"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის ალტერნატიული გზა საქართველოზე გადის, ცხადი ხდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი როლი დასავლეთისთვის" - კვირის პალიტრა

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის ალტერნატიული გზა საქართველოზე გადის, ცხადი ხდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი როლი დასავლეთისთვის"

რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გამოქვეყნდა. 48-გვერდიანი დოკუმენტი ასახავს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხედვას ქვეყნის საშინაო და საგარეო გამოწვევებზე და იმას, თუ როგორ აპირებს თეთრი სახლი მათთან გამკლავებას. ამერიკის კონგრესის მანდატით გამოცემული დოქტრინა ერთდროულად იდეოლოგიურიც არის და პრაგმატულიც. მასში მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად დასახელებულია ჩინეთი და რუსეთი. უსაფრთხოების სტრატეგია აჩვენებს „ავტოკრატიულ და დემოკრატიულ“ სახელმწიფოთა მსოფლმხედველობას შორის ბრძოლაში ბაიდენის ადმინისტრაციის სანავიგაციო გზებს; ყველა ტიპის ქვეყანასთან მუშაობის სურვილს; პანდემიის, კლიმატური ცვლილებების, ინფლაციის და სხვა გლობალური საფრთხეების დაძლევის მცდელობას. ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ნიკოლოზ ხატიაშვილი აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საქართველოზე გაკეთებულ ჩანაწერს აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნული ჩანაწერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ კავშირებსა და ნათლად ასახავს საქართველოს დიდ როლს აშშ-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ დღის წესრიგში.

ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს და მათ მზადყოფნას, განახორციელონ მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალური რეფორმები“ - წერია დოკუმენტში

ნიკოლოზ ხატიაშვილი:

- აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საქართველოზე გაკეთებული ჩანაწერი ნათლად ასახავს საქართველოს დიდ როლს აშშ-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ დღის წესრიგში და ხაზს უსვამს ჩვენს ორმხრივ სტრატეგიულ მეგობრობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია, სადაც საუბარია საქართველოს მხარდაჭერაზე, ევროკავშირის გზაზე. წინა წლებში გამოტანილი დასკვნებისა და გამოცდილების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ამერიკა დოკუმენტში ასახავს რამეს, ეს არასდროს რჩება ფარატინა ფურცლად. ამას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე პრაქტიკული დახმარება. ახლა, როდესაც ევროინტეგრაციის გზაზე ვიმყოფებით, ამერიკის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებში ამერიკული დიპლომატიის ჩართვა. ამერიკა და, ზოგადად, დასავლეთი დიდი ყურადღებით აკვირდებიან ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება შავი ზღვის აუზი. ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში შედის, რომ ჩვენს რეგიონში სიმშვიდე იყოს. თქვენ იცით, რომ ევროკავშირის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის ალტერნატიული გზა საქართველოზე გადის, ცხადი ხდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი როლი და მნიშვნელობა დასავლეთისთვის.

- რას იტყვით იმაზე, რომ ამერიკას გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ, პირველ რიგში, ჩინეთი ჰყავს დასახელებული და შემდეგ - რუსეთი?

- ცალსახად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ რეალურად, რუსეთი ნომერ პირველი საფრთხეა არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ - მთელი მსოფლიოსთვის. რა თქმა უნდა, ამერიკას გარკვეული გამოწვევები აქვს ჩინეთთან, როგორც ერთი-ერთ დიდ მოთამაშესთან.

- როგორ წარმოგიდგენიათ, რა გავლენას იქონიებს ამერიკა-ჩინეთის დაპირისპირება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში?

- არ მგონია, ამ ეტაპზე რამე არსებითი მოხდეს. ახლა მსოფლიო კონცენტრირებულია რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაზე, ჩინეთი კი სცენის კულისებიდან იყურება. მიუხედავად იმისა, რომ წინა კვირებში მოვისმინეთ არა ერთი მუქარა ჩინეთის მხრიდან, ტაივანთან დაკავშირებით, არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში რამე სახის ესკალაციას ჰქონდეს ადგილი. რაც შეეხება ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებს, ვფიქრობ, ჩინეთი პოზიციას არ შეიცვლის, ბოლომდე ნეიტრალურ პოზიციას შეინარჩუნებს. დღეს მსოფლიოს ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება, ჩინეთი კარგად აანალიზებს სიტუაციას და ამერიკასთან დაპირისპირებას არ გაამწვავებს, რადგან ამას შეიძლება მოჰყვეს ბევრი ნეგატიური შედეგი, მათ შორის - ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც ძალიან არ აწყობს ჩინეთს.

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე