“ჩემთან საუბარში გამსახურდიამ განაცხადა - ბერიამ იმდენი სიკეთე გამიკეთა, იმდენჯერ გადამარჩინა, რომ ამისთვის ძალზე დიდი მადლობელი ვარო" - კვირის პალიტრა

“ჩემთან საუბარში გამსახურდიამ განაცხადა - ბერიამ იმდენი სიკეთე გამიკეთა, იმდენჯერ გადამარჩინა, რომ ამისთვის ძალზე დიდი მადლობელი ვარო"

საბჭოთა სპეცსამსახურებს შეეძლოთ ნებისმიერი პიროვნება არაადამიანური წამების შედეგად ეძულებინათ ნებისმიერ დოკუმენტზე მოეწერა ხელი, მათ შორის “ნებაყოფლობითი" თანამშრომლობის ხელწერილზე, მიეცათ ოპერატიული ფსევდონიმი, საქმეში ჩაეკრათ ამ ვითომდა აგენტისაგან დაწერილი ცნობა და ა.შ. ასე ირეოდა ერთ სისხლიან სადღვებელში ჯალათი და მსხვერპლი, დამსმენი და დასმენილი.

ცნობილია, რომ საქართველოს უშიშროების სისტემის ერთ–ერთი "ღვაწლმოსილი“ თანამშრომელი ავქსენტი (ჭიჭიკო) რაფავა (1899–1955) ბერიას დავალებით წამებით აიძულებდა დაპატიმრებულებს ცრუ ჩვენებები მიეცათ ურთიერთზე. თუმცა ხშირად სხვანაირადაც ხდებოდა: ოთხი მეგობარი მწერალი ერთად სადილობდა. სიმთვრალეში ერთმა “ზემოთ" გასროლის აუცილებლობაზე სიტყვა წამოროშა. მეორე დილას საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივნის ლავრენტი ბერიას მაგიდაზე ოთხი დასმენა იდო: მწერლები ერთმანეთს აბეზღებდნენ. სამწუხაროდ ეს ანეკდოტი კი არა, ისტორიული ფაქტია და ოთხივე ქართველი მწერლის გვარი ცნობილია.

აგენტურული ინფორმაცია კი ათწლეულების მანძილზე “მირაკრაკებდა" შინსახკომში. მაგალითად 1936 წლის 2 აგვისტოს ინფორმატორი (გამოჩენილი ქართველი მწერალი) “ქვიშხეთი" იტყობინებოდა ბერიასა და რაფავასთან გამსახურდიას შეხვედრის დეტალების შესახებ.

ოპერატიული წყარო “ავგუსტოვსკი" (გამოჩენილი ქართველი მეცნიერი) 1937 წლის 11 ოქტომბერს იტყობინებოდა: “ჩემთან საუბარში გამსახურდიამ განაცხადა – ბერიამ იმდენი სიკეთე გამიკეთა, იმდენჯერ გადამარჩინა, რომ ამისთვის ძალზე დიდი მადლობელი ვარო".

ოპერატიული წყარო “კონსული" (გამოჩენილი ქართველი პოეტი) 1939 წლის 31 ივლისს იტყობინება: “ჩემთან საუბარში გამსახურდიამ თქვა – ეჟოვს ჩემი განადგურება უნდოდა, მაგრამ ლავრენტი პავლეს ძემ მიშველაო"

1939 წლის 7 აპრილს ქობულოვმა და დეკანოზოვმა ბერიას პატაკი მოუმზადეს: “ესა და ეს მოქალაქეები (გვარების მითითებით) შემდეგში მოხსენიებულნი შესაბამისად “შმიდტი" (გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი) და “რაბატი" ((გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერი), გადმობირებულნი არიან აგენტებად, რადგანაც თავად აღიარეს ანტისაბჭოთა მუშაობა და გერმანიის აგენტობა. ჩვენ განვუცხადეთ, რომ მათი გათავისუფლება პირობითია და მათი შემდგომი სრული რეაბილიტაცია დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად პატიოსნად შეასრულებენ შინსახკომის დავალებებს".

“მაიაკოვსი" 25 სექტემბერი 1940 წელი: “სახელმწიფო გამომცემლობის სარედაქციო სექტორის გამგე ევგენოვმა ჩემთან საუბარში განაცხადა: გამსახურდიამ თავი მოგვაბეზრა, ამ წიგნის (საუბარი იყო “დიდოსტატის მარჯვენაზე“:– ბ.ა.) გამოცემის საქმეშიც სულ ბერიას სახელით გვემუქრება".

ოპერატიული ცნობებიდან ირკვევა, რომ გამსახურდია მორიგი წიგნის (“ბელადის ბავშვობა") გამოცემისას წამოჭრილ ხელისშემშლელი პრობლემების გადაჭრას ბერიას ავტორიტეტის გამოყენებით ცდილობდა.

ოპერატიული წყარო “შმიდტი" 1941 წლის 10 თებერვალს იტყობინებოდა: “გამსახურიდია დარჩა რა პირისპირ შალვა ნუცუბიძესთან, ბერიას სსრკ შინაგან საქმეთა სახკომად დანიშვნის შესახებ დაიწყო საუბარი და უთხრა, არ დაგავიწყდეს, რომ მე და შენ ბერიამ გადაგვარჩინაო".

სისხლიანი რეპრესიების დროს კურიოზებიც ხდებოდა. ცემისა და წამებისგან დაუძლურებულმა ერთ-ერთმა პროფესორმა გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობაში თანამონაწილედ . . . გიორგი სააკაძე დაასახელა, ამის გამგონე სახელმწიფო უშიშროების უფროსმა ლეიტენანტმა, ოდესელმა ებრაელმა ალექსანდრე ხაზანმა გიორგი სააკაძის სასწრაფოდ დაპატიმრების სანქცია გასცა.

ცემა-წამების პროცესში ოპერატიულ თანამშრომლებს ხშირად უფროსობაც (ქობულოვი და რაფავა) ეხმარებოდა. ყველაზე მნიშვნელოვან “ხალხის მტრებს" კი ბერია პირადად უსწორდებოდა. გააგრძელე კითხვა