გამოჩენილი ქართველი  მწერლები  და  მეცნიერები : “იურინი”, “მაიაკოვსკი”, “შმიდტი”, “რაბათი”, “კადრი” - საბჭოთა უშიშროების  აგენტები იყვნენ - კვირის პალიტრა

გამოჩენილი ქართველი  მწერლები  და  მეცნიერები : “იურინი”, “მაიაკოვსკი”, “შმიდტი”, “რაბათი”, “კადრი” - საბჭოთა უშიშროების  აგენტები იყვნენ

ლუსტრაციის მოწინააღმდეგეთა ძირითადი არგუმენტი ძალზე საყურადღებოა: "1920-80-იან წლებში საბჭოთა სპეცსამსახურებს შეეძლოთ წამების შედეგად ნებისმიერი პიროვნება აეძულებინათ, ნებისმიერ დოკუმენტზე მოეწერა ხელი (მათ შორის "ნებაყოფლობითი" თანამშრომლობის ხელწერილზე), მიეცათ ოპერატიული ფსევდონიმი, საქმეში ჩაეკრათ ამ ვითომდა აგენტისგან "ნებაყოფლობით" დაწერილი ცნობა და ა.შ. ამიტომ ვინმეს პაპის ან პაპის-პაპის “ვჩკ"-“ნკვდ"-კგბ"-სთან თანამშრომლობის რაიმე დოკუმენტის (რომლის ნამდვილობას ვერც ერთი მხარე ვერ დაამტკიცებს და ვერც უარყოფს) ჰაერში აფრიალდება, საზოგადოების ერთიანობას და სიმშვიდეს ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს“.

მართლაც საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ მოქალაქეების სხვადასხვა ოპერატიულ "თამაშებში" ჩაბმა ისეთივე ჩვულებრივი მოვლენა იყო როგორც არაყზე რიგები რუსეთში. 1920-1950-იან წლებში ამას "ხალხის მტრების" წინააღმდეგ ბრძოლას ეძახდნენ, ხოლო 1960-1990-იან წლებში "უცხოეთის მტრული იდეოლოგიის შეტევისგან" ქვეყნის დაცვას. ხშირად კა-გე-ბე თავად ქმნიდა კონსპირაციულ ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს ეროვნული დამოუკიდებლობის, პოლიტიკური და სოციალური მოთხოვნების შირმით ახდენდა მოქალექეთა პროვოცირებას "დისიდენტურ" პროცესებში მონაწილეობის მისაღებად. შემდეგ კი "ხაფანგი" დაიხურებოდა და ყველა (ხანდახან მათ შორის იქ "ჩანერგილი" აგენტებიც) ციმბირში აღმოჩნდებოდნენ (აგენტები იქ "კამერებში“, უკვე "ნასედკების" ფუნქციას ასრულებდნენ).

გასული საუკუნის 20–50 იანი წლების რეპრესიების "სისხლიანმა მანქანამ“ ყველაზე ღრმა და მძიმე კვალი ქართველი ინტელიგენციის სულებს დამჩნია. ბევრმა ვერ გაუძლო და ფიზიკური განადგურების შიშით იძულებულნი გახდნენ დამსმენის სახელი (ზოგჯერ ფორმალურად) ეტარებინათ. ასე მიიღეს გამოჩენილმა ქართველმა მწერლებმა, ფილოსოფოსებმა, ისტორიკოსებმა, ენათმეცნიერებმა შინსახკომში “ქვიშხეთის", “ავგუსტოვსკის", “კონსულის", “იურინის", “მაიაკოვსკის", “შმიდტის", “რაბათის", “კადრის" და სხვ. ოპერატიული ფსევდონიმები.

beria-1666075020.jpg

ლავრენტი ბერია

ისეთი საზარელი დრო იყო, რომ თვითგადარჩენის ინსტიქტი მძლავრობდა სულზე. რამდენად გაუძლეს საბჭოთა პოლიტიკური პოლიციის ზეწოლას, ბერიას და ინაურის მზაკვრულ მეთოდებს, ფიზიკურ და სულიერ ტერორს?

საქართველოს ინტელიგენცია სისხლიან კალოს გარიდებას და ფიზიკურ გადარჩენას სხვადასხვა გზით ცდილობდა. “დათვი, რომ მოგერევა ბაბაი დაუძახეო", ეს ხერხი თითქმის ყველამ გამოიყენა, მაგრამ ზოგს გაუმართლა, ზოგი კი ცოცხალი ვეღარ გადარჩა. სუკ-ის არქივებიდან ირკვევა, რომ სასტიკი წამების შემდეგ ისინი იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ შინსაკხომთან თანამშრომლობაზე. რა გასაკვირია - მეცნიერული ნაშრომების წერას და ლექციების კითხვას მიჩვეული ხელი და გონება, ცხელი შანთით წამებას ვერ უძლებდა.

ისინი არ იყვნენ პროფესიონალი ტერორისტები და ე.წ. “რევოლუციონერები", მათი ნების გატეხვას საკმაოდ სწრაფად ახერხებდნენ საქართველოს შინსახკომის ჯალათები: ხაზანი (ტიციან ტაბიძის ჯალათი), სავიცკი და პარამონოვი (პროფესორ ერიკ ბედიას ჯალათები) და სხვები.

საბჭოთა სპეცსამსახურებს შეეძლოთ ნებისმიერი პიროვნება არაადამიანური წამების შედეგად ეძულებინათ ნებისმიერ დოკუმენტზე მოეწერა ხელი, მათ შორის “ნებაყოფლობითი" თანამშრომლობის ხელწერილზე, მიეცათ ოპერატიული ფსევდონიმი, საქმეში ჩაეკრათ ამ ვითომდა აგენტისაგან დაწერილი ცნობა და ა.შ. ასე ირეოდა ერთ სისხლიან სადღვებელში ჯალათი და მსხვერპლი, დამსმენი და დასმენილი.

ცნობილია, რომ საქართველოს უშიშროების სისტემის ერთ–ერთი "ღვაწლმოსილი“ თანამშრომელი ავქსენტი (ჭიჭიკო) რაფავა (1899–1955) ბერიას დავალებით წამებით აიძულებდა დაპატიმრებულებს ცრუ ჩვენებები მიეცათ ურთიერთზე. თუმცა ხშირად სხვანაირადაც ხდებოდა: ოთხი მეგობარი მწერალი ერთად სადილობდა. სიმთვრალეში ერთმა “ზემოთ" გასროლის აუცილებლობაზე სიტყვა წამოროშა. მეორე დილას საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივნის ლავრენტი ბერიას მაგიდაზე ოთხი დასმენა იდო: მწერლები ერთმანეთს აბეზღებდნენ. სამწუხაროდ ეს ანეკდოტი კი არა, ისტორიული ფაქტია და ოთხივე ქართველი მწერლის გვარი ცნობილია.

aqvsenti-1666075020.jpg

ავქსენტი (ჭიჭიკო) რაფავა

აგენტურული ინფორმაცია კი ათწლეულების მანძილზე “მირაკრაკებდა" შინსახკომში. მაგალითად 1936 წლის 2 აგვისტოს ინფორმატორი (გამოჩენილი ქართველი მწერალი) “ქვიშხეთი" იტყობინებოდა ბერიასა და რაფავასთან გამსახურდიას შეხვედრის დეტალების შესახებ.

ოპერატიული წყარო “ავგუსტოვსკი" (გამოჩენილი ქართველი მეცნიერი) 1937 წლის 11 ოქტომბერს იტყობინებოდა: “ჩემთან საუბარში გამსახურდიამ განაცხადა – ბერიამ იმდენი სიკეთე გამიკეთა, იმდენჯერ გადამარჩინა, რომ ამისთვის ძალზე დიდი მადლობელი ვარო".

ოპერატიული წყარო “კონსული" (გამოჩენილი ქართველი პოეტი) 1939 წლის 31 ივლისს იტყობინება: “ჩემთან საუბარში გამსახურდიამ თქვა – ეჟოვს ჩემი განადგურება უნდოდა, მაგრამ ლავრენტი პავლეს ძემ მიშველაო"

1939 წლის 7 აპრილს ქობულოვმა და დეკანოზოვმა ბერიას პატაკი მოუმზადეს: “ესა და ეს მოქალაქეები (გვარების მითითებით) შემდეგში მოხსენიებულნი შესაბამისად “შმიდტი" (გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი) და “რაბატი" ((გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერი), გადმობირებულნი არიან აგენტებად, რადგანაც თავად აღიარეს ანტისაბჭოთა მუშაობა და გერმანიის აგენტობა. ჩვენ განვუცხადეთ, რომ მათი გათავისუფლება პირობითია და მათი შემდგომი სრული რეაბილიტაცია დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად პატიოსნად შეასრულებენ შინსახკომის დავალებებს".

bogdan-1666075020.jpg

ბოგდან (ბახჩო) ქობულოვი

“მაიაკოვსი" 25 სექტემბერი 1940 წელი: “სახელმწიფო გამომცემლობის სარედაქციო სექტორის გამგე ევგენოვმა ჩემთან საუბარში განაცხადა: გამსახურდიამ თავი მოგვაბეზრა, ამ წიგნის (საუბარი იყო “დიდოსტატის მარჯვენაზე“:– ბ.ა.) გამოცემის საქმეშიც სულ ბერიას სახელით გვემუქრება".

ოპერატიული ცნობებიდან ირკვევა, რომ გამსახურდია მორიგი წიგნის (“ბელადის ბავშვობა") გამოცემისას წამოჭრილ ხელისშემშლელი პრობლემების გადაჭრას ბერიას ავტორიტეტის გამოყენებით ცდილობდა.

ოპერატიული წყარო “შმიდტი" 1941 წლის 10 თებერვალს იტყობინებოდა: “გამსახურიდია დარჩა რა პირისპირ შალვა ნუცუბიძესთან, ბერიას სსრკ შინაგან საქმეთა სახკომად დანიშვნის შესახებ დაიწყო საუბარი და უთხრა, არ დაგავიწყდეს, რომ მე და შენ ბერიამ გადაგვარჩინაო".

სისხლიანი რეპრესიების დროს კურიოზებიც ხდებოდა. ცემისა და წამებისგან დაუძლურებულმა ერთ-ერთმა პროფესორმა გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობაში თანამონაწილედ . . . გიორგი სააკაძე დაასახელა, ამის გამგონე სახელმწიფო უშიშროების უფროსმა ლეიტენანტმა, ოდესელმა ებრაელმა ალექსანდრე ხაზანმა გიორგი სააკაძის სასწრაფოდ დაპატიმრების სანქცია გასცა.

ცემა-წამების პროცესში ოპერატიულ თანამშრომლებს ხშირად უფროსობაც (ქობულოვი და რაფავა) ეხმარებოდა. ყველაზე მნიშვნელოვან “ხალხის მტრებს" კი ბერია პირადად უსწორდებოდა.

დაპატიმრების სანქციაზე ბერიას რეზოლუცია - “გამოიყენეთ რეჟიმი", ცემას გულისხმობდა, ხოლო “მკაცრი რეჟიმი" – სასტიკ ცემასა და წამებას. ხშირად სანქციისა და ორდერის გარეშე დაპატიმრებულებს პირდაპირ “დამუშავებას" უწყობდნენ, რაც ყოველგვარი დაკითხვის გარეშე სასტიკ ცემას ნიშნავდა.

მძიმე ბედი ხვდათ დიდ ქართველ მწერლებს, მეცნიერებსა და ხელოვნებს. ნაცვლად იმისა, რომ თავდაუზოგავად ემუშავათ და შედევრები შეექმნათ, საბჭოთა ხელისუფლების ხრიკებისგან უხდებოდათ თავდაცვა. ზოგიერთნი ( სხვებისგან განსხვავებით) ცოცხლები გადარჩნენ, თუმცა უდიდესი სულიერი ტკივილი გადაიტანეს. ზოგი მათგანისთვის ცხოვრების დარჩენილი წლები სულიერ თვითგვემად და სატანჯველად იქცა. “შმიდტის", “რაბატის" და სხვა გამოჩენილი ქართველი მწერლებისა და მეცნიერების ვინაობა ცნობილია, თუმცა მათი მოხსენებით არ მინდა ტკივილი მივაყენო მათ შთამომავლობას.

ალბათ მათი ტრაგიკული ბედი ჰქონდა მხედველობაში აკაკი ბაქრაძეს, როცა წერდა: “წინასწარ არავინ უწყის, ვინ რას ჩაიდენს, როცა ყურში ნემსს გაუყრიან . . . როცა ფეხებით თავდაყირა დაკიდებენ, როცა რკინის კეტით ძვლებს დაუმტვრევენ... თუ ყველაფერი ეს გადაგიტანია და არ გატეხილხარ, მაშინ გაქვს უფლება შეხედო სხვას საყვედურიანი და მპატიებელი თვალებით. მაგრამ, როცა არაფერი გემუქრება და თბილ ლოგინში არხეინად ნებივრობ, მაშინ იოლია სხვათა განკითხვა და პატიოსნების თამაში".

დღევანდელ საუბარი კი ასე დავასრულოთ: “ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხენით, და... მიუტევეთ, რაითა მოგიტევონ".

(მეოთხე ნაწილის დასასრული)