როგორ გადავარჩინოთ ჩიტები ზამთარშიროგორ გადავარჩინოთ ჩიტები ზამთარში - კვირის პალიტრა

როგორ გადავარჩინოთ ჩიტები ზამთარშიროგორ გადავარჩინოთ ჩიტები ზამთარში

ყველას უნახავს ზამთრის სიცივისგან მობუზული ფრინველები, რომლებსაც საკვებიც აკლიათ, სითბოც და მზრუნველობაც. ბევრი მათგანი გაზაფხულამდე ვერ ცოცხლობს და შიმშილისგან იღუპება. სწორედ ასეთი ფრინველების დახმარება გადაწყვიტა ჩვენმა ერთგულმა რესპონდენტმა, ორგანიზაციის - "ბუნების კონსერვაცია - საქართველო" - დირექტორმა დაჩი შოშიტაშვილმა, რომელიც პროფესიით ორნითოლოგია და ფრინველებზე ზრუნვას თავის მოვალეობად მიიჩნევს.

- ტყეებსა და ველურ ბუნებაში მცხოვრებ ფრინველებს ყოველთვის აქვთ იმდენი საკვები, რომ იარსებონ, თანამედროვე ქალაქები და დაბები კი ისეა მოწყობილი, რომ მხოლოდ ადამიანების საჭიროებებს აკმაყოფილებს. გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ფრინველებისთვის შეუსაბამოა. ჩვენს ბაღებსა და პარკებში, ძირითადად, ინვაზიური მცენარეებია, რომლებიც ფრინველებისთვის გამოსადეგ ნაყოფს არ იძლევა, ამიტომ ურბანულ გარემოში მცხოვრებ ფრინველებს საკვები რესურსი არა აქვთ, განსაკუთრებით - ზამთრის თვეებში, ამიტომ ჩვენ გარშემო მობინადრე ფრინველებს ხშირად სჭირდებათ ადამიანის მზრუნველობა და დახმარება.

- როგორ აპირებთ მათ დახმარებას?

- ძალიან მარტივად - გადავწყვიტეთ მოსწავლეებთან ერთად საკვებურები გავაკეთოთ და სკოლის ეზოებში ან მიმდებარე ტერიტორიაზე, ხეებზე დავკიდოთ. პროექტი მხოლოდ ფრინველებზე არ არის მორგებული, მთავარი მიზანია, სკოლის ეზოები გადავაქციოთ მეგობრულ კუთხეებად - იქ არა მარტო საკვებურები იყოს, არამედ პატარა სათბურები და ბუდეები ფრინველებისთვის, სასტუმროები - მწერებისთვის, ასევე - ციყვების სახლები, ზღარბების სამალავები და ა.შ.

- რომელ სკოლებში აპირებთ ამ ჩანაფიქრის განხორციელებას?

- თბილისის ხუთ სკოლაში (106-ე, 71-ე, მე-60, 144-ე და 145-ე). მეგობრული კუთხეებისთვის სკვერების მოწყობამდე მოსწავლეებთან შეხვედრები გავმართეთ და ვესაუბრეთ ურბანულ მრავალფეროვნებაზე, ფრინველებსა და ცხოველებზე, მათ საჭიროებებზე... ძალიან დიდი ინტერესი გამოავლინეს, თავადაც ბევრი იდეა გაგვიზიარეს, რამაც ძალიან გამახარა.

- მსგავსი სკვერები არის დასავლეთის ქვეყნებში?

- ევროპის ბევრ ქვეყანაში ეს საჭირო არ არის, რადგან ადამიანები თავიანთ ეზოებში ქმნიან ასეთ კუთხეებს. სამწუხაროდ, ჩვენთან ამგვარი ტრადიცია არ არსებობს. მოსახლეობამ არ იცის, რომ ჩვენს ფრთოსან მეგობრებს ზამთრის თვეებში ძალიან უჭირთ და გვინდა, ეს ინფორმაცია საზოგადოებამდე მივიტანოთ. ზამთრის სიცივეში დიდი მნიშვნელობა აქვს ხეებზე პატარა საკვებურების მოწყობას ან ბუდეების ჩამოკიდებას. მოზარდის ცნობიერება უფრო ადვილად იძერწება, ბავშვები ფრინველებსა და სხვა ცხოველებზე ზრუნვასაც შეეჩვევიან და თავიანთი ხელით საქმიანობასაც. რაც მთავარია, ამას ასწავლიან სხვებსაც. ჩვენი უმთავრესი მიზანი ხომ ჯანსაღი და უკეთესი თაობის აღზრდაა! ბავშვებს გაუჩნდებათ ემპათია იმ არსებების მიმართ, რომლებსაც ლაპარაკი არ შეუძლიათ.

311867577-1283783362379528-7689354587104002501-n-1666026595.jpg

- ვინმე გეხმარებათ ამ საქმეში?

- მხარს გვიჭერს გაეროს განვითარების პროგრამა და თუ გაამართლებს, დიდი სურვილი გვაქვს, ასეთი კუთხეები თბილისის ცენტრალურ სკვერებშიც შევქმნათ. ურბანულ ტურსაც მოვაწყობთ დიღმის ჭალების ტერიტორიაზე, სადაც ხუთივე სკოლის ბავშვები ერთმანეთს გაიცნობენ, საკუთარ იდეებსა და შეხედულებებს ერთმანეთს გაუზიარებენ. დიღმის ჭალები, შეიძლება ითქვას, თბილისში შემორჩენილი "მწვანე კუნძულია", სადაც მკაფიოდ ჩანს, რაოდენ დამანგრეველია ურბანული განვითარება ბუნებისთვის. იანვრის შუა რიცხვებიდან დავიწყებთ ბუდეებისა და საკვებურების მოწყობას, მარტიდან კი სკოლებში ხე-მცენარეების დარგვას ვაპირებთ. მათ საქართველოს ბუნებიდან ავირჩევთ და არც ერთი არ იქნება ინვაზიური სახეობა. ისეთი ხეები უნდა გავაშენოთ, რომელთა ნაყოფს ფრინველები, მწერები და ცხოველები საკვებად გამოიყენებენ.

- ჩვენს ქალაქებში უამრავი მიუსაფარი ცხოველია...

- მიუსაფარი ძაღლებისა და კატების პრობლემა სულ სხვაა, რადგან ისინი ველური ბუნების წარმომადგენლები არ არიან. მაგალითად, კატებს ქალაქში შეუზღუდავი საკვები რესურსი აქვთ - ადამიანები კვებავენ ან ნაგვის ურნებიდან მოიპოვებენ, თანაც უკონტროლოდ მრავლდებიან და შეუძლიათ წელიწადში რამდენიმე თაობა მოგვცენ. მათი რაოდენობა უსასრულოდ იზრდება, რაც ფრინველებისთვის საფრთხეა და ეს მთელ მსოფლიოში დიდი პრობლემაა. ფრინველები ზამთარში გაცილებით უმწეო არიან, რადგან მათი საკვები რესურსი შეზღუდულია, თანაც ბუნებაში ბევრი მტერი ჰყავთ. ვერც ისე სწრაფად მრავლდებიან, როგორც კატები ან ძაღლები.

- ფრინველებისთვის როგორი საკვებურების მოწყობას აპირებთ?

- საკვებურებს ხისგან შევჭედავთ. პატარა სახლები იქნება, ორივე მხრიდან ღია, ხოლო "იატაკზე" ფრინველების საკვები ეყრება. რასაკვირველია, საკვებურის გაკეთება პოლიეთილენის ბოთლისგანაც შეიძლება, მაგრამ ვინც ამას გადაწყვეტს, პასუხისმგებელი უნდა იყოს, რომ ეს ბოთლი ბუნებაში არ მოხვდება. მოგეხსენებათ, ბოთლები დიდი ხნის განმავლობაში არ იშლება, გარემოში რჩება და დიდ ზიანს აყენებს, ამიტომ გადავწყვიტეთ ხისგან დამზადება.

- ხომ შეიძლება ფრინველებს საკვები ზაფხულშიც დავუყაროთ?

- საკვების მიწოდება მხოლოდ ზამთარშია აუცილებელი, როცა ფრინველებს საკვების მოპოვება უჭირთ. თუ მათ მთელი წლის განმავლობაში გამოვკვებავთ, გაზარმაცდებიან და შეიძლება შიმშილითაც დაიხოცონ.

- ფრინველებს ხშირად უყრიან საკვებს ეზოში ან ფანჯრის რაფაზე. როგორი საკვებია მათთვის სასარგებლო?

- უმეტესობა ფრინველებს პურის ნამცეცებს უყრის, მაგრამ მათ გამოსაკვებად ყველაზე კარგი მარცვლეულია. შეგიძლიათ სხვადასხვა სახის მარცვლეული ერთმანეთშიც აურიოთ, მაგალითად, სიმინდი, მზესუმზირა, მიწის თხილის გრანულები, ხორბალი, ასევე ფეტვი, ღომი და ა.შ. ამგვარად შეძლებთ გამოკვებოთ როგორც შედარებით პატარა, ასევე უფრო დიდი ზომის ფრინველებიც. მზესუმზირა ჩიტებისთვის შესანიშნავი საკვებია და მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ მისცეთ, გარჩეულიც და გაურჩეველიც. არ გამოიყენოთ მარილიანი ან მოხალული მიწის თხილი. თუ საკვებურზე ან თეფშზე ობიანი საკვები დაგხვდებათ, ეს ნიშნავს, რომ ჩიტებს საჭიროზე მეტ საჭმელს უტოვებთ. ასეთი ჭურჭელი კარგად უნდა გაასუფთაოთ და მარცვლეული მხოლოდ ამის შემდეგ დაყაროთ.

- ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამო უამრავი ფრინველი იხოცება. აუხსენით ჩვენს მკითხველს, რატომ...

- პიროტექნიკა ბუნებაზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს. დღესასწაულისას გარემოში დიდი რაოდენობით ქიმიური ნივთიერება იფრქვევა, ამასთან, ასაფეთქებლების გამო ყოველ წელიწადს უამრავი ადამიანი ხვდება დამწვრობის ცენტრში.

რა ზიანი მოაქვს პიროტექნიკას ფრინველებისთვის? ძალიან დიდი: ფრინველი მიუჩვეველია ასეთ გამაყრუებელ ხმაურს, პანიკაში ვარდება და ცდილობს თავის ბუდეს განერიდოს. უმრავლესობა, სამწუხაროდ, სიბნელეში ვერ ხედავს, ამიტომ ბუდიდან გადმოფრენილი ჩიტები შუშებს ეჯახებიან და მერე კატების ან სხვა ცხოველების კლანჭებში ხვდებიან. ვფიქრობ, შობა-ახალი წლის დღეებში ზომიერება უნდა შევინარჩუნოთ და ისე ვიზეიმოთ, რომ ჩვენი ფრთოსანი მეგობრები არ დავაზიანოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე