"ბიბი კინგის კონცერტის გახსნა სწორედ მან შემომთავაზა" - ბლუზ არტისტის ქართულ-ამერიკული ცხოვრება და წარმატებები - კვირის პალიტრა

"ბიბი კინგის კონცერტის გახსნა სწორედ მან შემომთავაზა" - ბლუზ არტისტის ქართულ-ამერიკული ცხოვრება და წარმატებები

მუსიკოსმა საქართველოში ბლუზის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მაგისტრის საპატიო წოდება მიიღო

ლაგოდეხის საერთაშორისო ბლუზ ფესტივალზე ყოველ წელს თავს იყრიან ისეთი ცნობილი მსოფლიო ბლუზ ლეგენდები, როგორებიც არიან: შერონ ლევისი, სირ ვალდო ვოტერსი, ბონი ფილდსი, კარლოს ჯონსონი, ბიგ დედი ვილსონი... ფესტივალი წელს თავის ბენდთან ერთად გახსნა ცნობილმა ქართველმა ბლუზ არტისტმა, ვახო ჟორჟოლიანმა, რომელიც საქართველოში ამ ჟანრის პოპულარიზაციასა და მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, საქართველოში ბლუზის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ლაგოდეხში ჩატარებულ ბლუზის საერთაშორისო ფესტივალზე ბლუზმენთა ლოჟამ მას მაგისტრის საპატიო წოდება მიანიჭა. ვახო ჟორჟოლიანი არა მარტო საქართველოში, ისრაელშიც ბლუზის ერთ-ერთ გამორჩეულ შემსრულებლად ითვლება, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისთვის ყველაზე ფასეული სამშობლოში მიღწეული წარმატებები იყო. მუსიკოსი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს, ოჯახთან ერთად.

- ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოში ჯერ კიდევ იკრძალებოდა ბლუზი და ჯაზი. ჩემი მშობლები მუსიკოსები არიან, ორივემ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა. მეც მუსიკალური განათლება მივიღე ჯერ “ნიჭიერთა ათწლედში” და შემდეგ უკვე კონსერვატორიაში. იმ დროს, მუსიკალურ ათწლედში სწავლის პერიოდს ვგულისხმობ, გვეკრძალებოდა სხვა ჟანრებით - ბლუზით, ჯაზით დაინტერესებაც კი. მამას ფირფიტების დიდი კოლექცია ჰქონდა და ხშირად ვუსმენდი, ვაგროვებდი ინფორმაციასაც, რაზედაც ხელი მიმიწვდებოდა. ვცდილობდით, ჩვენი მუსიკით გამოვჩენილიყავით. პირველი პერფორმანსი გვქონდა 1994 წელს კლუბ Iრისჰ Pუბ-ში. ეს იყო ერთადერთი და ყველაზე პოპულარული ადგილი, სადაც ხელოვანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ ცოცხალი მუსიკა, რომელიც მაშინ თითქმის არსად სრულდებოდა. ალბათ ამიტომაც იყო, რომ დიდი დაინტერესება გამოიწვია და იმ საღამოს შემდეგ ყოველდღე ვუკრავდით.

ზოგჯერ ბევრი ფიქრისა და დაკვირვების გარეშეც ხვდები, რომ ეს შენი გზაა, უფრო მძაფრად გრძნობ მუსიკასაც და საკუთარ თავსაც. არ ნიშნავს ეს იმას, რომ სხვა ჟანრს არ ვუსმენდი ან არ მომწონდა. ყველა ჟანრს ვუსმენდი და ახლაც ვუსმენ - ჯაზსაც, როკსაც, მაგრამ ბლუზი ჩემთვის ყოველდღიური რეალობა, ცხოვრების წესია.

90-იან წლებში ოჯახთან ერთად ისრაელში წავედი, აკადემიაში ვსწავლობდი. გამიმართლა და ისეთი მუსიკოსების წრეში მოვხვდი, რომლებიც იმ დროს ყველაზე პოპულარულები იყვნენ ისრაელში. 4 ალბომი ჩავწერე ისრაელის წამყვან ბლუზ მუსიკოსებთან ერთად, აქედან ერთ-ერთი ჰიტი მთელი წელი პირველ ადგილს იკავებდა რადიოარხებზე.

- როგორც ვიცი, ბევრ ინსტრუმენტზე უკრავთ.

- დავიწყე ბლოკ-ფლეიტით, გადავედი კლარნეტზე, სწავლის დროს გვიტარდებოდა საფორტეპიანო გაკვეთილებიც, ასე რომ, ფორტეპიანოზეც ვუკრავ, საყვირზეც, საქსოფონზეც. შემდეგ დამაინტერესა ბას-გიტარამ, ჰარმონიკამ, “სლაიდ გიტარამ”, რომელიც განსხვავებული ჟღერადობით და ტექნიკით იკვრება. ამასობაში, მგონი ყველა ინსტრუმენტი ავითვისე (იღიმის).

- ამ წლების განმავლობაში, უამრავი წარმატება გქონდათ საზღვარგარეთაც და საქართველოშიც. გვიამბეთ ამის შესახებ.

- 2009 წელს ისრაელში წლის საუკეთესო ბლუზმენად დამასახელეს, რაც ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის და არასდროს დამავიწყდება მაშინდელი ემოცია. 2018 წელს საუკეთესო ბლუზ-ჰარპის შემსრულებლის ჯილდო მერგო, ვარ ისრაელის ბლუზის ასოციაციის საპატიო წევრი, 4 ალბომი და 2 სინგლი ჩავწერე, არაერთი სხვა ჯილდოც მაქვს მიღებული, როგორც საუკეთესო ბლუზმენს. უკვე გითხარით, რომ გამიმართლა და მოვხვდი ისეთი წარმატებული მუსიკოსების გარემოცვაში, როგორებიც არიან: იოსი ტანური, დანიელ კრიმან, შაი ბარუხი, გაბი ვაისმან, ასაფ განზმან, ბრედლი ფიშ, ელი მელა გორდონ და სხვა მრავალი. ვმონაწილეობდი ფესტივალებზე: “ვუდსტოკი”, “იერუსალიმის დღეები”.

რაც შეეხება ამერიკას, სადაც პირველად 2003 ჩავედი სასწავლებლად, მისისიპის ბლუზის კონკურსზე 1-ლი ადგილი ავიღე და ისტორიულ კლუბ “ებანიში” ბიბი კინგის კონცერტიც გავხსენი - მისისიპის შტატის ქალაქ კლივლენდში ცნობილ ბლუზმენ დევიდ ლი დურჰამთან ერთად რამდენიმე პროექტზე ვმუშაობდი. ხშირად ვმართავდით პერფორმანსებს კლუბ “ებანიში”, სადაც ერთ-ერთ შოუზე იმყოფებოდა მისისიპის ბლუს ფონდის პრეზიდენტი ქეროლ მარბლი. სწორედ მან შემომთავაზა ბიბი კინგის კონცერტის გახსნა. ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, შემდეგ იყო კონცერტები ცნობილი მსახიობის, მორგან ფრიმანის კლუბ “გრანდ ზიროუში”. როდესაც სცენას ბლუზის ლეგენდები ანაცვლებენ და მათ გვერდით შენ უკრავ, ამაზე მეტი რაღა უნდა ისურვო ბლუზმენმა?

იმ წელსვე წარგვადგინეს მისისიპის შტატის საუკეთესო ბენდად, როგორც უკვე გითხარით, პირველი ადგილიც ავიღე მისისიპის ბლუზის რეგიონალურ კონკურსზე, ამის შემდეგ კი გამარჯვება მოვიპოვეთ ბლუზის მსოფლიო კონკურსზეც.

- რაც შეეხება ლაგოდეხში ჩატარებულ ბლუზის საერთაშორისო ფესტივალს და მაგისტრის საპატიო წოდებას. ალბათ მოულოდნელი არ იყო თქვენთვის ასეთი წარმატება?

- ეს წოდება ჩემთვის ძალიან საპატიოა, რადგან ეს საქართველოში, ჩემს სამშობლოში მოხდა. განსაკუთრებით კი იმიტომ მახარებს, რომ ბლუზური მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დავიმსახურე.

- რამდენიმე თვეა, რაც ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობთ. ოჯახისა და ამერიკული შთაბეჭდილებების შესახებაც მომიყევით.

- ბოლო 10 წელი საქართველოში გავატარე, სულ 2-3 თვეა, რაც ამერიკაში ვართ და ნიუ-იორკში ვცხოვრობთ. მყავს 2 შვილი, სკოლის მოსწავლეები არიან. ჩემი მეუღლე, ეკა ჩუბინიძეც მუსიკოსი გახლავთ, პიანისტია, საქართველოს ორფის ასოციაციის, “ჯეორფის” დამფუძნებელი. ორფის მეთოდი არის განსაკუთრებული, რომელიც საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენას უწყობს ხელს ცეკვის, სიმღერის, თამაშის ელემენტებით. დასავლეთ ევროპასა და შტატებში ძალიან პოპულარულია ეს მეთოდი, განსაკუთრებით ეფექტურია აუტისტი ბავშვებისთვის - მათ მუსიკალური მეთოდებით ასწავლიან ლაპარაკს, კითხვას. ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ მუშაობს. რაც შეეხება ამერიკულ შთაბეჭდილებებს, აქაური ტემპი ძალიან აჩქარებულია და თავდაპირველად რთულად მოგეჩვენა, მაგრამ ეს არის ქვეყანა, სადაც საბოლოო ჯამში მიაღწევ იმას, რაც ჩაფიქრებული გაქვს.

ნინო ჯავახიშვილი