დეჟავიუ - პუტინი კიევზე ხელახლა შეტევას ისევ ბელარუსიდან გეგმავს თუ... - კვირის პალიტრა

დეჟავიუ - პუტინი კიევზე ხელახლა შეტევას ისევ ბელარუსიდან გეგმავს თუ...

ბელარუსის ტერიტორიაზე დაიწყო ბელარუს-რუსული რეგიონული შეიარაღებული დაჯგუფების ჩამოყალიბება. რაღაც ამგვარი უკვე იყო შექმნილი ამ წლის თებერვლისთვის, როდესაც რუსეთი სხვადასხვა მიმართულებიდან დაესხა თავს უკრაინას.

მაშინ რუსული თავდასხმის ერთ-ერთი მიმართულება და ყველაზე მოკლე მარშრუტი სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან ჩერნობილის გავლით კიევისკენ გადიოდა.

კიევისთვის ბრძოლაში რუსი აგრესორები დამარცხდნენ და გაიყვანეს შელახული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფები უკრაინის ტერიტორიიდან უკან, ბელარუსში, შემდეგ კი ისევ რუსეთში დააბრუნეს ძალის აღსადგენად.

მაგრამ გადის ომის ნახევარ წელზე მეტი და რუსეთი ისევ იწყებს სამხედრო დანაყოფების დაბრუნებას ბელარუსის ტერიტორიაზე და ამასთან, ქმნის ერთობლივ სამოკავშირეო შეიარაღებულ დაჯგუფებას - ნიშნავს თუ არა ეს, რომ პუტინს სურს გაიმეოროს უკრაინის დედაქალაქ კიევზე ახალი შეტევები და ამისთვის უკვე ბელარუსის არმიაც ამოიყენოს მხარში?

ამის საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს. რამდენიმე დღის წინ ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინა თურმე მეზობელ ბელარუსზე აპირებს თავდასხმას და ამიტომაც მინსკი მოსკოვთან ერთად ყველა ღონეს იხმარს „თავდასხმის“ მოსაგერიებლად...

ბავშვიც მიხვდება, რომ ეს სრული სისულელეა, უკრაინის არმიას იმის რეზერვების მოძიება უჭირს, რათა როგორმე გაათავისუფლოს რუსების მიერ ოკუპირებული უკრაინული სოფლები და ქალაქები ხერსონის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკისა თუ ზაპოროჟიეს ოლქებში და მას დამატებით ბელარუსის შესაძლო ფრონტზეც ბრძოლის არავითარი სურვილი არა აქვს.

სამაგიეროდ, სხვისთვის იმის წინასწარ დაბრალება, რასაც თავად აპირებ გააკეთო, გამოცდილი ხერხია - ასე აკეთებდა ჰიტლერი პოლონეთზე თავდასხმის წინ და ასე გააკეთა პუტინმა უკრაინაში შეჭრამდე. ნუთუ იმავეს აპირებს ულვაშიანი მინიდიქტატორი ლუკაშენკოც?

უკრაინა-ბელარუსის სახმელეთო საზღვრის სიგრძე 1 084 კმ-ს შეადგენს, საიდანაც შეტევა შეიძლება არა მარტო კიევზე, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვან მიმართულებაზე - ლვოვზეც, რათა რუსეთ-ბელარუსის გაერთიანებულმა დაჯგუფებამ უკრაინას გადაუჭრას დასავლეთისგან შეიარაღების მიწოდების საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაციები.

მაგრამ შეძლებენ კი ბრძოლებში ძალაგამოცლილი რუსული და ბრძოლებში გამოუცდელი ბელარუსის არმიები ან კიევზე ხელახალი ფართომასშტაბიანი შეტევების ორგანიზებას, ან დასავლეთ უკრაინაში სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას?

ძალზე საეჭვოა, იმის გათვალისწინებითაც, რომ თებერვლისგან განსხვავებით, ახლა ბელარუსში კრემლი, ძირითადად, ახალმობილიზებულებს გზავნის, ხოლო ბელარუსის არმიის პირადი შემადგენლობის უდიდესი ნაწილი იმაზე ლოცულობს, რომ ბატკამ, ლუკაშენკომ, ისინი უკრაინელებთან ძმათამკვლელ ომში არ ჩაითრიოს.

თუკი ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე ფართომასშტაბიანი შეტევების თავი პუტინს აღარ აქვს, ხოლო ლუკაშენკოს მარტივი ეშმაკობით თავის დაძვრენა სურს პრინციპით, არც მწვადი დაწვას და არც შამფური, ანუ უკრაინასთან ომშიც არ ჩაერთოს და არც პუტინი გაანაწყენოს, მაშინ რისთვის იქმნება ორი ქვეყნის ახალი სამხედრო დაჯგუფება უშუალოდ უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან?

სავარაუდოდ, იმისთვის, რომ უკრაინის არმიის არანაკლებ ოთხი-ხუთი კარგად მომზადებული ბრიგადა ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთიდან მოხსნას და ბელარუსთან საზღვრის გასამაგრებლად (სადაც ახლა უკრაინელი მესაზღვრეები და ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონები დგანან) გადაისროლოს კიევმა და სულ იმის მოლოდინ-შიშში იყოს, დღეს-ხვალ ამ მიმართულებიდანაც დაიწყება შემოტევაო.

ისედაც არანაკლებ ორი ბრიგადა სწორედ ამიტომ ჰყავს უკრაინის არმიას მოლდოვასთან საზღვრის იმ მონაკვეთზე, რომელსაც დნესტრისპირეთის პრორუსი სეპარატისტების დე ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს და იქვეა განთავსებული რუსული საოკუპაციო ბაზაც.

შესაბამისად, ფრონტის ხაზიდან მოხსნილი ოთხი ან მეტი ბრიგადა თავისი საშტატო მძიმე შეიარაღებით ძალზე დააკლდება უკრაინის კონტრიერიშებს, განსაკუთრებით კი ხერსონისა და ლუგანსკის მიმართულებებზე.

ამასთან, ლუკაშენკომ პუტინს ფართოდ გაუღო ბელარუსის არმიის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების საწყობების კარები და ბელარუსიდან რუსეთის ტერიტორიაზე უკვე გაიზიდა 12 ათას ტონაზე მეტი საბრძოლო მასალა, აგრეთვე 70-მდე ტანკი და სხვა საბრძოლო ტექნიკა, რომლის გამოყენებასაც რუსეთის არმია უკრაინასთან ომში დონეცკის ფრონტის მონაკვეთზე აპირებს.ლოგიკურად, თუკი პუტინ-ლუკაშენკოს ტანდემი მართლაც აპირებს ბელარუსის საზღვრიდან ახალი შეტევების დაწყებას უკრაინაზე, მაშინ ასე საჭირო საბრძოლო ტექნიკასა და ტყვია-წამალს რაღა რუსეთში გაგზავნიდნენ ფრონტის სულ სხვა მონაკვეთზე გამოსაყენებლად?