"შადრევნის ინსპექტირებაზე გარკვეული ხარვეზი უნდა დაფიქსირებულიყო და არავითარ შემთხვევაში, ასეთ მდგომარეობაში არ ჩავიბარებდით ობიექტს" - კვირის პალიტრა

"შადრევნის ინსპექტირებაზე გარკვეული ხარვეზი უნდა დაფიქსირებულიყო და არავითარ შემთხვევაში, ასეთ მდგომარეობაში არ ჩავიბარებდით ობიექტს"

ცალსახად პრობლემა საექსპერტო დასკვნაშია, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ასეთი ცალსახა და უნდა დაფიქსირებულიყო პრობლემა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ ვაკის პარკის რეაბილიტაციასა და მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ანდრია ბასილაიას თქმით, ინსპექტირების დროს გარკვეული ხარვეზი უნდა დაფიქსირებულიყო და ასეთ შემთხვევაში მერია ობიექტს არ ჩაიბარებდა.

"გამოძიება მიმდინარეობს, არ მინდა რაღაც ვერსიაზე საუბარი, თუმცა ამ შემთხვევაში ცალსახად პრობლემა არის იმ საექსპერტო დასკვნაში, რომელიც თუ რაიმე პრობლემა იყო, არ უნდა ყოფილიყო ასეთი ცალსახა და უნდა დაფიქსირებულიყო პრობლემა. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ შადრევნის ინსპექტირებაზე, იქ გარკვეული ხარვეზი უნდა დაფიქსირებულიყო და არავითარ შემთხვევაში ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ობიექტს არ ჩავიბარებდით.

როგორც გითხარით, ჩვენ უკვე ვსაუბრობთ გუნდის შიგნით. შეიძლება დამატებითი ბიუროკრატიული რგოლები გავაჩინოთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჯერ ვმსჯელობთ, ძალიან მძიმე ფაქტია და აუცილებლად უნდა გამოვიტანოთ ამასთან დაკავშირებით დასკვნები... ცალსახად შემიძლია გითხართ, რომ ასე არ გაგრძელდება სამუშაოები, სანამ ჩვენ არ დავრწმუნდებით, რომ 100%-იანად იქნება უსაფრთხო. ნამდვილად შემიძლია ამის შესახებ განცხადება გავაკეთო“, - განაცხადა ანდრია ბასილაია.

ანდრია ბასილაიას თქმით, იგეგმება სატენდერო შესყიდვების მიდგომების ცვლილება.

"რა თქმა უნდა, არ შეიძლება, რომ ასეთმა ფაქტმა არ შეცვალოს რეალობა და რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ გავაანალიზებთ პროცესს და სავარაუდოდ ოთხშაბათს, მთავრობის სხდომაზე მერი ამასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას, თუ რა შეიცვლება და რას მივიღებთ დამატებით ზომას. ვსაუბრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ საჯარო ინფრასტრუქტურა იყოს უფრო უსაფრთხო“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

"ინტერპრესნიუსი"