"ჩვენ გაფრთხილებდით!": რა იცოდა გერმანიის დაზვერვამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წინ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ გაფრთხილებდით!": რა იცოდა გერმანიის დაზვერვამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წინ"

გერმანულმა "დოიჩე ველემ" (Deutsche Welle) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "ჩვენ გაფრთხილებდით!": რა იცოდა გერმანიის დაზვერვამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წინ".

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"თითოეულ თქვენგანს შესავალი სიტყვისათვის ზუსტად 8 წუთი გეძლევათ", - მკაცრად მიმართა ბუნდესტაგის კომიტეტის სხდომის თავმჯდომარემ - კონსტანტინ ფონ ნოტცმა ("მწვანეთა" ფრაქციიდან) ფედერალური სპეცსამსახურების - სადაზვერვო სამსახურის (BND), კონსტიტუციის დაცვის სააგენტოს (BfV) და სამხედრო კონტრდაზვერვის (MAD) ხელმძღვანელებს, - "ხოლო თქვენ, კოლეგა დეპუტატებო, ყოველი კითხვისთვის და მათზე პასუხის მისაღებად - 7 წუთი და 30 წამი".

ასე დაიწყო ორშაბათს, 17 ოქტომბერს, ბუნდესტაგის იმ კომიტეტის საჯარო სხდომა-მოსმენები, რომელიც სპეცსამსახურებს აკონტროლებს. ასეთი ღონისძიებები, ჩვეულებრივ, დახურული რეჟიმში მიმდინარეობს, ამჯერადაც, პირველი 25 წუთის განმავლობაში, როცა სიტყვით უშუალოდ BND-ის, BfV-ისა და MAD-ის უფროსები გამოდიოდნენ (რუსეთ-უკრინის ომის გარემოებების შესახებ), რეგლამენტი დაცული იყო, შემდეგ კი სხდომა საჯაროდ წარიმართა.

რა იცოდა გერმანიის დაზვერვამ?

ბრუნო კალმა, გერმანიის ფედერალური დაზვერვის - BND-ის პრეზიდენტმა, სხდომაზე გამოსვლისას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებას "გარდამტეხი მომენტი" უწოდა ევროპის ისტორიაში, ბოლო რამდენიმე მშვიდობიანი ათწლეულის შემდეგ. მისი თქმით, გერმანიის დაზვერვა "სადღეღამისო რეჟიმით, განუწყვეტლად ეძებს და მოიპოვებს უახლეს და მნიშვნელოვან მასალებს, როგორც სამხედრო მოქმედებების ზონიდან, ასევე - კრემლიდან, რუსეთის ხელისუფლების განზრახვებზე, რათა ქვეყნის მთავრობა საუკეთესოდ იყოს უზრუნველყოფილი მაღალი დონის, გადამოწმებული ინფორმაციით".

დაზვერვის უფროსს, მართალია, დეტალებზე არაფერი უთქვამს, რადგან სხდომა ღია იყო, მაგრამ მან თავისი განცხადებით, - 24 თებერვალს რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრა ჩვენთვის არავითარი სიურპრიზი არ ყოფილაო, - მაინც საკმაოდ გააკვირვა დარბაზში მსხდომი დეპუტატები და მიწვეული ჟურნალისტები. "მოხდა ის, რასაც ჩვენი დაზვერვა მრავალი წლის განმავლობაში იტყობინებოდა", - აღნიშნა ბრუნო კალმა, - "კერძოდ ის, რომ ვლადიმერ პუტინი, რომელიც უკრაინაში უშუალო შეჭრამდე რასაც ჯერ ჩეჩნეთში, საქართველოში და სირიაში აკეთებდა, შემდეგ - ყირიმსა და დონბასში, იმავეს გაიმეორებდა თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ჩვენ თავის დროზე პუტინის მიზნებიც მკაფიოდ გამოვხატეთ".

"BND-ის პროგნოზი პროფესიული სადაზვერვო მუშაობის შედეგს წარმოადგენდა", - განმარტა სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელმა, - "რაც შეეხება შოკს, რომელიც გერმანიის საზოგადოებაში რუსეთის აგრესიამ გამოიწვია, ეს იმიტომ მოხდა, რომ ბოლო ათწლეულებში საჯარო დისკურსში, სამწუხაროდ, ჩვეულებად იქცა რეალური საფრთხეების იგნორირება და მათდამი უყურადღებობა, ხოლო დაზვერვის გაფრთხილებებს და განცხადებებს პანიკიორობად და პოზიორობად თვლიდნენ".

"ომი მომავალ წელსაც გაგრძელდება"

გერმანიის დაზვერვის პროგნოზი მომავალი წლისათვის უნუგეშოა: "რადგანაც ომის ორივე მხარეს - უკრაინასაც და რუსეთსაც - ძველებურად მიაჩნიათ, რომ მათი მეტოქეობის შედეგი ბრძოლის ველზე უნდა გამოვლინდეს, აქედან გამომდინარე, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ საომარი მოქმედებები მომავალ წელსაც გაგრძელდება".

ვლადიმერ პუტინი, BND-ის შეფასებით, ხელმძღვანელობს იმ გათვლებით, რომელთა კალკულაცია ასე გამოიყურება: "დღევანდელ მომენტში კრემლი მზად არის, გასწიოს სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ხარჯები უკრაინის წინააღმდეგ. ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ უფრო უარესი იქნება, თუ რუსეთი უმოქმედობას გამოიჩენს და არაფერს გააკეთებს უკრაინისა და დასავლეთის (ნატოს) ერთმანეთთან დაახლოების ხელშესაშლელად".

როგორც ბრუნო კალმა აღნიშნა, გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახური ახლო მომავალში ელოდება რუსეთის ჰიბრიდული ზემოქმედების გაძლიერებას ბულგარეთის მიმართ, რაც გამოხატული იქნება ქვეყნის მთავრობის ჩამოყალიბების პროცესში. იგივე მოხდება ბალკანეთის ნახევარკუნძულის სხვა სახელმწიფოების მიმართაც.

გერმანული დაზვერვის ასეთმა უჩვეულო გამჭრიახობამ ერთ-ერთ დეპუტატს კითხვა გაუჩინა. მან ბრუნო კალს ასეთი შეკითხვა დაუსვა: "გვითხარით, ვინ და რატომ არ ისმინა თქვენი გაფრთხილება?" პასუხის გაცემისას გერმანიის მთავარმა მზვერავმა გარკვეულწილად მაინც უკან დაიხია და აღიარა, რომ ჯერ ერთი - ომის დაწყების ზუსტი თარიღის წინასწარმეტყველება "ძალზე რთული საქმეა", მეორე - ჩვეულებრივ, პოლიტიკოსები და მთელი საზოგადოება არასასიამოვნო ინფორმაციის მოსმენას გაურბის და უფრო უკეთესი ამბებისაკენ იხრება. "ჩვენ მეტი რა უნდა გვექნა? ამიტომაც ჩვენი გაფრთხილებები უყურადღებოდ რჩებოდა".

რამდენი რუსი ჯაშუშია გერმანიაში?

როგორ ირკევევა, რუსების ცუდი ზრახვები, თურმე, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის სააგენტოშიც (BfV) წინასწარ სცოდნიათ. "ჩვენ დიდი ხნის წინ მივხვდით, რომ რუსეთის ავტორიტარული რეჟიმი, სტრატეგიული გამძლეობით და უდიდესი რესურსებით, [დასავლურ] ღირებულებებთან დაპირისპირების დროს, დემოკრატიის ფუნდამენტს დაანგრევდა, თავისი გავლენის გასაფართოებლად", - განაცხადა თომას ჰალდენვანგმა, BfV-ის ხელმძღვანელმა, - "ამჟამად კი ადრინდელი სისტემური მეტოქეობა ფეთქებადსაშიშ შეტაკებად გადაიქცა, რომლის წინა ხაზზე უკრაინა და უკრაინელი ხალხი აღმოჩნდა. რასაკვირველია, ამ გარემოებას გერმანიის საშინაო და საგარეო პოლიტიკისთვისაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს".

თომას ჰალდენვანგის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე ომისა და მისგან გამოწვეული სანქციების პირობებში, რუსეთი სულ უფრო და უფრო მეტად გააფართოებს თავის ჯაშუშურ ქსელს გერმანიაში. კრემლი უკან არ დაიხევს არავითარ მეთოდებზე, მათ შორის - პოლიტიკურ მკვლელობებზეც. ამიტომაც BfV-ის ხელმძღვანელი ასკვნის, რომ აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება - ისეთის, როგორიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე განხორციელდა, როცა ბერლინში არსებული რუსეთის საელჩოს თავშეფარებული რუსული სპეცსამსახურების 40 თანამშრომელი გერმანიიდან გააძევეს.

თომას ჰალდენვანგმა რუსი ჯაშუშების გაძევების ფაქტს რუსული დაზვერვის წინააღმდეგ მიმართული "საგრძნობი დარტყმა" უწოდა, თუმცა მოგვიანებით, როცა კითხვებს პასუხობდა, აღიარა, რომ ამ 40 რეზიდენტის გარდა, გერმანიაში კიდევ ათობით რუსი აგენტი მუშაობს - ისინი არა მარტო საელჩოს აფარებენ თავს, არამედ - არიან კომპანიებში, უნივერსიტეტებში, მათ შორის - არალეგალებიც, ყალბი სახელებით და "კარგად" შედგენილი ლეგენდებით.

დრონები ბუნდესვერის პოლიგონებს უთვალთვალებენ

როგორც MAD-ის (კონტრდაზვერვის) ხელმძღვანელი მარტინა როზენბერგი განმარტავს, რუსული სპეცსამსახურების გაზრდილ ინტერესს გერმანიისა და მისი არმიის მიმართ განაპირობებს არა მარტო ბერლინის აქტიური დახმარება უკრაინისადმი, არამედ - თვითონ ბუნდესვერის საომარი შესაძლებლობებისა და ნატოელ მოკავშირეებთან მისი ურთიერთობის გაგებაც. "რუს აგენტებს სამხედრო სფეროში, პირველ რიგში, აინტერესებთ გერმანიის არმიის ინფრასტრუქტურა, ბუნდესვერის განვითარებისა და აღჭურვის გეგმები, ნატოს დოკუმენტები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული ტექნოლოგიური ინფორმაციები, ორმაგი დანიშნულების სამეცნიერო კვლევები", - ამბობს მარტინა როზენბერგი.

ბოლო დროს რუსების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი გახდა გერმანული იარაღის მიწოდება უკრაინისადმი, უკრაინელი ჯარისკაცების წრთვნების საკითხი და მათი სწავლების მეთოდები, თანამედროვე უახლესი იარაღის ასათვისებლად. სხვათა შორის, ბუნდესვერის პოლიგონებზე ოქტომბრის დასაწყისში შენიშნეს სადაზვერვო დრონები, რომლებსაც უცნობი ოპერატორები მართავდნენ.

გამოიყენებს თუ არა პუტინი ბირთვულ იარაღს?

რუსეთის პრეზიდენტის ამასწინანდელი განცხადებების ფონზე, ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატებს აინტერესებდათ, თუ როგორ პოზიცია აქვთ ამ საკითხში გერმანიის სადაზვერვო უწყებებს.

ბრუნო კალმა განაცხადა, რომ რუსეთი ოფიციალურად იტოვებს უფლებას, პირველმა ისარგებლოს ბირთვული იარაღით, "რაც ნიშნავს იმას, რომ სუბსტრატეგიული იარაღი რეგიონული მასშტაბითაც შეიძლება იქნას გამოყენებული - იმ შემთხვევაში, როცა რუსეთს, უკრაინასთან შედარებით, ნაკლები რაოდენობის იარაღი ექნება. კრემლი ბირთვული იარაღით მოწინააღმდეგის უპირატესობის გადაფარვის მიზნით ისარგებლებს. გარდა ამისა, რუსეთი ასეთი მოქმედებით უკრაინას მოლაპარაკებაზე წასვლასაც აიძულებს, თავისი კარნახით".

თუმცა ფედერალური დაზვერვის უფროსმა დეპუტატები დაამშვიდა: "ჯერჯერობით არავითარი სიმპტომი და ნიშანი არაა იმისა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს - არც სტრატეგიული და არც ტაქტიკური დანიშნულებისას. ასე რომ, ბირთვული ომის საფრთხე ამჟამად სუფთა აბსტრაქტულია და პანიკის საფუძველი არ არსებობს". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ