"ბოლშევიკური მითია, რომ ქართველებს ბელადი უნდათ, რომელსაც ერთიანად უკან გაეკიდებიან ცხვრებივით" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი? - კვირის პალიტრა

"ბოლშევიკური მითია, რომ ქართველებს ბელადი უნდათ, რომელსაც ერთიანად უკან გაეკიდებიან ცხვრებივით" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"დღეს დილას ხანმოკლე კამათი მომიხდა ადამიანთან, რომელმაც გამომიცხადა რომ ქართველებს შინაარსი არ აინტერესებთ, ქართველებს აინტერესებთ მაღალი, პოპულისტი ბელადი - ამიტომ შინაარსს უნდა გავეშვათ და ისეთი ალიანსები ვეძებოთ, სადაც პოპულისტი ლიდერია და ლოკომოტივად გამოგვადგება.

ეს ბოლშევიკური მტკიცება ქართველების უშინაარსობაზე და ველურობაზე არანაკლებ დამაზიანებელია ვიდრე რუსული ოკუპაცია.

ესეც ოკუპაციაა - ბოლშევიკების მიერ საქართველოს ისტორიის წაშლის შედეგად წარმოქმნილი მითი, რომელსაც ტყვეობაში ყავს ქართული პოლიტიკა და განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს.

ქართველი, თავისი არსით და გენეტიკურად არის ევროპელი.ჩვენი, ჩვენი პარტიის ამოცანა არის ქართველების ევროპელობასთან, საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის მემკვიდრეობასთან კავშირის აღდგენა.იყო ქართველი, ნიშნავს იყო ევროპელი - ესაა ჩვენი პარტიის არსი.

ბოლშევიკური მითია, რომ ქართველებს ბელადი უნდათ, რომელსაც ერთიანად უკან გაეკიდებიან ცხვრებივით.

ქართველი ხალხი, თავისი მოწყობით არის ევროპელი, ისტორულად, ტრადიციებით და ჩვეულებებით.

გენერალი გიორგი კვინიტაძე:

„საქართველო და ქართველი ხალხი თავისი ჩვეულებებით, თავისი ადათებით, სახელმწიფო მოწყობით, არის ევროპელი და არა აზიური. უნდა შევადარო, რა არის სახელწიფო მოწყობა ევროპისა და აზიისა. აზიაში და ასევე რუსეთში არასდროს არსებობდა ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ფედერალიზმს. საქართველოში კი ჰქონდათ ფედერალიზმი, ისევე როგორც ევროპაში. ამიტომ თავისი მოწყობით ქართველი ხალხი არის ევროპული და არა აზიური. როგორც გითხარით, რუსებს ჰქონდათ სხვაგვარად. მათ ფედერალიზმი არასდროს ჰქონდათ, ამიტომ მათში უფროსი იყო საშინელი ძალით აღჭურვილი, ჩვენში კი - არა.

“რაც მალე შევწყვეტთ ქართველების ბოლშევიკურ შეურაცხყოფას და მათთვის გაუგებარი მითების თავს მოხვევას, მით მალე წავალთ წინ.თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო - ყველა, ვინც ქართველებს აბრალებს რუსულ მენტალიტეტს და ამტკიცებს რომ პოპულისტი ბელადი გვინდა, ნებით, თუ უნებლიეთ საქართველოს ისტორიას შლის და საზოგადოებას ანადგურებს", - წერს ჩერგოლეიშვილი.