"ჩინური სასწაულის დასასრული: საით მიჰყავს ქვეყანა კომპარტიას და ამხანაგ სი ძინპინს" - კვირის პალიტრა

"ჩინური სასწაულის დასასრული: საით მიჰყავს ქვეყანა კომპარტიას და ამხანაგ სი ძინპინს"

პეკინში ჩინეთის კომპარტიის მე-20 ყრილობა მიმდინარეობს, რომელზეც ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობისა და პერსპექტიულ განვითარებაზე მსჯელობენ. ამასთან დაკავშირებით, ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სის" რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს ვრცელ ანალიტიკურ სტატიას სათაურით - "ჩინური სასწაულის დასასრული: საით მიჰყავს ქვეყანა კომპარტიას და ამხანგ სი ძინპინს".

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით.

ჩინეთი ახალ ხუთწლედში ყველაზე ცუდი ფორმით შედის და ეს ხდება პირველად, მთელი "ჩინური სასწაულის" განმავლობაში, რომლის წყალობით, ნახევარ საუკუნეზე ცოტა ნაკლებ დროში ჩამორჩენილი და გაუბედურებული ქვეყანა ეკონომიკურად მოწინავე ქვეყნად იქცა - მოსახლეობის ცხოვრების დონით უკან ჩამოიტოვა დიდი მეზობელი რუსეთი და ეკონომიკის განვითარებაში მეტოქედ მსოფლიოს ლიდერი - აშშ გამოიწვია.

ამასთან, ჩინეთში ღვივის რამდენიმე კონფლიქტი, რომელიც კომუნისტური პროექტის სტაბილურობას ემუქრება. თითოეული მომწიფდა სი ძინპინის მმართველობის დროს - იგი უკვე ათი წელია პარტიის საჭესთან დგას და ხელისუფლების მაკონსოლიდირებელ ადამიანად ითვლება. სწორედ მან დაიწყო ჩინეთის გარდაქმნის ახალი ეტაპი მსოფლიოში გავლენის გაზრდის მიზნით. სი ძინპინის ხელმძღვანელობით ქვეყანა განვითარებადიდან განვითარებულად გადაიქცა.

ამ გზაზე პრობლემები და სირთულეები გაჩნდა: ჩინეთი დასავლეთს გაუნაწყენდა, ეკონომიკის ზრდა კი - დამუხრუჭდა. "რკინის ხელსა" და ცენტრალიზებულ მმართველობაზე დადებულმა ფსონმა ჩინეთი მუდმივი "ლოკდაუნის" რეჟიმში შეიყვანა და ტოქსიკური მოკავშირე გაუჩინა - ვლადიმერ პუტინის სახით.

თუმცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე, ამხანაგი სი ძინპინი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მას გადაწყვეტილი აქვს, პრობლემები უფრო ენერგიულად გადაჭრას და არჩეული გზიდან გადახვევას არ ფიქრობს. ამისათვის 69 წლის სი კვლავ რჩება პარტიისა და ქვეყნის ლიდერად მომავალი ხუთი წლის განმავლობაში. მართალია, ამით ჩინელი კომუნისტების ტრადიცია დაირღვა - ყოველ ათ წელიწადში ქვეყნისა და პარტიის ლიდერი უნდა შეიცვალოს და პოლიტბიუროს წევრები 68 წლის ასაკში პენსიაზე უნდა გაუშვან, მაგრამ - არა უშავს: ეს შემთხვევა გამონაკლისია და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

16 ოქტომბერს, კვირას, ამხანაგმა სიმ ჩინეთის კომპარტიის მრავალდღიანი ყრილობა გახსნა და "მოკლე", ორსაათიანი სიტყვით გამოვიდა (წინა ყრილობაზე მისი გამოსვლა სამსაათნახევრიანი იყო). მან თანამოაზრეებს აღუთქვა, რომ პარტიის კურსში არაფერს შეცვლიდა. მისი სიტყვიდან ჩანს, რომ ამხანაგ სის საქმიანობის ხუთი მთავარი მიმართულება იგივე რჩება:

პირველი - "ნულოვანი კოვიდი": მუდმივი ლოკდაუნი მოსახლეობისა და ეკონომიკის დასაცავად;

მეორე - განაცხადი მსოფლიოს ლიდერობაზე: ჩინეთი, როგორც დასავლური განვითარების მოდელის ალტერნატივა;

მესამე - "მთავარი პრიორიტეტები": უსაფრთხოების დაცვა, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების განვითარება;

მეოთხე - სიმდიდრის გადანაწილება ჩინელებს შორის "საერთო აყვავების" უზრუნველსაყოფად;

მეხუთე - "გაერთიანება ტაივანთან": უეჭველად უნდა განხორციელდეს.

მაგრამ ჩინეთს ფული ამ კურსის გასაგრძელებლად სულ უფრო ნაკლები რჩება. როცა სი ძინპინი 10 წლის წინ ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა, ჩინეთი დედამიწაზე ყველაზე დინამიკურად განვითარებად ქვეყანას წარმოადგენდა: 2010 წელს "ცისქვეშეთმა" (ასე უწოდებენ ჩინელები თავიანთ ქვეყანას) უკან ჩამოიტოვა იაპონია და მსოფლიოში უძლიერესი ეკონომიკის მქონე მეორე ქვეყნად გადაიქცა, ხოლო 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისიდან 2020 წლის პანდემიის დაწყებამდე ანუ 12 წლის განმავლობაში ჩინეთმა შეძლო ეროვნული სიმდიდრის გაორმაგება. მან ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდით გაუსწრო არა მარტო რუსეთს, არამედ - მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებს.

მაგრამ სი ძინპინის მმართველობის დროს ეკონომიკის ზრდა წელიწადში 6-8%-მდე შენელდა, ხოლო მიმდინარე წელს უფრო "მოკრძალებული მიზანია" დასახული - 5,5%. ამასთან, ეკონომისტები ამბობენ, რომ ზრდა უფრო ნაკლები იქნება - 3,0-3,5%.

რატომ დასრულდა ეკონომიკის სწრაფი ზრდის ეპოქა? შეძლებს თუ არა ჩინეთი კრიზისიდან გამოსვლას სი ძინპინის კურსით?

პერმანენტული ლოკდაუნი

ჩინეთმა კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში ფსონი "ნულოვან კოვიდზე" დადო, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსთან ბრძოლა უმკაცრესი წესებით (სრული კარანტინებით, აკრძალვებით და ა.შ.) ხორციელდება. თავდაპირველად ასეთმა კურსმა გაამართლა და ჩინეთმა, პირველმა მსოფლიოში, ეკონომიკის ზრდის ტემპი აღადგინა. მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა.

ჩინეთი პერმანენტული ლოკდაუნის პირობებში უკვე მესამე წელია, ცხოვრობს. როგორც კი ვირუსის ახალი ტალღა გაჩნდება, მოსახლეობა იმავე წუთს სახლებში იკეტება, მთელი ქალაქების მასშტაბით. ცხადია, ამით ვირუსის გავრცელება მუხრუჭდება, მაგრამ, სამაგიეროდ, ირღვევა წარმოებისა და მოხმარების სისტემა, ვაჭრობა, ტურიზმი, ეკონომიკის განვითარება მუხრუჭდება, მატულობს სოციალური უკმაყოფილება.

ყრილობაზე ბევრი ელოდებოდა, რომ ამხანაგი სი ძინპინი თუ არ გააუქმებდა, რამე მინიშნებებს მაინც გააკეთებდა მკაცრი კარანტინების შესარბილებლად, მაგრამ ეს არ მოხდა.

რადგანაც ჩინეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანი ვაქცინა არ შექმნილა და, შესაბამისად, რადგანაც მოსახლეობას არ აქვს გამომუშავებული მასობრივი იმუნიტეტი, პარტია თვლის, რომ ქუჩებში მილიარდ-ნახევარი ჩინელის "თავისუფლად გაშვება" სარისკოა. აშშ-ში, სადაც მოსახლეობა ოთხჯერ ნაკლებია, ხოლო ჯანდაცვის დონე - ბევრად მაღალი, კოვიდით მაინც ერთ მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. რა მოუვა ჩინეთს, ადვილი წარმოსადგენია.

311442087-1271496033681772-7472084101554930437-n-1666006928.png

კრიზისი საცხოვრებელი ბინების სფეროში

ჩინეთის მთავარი კრიზისი უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარეობს. ამჟამად ის მხოლოდ ახალი დაწყებულია და სი ძინპინს უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში "დიდ თავის ტკივილს" უმზადებს.

ბოლო წლები მშენებლობის ზრდამ და მათზე ფასების მატებამ ჩინური ეკონომიკის საერთო განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა - თითქმის 25%-იანი ნიშნულით. ჩინეთის მოსახლეობის ორი მესამედისათვის მთავარ სიმდიდრეს საცხოვრებელი ბინა წარმოადგენს.

ზრდა იმით დაიწყო, რომ 1990-იან წლებში ხელისუფლებამ მოსახლეობას ნება დართო, ბინები ეყიდა, რაც სწრაფი ურბანიზაციის პირობებში ძალიან გაფართოვდა. მოგვიანებით, უძრავი ქონება მთავარ ობიექტად იქცა, როგორც ინვესტიციის ჩასადებად, ასევე - სპეკულაციისათვის. ბაზარზე ფასებმა უკონტროლოდ მოიმატა და ამიტომ მთავრობამ სიტუაციის დარეგულირება განიზრახა, ბინების ღირებულების შემცირებისა და მშენებლობაში ჩადებული თანხების სწორი გამოყენების მიზნით. ხელისუფლებამ გაამკაცრა მშენებელი ფირმების დაფინანსების წესები და დაუშვა რამდენიმე სარისკო კომპანიის გაკოტრება. ფასებმა გარკვეულწილად დაიკლო, თუმცა, თავის მხრივ, "მწარე გამოცდილების" გამო, მოსახლეობამ ბინების შეძენა გადადო და იპოთეკის ფულს აღარ იხდიდა, გაჭიანურებული მშენებლობის გამო. ამ გარემოებამ კი ბანკებს პრობლემები შეუქმნა.

ტარიფების თამასა ძალიან მაღალია. საცხოვრებელი ბინების საერთო ღირებულება ჩინეთში 57 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული. თუ ხელისუფლება ამ კრიზისიდან გამოსვლას ვერ მოახერხებს, სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს, რაც ეკონომიკის დაცემით დასრულდება - როგორც ეს იაპონიაში მოხდა 1990-იანი წლების დასაწყისში და აშშ-ში - 2008 წელს. ჩინეთში ჯერჯერობით რეცესიაზე არავინ ლაპარაკობს, მაგრამ საცხოვრებელი ბინების ბაზარზე პრობლემები არ მცირდება.

"გარდამავალი ასაკი"

ჩინეთმა უკვე ამოწურა ე.წ. სხვა ქვეყნებისადმი დაწევის პოტენციალი. ხელისუფლება ცდილობს, ეკონომიკა განვითარებადი "ლიანდაგიდან" განვითარებულზე გადაიყვანოს, მაგრამ ეს გზა უფრო რთულია, ვიდრე, ვთქვათ, უკიდურესი სიღარიბიდან განვითარებამდე მისვლა. რატომ? იმიტომ, რომ მის მიღწევას ხელს ბევრი პრობლემა უშლის:

პირველ რიგში - დემოგრაფია. "ერთი ოჯახი - ერთი ბავშვის" პოლიტიკამ ჩინეთი დაბერებად ქვეყნად გადააქცია, ახალგაზრდებში კი უმუშევრობის დონე 20%-მდე აღწევს;

მეორე - ურბანიზაციამ და ინდუსტრიალიზაციამ, როგორც ეკონომიკის ზრდის მამოძრავებლებმა, თავიანთი შესაძლებლობები ამოწურეს. ყველას, ვისაც კი შეეძლო და სურდა სოფლიდან ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა, დიდი ხანია, გადავიდა. ამჟამად ჩინეთის ქალაქებში მთლიანი მოსახლეობის 60%-ზე მეტი ცხოვრობს. ის, რაც აკლდა მრეწველობას, ენერგეტიკას, ინფრასტრუქტურას და უძრავი ქონების ბაზარს, უკვე აშენებულია და ექსპლოატაციაში შესული. სიღარიბის წლებში დაგროვილი დეფიციტი უკვე აღმოფხვრილია, ხოლო ახალი მოთხოვნების ტემპი - შენელდა.

შეიძლებოდა შიდა მოთხოვნების შემცირების კომპენსირება საგარეოთი, მაგრამ ამაშიც უსიამოვნო პერსპექტივა ჩანს.

საგარეო პრობლემები

პანდემიამ მკვეთრად დაამუხრუჭა გლობალიზაცია და, შესაბამისად, დაარღვია ჩინეთის, როგორც სამომხმარებლო საქონლის მსოფლიო მწარმოებლის პოზიციები - პლანეტაზე ყველაზე ფართო სამომხმარებლო ბაზარი ჩინეთშია, ის არის, ასევე, ენერგორესურსების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი და მსოფლიოს ყველაზე დიდი მოვაჭრე სახელმწიფო.

პანდემიის შემდეგ კი ეკონომიკის განვითარება რეკორდულ ინფლაციას "შეეჯახა", რამაც ბანკების ათწლიანი ულტრარბილი საკრედიტო პოლიტიკის დასრულება გამოიწვია. მოსახლეობას და ბიზნესს თავისუფალი თანხები სულ უფრო უმცირდება, რაც თავის მხრივ, სამომხმარებლო საქონლის წარმოების შემცირებას იწვევს, რომლის უდიდესი მიმწოდებელი ჩინეთია.

და ამ დროს ევროპაში ომი იწყება - ყველაზე მდიდარ მსოფლიო ბაზარზე ნახევარი მილიარდი მოსახლეობით. ვლადიმერ პუტინმა ჯარი გაგზავნა უკრაინის დასასჯელად, რის გამოც დასავლეთმა - ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა. თავის მხრივ, რუსეთმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა და ევროკავშირს "გაზის ომი" გამოუცხადა. შედეგად მივიღეთ მსოფლიოს ენერგეტიკული კრიზისი - ფასების ფანტასტიკური ზრდა, რომელიც დასავლელ მომხმარებელს ჩინური პროდუქციის შესაძენად სულ უფრო ნაკლებ თანხას უტოვებს.

ჩინეთს ჰაერივით სჭირდება არა იაფი ენერგომატარებლები, არამედ - თავისი პროდუქციის მყიდველი. ექსპერტთა პროგნოზი ისეთია, რომ მიმდინარე წლის დასასრულს ნავთობზე მოთხოვნილება ჩინეთში 3%-ით დაიკლებს - პირველად 1990 წლის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი არსებობდა. გაზზე მოთხოვნა კი სერიოზულად მხოლოდ 2030 წლისათვის გაიზრდება.

კონფლიქტი დასავლეთთან

პუტინის ომის მეორე არასასიამოვნო შედეგი ჩინეთისათვის ისაა, რომ გამწვავდა კონფლიქტი დასავლეთთან. ურთიერთობა ისედაც დაძაბული იყო, რადგან ჩინეთში ადამიანის უფლებები ირღვევა - განსაკუთრებით ჰონკონგში, მიმდინარეობს უიღურების რეპრესიები, ხოლო ტაივანის მისამართით - მუქარანარევი რიტორიკა.

სი ძინპინის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ბოლო წლებში ჩინეთი დასავლეთის სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ გადააქცია. გარდა ამისა, იმ ფაქტმა, რომ პეკინმა კრემლის ანტიუკრაინული ქმედება არ დაგმო, ჩინეთისა და დასავლეთის ურთიერთობა საბოლოოდ გააუარესა.

აშშ ჯერჯერობით თავს იკავებს მეორადი სანქციებისაგან იმდენად, რამდენადაც ჩინეთი რუსეთს მხარს მხოლოდ დიპლომატიურად და პოლიტიკურად უჭერს და არა - შეიარაღებით, რესურსებით და ფულით. მაგრამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ არა მარტო არ მოუხსნა პეკინს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სანქციები, არამედ - კიდევ უფრო გაამკაცრა, განსაკუთრებით - ტექნოლოგიების გადაცემის სფეროში.

ქვეყანა, რომელიც გამდიდრდა ვაჭრობით და სასაზღვრო რეჟიმის გაიოლებით, ეკონომიკური და საზოგადოებრივი რეფორმების გატარებით, აიფონებისა და კომპიუტერების აწყობით, დასავლეთთან თანამშრომლობიდან თანდათან მტრობაზე გადადის.

სასწაულის დასასრული?

ჩინეთს ზრდის გიგანტური რეზერვები აქვს. თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი პრობლემები სწრაფად არ მოგვარდება, მის ეკონომიკას 4%-ით განვითარება თავისუფლად შეუძლია. ასეთი ტემპითაც კი ჩინეთი ამერიკას მაინც დაეწევა და გაუსწრებს. და თუ ყველაფერი ჩინური მორიგი ხუთწლიანი გეგმის მიხედვით განვითარდება ანუ როგორც კომპარტია იმედოვნებს, ათ წელიწადში ეკონომიკის მოცულობის გაორმაგება მოხდება, მაშინ ხომ...

მაგრამ ამისთვის პეკინს კოვიდის სწრაფი დამარცხება მოუწევს. ამისთვის საჭიროა უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისის შეჩერება, ამისთვის საჭიროა მტკივნეული და ხარჯიანი რეფორმების გატარება: უნდა გაიზარდოს საპენსიო ასაკი (რასაც მოსახლეობის მღელვარების გამოწვევა შეუძლია), უნდა გაძლიერდეს სოციალური დაცვა, უნდა შეწყდეს მსხვილი ბიზნესის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებიც.

რასაკვირველია, პეკინმა დასავლეთთან ურთიერთობაც უნდა გააუმჯობესოს. ჩინეთი აქტიურად ცდილობს გავლენის გაძლიერებას მსოფლიოში და საზღვარგარეთ დიდ ინვესტიციებს აბანდებს. ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს, ფლობს ბირთვულ იარაღს და აქვს მუდმივი ადგილი გაეროს უშიშროების საბჭოში.

ამასთან, პეკინისთვის დასავლეთთან ეკონომიკური მეტოქეობა ჯერ კიდევ ძნელია. ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 20 ტრილიონ დოლარს შეადგენს ანუ მსოფლიო ეკონომიკის, დაახლოებით, 20%-ს, ამერიკის წილია 25%, დანარჩენი განვითარებული ქვეყნებისა - 60%. ასე რომ, პეკინს ძალების დაძაბვა მოუწევს მათ გასასწრებად.

სი ძინპინს მხოლოდ ხუთი წელი აქვს ამ კითხვებზე პასუხისათვის. კონსტიტუციაში 2018 წელს შეტანილი ცვლილება მისთვის პარტიისადმი სამუდამო მმართველობას არ ითვალისწინებს - ის მხოლოდ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თამჯდომარეობის ვადას ეხება და არა - პარტიის გენერალურ მდივნობის ვადებს. ეს ნიშნავს, რომ ხუთი წლის შემდეგ ისევ იქნება პარტიის ყრილობა და ისევ დაიწყება ფარული ბრძოლა, რომლის წარმატება უშუალოდ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება ქვეყანა.

"ჩინეთის კომპარტიის პოლიტიკური ლეგიტიმურობა სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას ეფუძნება. როცა საშუალო ჩინელი საკუთარ თავზე იგრძნობს, რომ საქმე ცუდად მიდის, იგი უკმაყოფილო იქნება... ამიტომაც დგას ამოცანა წარმოების ყოფილი ტემპების დაბრუნებაზე, რომელსაც ჩინელები ბოლო ათწლეულებში მიეჩვივნენ", - განმარტავს პრობლემის მასშტაბს კოლინ კოხი, სინგაპურის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი.

სი ძინპინმა კი ფსონი ავტორიტარიზმის განმტკიცებაზე, სიმდიდრის გადანაწილებასა და დასავლეთთან კონფლიქტზე დადო. იმუშავებს თუ არა ასეთი მეთოდი, ამას ხუთი წლის განმავლობაში დავინახავთ. და თუ ამხანაგი სი მეოთხე ვადით დარჩება კომუნისტური პარტიის გენმდივნად, ათი წლის შემდეგ ჩინეთს 80 წლის მმართველი ეყოლება, რომელსაც მხრები 20-წლიანი უწყვეტი ხელისუფლებით ექნება "დამძიმებული".

მოკლედ, ისტორიული ექსპერიმენტი დაწყებულია და ძალას იკრებს... წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ