იქნებ დღეს მაინც, ჩვენ, ყველას შეგვრცხვეს პატარა მარიტას გამო! - კვირის პალიტრა

იქნებ დღეს მაინც, ჩვენ, ყველას შეგვრცხვეს პატარა მარიტას გამო!

გაიხსენეთ 2010 წელის გლდანის ხიდი, გიგი უგულავას მერობის დროს, ახლადგარემონტებული ჩამოინგრა და მამა-შვილი იმსხვერპლა. ხიდი ორი საათით ადრე შეამოწმეს, ჩაიბარეს და ექსპლუატაციაში გაუშვეს, გიგი უგულავამ მაშინ მედია დაბლოკა, არც ტელევიზიები გაჰყვიროდნენ უგულავა გადადგესო, 5 ათასი ლარი გამოუყო დაღუპულ ოჯახებს მამუკა ქაცარავამ და შეიძლება ითქვას, ასე ჩაფარცხეს! დღევანდელ ტრაგედიას კი მთელი ერი ვგლოვობთ. დღეს სხვაგვარად არის საქმეც.

ეს ფაქტი იმიტომ კი არ მოვიყვანე, რომ ბევრივით „ვიღაცებს“ ცოდვები გავუხსენო და „სხვები“ დავიცვა. რა პირით ეძახით ასე ხელაღებით ადამიანს ბავშვების მკვლელს, როდესაც მსგავსი ფაქტი თქვენც გადაგხდათ? რა პირით ლაპარაკობთ პასუხისმგებლობაზე, როდესაც უპასუხისმგებლობების მთელი კასკადია თქვენს ბიოგრაფიაში? რა პირით ლაპარაკობთ კორუფციაზე, როდესაც კორუმპირებული თანხებით სავსე გაქვთ ჯიბეები!

სანამ არ იტყვით - უგულავას, მაშინ რომ გარდაცვლილის ახლობლები ფულით არ მოექრთამა (რა? ხომ ასე იტყოდით უგულავაზე „ოცნების“ მერი რომ ყოფილიყო?) მარიტა დღეს ცოცხალი იქნებოდა, ვინაიდან მაშინ არაფერი გაკეთებულა სისტემის შესაცვლელად, არც ხარვეზების ამოსავსებად, არც არავის დასასჯელად. ვიდრე არ აღიარებთ, რომ თქვენსავე ტელევიზიებში გამოსაჩენად და საკეკლუცოდ გჭირდებათ კორუფციაზე საუბარი, სინამდვილეში კი „გრინ სერვის-პლიუსი“ "ნაცების" საკუთრებაში არსებული კომპანია იყო და ბევრი რამ გააბედინეთ, ვიდრე არ აღიარებთ, რომ არასოდეს გრცხვენოდათ "ქართული ჯიგრული პონტის" და ყოველთვის ჩქმალავდით ინტერესთა კონფლიქტს, რომ „თქვენი“ ურთიერთობებიც კლანურობაზეა დაფუძნებული, ვიდრე არ აღიარებთ, რომ ყოველთვის ერთი ჩანს, სხვა მრავალი „შავი“ ჯგუფი კი ჭამს და ხალხის ბედი არასოდეს არაფრად მიგაჩნდათ, არაფერი გამოგივათ და ნუ გიკვირთ, რომ ხალხი არ აგყვებათ.

იმიტომ კი არა, რომ „ამათთან“ ყველაფერი წესრიგშია, არა, იმიტომ, რომ თუ რამის შეცვლა ვინმეს უნდა, ყოველი წინადადება უნდა დაიწყოს „ჩვენ-ით“! ჩვენ! ჩვენ! მთელი ქვეყანა წლებია ამ უაზრო სისტემაში ვცხოვრობთ და დღესაც, მესამე პირში ლაპარაკი სასაცილოა. ეს ტრაგედია ყველას პასუხისმგებლობაა.

აღიარეთ, რომ გულში, მალულად გიხარიათ, რომ აქციების ჩატარების საბაბი მოგეცათ. ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის კი ეს აღარაფერს ნიშნავს! სანამ, ყველა, ე.წ. პოლიტიკოსები, ქვეყნის „განმკარგველები“, ტელევიზორებიდან ირონიული სახეებით და თითით მოსაუბრეები საკუთარ პასუხისმგებლობაზე საუბარს არ დაიწყებთ, ფუჭია თქვენი ქმედებები. ჩვენ! დიახ, ჩვენ რომ ასე არ გვექნა, ჩვენ რომ ეს შევცვალოთ, ჩვენ რომ ეს გავაკეთოთ - საკუთარ ცხოვრების წესში, ხელისუფლების წესში, რადგან სისტემა მხოლოდ ერთი კაცი არ არის. ხანდახან ერთობ მიკვირს, ისეთი ისტერიული ტონით ლაპარაკობთ მესამე პირში, გეგონება აწყობილ ქვეყანაში ვცხოვრობდით და ერთმა ამბავმა ან ერთადერთმა უპასუხისმგებლობამ დაარღვია ჩვენი მყუდროება. პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ და მუდამ ვიღაცის „ტვირთი!“ ის არის ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობა.

ვაკვირდები ამ ნაცრისფერ დღეებს და როგორი იმედი მქონდა ეს ანგელოზივით ბავშვი იქნებ გამხდარიყო საფუძველი იმისა, რომ ყველა გავხდეთ ადამიანები. სისტემის მოშლის საფუძველი გამხდარიყო, არა „ვიღაცის“ გადაყენება, არამედ პირველ რიგში საკუთარი პასუხისმგებლობის აღება ჩვენი საქმის მიმართ... განვითარებულობა - ქვეყანას მორგებული ერთი სისტემაა, რომელიც ერთი კაცის მეორეთი შეცვლით არავინ არღვევს. კანონზე მაღლა პირად სიამოვნებას და ძმაკაცობას არავინ აყენებს...

რამდენი ხანია ჩვენს ქვეყანაში პასუხისმგებლობის არარსებობის პიკზე მინდა დავწერო და... იქნებ დღეს მაინც ჩვენ, ყველას შეგვრცხვეს პატარა მარიტას გამო! იქნებ ბავშვის ტრაგედია მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის წყურვილით არ გადაფაროთ. იქნებ მართლა აღიაროთ და ერთად შევცვალოთ დრომოჭმული კაი-ტიპობის, ნაცნობობის და გავლენების სისტემა, ერთმანეთის ხათრის სისტემა, ერთხელ მაინც წინ გადავდგათ ნაბიჯი და რაღაც ვისწავლოთ, თუნდაც ის, რომ არავითარი შადრევანი რკინის ჯებირებით არ იღობება არასდროს, არამედ მოქალაქეებს სცემენ პატივს და მანიშნებელს დგამენ - მაქვს შიგნით ჩასვლის და გამოყენების უფლება თუ მხოლოდ გარედან სილამაზით და წყლის ნაკადით უნდა დავტკბე... ხომ მარტივია? გეკითხებით, ადვილია?

მაგრამ პასუხისმგებლობა არ არის ადვილი! იცით რატომ? ეხლა გეტყვით იმას, რაც ტელევიზორში გამოჩენილებმა, მაგარმა ტიპებმა, ე. წ პოლიტიკოსებმა, თუ სხვებმა არ იცით. არ იცით იმიტომ რომ არასოდეს დაინტერესებულხართ და არც არასდროს დაგჭირვებიათ.

პასუხისმგებლობის აღების სურვილის ქონა - აზრიანი ცხოვრების, სიცოცხლის გაუმჯობესების ქონის გადაწყვეტილების მიღების ტოლფასია, რასაც ძალისხმევა სჭირდება. რთულია ხომ?

ამიტომ ვერ შეცვლით არსებითს, თქვენი აქციებიც ფუჭია, რადგან მხოლოდ სხვისი დასჯა გიხარიათ, რადგან ამპარტავან ადამიანად დარჩენა უფრო იოლია, უსამართლობის გზით სიმართლის მოთხოვნა უფრო იოლია, მარტო სხვისი შეცდომების დანახვა იოლია, მესამე პირში ლაპარაკი იოლია და მარიტასნაირების უმწიკვლო და უდანაშაულო ბავშვების გაწირვა ან წინ აფარება უფრო იოლია.