(VIDEO) "უფრო ბედნიერი გამხადა, გარეთ ხალხი მცნობს და ბევრი სიმღერა ვისწავლე" - კვირის პალიტრა

(VIDEO) "უფრო ბედნიერი გამხადა, გარეთ ხალხი მცნობს და ბევრი სიმღერა ვისწავლე"

მუსიკალური პროექტი “რანინა” თუ ერთხელ მაინც გინახავთ, ამ ბიჭის ხმასა და სიმღერის მანერას მარტივად ამოიცნობთ. პატარა ბიჭია, თუმცა დიდი არტისტულობითა და ომახიანი ხმით გამოირჩევა. დღეს “რანინას” ფინალისტი ოთო ბაზერაშვილი უნდა გაგაცნოთ. 12 წლის ბიჭუნა, რომელიც მუსიკალური პროექტისთვის თბილისში თელავის რაიონის სოფელ იყალთოდან ჩამოვიდა, მთელი საქართველოს გულები გაათბო და სიმღერაში თავისი თავიც აღმოაჩინა. ცოტა ხნის წინ კი ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა მისი სიმღერის ვიდეოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ოთო ბაზერაშვილი:

- ვსწავლობ ერეკლე მეორის სახელობის პირველ სკოლაში და როგორც ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები ამბობენ, თბილი, ცელქი და მზრუნველი ვარ.

- რას აკეთებ ხოლმე სკოლის დღეებში?

- დავდივარ სკოლაში, ვსწავლობ და ის დღეები მიყვარს, როდესაც სპორტი მაქვს. სკოლის მერე სახლში ვბრუნდები, ძიუდოზე მივდივარ და თუ მოვასწარი, ეზოშიც ჩავდივარ ხოლმე, ბოლოს, საღამოს, მეორე დღისთვის ვმეცადინეობ.

- რომელი საგანი გიყვარს და რომელი არ გხიბლავს?

- რუსული არ მიყვარს, ინგლისური და ჩვენი საქართველოს ისტორია რთულია, მაგრამ მიყვარს.

- მოგვიყევი, როგორია თელავი, შენი ქალაქი?

- თბილისში რომ ჩამოვდივარ, დიდად ვერ ვითვისებ აქაურობას, თავს უფრო კარგად თელავში, ჩემს ქალაქში ვგრძნობ. იქ მყავს, ძირითადად, მეგობრები, იქ დავდივარ სკოლაში და თელავში დავიბადე.

- როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება "რანინას" შემდეგ?

- რანინამ ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა. შემიძლია ვთქვა, რომ უფრო ბედნიერი გამხადა, გავიჩინე მეგობრები, გარეთ ხალხი მცნობს და ბევრი სიმღერა ვისწავლე.

- მოდი, სულ თავიდან დავიწყოთ, როდის და ვინ აღმოაჩინა შენში სიმღერის ნიჭი?

- ნიჭი დედამ აღმოაჩინა. პატარა ვიყავი, ლექსების თქმა რომ დავიწყე, ბაგა-ბაღის ასაკში დედამ თელავში, სტუდია "მზიურში" მიმიყვანა, სადაც საბავშვო სიმღერების სწავლა დავიწყე და ვერიკო მასწავლებელმა ყველა მათგანი ზეპირად მასწავლა. ცოტა რომ წამოვიზარდე, ქართული სიმღერებით მეტად დავინტერესდი და დედამ დავით გაგანაშვილი გამაცნო, ანსამბლ "წინამძღვრის" ხელმძღვანელი. პირველად "ლალე" რომ ვუმღერე, გიორგი უშიკიშვილთან ერთად, გადაცემისთვის ჩამწერეს. დაწყებით კლასებში ცოტა ხნით მოვწყდი მუსიკას, კოვიდიც დაემთხვა და პირველი კლასიდან დღემდე, ყველა სიმღერა ინტერნეტის დახმარებით ვისწავლე. ისე აღმოჩნდა, რომ სიმღერის ნიჭი და სურვილი მქონდა და შემდეგ "რანინამდეც" მივედი.

- როგორ მოხვდი "რანინაში"? ერთ დღეს გაიღვიძე და თქვი, მორჩა "რანინაში" გავდივარო?

- დედას ნათლულმა - ალექსანდრე მელაშვილმა ჩემი ნამღერი მოისმინა და ონლაინრეგისტრაცია გამატარა. არ ვიცოდი, "რანინა" რა იყო, პირველად მაშინ გავიგე და ცოტა ავნერვიულდი. ჩავედი თბილისში, ქასთინგზე დაძაბული ვიყავი, მეგობრები არ მყავდა, ჟიურის წინ მარტოს უნდა მემღერა და თან არავის ვიცნობდი. ბევრი სიმღერა არ დამიმუშავებია, "კახეთო, ჩემო კახეთო", "ურმულო" და "my valentine" შევასრულე. ვიმღერე, თუმცა ჩემი დარჩენა-არდარჩენა მაშინ არ გადაუწყვეტიათ. რამდენიმე დღეში გავცივდი, ცუდად ვიყავი და სწორედ მაშინ დარეკეს, ოთო თბილისში ჩამოიყვანეთო. სიცხიანი ვიყავი, მაგრამ ავწიე თავი და ჩავედი. კიდევ ერთხელ მომისმინეს და ჩამეხუტნენ, მითხრეს პროექტში ხარო. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო.

- გქონდა იმის მოლოდინი, რომ აგიყვანდნენ?

- არ ვიცი, ალბათ კი, რადგან ჩემი თავის მჯერა ხოლმე.

- გახსოვს პირველი გამოსვლა "რანინაში"?

- რა დამავიწყებს, ძალიან ვნერვიულობდი, არ მეგონა, სიმღერას ბოლომდე თუ შევასრულებდი. ყველაფერი დამშრალი მქონდა, არ ვიცოდი, როგორ მემღერა, თუმცა მგონი, კარგად შევასრულე. დედას ისეთი სამსახური აქვს, რომ მთელი კვირა თელავში უწევს ყოფნა, "რანინას" დროს თბილისში მარტო მე და მამა ვცხოვრობდით, დედა პარასკევი-შაბათი-კვირა ჩამოდიოდა, სახლს გვილაგებდა, ორი დღე გვივლიდა. ეს პერიოდი მარტო მეცადინეობა მიწევდა, გამიჭირდა დედის გარეშე, მაგრამ ამის გადალახვაში მანანა მასწავლებელი, ქეთი და ნინო მეხმარებოდნენ. უდედობას ვერ ვგრძნობდი. ერთი სული მქონდა, დილა გათენებულიყო, რომ ისევ მათთან დავბრუნებულიყავი და ჩემი ნამღერი მოესმინათ.

- შენთვის, როგორც 12 წლის ბიჭისთვის, რას ნიშნავს სიმღერა?

- საოცარი გრძნობაა, ყველაფერს ნიშნავს. როცა ვმღერი, მგონია, ყველაფრისგან თავისუფალი ვარ. სიმღერაში გაბედული უნდა იყო, არ უნდა იფიქრო, რომ რამე არ გამოგივა.

- რა მოგცა პროექტმა “რანინამ”?

- "რანინაში" რომ ვიყავი და მასწავლებლებთან დავდიოდი, ვერ ვხვდებოდი, რამდენად დიდი პროექტი და წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ჩემთვის. ახლა ვიაზრებ, რომ ხალხს ვუყვარვარ, ათობით სიმღერა ვისწავლე და, რაც მთავარია, პროფესიულად გავიზარდე. ალბათ, პროექტში რომ არ მოვხვედრილიყავი, ასე ვერ შევძლებდი ჩემი შესაძლებლობების გამოყენებას.

- როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება შემდეგ, ახლა რას საქმიანობ?

- ახლა ვმღერი, ანსამბლ "შავნაბადაში", დავდივარ ვოკალის აკადემიაში - მანანა მორჩილაძესთან და ქეთი ჯავახიშვილთან. ვსწავლობ სოლფეჯიოს ვალერიან შიუკაშვილთან, ასევე, ვარ ძიუდოისტი.

- უკვე იცი, რა გინდა რომ გამოხვიდე?

- მომღერალი და კარგი სპორტსმენი, როგორიც ლაშა ბექაურია.

- ცოტა მოგვიყევი შენს ოჯახზე, დედმამიშვილებზე…

- "რანინაში" რომ ვიყავი, ყოველდღე მირეკავდნენ დედა და ჩემი და, კონცერტებზე ჩამოდიოდნენ ხოლმე. თბილი ოჯახი მყავს, მოსიყვარულე, სულ ისინი მაძლევდნენ სტიმულს, რომ სცენაზე ამაყად გამოვსულიყავი. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო მაცაცო, ჩემი და, ვუყურებდი და ვხედავდი, როგორ ნერვიულობდა, თუმცა დედაც სულ მამხნევებდა და კონცერტებზე ტიროდა ხოლმე.

- როგორც ვიცი, დედა სამხედრო სამსახურში მუშაობს, შენთვის როგორია დედის პროფესია?

- ჩემთვის დედის პროფესია ძალიან მაგარია, ვხედავ, რომ ბევრს მუშაობს. ხანდახან მეც მინდა, ჯარისკაცი გავხდე, ალბათ, მაგის დრო რომ მოვა, სამხედრო სამსახურზეც ვიფიქრებ.

- ახლა რაზე ოცნებობს 12 წლის ოთო?

- მინდა, გამოცდილი მომღერალი გამოვიდე, ჯერ პატარა ვარ, ხმა არ მაქვს დამჯდარი და რომ დამიჯდება, მინდა, ჩემი ანსამბლი შევქმნა, დათო ცინცაძის მსგავსად, მინდა, მეც თაობები აღვზარდო.

- რას აკეთებ ხოლმე თავისუფალ დროს, ჰობიც გაგვიზიარე…

- მიყვარს თევზაობა, ბოლო რამდენიმე თვეა, განსაკუთრებით დავინტერესდი. თავისუფალი დრო როცა მაქვს, სულ დავდივარ სათევზაოდ. ბავშვობაში დედას სიონის ტბაზე დავყავდით ხოლმე, იქ ჩავაგდებდი ბადეს, ჩავყრიდი პურს და ბევრ თევზს ვიჭერდი.

- დედას ხშირად ახსენებ, გვითხარი, შენთვის როგორია დედა?

- დედა ყველგან დამყვებოდა და დღემდე ასეა, მინდა, რომ მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის. გამორჩეულია, ჩვენ ახლო მეგობრები ვართ.

- შენი საყვარელი სიმღერა?

- ქართული - "ურმული", უცხოური - "remember me" და "my valentine".

- საყვარელი მომღერალი?

- ჰამლეტ გონაშვილი და მაიკლ ჯექსონი.

- ბოლოს გვიმღერებ რამეს?

- კი, რატომაც არა.

(სპეციალურად საიტისთვის)

ოთომ სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის სიმღერა შეასრულა, იხილეთ ვიდეო: