ოქროს ტატო, ტატამი და არშია - გრიგალაშვილი მეექვსე მსოფლიო ჩემპიონია - კვირის პალიტრა

ოქროს ტატო, ტატამი და არშია - გრიგალაშვილი მეექვსე მსოფლიო ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ოთხი მედლით დაასრულა უზბეკეთის დედაქალაქში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ჩემპიონი გახდა, ლაშა ბექაური (90), ლუკა მაისურაძე (90) და გურამ თუშიშვილი (+100) კი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ. სამივეზე განსაკუთრებით დაგვწყდა გული, რადგან ბექაურმა და მაისურაძემ ნახევარფინალური ორთაბრძოლები იჭიდავეს და იყო ალბათობა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გვენახა ქართული ფინალი... რაც შეეხება თუშიშვილს, ტედი რინერის არყოფნაში, გურამი მძიმე წონითი კატეგორიის ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა, მეოთხედფინალში კუბელ გრანდ(ა)ს გადაეყარა და ბრინჯაოს მედლამდე რეპეჟაშის გავლით მიაღწია. მოკლედ, ტაშკენტიდან მთლად ქარავანი (ოქროს-ვერცხლით დატვირთული) ვერ წამოვიდა, თუმცა, თუ პლანეტის პირველობებზე ჩვენი გუნდის შედეგებს გავიხსენებთ, უკმაყოფილოც არ უნდა ვიყოთ.

ოღონდ, ერთია საერთო შედეგი, მეორე – პოტენციალი და ჩვენების (უმეტესობის) ნაჩვენები ჭიდაობა. ბრინჯაოს მედალოსნებზე უკვე ვთქვით. მეტს ველოდით უკვე ყველაფრის მომგები შავდათუაშვილისგან (73), ახალგაზრდა სულამანიძისგან (100), ნაკრებში მობრუნებული ვეტერანი კაპიტნის – ვარლამ ლიპარტელიანისგან (100) და სხვ. ლიპოს სასახელოდ უნდა ვთქვათ, რომ ტრავმირებულიც (ფეხი მერვედფინალის დაწყებიდან მალევე იტკინა) ბოლომდე ებრძოლა მასპინძელ მუზაფარბეკ ტურობოევს, ერთ ეპიზოდში, შეეკრა და კინაღამ დაატრიალა კიდეც, მაგრამ დაშავებულმა ფეხმა ილეთის დასრულების საშუალება არ მისცა და საბოლოოდ, მაინც დამარცხდა. ისიც სათქმელია, რომ ლიპარტელიანთან შეხვედრისას, მსაჯებმა "ვერ დაინახეს" დარღვევა, რომლისთვისაც, წინა დღით ბექაურს გადაუკეტეს ოქროსკენ მიმავალი გზა: ლიპოს ერთ-ერთი შეტევის შემდეგ, უზბეკი სწორედ თავით დაეცა ტატამზე, თუმცა, ამ ტურნირზე მასპინძლებს ყველაფერი ეპატიებოდათ და არბიტრების „ფართოდ დახუჭული“ თვალების დახმარებით, ტურობოევი გახდა კიდეც მსოფლიო ჩემპიონი...

ლაშა შავდათუაშვილს წილისყრაში ნამდვილად არ გაუმართლა, თუმცა, ყველაზე ტიტულოვან ქართველ ძიუდოისტს მაინც შეეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. სამწუხაროდ, მეოთხედფინალს ვერ გასცდა – წონის მთავარმა ფავორიტმა ჰაშიმოტომ წამიერი უყურადღებობა არ აპატია, რეპეჟაშში კი ლაშა ბრაზილიელ ოლიმპიურ პრიზიორთან – დანიელ კარგნინთანაც დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

რაც შეეხება სულამანიძეს, შავდათუაშვილისგან განსხვავებით, ილიამ რეპეჟაშის ფინალშიც იჭიდავა, თუმცა, ბრინჯაოს მედალი ნიდერლანდელ კორელს გაატანა, თვითონ კი მეხუთე ადგილს დასჯერდა. ახალგაზრდა ქართველის (რომელიც ჩვენი ძიუდოს ერთ-ერთ უმთავრეს იმედად მოიაზრება) შესაძლებლობებში ეჭვი არავის გვეპარება და სულამანიძემ ეს ტაშკენტში გამართულ საწყის შეხვედრებშიც დაამტკიცა. სამწუხაროდ, მეოთხედფინალში გამოუცდელობამ დააღალატა და როგორც ჩანს, დასანანი მარცხის შემდეგ, გუნება ვერც ბრინჯაოსთვის მატჩისთვის გამოუკეთდა. არადა, მეოთხედფინალურ შეხვედრაში, ილია ვაზარით დაწინაურდა კანადელ მეტოქესთან, ოღონდ, იმის ნაცვლად, რომ უპირატესობა შეენარჩუნებინა და მოწინააღმდეგისთვის ახლოს ჭიდაობის საშუალება არ მიეცა, შეკვრებს არ მოერიდა და ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდისას დაისაჯა კიდეც...

არა უშავს. ასაკობრივი ტურნირების ტრიუმფით მოვლის შემდეგ, ილია ჯერ ახლა იწყებს უმაღლესი დონის შეჯიბრებებთან გაშინაურებას და ცოტა ხანში, როცა საკმარის გამოცდილებას დააგროვებს, მისი გამჩერებელი ბევრი აღარავინ იქნება!

საქართველოს მეომარი

ტატო გრიგალაშვილი მეექვსე ქართველი ძიუდოისტია, ვინც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან გადმოხედა მსოფლიოს. ტაშკენტის დარბაზი იღბლიანი გამოდგა ქართველი ფალავნისთვის, რომელმაც ქართულადაც იჭიდავა უზბეკურ ტატამზე და ჩემპიონობის შემდეგაც ისეთი სიტყვები მოგვასმენინა, ნებისმიერ ქართველს გულის კუნჭულამდე რომ ჩაჰყვება და სიამაყით აავსებს: „ჩემპიონობის მიზეზი ქართული სული და გამარჯვების წყურვილია. ჩვენ ჩვენი სამშობლოს მეომრები ვართ და ეს გამარჯვებაც, პირველ რიგში, გულიდან მოდის!“ – თქვა ტატომ დაჯილდოების შემდეგ. მეოთხედფინალში, გრიგალაშვილმა ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონ ტაკანორი ნაგასეს აჯობა და არც დაუმალავს, რომ იაპონელის წინააღმდეგ გაორმაგებული მონდომებით იჭიდავა: „ნაგასეს კიმონოს ზურგზე ოქროს არშიას ვხედავდი... ჩემი მიზანიც ეს არის – ზურგზე არშია ძალიან მნიშვნელოვანია!“

დღეს, როცა გარშემო კარგი აღარაფერი ხდება და ლამის ყოველი დღე იმაზე ლაპარაკით იწყება – ვინ და რა დავკარგეთ, რამდენი ათასი ქართველი გადაიხვეწა სამშობლოდან და რამდენი გადამთელი მოაწყდა ჩვენს საზღვარს, დღეს, სიძულვილისა და ნეგატივის ნიაღვარს შორის, ასეთი გამარჯვებები სწორედ იმ, იმედისმომცემ „ოქროს არშიად“ მოსჩანს – ტატო, ხვიჩა, ლაშა თუ სხვა წარმატებული ქართველები რომ გვჩუქნიან ხოლმე...

სამშობლოსთვის მოტანილი სიხარული და სიამაყე, რომელიც არც არშიებით იზომება და არც – არშინებით!

ვინც ტატოს ასპარეზობას ხშირად ადევნებს თვალს, დაგვეთანხმება, რომ ტაშკენტის ტატამზე, ქართველ ფალავანს სულაც არ უჩვენებია თავისი საუკეთესო ჭიდაობა. შედეგთან ერთად, ესეც ორმაგად გვახარებს, რადგან რამდენიმე ორთაბრძოლა ძალების სრული დაძაბვით კი არა – სწორი ტაქტიკისა და ცივსისხლიანი, პრაგმატული ჭიდაობის ხარჯზე მოიგო. რამდენიმე თანაგუნდელისგან განსხვავებით, ვერც ფიზიკურ მომზადებას დავუწუნებთ. მეტიც, პირველის გარდა, ყველა ორთაბრძოლა დამატებით დროში მოიგო, ფინალში კი – სულაც რვა წუთი იჭიდავა!

ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მეორედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ამჯერადაც ბელგიელი მატიას კასეს წინააღმდეგ იჭიდავა და შარშანდელი წაგებისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო. კასე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია, ოლიმპიური თამაშების პრიზიორიც გახლავთ. მოკლედ, გამოცდილება და ტექნიკური არსენალი არ დაეწუნება, თუმცა, შარშანდელისგან განსხვავებით, ტატომ ისე დინჯად, ყურადღებით, პრაგმატულად იჭიდავა, კასე კი არა კასეტური ბომბიც ვერაფერს დააკლებდა!

პარიზის ოლიმპიადამდე ორი წლით ადრე, ასეთი ტატოს ყურება ერთი სიამოვნებაა. მეექვსე ქართველი მსოფლიო ჩემპიონის – ტატო გრიგალაშვილის. „ოქროს ტატამის“ და ტატოს, ოქროს არშიისკენ მიმავალი ფალავნის.

ოქრო არაა, მაგრამ...

„იცოდეთ, რომ მთელი სულით, სიხლით და გულით თქვენთვის არის!“ – ასე მიაწერა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის ფოტოს ლაშა ბექაურმა.

მედალი არა, მაგრამ ბიჭია ოქროსი. და თუ 21 წლის ასაკში მოპოვებული ოლიმპიური ჩემპიონობა არ შეცვლის, თუ შრომას არ დაიზარებს და მოტივაციას არ დაკარგავს, მისი ნიჭის პატრონს, ბრინჯაოს მედლის ოქრო(ება)დ „გადადნობა“ არ უნდა გაუჭირდეს.

ტაშკენტშივე შეეძლო. იმ ერთი ორთაბრძოლის გარდა, ყველა შეხვედრაში ისე დამაჯერებლად გაიმარჯვა, რომელი უზბეკი?! იაპონელებიც ვერ გააჩერებდნენ!

ავთო ჭრიკიშვილმა მითხრა ერთხელ: ახლა, ისეთ ფორმაში ვარ, მე თვითონ თუ არ წავაგე, ჩემი დამმარცხებელი არავინ მეგულებაო... ვინც „ჩირიკას“ (ჭრიკიშვილის მეტსახელია) იცნობს, დამეთანხმება, რომ ავთოს ეს სიტყვები ამპარტავნულად არ უთქვამს. სიმართლე იყო და თქვა. და სამწუხაროდ, თვითონ წააგო ოლიმპიადაზე ის ერთი ავადსახსენებელი შეხვედრაც და მერე... მერე, მთელი კარიერაც... ვერ „გადახარშა“ ოლიმპიურ თამაშებზე მიღებული სიმწარე, ტრავმებიც დაერთო და... არადა, ჭრიკიშვილის ნიჭისა და ტექნიკის პატრონს გაცილებით მეტისთვის უნდა მიეღწია!

dziudo-ratis-masala-1665996892.jpg

ავთო კი იმიტომ ვახსენე, რომ ლაშა ბექაურსაც, პირველ რიგში, თავისი თავის „დამარცხება“ მართებს. წუთითაც არ უნდა დაივიწყოს, რომ დიდი ჩემპიონის სახელის და მის მიერ დაანონსებული ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონობის მოსაპოვებლად, მხოლოდ ხალასი ნიჭი, გენი და ნათლია (ბექაური ზურა ზვიადაურის ნათლულია) არ კმარა – თავდაუზოგავი შრომის გააგრძლება, მხოლოდ ძიუდოზე კონცენტრირებაა აუცილებელი. ნიჭი კი... მისი პოტენციალი ოლიმპიადაზეც ვნახეთ და ტაშკენტის ტატამზეც, სადაც იმ ერთის გარდა, ყველა ბრძოლა დამაჯერებლად, მისთვის ჩვეულ სტილში მოიგო.

სანამ მასპინძელთა (და მსაჯების) ჯილას – დავლატ ბობონოვს არ გადაეყარა ნახევარფინალში. ბობონოვი ძლიერი მოჭიდავეა, მედალი ოლიმპიადაზეც მოუგია და მსოფლიო ჩემპიონატზეც. იქნებ, მშობლიურ ტატამზე მსაჯების გარეშეც დაემარცხებინა ლაშა ბექაური, მაგრამ... ამას ვერასდროს გავიგებთ იმის გამო, რომ ნახევარფინალის არბიტრებმა ტატამზე მხოლოდ ბექაურის თავი დაინახეს!

კი ბატონო, ვიცით, რომ ახლანდელი წესებით ტატამზე თავის შეხება ისჯება, მაგრამ ჯერ ის ვიკითხოთ – სამართლიანია თუ არა ეს წესი?! მერე კიდევ, თუ წესი არსებობს, ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. არადა, სხვა დიდ ტურნირებს რომ თავი დავანებოთ, ტაშკენტის ტატამზეც არაერთი თავი ვნახეთ – გაგორებულიცა და „დარღვევით“ შეხებულიც (თუნდაც – ლიპარტელიანი/ ტურობოევის მაგალითი გავიხსენოთ), თუმცა... რატომღაც, ეს წესი, უმეტესწილად, მასპინძლების სასარგებლოდ მოქმედებდა... აქვე, ისიც გავიხსენოთ, რომ უზბეკებმა ბექაური კინაღამ... დაწყებამდე დატოვეს ტურნირს მიღმა – აწონვის ოთახში არ უშვებდნენ! აქაოდა – მსოფლიო ჩემპიონატს ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიანო, უსაფრთხოების მიზნით, მასპინძლებს ყველა გასასვლელი გადაუკეტავთ და წონითი კატეგორიის უმთავრეს ფავორიტს დისკვალიფიკაცია არ ასცდებოდა, საქმეში ქართული დელეგაციისა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები რომ არ ჩარეულიყვნენ. საბოლოოდ, ინციდენტი ამოიწურა და ლაშამაც „სულ ერთმანეთზე დააწყო მეტოქეები“, სანამ... ვიმეორებ, ბობონოვი ძლიერი, ტექნიკური მოჭიდავეა და იქნებ, დაემარცხებინა კიდეც ჩვენი ფალავანი, მაგრამ გულდასაწყვეტიც სწორედ ის არის, რომ თანაბარი შანსის მიცემის ნაცვლად, ნახევარფინალიდან მოხსნილი ბექაური ვნახეთ. ოქროს ბიჭი – ბრინჯაოს მედლით.

ცვლილებების მოლოდინში

მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ოთხი მედალი უარყოფით შედეგად ვერ ჩაითვლება. თუმცა, ბოლომდე კმაყოფილი არც გულშემატკივარია, არც სამწვრთნელო შტაბი და არც – თვითონ მოჭიდავეები. ვგულისხმობთ იმ მოლოდინსა და მოთხოვნებს, რაც ჩვენი პოტენციალიდან, ტრადიციებიდან, გამოცდილებიდან გვაქვს. ყველაფერს ვერც მსაჯებს დავაბრალებთ, ვერც წილისყრას ან – უიღბლობას. ჩვენი გუნდის ფიზმომზადება უკეთესის სურვილს ტოვებდა (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), თუმცა, მთავარი პრობლემა მაინც ფსიქოლოგიური მგონია – თითქოს, კონცენტრაციისა და მოტივაციის ნაკლებობა ეტყობოდათ... არც ის დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი წლის მთავარი შეჯიბრებაა, უმნიშვნელოვანესი ტურნირი, რომლისთვისაც ყველა ქვეყანა განსაკუთრებულად ემზადება. თანაც, უკვე კარგა ხანია, ძიუდო პროგრესს განიცდის ისეთ ქვეყნებშიც, აქამდე, განსაკუთრებული შედეგები რომ არ ჰქონიათ. ქართველი ძიუდოისტების წინააღმდეგ კი ყველა ორმაგი მოტივაციით ჭიდაობს, მაგრამ...

ტაშკენტში გამართულმა ტურნირმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ სამუშაო ბევრი გვაქვს. მთავარ გუნდში თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს და შემთხვევითი არც ის მგონია, ოთხიდან სამი მედალი შედარებით ახალგაზრდა სპორტსმენებმა რომ მოიპოვეს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რაკი უმედლოდ დარჩნენ, შავდათუაშვილის, ჩხვიმიანის, მარგველაშვილისა თუ თუნდაც – ლიპარტელიანის კარიერა დასასრულს უახლოვდება. უდიდესი გამოცდილების მქონე ამ სპორტსმენების ნაკრებში ყოფნა შედეგების თვალსაზრისითაც აუცილებელია და მით უფრო – ახალგაზრდა მოჭიდავეებისთვის ცოდნის გადასაცემად. მაგრამ, ვფიქრობ, ნაკრების სამწვრთნელო შტაბიც კარგად ხედავს, რომ ოლიმპიადამდე დარჩენილ დროში, სიახლეებიც აუცილებელია და იმ ახალ თუ ძველგაზრდა ძიუდოისტებისთვის შანსის მიცემაც, კონკრეტული ტურნირის წინ საუკეთესო კონდიციაში რომ არიან.

dziudo-ratis-masala-3-1665996951.jpg

ბოლოს, ილიადისიც უნდა ვახსენოთ: ილიას ილიადისი, რომელმაც ტაშკენტში ძველი ჭრილობები გაგვიახლა: ჯარჯი ზვიადაურობიდან ილიას ილიადისამდე, ოლიმპიურ ჩემპიონობამდე და... უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელობამდე. იმ უზბეკეთისა, მშობლიურ ტატამზე ოქროს 2 მედალი რომ აიღო.

როგორ და რანაირად, სხვა საკითხია. თუმცა თავიანთი მედლები უზბეკებმა იანგარიშონ. ჩვენ კი. ჩვენ იმაზე ვიდარდოთ, ყოფილი ჩვენებურისა და მისი შეგირდების წინააღმდეგ გაორმაგებული ჟინით თუ ვერ ვიბრძოლეთ! ჩვენი დაკარგული შანსები, მედლები და... სისხლ/ხორცი ვითვალოთ. მთელს მსოფლიოში გაფანტული ქართული გენი, დღეს ჩვენს წინააღმდეგ რომ დგას ტატამზე, სტადიონსა თუ ბრძოლის ველზე.

ყველა ადამიანს თავისი არჩევანი და ცხოვრება აქვს. ცხადია – ღირებულებებიც. და რაც მთავარია – თავისი სიმართლეც. ჩვენ კი, „აქეთ დარჩენილებს“, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოსთვის მოტანილი სიხარული და სიამაყე არც არშიებით იზომება და არც – არშინებით!

რატი შელეგია

(სპეციალურად საიტისთვის)