"ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ომი მოლაპარაკებით მთავრდება..." - კვირის პალიტრა

"ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ომი მოლაპარაკებით მთავრდება..."

მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის უშიშროებამ ყირიმის ხიდის აფეთქებაში ქართული კვალი "დაინახა", საქართველოში ახალ საფრთხეზე ლაპარაკობენ.

რას ნიშნავს რუსეთის ბრალდება საქა­რთველოსთვის, რა ხდება ქართულ პოლიტიკურ ველზე, როდესაც მსოფლიო ბირთვული დაპირისპირებისთვის ემზადება­ და როგორია ჩვენი სამოქალაქო თავდაცვის რესურსები, ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე­ გვესაუბრა:

- ჩემი ვერსიით, პუტინს უკრაინაში სარაკეტო დარტყმისთვის სპექტაკლის დადგმა სჭირდებოდა. ბასტრიკინის განცხადებაც, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება ტერორისტული აქტი იყო და უკრაინის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს, სპექტაკლის შემადგენელი ნაწილი გახლდათ. ამის შესახებ დაიწყეს ლაპარაკი ტოქშოუებშიც. ერთში ისიც ითქვა, ის სატვირთო "ცეერუს" აგენტებმა კრასნოდარამდე ჩააცილესო. ჯეიმზ ბონდის სიუჟეტია... ის ზღაპარი მახსენდება, აგვისტოს ომის დროს ერთმა მინისტრმა­ იარაღით დატვირთული სატვირთო მანქანა რუსეთის გავლით საქართველოში ფარულად­ რომ შემოაპარა, რადგან იარაღი არ გვყოფნიდაო. ჯერ ამ ზღაპარს რომ დაიჯერებ, მერე რაც რუსეთმა აქედან იარაღი­ და ტექნიკა გაზიდა, ერთი მანქანა კი არა, ეშელონი ვერ დაიტევდა.

- ესე იგი, თქვენი აზრით, ყირიმის ხიდის აფეთქებაში უკრაინის ხელი არ ურევია?

- კიევის ვერც ერთ ოფიციალურ განცხადებას ვერ ნახათ, სადაც დადასტურებულია ამ ამბავთან უკრაინის სახელმწიფოს კავშირი. რუსეთის უშიშროების ვერსიით, სატვირთომ სომხეთის საბაჟო გაიარა. სომხეთი რუსეთის მოკავშირე და "ოდეკაბეს" წევრია. უცნაურია, როგორ გამოეპარათ­ იქ ასეულობით კილოგრამი ტროტილი? ამის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზეც შემოწმდა მანქანა. რენტგენის სურათიც კი გამოაქვეყნეს... რაც შეეხება­ საქართველოს, ჩვენი ოფიციალური ინფო­რმაციით, ჩვენს ტერიტორიაზე ტროტილით დატვირთულ მანქანას არ გაუვლია.

- ექსპერტების მოსაზრებით, რუსეთს ახლა საქართველოში სამხედრო აგრესიისთვის არ სცალია და თუ დასჭირდა, მიზეზების ძებნას არ დაიწყებს. მაშინ რისთვის გახდა საჭირო ამ სპექტაკლში საქართველოს ხსენება?

- რუსეთისგან საფრთხეს ყოველთვის უნდა ველოდოთ. ოპოზიციისთვის დახურული თემა არ არსებობს, ოღონდ ხელისუფლება დააზიანონ და მზად არიან, ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლონ. მთავრობა მუდმივად აახლებს საფრთხეების შეფასების დოკუმენტს, რომელიც საიდუმლოა. მოსალოდნელ საფრთხეებზე საჯაროდ საუბარი მართებული არ არის, ამიტომ ოპოზიციას თუ მართლა აინტერესებს ეს საკითხი, გადაამოწმოს ნდობის ჯგუფში. ამაზე საჯაროდ საუბარი შესანიშნავი სახელმძღვანელო იქნება მტრისთვის.

- ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ უკვე წლებია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი არ განახლებულა.

- ცრუობენ. მთელი მთავრობა, დაწყებული თავდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებით დამთავრებული, მონაწილეობს ამ დოკუმენტის მუდმივ განახლებაში. როგორც კი ოდნავ შეიცვლება გარემო, მაშინვე აისახება დოკუმენტში. მუშაობს მუდმივმოქმედი ჯგუფი, მაგრამ ეს დახურული დოკუმენტია და საჯარო სივრცეში ვერ გამოიტანენ.

- უამრავი რუსეთის მოქალაქის შემოსვლასა და მათ მიერ ბიზნესებისა და ქონების დარეგისტრირების ფაქტებზე თუ იმსჯელეს?

- რა თქმა უნდა. ცუდი ის არის, რომ ჩვენ არ ვენდობით სტატისტიკას, ძალოვან უწყებებს, მესაზღვრეებს... რაც შეეხება რუსების შემოდინებას, მეც მომბეზრდა "ნაციონალებისკენ" მუდმივად თითის გაშვერა, მაგრამ აბა, როგორ არ ვთქვა? ეს პოლიტიკური სუბიექტი უზარმაზარ ფინანსურ და მედიარესურსებს ფლობს­ და განწყობის შექმნას ახერხებს. რატომ 2008 წელს არ ატეხეს ერთი ამბავი, როდ­ესაც არა მარტო შემოუშვეს რუსები, არა მარტო საბაჟოზე დახვდა მათ პრეზიდენტი სააკაშვილი და გაუმარტივა სავიზო რეჟიმი, არამედ მესაზღვრის ჯიხურშიც კი დაჯდა და საკუთარი ხელით ჩაურტყა შტამპები პასპორტებში. რიგითი მესაზღვრის ფუნქცია შეასრულა მთავარსარდალმა.­ მიკვირს, როგორ არ რცხვენიათ ხმის ამოღების მის მხარდამჭერებს. უტიფრობის დოღი აქვთ გამართული.

- ამერიკისა და ევროპის წარმომადგენლები­ იმასაც გვეუბნებიან, რომ ახლა ამერიკის გაკრიტიკება და ამერიკის ელჩზე თავდასხმა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, თუმცა ე.წ. განდგომილები არ წყვეტენ მათ კრიტიკას.

- მიუხედავად იმისა, რომ "ხალხის ძალას­" რიგ საკითხებში ლეგიტიმური კითხვები აქვს, მაგალითად, ენჯეოებში გამქრალ ამერიკულ ფულზე, უნდა ვთქვა, რომ მათი განცხადებები ნამდვილად ჰგავს დანის პირზე სიარულს. ამიტომაც არიან ისინი გამიჯნული ხელისუფლებისგან. "ქართული ოცნება", როგორც სამთავრობო პარტია, ამ დისკუსიაში არ შედის. ხელისუფლება ვალდებულია ხალხის პულსზე ხელი ედოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობა არ გართულდეს.­ დარწმუნებული ვარ, არც გართულდება. მალე შეიცვლება ამერიკის ელჩი, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინს მიჩენს.

- ფიქრობთ, დეგნანი ქართველ-ამერიკულ ურთიერთობაში ნეგატიურ როლს ასრულებს?

- ელჩის პოზიცია მისი პოლიტიკური­ გემოვნებით არ უნდა განისაზღვრებოდეს. უკვე წლებია იმ პოლიტიკურ სუბიექტს გვახვევენ თავს, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. ხომ ხედავთ, ოპოზიცია მუდმივად მარცხდება არჩევნებში, კიდევ წააგებს, თუ არ განახლდება. სანამ "ოცნებას" საპირწონედ კონკურენტუნარიანი ოპოზიცია არ ეყოლება, მანამდე იქნება ხელისუფლებაში. ოპოზიციაში კი დამნაშავე სუბიექტები არიან.

- დღევანდელი ხელისუფლება და ოპოზიცია რამდენად ადეკვატურად აღიქვამენ ბირთვული დაპირისპირების საფრთხეს? ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ "სასწრაფოს" ექიმები ბიოლოგიური და რადიაციული ინციდენტებისთვის მოამზადოს, მაგრამ საკმარისია ეს ღონისძიება და რა კეთდება სამოქალაქო თავდაცვის გაძლიერებისთვის?

- მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას. ბაიდენმა ასეთი რამ თქვა: "ბირთვული არმაგედონი". ეს ნიშნავს, რომ საქმე მთელ კონტინენტს ეხება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დაპირისპირება რა მასშტაბს მიიღებს. რაზეა დამოკიდებული დაპირისპირების მასშტაბი? თუ რუსეთი ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით მიიღებს ისეთ დარტყმას, რომელიც პუტინის პრესტიჟისთვის მიუღებელი იქნება, მაგალითად, უკრაინა სრულად დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მან ნამდვილად შეიძლება გამოიყენოს ბირთვული იარაღი. რუსეთს მისივე დოქტრინის მიხედვით მხოლოდ მაშინ შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება, თუ ყოფნა-არყოფნის საკითხი დაუდგება, მაგრამ კრემლს შეუძლია პროვოკაციების მოწყობა. 14 ოქტომბერს კარიბის კრიზისის მესამოცე წლისთავი იყო. ჩემი აზრით, რუსეთისა და დასავლეთის დღევანდელი ურთიერთობის შედარება კარიბის კრიზისთან­ არაკორექტულია. მაშინ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მწვავე განცხადებები არც კეთდებოდა,­ ბირთვულ სახელმწიფოებს ერთმანეთის რიდი ჰქონდათ. ამიტომაც შეთანხმდნენ და ამერიკამ თურქეთიდან, საბჭოთა კავშირმა კი კუბიდან გაიტანა ბირთვული იარაღი­. დღეს მისი გამოყენების საკითხს ძალიან მარტივად განიხილავენ. უფრო მეტიც, ძალიან სახიფათო განცხადებებს აკეთებენ, ამბობენ, რომ თითქოს ეს არც ისე საშიშია. დღეს ვითარების განმუხტვის ნიშნებიც კი არ არის. რუსეთმა წინასწარ შეიყვანა ჩიხში შესაძლო დიალოგი, როდესაც უკრაინის ოთხი ოლქი საკუთარ შემადგენლობაში შეიყვანა. რაღა დარჩა დიალოგისთვის? უკრაინა ომის მერვე თვის თავზე აღარაფერს დათმობს. მინიმუმ, ყირიმი თუ დათმო. შეიძლება 24 თებერვლის სტატუს კვო დათმოს, მაგრამ ამაზე რუსეთი არ წავა, იმიტომ, რომ საკუთარი კონსტიტუციის დარღვევა მოუწევს. ასე რომ, სრული ჩიხია. ერთადერთი გამოსავალი დაზავებაა ცეცხლის შეწყვეტის მიზნით და ესეც მეეჭვება. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს მობილიზაციის და ამ გზით ფრონტის ხაზზე სიტუაციის გარდატეხის იმედი, მაგრამ გარდატეხას დასავლეთი არ დაუშვებს. სტოლტენბერგმა უკვე თქვა, რუსეთის გამარჯვება ალიანსის დამარცხებას ნიშნავსო. ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ომი მოლაპარაკებით მთავრდება. ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მთავრობამ იზრუნოს პრევენციულ ზომებზე - ექიმების გადამზადებაზე, მარაგების შექმნასა და მოსახლეობის ინფორმირებულობაზე. მხოლოდ ბირთვული იარ­აღის გამოყენების კი არა, ტექნოგენური საფრთხის წინაშეც ვდგავართ. ზაპოროჟიეს ატომური სადგურის პრობლემა ამოწურული არ არის.

- პრევენციული ზომებისთვის სამედიცინო პერსონალის გადამზადება და მარაგების შევსება საკმარისია? სამოქალაქო თავდაცვაზე, ბუნკერების მომზადებაზე რას იტყვით?

- სამოქალაქო თავდაცვა ერთ-ერთი მწვავე საკითხია ჩვენი ქვეყნისთვის. ხელისუფლება მუშაობს ამ საკითხზე, მაგრამ პრობლემა ძალიან რთულია. ის ბუნკერები­ ათეული წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 90-იან წლებში სრულიად განადგურდა. რისი გაყიდვაც შეიძლებოდა, ყველაფერი გავყიდეთ, ახლა იქ რესტორნები და კლუბებია. კორპუსების სარდაფებში კი მწნილები და მურაბები შევინახეთ, ან მაღაზიები გავხსენით. მეტროს ჰერმეტიზაციის საკითხიც საკითხავია. ეს არ არის საქმე, რომელსაც რამდენიმე თვე ეყოფა, წლებია საჭირო, 10-15 წელი მაინც.

- კორპუსების სარდაფები საკმარისია, რომ ბირთვული ტალღისგან თავი დავიცვათ?

- არა, მაგრამ ბირთვული ტალღის ღია სივრცეში დახვედრას ისევ სარდაფში ჩასვლა სჯობს. კორპუსების სარდაფები პირველი დარტყმისთვის იყო გამიზნული. თბილისში არაერთი კოლექტიური სარგებლობის სარდაფი იყო, მაგრამ დღეს ის ქონება განიავებულია.

ხათუნა ბახტურიძე