"ეს ქალაქი კლავს და ამის შემოქმედი არის კალაძე" - რას აცხადებს აკია ბარბაქაძე - კვირის პალიტრა

"ეს ქალაქი კლავს და ამის შემოქმედი არის კალაძე" - რას აცხადებს აკია ბარბაქაძე

ეს ქალაქი კლავს და ამის შემოქმედი არის კალაძე. მერი, რომელიც სისხლიანი ხელებით დგას და პოლიციის კორდონის უკან გვემალება, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, სადაც 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვენ.

მისივე თქმით, თბილისი მკვლელი ქალაქია და "ქართულ ოცნებას" და ქალაქის მერს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არ უნდა.

"ეს არის სოლიდარობა ახალგაზრდებს, რომლებიც აპროტესტებენ იმას, რომ ეს ქალაქი კლავს და ამის შემოქმედი არის კალაძე. მერი, რომელიც სისხლიანი ხელებით დგას და პოლიციის კორდონის უკან გვემალება. ის ვერ ბედავს და ვერ გამოდის ახალგაზრდებთან სალაპარაკოდ და ვერ სცემს პასუხს იმ ლოზუნგებს, რომლებიც აქვთ მოტანილი და გაშლილი. დიახ, კორუფცია კლავს, დიახ, ეს არის მკვლელი ქალაქი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არ უნდა პოლიტიკურ გუნდს - "ოცნებას" და ქალაქის მერს. ისინი საკუთარ მოსახლეობას დამფრთხალები ემალებიან და ფიქრობენ, ვის გადააბრალონ კონკრეტული ტრაგედია და ვინ დანიშნონ დამნაშავედ. ასე ხდება დღეს ამ ქალაქის მართვა. ქალაქის, სადაც ჩვენ, ყველა მოქალაქე პოტენციური მსხვერპლი ვართ," - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

ამასთან, სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა აცხადებს, რომ დღეს სოციალური სივრცეები მოქალაქეებისთვის უსაფრთხო ადგილი არ არის და ამის მიზეზი კორუფციაა.

"როგორც მოქალაქემ მინდა, რომ კახა კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაში შედის. სამწუხაროდ, დღეს სოციალური ადგილები ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო არ არის - კლავს და ამის მთავარი მიზეზი არის, რომ კორუფციაა," - განაცხადა სამირა ბაირამოვამ.

ცნობისთვის, თბილისის მერიასთან, კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით, აქციას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მართავენ.

ადგილზე შეკრებილების აზრით, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა სხვა პირებთან ერთად კახა კალაძემაც უნდა აიღოს. შეძახილების გარდა, ისმის საყვირების ხმა.

თბილისის მერიასთან მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, ვაკის პარკში არსებულ ახალრეაბილიტირებულ შადრევანში ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

IPN