რუსული 45-ტონიანი "იხვის ჭუჭული" 9-სართულიან კორპუსს შეეჯახა და... - კვირის პალიტრა

რუსული 45-ტონიანი "იხვის ჭუჭული" 9-სართულიან კორპუსს შეეჯახა და...

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენებიდან ერთ-ერთმა 17 ოქტომბრის საღამოს კამიკაძის როლი მოირგო და დიდი ტრაგედია დაატრიალა რუსეთის ქალაქ ეისკის ერთი კორპუსის მაცხოვრებლებში...

ეისკის სამხედრო აეროდრომიდან აფრენისთანავე 45-ტონიან თანამედროვე რუსული საფრონტო ბომბდამშენის - Су-34-ის (რომელსაც პილოტების კაბინის დამახასიათებელი ფორმის გამო "იხვის ჭუჭულსაც" ეძახიან) ორი ძრავიდან ერთ-ერთს ხანძარი გაუჩნდა, რის შედეგადაც ცეცხლწაკიდებულმა ბომბდამშენმა აფრენიდან მხოლოდ 4 კმ გაიფრინა დაბალ სიმაღლეზე და 9-სართულიანი კორპუსს დაეჯახა. ეს ვიდეოკადრები რამდენიმე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, ასევე, ისიც, რომ თვითმფრინავის აფეთქებამდე ორიოდე წამით ადრე მისი ეკიპაჟის ორივე წევრი როგორ ასწრებს კატაპულტირებას და გახსნილი პარაშუტებით ეშვება ცეცხლწაკიდებული კორპუსის წინ...

Су-34 ტიპის საფრონტო-ბომბდამშენებმა თავი იმით "გაითქვეს", რომ მათი ეკიპაჟები მეცხრე თვეა, დაუნდობლად ბომბავდნენ და ბომბავენ უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს, თავიდან - უმართავი საავიაციო ბომბებით, ბოლო პერიოდში კი - მართვადი რაკეტების საშუალებით, რადგან უკვე ეშინიათ უკრაინის არმიის მიერ კონტროლირებული ტერიტორიების თავზე შეფრენა. ეშინიათ იმიტომ, რომ უკრაინელმა მეზენიტეებმა 24 თებერვლის შემდეგ არანაკლებ 15 ასეთი რუსული საფრონტო ბომბდამშენი ჩამოაგდეს, ხოლო ეისკში საავიაციო ავარიის შედეგად განადგურებული თვითმფრინავი მე-16 დაკარგული Су-34 აღმოჩნდა რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის.

2-eis-1666086175.png
თანამგზავრულ ფოტოზე მონიშნულია ეისკის აეროდრომიდან რუსული „იხვის ჭუჭულის“ აფრენისა და ჩამოვარდნის ადგილები, რომლებსაც 4 კმ აცილებს...

ეს საავიაციო შემთხვევა მაინც საავიაციო ავარიის და არა საავიაციო კატასტროფის რანგში გადის, რადგან საფრენი აპარატის ბორტზე მყოფებიდან არავინ დაღუპულა, მაგრამ, სამაგიეროდ, ოთხ ათეულ ტონაზე მეტი მასის ბომბდამშენის შეჯახებამ საცხოვრებელ კორპუსზე უდიდესი ტრაგედია დაატრიალა მიწაზე - დაიღუპა13 ადამიანი, მათ შორის - სამი ბავშვი, ხოლო 19 დაიჭრა-დაშავდა, მათგან ოთხი - მძიმედ.

რუსი სამხედროების განცხადებით, ეს საფრონტო ბომბდამშენი სასწავლო ფრენას ახორციელებდა და ბომბებითა და რაკეტებით არ იყო შეიარაღებული, თუმცა ავარიის ადგილზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის (ამ საფრონტო ბომბდამშენის ავზებში მაქსიმალური - 12,1 ტონა საავიაციო ნავთი ისხმება) კერაში დროდადრო ისმოდა მცირე აფეთქებების ხმა - ეს თვითმფრინავზე დაყენებული ავტომატური საავიაციო ქვემეხის 30 მმ კალიბრის ჭურვები დეტონირდებოდნენ, რაც დამატებით საფრთხეს უქმნიდა მეხანძრეებს.

3-eis-1666086224.png
საცხოვრებელი კორპუსის ძირში 45-ტონიანი საფრონტო ბომბდამშენის შეჯახების, აფეთქებისა და ხანძრის ფონზე მოჩანს კატაპულტირებული პოლოტის გაშლილი პარაშუტიც...

გამოითქვა ასეთი მოსაზრებაც, რომ თითქოს, უკრაინელმა დივერსანტებმა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო "იგლადან" თუ "სტინგერიდან" გაშვებული საზენიტო რაკეტით დააზიანეს რუსული საფრონტო ბომბდამშენი, აეროდრომიდან აფრენისთანავე, რა ვერსიასაც გარკვეული საფუძველი გააჩნია, თუნდაც იმიტომ, რომ ეისკიდან უკრაინის ფრონტამდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ ასიოდე კმ-ია და აქედანაც ხორციელდება თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე...

თუმცა, ალბათ, უფრო რეალურია, რომ ეს ყველაფერი ძრავის ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია, მაგრამ არც ფრინველის რეაქტიული ძრავის ჰაერმიმღებში მოხვედრის ბოლომდე გამორიცხვა იქნებოდა სწორი.

ისე კი, ეისკის აეროდრომიდან აფრენილი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ეს პირველი ფაქტი არ არის,1967 წლიდან მოყოლებული სულ ათი ასეთი საავიაციო შემთხვევა მოხდა, რომელთაც ავიაკატასტროფის რანგი მიენიჭათ. მათ შორის იყო 1986 წელს ამ აეროდრომიდან აფრენისთანავე ჩამოვარდნილი ოთხძრავიანი სატრანსპორტო Ан-12-იც...

აეროდრომიდან აფრენისთნავე ჩამოვარდნილი და საცხოვრებელ კორპუსებს დაცემული საავიაციო შემთხვევებიდან ყველაზე საშინელი ტრაგედია 1997 წლის 6 დეკემბერს დატრიალდა, როდესაც რუსეთის, ირკუტსკის აეროპორტიდან აფრენილი უზარმაზარი, 390-ტონიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-124 "რუსლანი" ქალაქში კორპუსებს დაეცა, რის შედეგადაც თვითმფრინავში მყოფი 23 და მიწაზე მყოფი 49 ადამიანი დაიღუპა.

ეისკის აეროდრომზე ბაზირებს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის საზღვაო ავიაციის საბრძოლო გამოყენებისა და გადასწავლების 859-ე ცენტრი, აქვეა განთავსებული კომპლექსი "ნიტკა", რომელზეც სწავლობენ ავიამზიდის გემბანიდან აფრენის ნიუანსებს.

ამ აეროდრომის მთავარი პრობლემა ისაა, რომ აღმოსავლეთით აფრენისას თვითმფრინავები მაშინვე ქალაქის თავზე "გადიან", რაც მკვეთრად ზრდის ისეთი საშიში საჰაერო ინციდენტების ალბათობას, რაც 17 ოქტომბერს მოხდა.

4-eis-1666086247.jpg
ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დარჩენილი „ჭრილობა“

პ.ს. ადრეც დამიწერია, რომ 1999 წელს მომეცა საშუალება, ჟუკოვსკში, საერთაშორისო საავიაციო-კოსმოსურ გამოფენაზე დეტალურად დამეთვალიერებინა Су-34-ის ტიპის ეს საფრონტო ბომბდამშენი, როგორიც მაშინ რუს სამხედროებს მხოლოდ ორიოდე თუ ჰყავდათ, თუმცა მათ, სავარაუდოდ, მონაწილეობა მიიღეს აგვისტოს ომში, როდესაც თავისი საბორტე რადიოელექტრონული ბრძოლის აპარატურით - "ხიბინით", ქართული რადიოლოკატორების მუშაობის "ჩახშობას" ცდილობდნენ, როდესაც რუსულმა Су-24М-ის ეკიპაჟმა "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის Х-58У ტიპის მართვადი რაკეტით სამკოორდინატიანი რადიოლოკატორი აგვიფეთქა თბილისი-გორის გზაზე, შავშვებთან...