ტაჯიკმა გასტერბაიტერებმა რუსეთის არმია შიგნიდან "დაცხრილეს"... - კვირის პალიტრა

ტაჯიკმა გასტერბაიტერებმა რუსეთის არმია შიგნიდან "დაცხრილეს"...

25 სექტემბერს ჩემს ბლოგში გამოვაქვეყნე სტატია "პუტინი უზბეკ-ტაჯიკი მიგრანტებით აპირებს დამარცხების პირას მყოფი რუსეთის არმიის გაძლიერებას...", რომელშიც ვწერდი, რომ "...კრემლი კიდევ ერთ ხავსს ეჭიდება და სასწრაფოდ იღებს კანონს: "უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არანაკლებ ერთწლიან კონტრაქტს დადებენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურზე, გამარტივებული წესით მიიღებენ რუსეთის მოქალაქეობას" და… უზბეკი და ტაჯიკი მიგრანტები მოსკოვში, ძირითადად, მშენებლობებზე მძიმე სამუშაოებს ასრულებენ, ასევე, მუშაობენ მეეზოვეებად და დასუფთავების სამსახურში, თუმცა მათ ეს უღირთ, რადგან სამშობლოში ამდენსაც კი ვერ შოულობენ.

პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონი, ძირითადად, სწორედ ამ შუა აზიელ მიგრანტებზეა გათვლილი, რომლებსაც უკრაინასთან ომში გაჭირვებული რუსეთი ასეთ არჩევანს სთავაზობს - გახდები ჩემი მოქალაქე, ამისთვის კი სულ რაღაც ერთი წლით იმსახურე რუსეთის არმიაში, რისთვისაც კარგ ანაზღაურებასაც მიიღებო..."

და, აი, უკვე 15 ოქტომბერს, რუსეთის ბელგოროდის ოლქის სოლოტის სამხედრო პოლიგონზე ორიოდე წუთში 11 სამხედრო დაიღუპა,15 კი - დაიჭრა...

რა მოხდა?

იმის გამო, რომ ეს პოლიგონი უკრაინის ჩრდილოეთის საზღვრიდან მხოლოდ ოციოდე კმ-ში მდებარეობს და თანაც - ქალაქ ვალუიკთანაა განთავსებული, რომლისთვისაც უკრაინელი არტილერისტები ჭურვებს არ იშურებენ, თავდაპირველად ყველამ იფიქრა, რომ უკრაინელების ერთი საპასუხო საარტილერიო დარტყმა გამოდგა ასეთი შედეგიანი, მაგრამ რეალობა ამაზე ტრაგიკული აღმოჩნდა თავად რუსეთის არმიისთვის...

ტრაგიკული იმიტომ, რომ რუსეთის არმიის კონტრაქტით მომსახურე სამხედროების ერთმა ნაწილმა მეორე... ავტომატებით გადაცხრილა, უკრაინელების არტილერიის ყოველგვარი ჩარევის გარეშე...

2-j-1666013379.jpg
სასროლეთის ფოტო, სადაც ეს სისხლიანი ინციდენტი მოხდა

ანუ ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამმა მოქალაქემ, რომლებმაც რუსეთის პრეზიდენტის მიერ სულ რაღაც სამიოდე კვირით ადრე ხელმოწერილი კანონის - "უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არანაკლებ ერთწლიან კონტრაქტს დადებენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურზე, გამარტივებული წესით მიიღებენ რუსეთის მოქალაქეობას" თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ოფიციალური კონტრაქტი გააფორმეს ერთწლიანი სამხედრო სამსახურის შესახებ, სამხედრო წვრთნების დროს პოლიგონზე გვერდში მდგომი თანამოსამსახურეების ავტომატებით დაცხრილვა დაიწყეს, სანამ ისინი მორიგე პრაპორშიკმა ტაბელური "მაკაროვის" პისტოლეტით, ახლო მანძილიდან გასროლით არ მოკლა...

რა შეიძლება გამხდარიყო ამ სასიკვდილო სროლების მიზეზი - წინასწარგანზრახული და დაგეგმილი ტერაქტი, რისთვისაც ტაჯიკეთის სამი მოქალაქე სპეციალურად ჩაეწერა რუსეთის არმიის საკონტრაქტო სამსახურში, თუ მაინც ყოფითი პრობლემები, რამაც ეს რადიკალური დაპირისპირება გამოიწვია...

სოციალურ ქსელში ვრცელდება ამ რუსულ პოლიგონზე სროლებისას დაჭრილი ერთ-ერთი თვითმხილველის მონაყოლი, რაც შეიძლება, მეტ-ნაკლებად ახლოს იყოს სიმართლესთან:

"ყველაფერი იმით დაიწყო", - ჰყვება დაჭრილი თვითმხილველი, - "რომ ჩვენი დანაყოფის რამდენიმე ჯარისკაცმა - დაღესტნელმა, აზერბაიჯანელმა და ადიღეელმა განაცხადეს, "ეს ჩვენი ომი არ არის" და რაპორტების დაწერა გადაწყვიტეს კონტრაქტის შესაწყვეტად, რათა უკრაინაში, ფრონტზე არ გაეგზავნათ.

გაიგო რა ამის შესახებ პოდპოლკოვნიკმა ლიპინმა, ყველა პლაცზე შეგვყარა და დაიწყო ლაპარაკი, რომ ეს რუსეთისთვის "წმინდა ომია", რასაც პლაცზე შეკრებილ რუსსა და მუსლიმან კონტრაქტით მომსახურეებს შორის ჩოჩქოლი და დაპირისპირებები მოჰყვა.

იმ ტაჯიკებმა კი პოდპოლკოვნიკ ლიპინს ხმამაღლა განუცხადეს, რომ "წმინდა ომი" მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, როდესაც მუსლიმანები ურჯულოებს ებრძვიან, რასაც ლიპინის მკვეთრი პასუხი მოჰყვა: "ალაჰი მშიშარა ყოფილა, თუკი ის ნებას არ რთავს, იბრძოლო იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ფიცი მიეცი"...

ამ სიტყვებმა კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება გამოიწვია, თუმცა დაძაბულობა ნელ-ნელა მინელდა, როდესაც სადილად სასადილოში წავედით.

საათ-ნახევრის შემდეგ, უშუალოდ პოლიგონზე, როდესაც ავტომატები და საბრძოლო ვაზნები დაგვირიგეს და მიზანში სროლაში ვარჯიშის დაწყებას ვაპირებდით, იმ ტაჯიკებმა ჩვენ - მუსლიმანებს გვითხრეს, გვერდზე გავწეულიყავით, რის შემდეგაც ავტომატების ჯერებით ჯერ პოლკოვნიკი ლიპინი მოკლეს, შემდეგ კი სხვა რუსი ჯარისკაცების დაცხრილვა დაიწყეს, სანამ შეიარაღების ოთახიდან პროპორშჩიკი სემიონოვი არ გამოვარდა და პისტოლეტით ის ორი ტაჯიკი არ მოკლა, მესამეც დაჭრა, მაგრამ მან მოახერხა პოლიგონიდან გაქცევა"...

თუკი დავუჯერებთ ამ თვითმხილველს, რომელიც ასევე მუსლიმანი უნდა იყოს, მაგრამ წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც დაიჭრა, ამ სისხლიანი ინციდენტის მთავარი მიზეზი მაინც ყოფითი დაპირისპირება გახლდათ, რისი წინაპირობა ისიც იყო, რომ დანაყოფის მეთაურობა ამ მორწმუნე ტაჯიკებს, თურმე, ნამაზის საშუალებასაც არ აძლევდა...

თანაც ეს თვითმხილველი ირწმუნება, რომ დაღუპული 11 კი არა, არამედ - 30 იყო, პლუს - ის ორი ტაჯიკიც.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის (რომელიც, სინამდვილეში, რამდენიმე ეტაპად ხორციელდება და ფარული სრული მობილიზაციისკენ მიდის) დაწყების შემდეგ უკვე ორ ათეულამდე მობილიზირებული ისე დაიღუპა, ძირითადად, გაუთავებელი ლოთობისა და მასობრივი ჩხუბების შედეგად, რომ ფრონტის ხაზამდეც ვერ ჩააღწია.

თუმცა რუსულ პოლიგონზე კონტრაქტგაფორმებულებს შორის შეიარაღებული გარჩევები კიდევ ერთ დიდ, შენიღბულ საფრთხეს წარმოადგენს იმ რუსეთის არმიისთვის, რომელიც უკრაინაში ომის წაგების გადავადებისთვის თავის რიგებში უკვე ყველას "ეპატიჟება" - რეციდივისტებს ციხეებიდან თუ - გასტრაბაიტერებს პოსტსაბჭოთა მუსლიმანური ქვეყნებიდან...