვადასხვა გარემოება, მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. აგრეთვე, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში აბანდებს ისეთ ინვესტიციას ან უკვე განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა; სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს, მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს და სხვ.

larsi-1665955569.jpg

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ "კვირის პალიტრისთვის" მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, იუსტიციის სამინისტროდან 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლ აგვისტომდე პერიოდში წარდგენილი იყო 1606 დადებითი რეკომენდაცია და აქედან დაკმაყოფილდა 1598, ხოლო 8-ს უარი ეთქვა. მათ შორის რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა ასეთია: საგამონაკლისო წესით მინიჭების 726 მიმართვა, აქედან მოქალაქეობა მიენიჭა 720-ს და შესაბამისად, მოქალაქეობა ვერ მიიღო 6-მა ისეთმა პირმა, რომელზეც იუსტიციის სამინისტროს დადებითი რეკომენდაცია ჰქონდა გაცემული. გამარტივებული წესით კი მოქალაქეობა 2 პირს, ხოლო სპეციალური წესით 1 პირს მიენიჭა.

რაც შეეხება საქართველოში უძრავი ქონების ყიდვასა და რეგისტრირებას, იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლ აგვისტომდე პერიოდში ნასყიდობის საფუძველზე ყველა ქვეყნის მოქალაქის და მათ შორის საქართველოს მოქალაქეების მიერ სულ დარეგისტრირდა 84 415 უძრავი ქონება, აქედან თბილისში 33 496 და ბათუმში - 10 131 (იხ. დიაგრამა 3). ამ პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს და დაირეგისტრირეს 1 824 უძრავი ქონება, აქედან თბილისზე მოდის 589 ქონება, ხოლო ბათუმზე - 990. იუსტიციის სამინისტროს მიერ "კვირის პალიტრისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლ აგვისტომდე სულ დარეგისტრირდა 16 137 შპს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული შპს-ების რაოდენობაა 796. კომპანიების რეგისტრაცია, ძირითადად, მოხდა თბილისში, ბათუმსა და დიდ ქალაქებში. ამ მონაცემებს აღნიშნულ პერიოდში, თვეების მიხედვით, ასახავს ცხრილი 1.

რა დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა ეს მონაცემები, ეკონომისტი, აკადემიკოსი ლადო პაპავა გვესაუბრება.

- რატომ შემოდიან რუსეთის მოქალაქეები საქართველოში, რატომ ყიდულობენ ქონებას და რატომ გადმოაქვთ თავიანთი ბიზნესები, ეს ყველაფერი იოლი ასახსნელია და გამოწვეულია რუსეთის ომით უკრაინაში და იმ სანქციებით, რაც დაუწესდა რუსეთს. ბუნებრივია, ასეთი გარემოდან­ ადამიანებიც გარბიან და რუსეთიდან ბიზნესიც გადის, როგორც წესი, იმ ქვეყნებში,­ სადაც უკეთესი ბიზნესგარემოა. საქართველოში კი უკეთესი ბიზნესგარემო რომ არის, ამას დიდი ხანია ასახავს საერთაშორისო რეიტინგები. ცალკე საკითხია, თუ რას აძლევს ეს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ამას ნამდვი­ლად აქვს ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენა, მაგრამ უმთავრესად ერთჯერადი ეფექტის მქონეა. ახალი ბიზნესი იწყება საქართველოში, ქონება იყიდება, განხორციელდა გარკვეული ინვესტიციები და ეს ეკონომიკაზე დადებითად აისახა. ექნება თუ არა ამას სტაბილური გავლენა ეკონომიკაზე, მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, რა ტიპის ბიზნესი იქნება წამოწყებული და განვითარებული. თუმცა, ცხადია, ეს ყველაფერი საფრთხის შემცველიცაა, რადგან არ არის გამორიცხული, იმ პირებს შორის, რომლებიც პუტინის რეჟიმს თუ ომში წასვლას გამოექცნენ, იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც­ არა აქვთ კეთილი ზრახვები. მაგრამ ეს საკითხი ეხება საქართველოს უსაფრთხოებასა და შესაბამის სტრუქტურებს, რომლებიც­ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაზე არიან პასუხისმგებელი... თუკი ბიზნესი იქნება მაღალ ინტელექტუალურ საქმიანობაზე დაფუძნებული, შესაძლოა ქვეყანას მეტი სიკეთე მოუტანოს. მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ საფრთხეები, რომლებიც სავსებით რეალურია.

- კონკრეტულად რა სახის საფრთხეებია და მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით?

- ეკონომიკური თვალსაზრისით საფ­რთხეებზე საუბარი შეუძლებელია, ვიდრე არ გვეცოდინება, რა ტიპის ბიზნესებია შემოსული და რა სფეროებში საქმიანობენ. საფრთხეების შემცველი იყო, მაგალითად, ის, როდესაც სააკაშვილმა თითქმის მთელი ენერგეტიკა რუსეთს ჩააბარა, როდესაც დღემდე არ ვიცით, რა სტატუსი აქვს და რა ბედი ელის ენგურჰესს, როდესაც ჩვენი ძირითადი ობიექტები იქნა პრივატიზებული, რითაც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას საფრთხეები შეექმნა! რაც შეეხება რუსეთიდან გადმოტანილი ბიზნესების საფრთხეებს, ეს დამოკიდებულია ბიზნესახეობაზე და ზოგადად საუბარი შეუძლებელია. მათ შორის, ვინც აქ რაიმე ფორმით შემოდის და გადმოაქვს ბიზნესი, შეიძლება იყვნენ ის არაკეთილმოსურნე პირებიც, რომლებიც აგენტურულ ქსელად არიან ქვეყანაში შემოსული და ცალკეულ შემთხვევაში რუსეთის სპეცსამსახურებს შეეძლებათ მათი ჩვენს წინააღმდეგ გამოყენება.

- შემოსულ პირებს შორის არცთუ ბევრია­ ისეთი, ვინც საქართველოს მოქალაქეობის­ მიღება მოითხოვა. ამ შემთხვევაში,­ ალბათ, რუსეთს ის ბერკეტი მაინც აღარ ექნება,­ რომ ე.წ. თავისი მოქალაქეების თითქოს დასაცავად დაიწყოს აგრესია, მაგრამ ის, რომ უმეტესობას ბიზნესი გადმოაქვს მხოლოდ იმიტომ, რომ აქ კარგი პირობებია, თუმცა არ მოუთხოვიათ საქართველოს მოქალაქეობა, იძლევა რაიმე დასკვნის გაკეთების საშუალებას?

- რაც შეეხება მოქალაქეობის მინიჭებას, ამისთვის ყველა შემთხვევაში უნდა არსებობდეს სათანადო არგუმენტი, თუ რატომ ენიჭება ამა თუ იმ პირს. ამის შესახებ გაკეთდა კიდეც ოფიციალური განცხადება, რომ მათ შორის არიან ისეთი პირები, რომელთაც ახლო ნათესავები ჰყავთ საქართველოში, ზოგი საქართველოშია დაბადებული, მშობლები ჰყავს აქ და გადაწყვიტეს, დაუბრუნდნენ სამშობლოს და აღიდგინონ მოქალაქეობა. თუკი ქართველები დაბრუნდებიან საქართველოში, მისასალმებელია. რაც შეეხება იმას, რომ ბიზნესის აქ კეთება სურთ მოქალაქეობის გარეშე, ეს ჩვეულებრივი მომენტია. ბიზნესი მიდის იქ, სადაც უკეთესი პირობებია. როდესაც ქვეყანა ამაყობდა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გატარებული პირველი რეფორმებით, იყო ის, რომ საქართველოში ბიზნესკლიმატი გაუმჯობესდა და ეს სწორედ იმისთვის იყო საჭირო, რომ ბიზნესაქტიურობა გაზრდილიყო და ქვეყანაში ბიზნესი უცხოელებსაც გადმოეტანათ. დღეს ჩვენ ამას ვხედავთ და ამის მთავარი მამოძრავებელი მაინც რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციებია. შესაძლოა გადმოტანილი ბიზნესები აქვე დარჩეს, რადგან გარემო ბიზნესის განვითარებისთვის ხელშემწყობია.

- ბიზნესების ეს რაოდენობა, რაც ამ პერიოდში გადმოვიდა და დარეგისტრირდა, საქართველოს მასშტაბისთვის ბევრია თუ ცოტაა?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, საქართველოში რამდენი ბიზნესკომპანიაა დარეგისტრირებული. ეს ადვილად დასათვლელია და შესაძლოა სულაც არ აღმოჩნდეს დიდი რიცხვი. პრობლემა სხვა რამეა - ჩვენთან ბიზნესიდან გასვლის პროცედურები არ არის გამარტივებული და ხშირად დარეგისტრირებული ბიზნესი არ ნიშნავს, რომ ის მოქმედია. ამიტომ აქ სტატისტიკა ჯერ სათანადო ინფორმაციას ვერ იძლევა.

- დავუშვათ, აქედან ნახევარი მაინც ამოქმედდება და გასაგებია, რომ კონკურენციის თვალსაზრისით შესაძლოა კარგიც იყოს, მაგრამ არსებულ კომპანიებსა და ადგილობრივ ბიზნესებს ხომ არ შეუშლის ხელს? არის საჭიროება,­ რომ ხელოვნური ჩარევები მოხდეს?

- ეს ის შემთხვევა არ არის, მაგიდასთან ადგილები შეზღუდულია და ვინც დაასწრებს, იმისიაო. ასე არ არის. საქართველოს შესაძლებლობები შორს არის მისი სრული ათვისებისგან და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახეობის ბიზნესი შემოდის, რა სფეროებში უნდა იმოქმედონ, რადგან ყველა სფეროს ათვისების განსხვავებული პოტენციალი აქვს.

- მეორე საკითხია ის, რომ შემოსულთა უმეტესობას არა აქვს ბიზნესი. ამას ეს მონაცემებიც ადასტურებს. დღეს რისი თქმა შეიძლება, რა გავლენა აქვს და რა ექნება რუსეთიდან ადამიანების დიდი რაოდენობით შემოსვლას როგორც სოციალურად და პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად?

- ამაზე დამატებით რაიმეს თქმა შეუძლებელია. ვიცით, რომ ადამიანების დიდი ნაკადი შემოვიდა და ის დროში როგორ და რამდენად შენარჩუნდება, ძნელი სათქმელია. გარდა ამისა, არსებითია ისიც, შემოსულთაგან საქართველოში რა ნაწილი და რა კატეგორია რჩება, რაზეც საუბარი ჯერ შეუძლებელია. ბევრი გადის და ვიცით მხოლოდ ის, რომ ჯერჯერობით შემომსვლელი უფრო მეტია, ვიდრე გამსვლელი.

- მათი შემოსვლის გამო გაძვირდა­ საცხოვრებელი ფართობები, გაიზარდა პროდუქტებზე მოთხოვნა... ერთხანს ეს განსაკუთრებით პრობლემური ჩანდა. დღეს გაწონასწორდა თუ ისევ შეიძლება გამწვავდეს მათი შემოსვლით გამოწვეული პრობლემები?

- ბუნებრივია, გაძვირდა საცხოვრებელი. შემოსულები ქირაობენ, ყიდულობენ, გარკვეულ ინვესტიციებს ახორციელებენ და ეს ეკონომიკაზე დადებითად აისახება, მაგრამ უარყოფითად აისახება იმ მოქალაქეებზე, რომელთაც ბინების ყიდვა ან დაქირავება სურთ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან სტუდენტები. რაც შეეხება შემომსვლელთა გავლენას ინფლაციაზე, ეს იმდენად არ არის დამოკიდებული მათ რაოდენობაზე, რამდენადაც მათ მსყიდველობითუნარიანობაზე - რაც მაღალი იქნება, მით მეტად გაიზრდება ფასები. ამაზეც არსებითი საუბარი ძნელია, სანამ სტატისტიკა კონკრეტულ მონაცემებს არ გამოაქვეყნებს.

- თავად ეს მონაცემები რამდენად მოსალოდნელი იყო? რეალურად იმაზე ნაკლებია­ თუ მეტი, ვიდრე ასეთ პირობებში იყო მოსალოდნელი, რაც დღეს უკრაინაში ომის გამოა შექმნილი, და იმ აჟიოტაჟის ფონზე, რაც საქართველოში ატყდა რუსეთიდან ხალხის შემოსვლის გამო?

- პოლიტიკური თვალსაზრისით ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, რომ აჟიოტაჟი ატეხოს, რაც უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, მიღწევა იქნება თუ ჩავარდნა... სულაც არ იყო მოსალოდნელი, რომ რუსეთი უკრაინაში ომს დაიწყებდა, მაგრამ დაიწყო; რუსეთი სულაც არ ელოდა, რომ ეს ომი ამდენ ხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ გაგრძელდა; რუსეთის მოსახლეობასაც ეგონა, რომ არანაირი პრობლემები არ შეექმნებოდათ, მაგრამ რუსეთში ყველაფერი პრობლემად გადაიქცა და ეს ყველაფერი ლოგიკური გაგრძელებაა.

- თუკი შემოსულ პირებს შეექმნებათ პრობლემები, სახელმწიფოს დააწვება ტვირთად?

- სახელმწიფოს ამ თვალსაზრისით რაიმე ვალდებულება აღებული არა აქვს და არა მგონია, ტვირთად დააწვეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება პროცესები როგორც გლობალური, ისე რეგიონული თვალსაზრისით და როგორ მოერგება საქართველოს მთავრობა შექმნილ ვითარებას. ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობას რუსეთის მოქალაქეების მიმართ რაიმე ვალდებულება აღებული არა აქვს, გარდა იმისა, რა პასუხისმგებლობაც არსებობს საზოგადოდ ქვეყანაში შემოსულიI ადამიანების წინაშე. საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობა აღებული აქვს შემოსულ უკრაინელებზე, რასაც ასრულებს კიდეც. მაგალითად, გაიხსნა უკრაინული სკოლები როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.

- სკოლები ახსენეთ და, ცნობილია, რომ გაიხსნა რუსული სკოლები, სადაც რუსული პროგრამებით ასწავლიან. გასაგებია, რომ მათ ქართულ ატესტატებს არ მისცემენ, მაგრამ რამდენად არის საფრთხე რუსული რბილი ძალის გამოყენების, თუნდაც ამ სფეროში? და მეორე - როდესაც შესაძლო სოცია­ლურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ამ ფონზე კრიმინალის გაძლიერება შეიძლება გახდეს საფრთხე?

- რუსული რბილი ძალა ისედაც არის საქართველოში, რომელიც მიმართულია იმისკენ, აქ დესტაბილიზაცია მოხდეს, რადგან ნებისმიერი არეულობა კრემლის ინტერესშია. რაც შეეხება კრიმინალს, ის ყველგანაა და ამაზეც სათანადო ორგანოებმა უნდა იზრუნონ. დღეს სრული დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, რადგან საწყის ეტაპზე ვართ და ვიმეორებ - უაღრესი სიფრთხილე მართებთ უსაფრთხოების სამსახურებსა და სამართალდამცველებს. დღეს ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სიტუაციას ჯეროვნად აკონტროლებს.

- საუბარი იყო საზღვრის ჩაკეტვასა და სავიზო რეჟიმის დაწესებაზე...

- საზღვრის ჩაკეტვას ვერ გავიზიარებ, ეს ყველაზე პრიმიტიული ქმედება იქნებოდა. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, შემოიღებს თუ არა მთავრობა რეგულაციებს თუ სავიზო რეჟიმს, განხილვის საგანია. ის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტეს, უმთავრესად ნატოს წევრები არიან და მათ ნატოს "ქოლგა" იცავს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ არა გვაქვს. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩვენს დასაცავად იარაღით არც არავინ დამდგარა.

რუსა მაჩაიძე