უკრაინა ხერსონის გათავისუფლებას ჩქარობს, სანამ წვიმის სეზონი დაწყებულა - კვირის პალიტრა

უკრაინა ხერსონის გათავისუფლებას ჩქარობს, სანამ წვიმის სეზონი დაწყებულა

15 ოქტომბრის დილას უკრაინის არმიამ ჩრდილოეთიდან ხერსონის მიმართულებით მორიგი მეტ-ნაკლებად ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა წამოიწყო რამდენიმე ბატალიონისა და სამ ათეულამდე ტანკის საშუალებით, რასაც წინ უძღოდა უკრაინელთა არტილერიით მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე რუსი ოკუპანტების თავდაცვითი ზღუდეების ინტენსიური დაბომბვა.

შაბათ საღამოსთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო, თუ როგორ ვითარდებოდა უკრაინის საბრძოლო დანაყოფების წინსვლა ხერსონის მიმართულებაზე, მაგრამ ფაქტია, უკრაინის არმიამ უნდა იჩქაროს, სანამ წვიმის სეზონი დაწყებულა.

ამინდი ყოველთვის თამაშობს დიდ როლს საბრძოლო ოპერაციების დადგეგმვა-ჩატარების დროს - თუკი ავიაციას გაუჭირდება ღრუბლიან და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენა და მით უმეტეს, ზუსტი დაბომბვა, ინტენსიური წვიმით ატალახებულ მინდვრებში თვით „ყველგანმავალი“ ტანკებიც კი ეფლობიან და შესაბამისად, იშლება შეტევა...

სხვათა შორის, 2008 წელს რუსეთის საქართველოზე თავდასხმა აგვისტოში კი არა, გვიან შემოდგომაზე ან სულაც ზამთარში რომ მომხდარიყო, ცუდი ამინდის გამო რუსული საბრძოლო ავიაცია ასე თავისუფლად ვეღარ ინავარდებდა ქართულ ცაში, როგორც 1994 წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის არმიის გროზნოზე შეტევისას მოხდა, როდესაც რუსი სამხედროები საჰაერო მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ.

საერთოდ, თავდაცვაში მყოფი მხარე, რომელიც სანგრებში ზის და ინჟინრულად გამართული აქვს თავდაცვის ზღუდეები, დიდად არ ადარდებს ამინდი, სამაგიეროდ, შეტევაზე გადასულებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მძიმე საბრძოლო ტექნიკის გადაადგილებისთვის შექმნილი პრობლემები, უპირველესად კი ატალახებული გრუნტის გზების მდგომარეობა.

უკრაინის არმია მიახლოებულია ოკუპირებულ ხერსონთან და მისი გათავისუფლება, ავტომატურად გამოიწვევს რუსი ოკუპანტების დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან განდევნას, უდიდესი მიღწევა გახდებოდა მთლიანად უკრაინისთვის ამ ურთულესი წლის ბოლოსთვის, დანარჩენი უკრაინის გასათავისუფლებლად კი მომავალი წლის გაზაფხულიდან ახალი კონტრიერიშები აუცილებლად გაგრძელდება.