“ოცნებას“ ჰქონდა პროგნოზი, რომ რუსეთი ძალიან სწრაფად დაამარცხებდა უკრაინას და როგორც კი დაამარცხებდა, მეორე დღესვე შემოტრიალდებოდა საქართველოსკენ" - კვირის პალიტრა

“ოცნებას“ ჰქონდა პროგნოზი, რომ რუსეთი ძალიან სწრაფად დაამარცხებდა უკრაინას და როგორც კი დაამარცხებდა, მეორე დღესვე შემოტრიალდებოდა საქართველოსკენ"

გახარია ორპოლუსიან მატრიცაში ვერ ჯდება, საინფორმაციო ველში ვერ შემოდის - მელია კიდე უარეს დღეშია, ჯერ შიგნით უნდა დალაგდეს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ოპოზიციურ ფლანგზე პასიურობის მიზეზზე საუბრისას განაცხადა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, ნიკა მელიამ რომ ხმამაღალი განცხადებები გააკეთოს, პირველ რიგში, მისი კრიტიკოსები მისივე პარტიაში გაჩნდებიან.

რაც შეეხება, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს გიორგი გახარიას, ხუხაშვილის თქმით, „გახარიასი ესმის“.

„ორი პოლუსი ჩამოყალიბდა. როდესაც შუას გაკრეფა ხდება და ტემპერატურა არის ძალიან მაღალი, ორი ურჩხული ერთმანეთს ებრძვის, იქ ძალიან ძნელია სივრცეში გამოჩენა. გახარია ხომ ამ ორპოლუსიან მატრიცაში ვერ ჯდება. საინფორმაციო ველში ვერ შემოდის, განა არ უნდა. სად უნდა შემოვიდეს, ადგილს არ ტოვებენ. მელია კიდევ უარეს დღეშია, ჯერ შიგნით უნდა დალაგდეს. მელიას ორი ფრონტი აქვს, მას შიგნით პარტიაში აქვს ფრონტი, იქ აქვს დასალაგებელი. მან რომ ხმამაღალი განცხადებები გააკეთოს, პირველ რიგში მისი კრიტიკოსები გაჩნდებიან მისივე პარტიაში, რაც არაერთხელ მომხდარა. მას უწევს მანევრირება. „ნაციონალურ მოძრაობაში ხდება, ემოციის და რაციოს დატაკება. ემოციურად - „მოდი დილას დავიწყოთ, საღამოს დავამთავროთ“ და თუ საღამოს ვერ ამთავრებენ მელიას ბრალია. თვითონაც არ იციან როგორ უნდა დაამთავრონ, მაგრამ მელიას ბრალია და მორჩა, ქოქოლას დააყრიან პრობლემა არ არის. მას უწევს ხარკის გადახდა ამ ხალხისთვის. ბოლოს გაახმოვანა ინიციატივა, ჩვენი მოთხოვნა იქნება რიგგარეშე არჩევნებიო, დარწმუნებული ვარ, თვითონ არ სჯერა მაგ მოთხოვნის. იძულებული გახდა, რადგან ეს ხალხი მუდმივად მათრახის ქვეშ ამყოფებს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილმა გადაცემაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზეც ისაუბრა, რომელიც რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოს აღიარებს და რომლის მისაღებ კენჭისყრაშიც საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა არ მიიღო.

გია ხუხაშვილის შეფასებით, „ოცნება“ ცდილობს „მანევრები ატაროს“ და თუ საშუალება მიეცემა რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა გაატაროს, ამას გააკეთებს.

„ჩვენ გვახსოვს ნარატივი, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რამე ისეთ არ წამოგვცდეს, რამე ისეთი არ გავაკეთოთ, რომ აქ მეორე ფრონტი გაიხსნას. სრული სისულელე იყო, მაგრამ მოლოდინებს ქმნიდნენ, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით ძალიან წყნარად, ჩუმად და კონსტრუქციულები რუსეთთან მიმართებაში. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ მანევრები ატაროს. არის ფორუმები, სადაც ისინი აძლევენ ხმას ანტირუსულ რეზოლუციებს, მაგრამ თუ მათ მიეცათ მარტივი საბაბი იმისა, რომ რუსეთის არგაღიზიანების პოზაში ჩადგნენ, ისინი ამას აკეთებენ. ეს იყო ის შემთხვევა, როცა მათ საბაბი მიეცათ.

მე მოვიქცეოდი ასე, „ქართული ოცნების“ დელეგაციის სახელით შეუძლიათ გააკეთონ ცალკე განცხადება, რომლითაც აღიარებენ, რომ რუსეთი არის ტერორისტული ქვეყანა. დელეგაციამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნოს, გადაუგზავნოს საპარლამენტო ასამბლეასაც, რომ მათი პოზიცია სწორად გაიგონ, რატომ არ აკეთებენ ამას?

რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ გულწრფელი არაა, ის გულწრფელი არაა თავის ბუნებით. არასოდეს არ არის გულწრფელი, გულწრფელობაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა საბაბი თავისი ელექტორატისთვის, თუ რატომ არ უყარეს კენჭი, სათქმელი აქვთ, რომ სააკაშვილის გამო“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს „ტრაქტატი 2-ზე“ ხელის მოწერისთვის ამზადებდა, ხოლო დღეს კი რუსეთის დამარცხების „შიში“ გაუჩნდათ.

“ოცნებას“ ჰქონდა პროგნოზი, რომ რუსეთი ძალიან სწრაფად დაამარცხებდა უკრაინას და როგორც კი დაამარცხებდა, მეორე დღესვე შემოტრიალდებოდა საქართველოსკენ და შემოგვთავაზებდა "ტრაქტატი 2-ზე“ ხელის მოწერას. შესაბამისად, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ ტრაქტატზე ხელმოწერისთვის მოემზადებინათ ქართული საზოგადოება. ისინი ატარებდნენ კაპიტულანტურ პოლიტიკას - „ომი ხომ არ გინდათ, რუსეთს ხომ და ვეომებით, მეტი რა გზა გვაქვს, ხელი უნდა მოვაწეროთ“. ქმნიდნენ მოცემულობას, რომელიც უნდა გვანებოდა 1783 წლის წინა პერიოდს.

მათ სერიოზულად დანერგეს რუსეთის უძლეველობის მითოსი, რომ რუსეთთან ომს აზრი არ აქვს და თუ დაგვჭირდა კაპიტულაციაზე ხელი უნდა მოვაწეროთ. დღეს მათ შეექმნათ იმის შიში შეიძლება მთლად ასე კარგად არ აქვს რუსეთს საქმე. ეს შიში ჩანს იქიდან, რომ ცდილობენ აღადგინონ ურთიერთობები ევროპასთან, ნაკლებად კრიტიკული იყვნენ, რაღაც ეტაპზე პირდაპირ შეტევაზე იყვნენ დედიან ბუდიანად, ახლა მანევრირება დაიწყეს და დესანტი გადასვეს ამ ფლანგზე. ახლა თეორიულად დაუშვეს, რომ დასავლეთმა შეიძლება რუსეთს ომი მოუგოს და შეიძლება ისევ ხელზე კოცნა დაჭირდეთ, ამიტომ გადასხეს დესანტი ამ ფლანგზე. წინა თვეების პროპაგანდისტული მუშაობით მათ შექმნეს ანტიდასავლური ელექტორალური ბუშტი და ახლა მოცემულობა ასეთია, რომ თუ დასჭირდათ ისევ დასავლეთზე გადათამაშება, ამ ელექტორატს, რომელიც ასეთი შრომა დაუჯდათ, ამდენი ფული და სახსრები ჩადეს ხომ არ დაკარგავენ? ამიტომ ადგნენ და ამ ფლანგზე გადასხეს დესანტი. დაიწყეს ტრიოთი, მერე გახადეს კვარტეტი, ახლა ნონეტი გახადეს და ხვალ შეიძლება რაღაც სიმფონიური ორკესტრი გახდეს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.