"შეშინებული მერი დიდხანს და სრულყოფილად ვერ გააგრძელებს თანამდებობაზე მუშაობას" - კვირის პალიტრა

"შეშინებული მერი დიდხანს და სრულყოფილად ვერ გააგრძელებს თანამდებობაზე მუშაობას"

თბილისის საკრებულოში პარტია „ლელოს" წევრის საბა ბუაძის განცხადებით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ კანონი დაარღვია, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს თბილისის მთავრობის სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცა. როგორც ბუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კახა კალაძე საზოგადოებას "კიდევ ერთხელ აფურთხებს სულში, როდესაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, პიარ აქციას აწყობს და ერთ-ერთ მოზარდთან ფოტოებს იღებს".

„საზოგადოებამ კარგად ნახა, როგორი არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხი, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში კალაძე გრძნობს. ის ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ დაემალოს იმ კითხვებს, რომელიც თბილისელებს აქვთ, ასევე შეშინებულ მშობლებს, რომლებიც კალაძის მიერ რეაბილიტირებულ სკვერებში ატარებენ შვილებს. ის კარგად აჩვენებს საკუთარ სახეს, მორიგ ჯერზე არღვევენ კანონს, როდესაც არ მოგვცა საშუალება, რომ თბილისის მთავრობის სხდომას დავსწრებოდით და კითხვები დაგვესვა, ყველანაირი ექსცესების გარეშე, აბსოლუტურად მშვიდად, საქმიან რეჟიმში დაგვესვა ის კითხვები, რომელიც გუშინდელი შს სამინისტროს ბრიფინგის შემდეგ, კიდევ უფრო მეტი არის. საკრებულოს წევრებს პოლიციის კორდონის თანხლებით დაემალნენ, ამითაც დაარღვიეს კანონი. ასევე დაარღვია კანონი, როდესაც უარი განაცხადა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობაზე და კითხვებზე პასუხის გაცემაზე. ეს ამ კაცის სახეს აჩვენებს, ის თავს გრძნობს კომფორტულად შეშინებულ, ტრავმირებულ ბავშვთან ერთად, როცა ფოტოსესიაში აღებინებს მას მონაწილეობას და ამითაც აჩვენებს მის სრულ დეგრადაციას და საზოგადოებას კიდევ ერთხელ სულში აფურთხებს, როდესაც ასეთ პიარ აქციებს აორგანიზებს, მაგრამ იქ, სადაც არსებობს რეალური კითხვების დასმის შესაძლებლობა, საშუალებას არ იძლევა, უბრალოდ ეშინია და შეშინებული მერი დიდხანს და სრულყოფილად ვერ გააგრძელებს თანამდებობაზე მუშაობას",-განაცხადა ბუაძემ.

მისი თქმით, კალაძის მხრიდან პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა იყო ის, რომ პოსტრავმირებულ ბავშვთან ფოტოსესია მოაწყო.

„ეს არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა იმიტომ, რომ შეუძლებელია ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელო მუშაობა მაშინ, როდესაც თბილისში ასეთი ტრაგედია მოხდა, რომელსაც 13 წლის მოზარდი შეეწირა. ჩვენ გავაგრძელებთ კითხვების დასმას. არავის ეგონოს, რომ კომფორტულად გააგრძელებს ეს ადამიანი ფოტოსესიების მოწყობას. ჩვენ ამ კითხვებს დავსვამთ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა მოგვეცემა",-განაცხადა ბუაძემ.

IPN