"ჩინური იარაღის ექსპორტის სამომავლო ბუმი: პეკინი მზადაა მოსკოვის ჩასანაცვლებლად" - კვირის პალიტრა

"ჩინური იარაღის ექსპორტის სამომავლო ბუმი: პეკინი მზადაა მოსკოვის ჩასანაცვლებლად"

ამერიკულ ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ჩინური იარაღის ექსპორტის სამომავლო ბუმი: პეკინი მზადაა მოსკოვის ჩასანაცვლებლად" (ავტორები - ვასაბჯიტ ბანერჯი და ბენჯამინ ტკაჩი, აშშ-ის მისისიპის შტატის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორები).

პუბლიკაციაში გაანალიზებულია რუსული იარაღის ექსპორტის პერსპექტივა, რომელსაც შეიძლება სულ მალე კონკურენტი გამოუჩნდეს ჩინეთის სახით.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ამას წინათ, როცა რუსული იარაღის ყოველწლიური მორიგი გამოფენა დამთავრდა, რუსეთის შეიარაღების ექსპორტის სახელმწიფო კორპორაციის - "როსობორონექსპორტის" ხელმძღვანელმა ალექსანდრე მიხეევმა ივარაუდა, რომ 2022 წელს რუსეთს იარაღის გაყიდვით მიღებული შემოსავლები 26%-ით შეუმცირდება, გასულ წელთან შედარებით. ომისა და მშვიდობის პრობლემების შემსწავლელი სტოკჰოლმის ინსტიტუტის მონაცემებით, რუსეთი, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში იარაღის ექსპორტით და 26%-იანი კლების მიუხედავად, მოსკოვის მდგომარეობა (მეორე ადგილი) მაინც არ შეიცვლება, მაგრამ რადგანაც თებერვლის ბოლოს კრემლმა უკრაინასთან ომის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, გასაგები გახდა, რომ მას იარაღის დიდი რაოდენობა თავისი არმიისათვის დასჭირდებოდა და უცხოეთში ვეღარ გაყიდდა.

იმ დროს, როცა აშშ მსოფლიო ბაზარზე მაღალხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური იარაღით ვაჭრობს, რუსეთმა თავისი ადგილი ეკონომიკურად ეფექტიანი და ბრძოლისუნარიანი, მაგრამ შედარებით დაბალტექნოლოგიური იარაღის გაყიდვით დაიკავა, რომელსაც ხშირად "ეკონომკლასის იარაღს" უწოდებენ. ასეთი სახის იარაღს შეიძლება მივაკუთვნოთ საბჭოური Т-72-ისა და Т-80-ის ტანკების რუსული, მოდერნიზებული ვარიანტები, თვითმავალი ჰაუბიცები - "გვოზდიკა" და "მსტა", ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები "ურაგანი" და "სმერჩი", ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები С-300 და სხვები. ამ იარაღს ყიდულობენ ის ქვეყნები, რომლებსაც დაბალი ეროვნული შემოსავლები აქვთ - მაგალითად, მიანმა, ზამბია, ზიმბაბვე... თუმცა "ეკონომკლასის" შეიარაღების შეძენაზე უარს არ ამბობენ ისინიც, რომლებიც შედარებით "მდიდრები არიან" - ბრაზილია, ინდოეთი, ტაილანდი...

რამდენადაც ამერიკული კომპანიები, როგორც წესი, "ეკონომკლასის" იარაღის გაყიდვის ბაზრებში არ მონაწილეობენ, რუსეთს კი უკრაინასთან ომის გამო თავისი პრობლემები აქვს, ამ სფეროში დღეს გარკვეული ვაკუუმია შექმნილი. მაგრამ უკვე გამოჩნდა სახელმწიფო, რომელიც თითქმის ცარიელ ნიშას დაიკავებს - ეს ჩინეთია. თუ მას ვერავინ შეაჩერებს, პეკინს შეუძლია, იარაღის გაყიდვით ისარგებლოს და სხვადასხვა ქვეყნის მმართველ ელიტებთან ურთიერთობა გააფართოოს, ასევე, მას შეუძლია, განამტკიცოს თავისი საზღვარგარეთული ბაზების უსაფრთხოებაც, რაც პოტენციურად შეზღუდავს აშშ-ის სამხედრო მანევრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩინური იარაღის გაყიდვის გაფართოება ძირს გამოუთხრის აშშ-ის უპირატესობას ორი ზესახელმწიფოს გეოსტრატეგიულ კონკურენციაში. თუმცა გამოსავალი არსებობს: ამერიკასა და მის მოკავშირეებს ჯერ კიდევ აქვთ დრო იმისთვის, რომ თავიანთი იარაღი რუსეთის ყოფილ კლიენტებს დაბალი ფასით შესთავაზონ და ამით ჩინეთის ამბიციებს ხელი შეუშალონ.

მზადყოფნა დომინირებისათვის

მსოფლიოს 25 სამხედრო კომპანიიდან ჩინეთში 6 იმყოფება. თუმცა დღეს პეკინის წილი იარაღით მსოფლიო ვაჭრობაში მხოლოდ 5%-ს შეადგენს (რაც ბევრად ნაკლებია რუსეთის 19%-იან წილზე), ჩინეთს ნამდვილად აქვს მანევრების შესაძლებლობა ბაზარზე თავისი ადგილი გაფაართოოს. მას აქვს რიგი ისეთი უპირატესობანი, რომლებიც მას შესაძლებლობას მისცემს, "ეკონომკლასის" იარაღის გაყიდვაში დომინირება მოიპოვოს.

პეკინის მიდგომა იარაღის ექსპორტში "ტრანზაქციურ" ხასიათს ატარებს ანუ პეკინს აშშ-ისა და, ზოგადად, დასავლეთის ქვეყნებისაგან განსხვავებით, სულ არ ადარდებს, ირღვევა თუ არა ადამიანის უფლებები მისი იარაღის მყიდველ ქვეყანაში ან დემოკრატიული მმართველობაა იქ თუ არა. ჩინეთისათვის მთავარია, გარიგებები და კონტრაქტები დაიდოს, ამ მხრივ ის არაფერზე უკან არ იხევს. გარდა ამისა, პეკინი თავის იარაღს არა მარტო ფულზე ჰყიდის, არამედ - მის სანაცვლოდ იღებს მყიდველი ქვეყნის პორტებითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლებას. მაგალითად, აწვდის რა ირანს და ვენესუელას რადარებს, რაკეტებსა და ჯავშანტექნიკას, პეკინი ცდილობს, ამ ქვეყნების ნავთობ-გაზის საბადოების გამოყენების უფლება მიიღოს.

რადგანაც ჩინეთს რუსეთისაგან ლიზენციები აქვს აღებული ზოგიერთი რუსული იარაღის წარმოებაზე, შესაბამისად, "ეკონომკლასის" ბაზრებზე მისი მიმზიდველობა გაზრდილია. მაგალითად, 1996 წელს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, ჩინეთმა რუსეთისაგან თვითმფრინავ "სუ-27Ск Flanker-ის წარმოების უფლება მიიღო. ამ და სხვა მსგავსი ორმხრივი დოკუმენტების მიხედვით, ჩინურ-რუსულმა იარაღმა ანგოლის, ნიგერიისა და უგანდის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ბანგლადეშსა და მიანმაში - პირველი. მოკლედ, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რუსეთს აქტიური სამხედრო ბიზნესი აქვს. უფრო მეტიც - ერთი მხრივ, ჩინეთი თავისი მაღალი ტექნოლოგიებით აუმჯობესებს რუსულ იარაღს, მეორე მხრივ კი, საკუთარი მარკის მაღალტექნოლოგიურ იარაღს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად აწარმოებს. მაგალითად, პაკისტანთან ერთად უშვებს ტანკებს და ავიაგამანადგურებლებს, სერბეთში ჰყიდის საზენიტო რაკეტებს, ამ ორიოდე თვის წინ კი არგენტინა ჩინური სამხედრო ავიაციით დაინტერესდა.

დღეს ჩინეთი დრონების (უპილოტო საფრენი აპარატების) უდიდეს ექსპორტიორად ითვლება. მან თავის მხარეს "გადაიბირა" ისეთი მყიდველი ქვეყნები, რომლებიც ადრე დრონებს დიდი ბრიტანეთისგან, აშშ-სგან, საფრანგეთისგან ყიდულობდნენ. და ამ კლიენტების სია საკმაოდ ფართოა: ეგვიპტე, ერაყი, იორდანია, საუდის არაბეთი...

ჩინეთს უცხოური ტექნოლოგიების დაუფლების დიდი ხნის ტრადიცია აქვს, რასაც წარმატებით იყენებს "ეკონომკლასის" იარაღის წარმოებისათვის. პეკინი 2006 წლიდან იარაღის წარმოებაში ხელმძღვანელობს პრინციპით: "ტექნოლოგიების დანერგვა, შთანთქმა და განახლება". მას მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს იმითაც, რომ ქვეყნის წიაღში ბევრია იშვიათი ელემენტი - მათ შორის ერბიუმი და ნეოდიუმი, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ თანამედროვე სამხედრო მოწყობილობების წარმოებისათვის. ამ მხრივ მხედველობაშია მისაღები ერთი მომენტი: რადგან იშვიათი ლითონების მოპოვება ეკოლოგიურ პრობლემებთან არის დაკავშირებული, დასავლეთში მათი მოპოვება და დამუშავება შეზღუდულია, ჩინეთს კი შხამიანი ნარჩენების მხრივ რამე დაბრკოლებები არ აქვს (ჩინური კანონმდებლობა ამ მხრივ საკმაოდ ლიბერალურია) ანუ პეკინს მათი წარმოება უადვილდება.

რისკები აშშ-სათვის

"ეკონომკლასის" შეიარაღების ბაზრებზე ჩინეთის ყოფნის გაფართოებით, უეჭველია, მისი გეოპოლიტიკური გავლენაც გაიზრდება. შესაბამისად, ამერიკას უცხოურ ნავსადგურებში და ბაზებში დაშვების შესაძლებლობა შეუმცირდება. პეკინმა უკვე ისარგებლა იარაღის გაყიდვით და ისეთ ქვეყანაში მოიპოვა ბაზის განთავსების უფლება, რომელიც ადრე აშშ-ის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა: აპრილში ჩინეთმა და სოლომონის კუნძულებმა (სახელმწიფო წყნარ ოკეანეში - რედ.) ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობაზე, რომლის მიხედვით, კუნძულების მთავრობამ უარი განუცხადა ამერიკისა და ბრიტანეთის ხომალდებს თავის ნავსადგურებში შესვლაზე. ეს ფაქტი, შეიძლება ითქვას, იმ ახალი ეპოქის დასაწყისია, რომელშიც აშშ-ის გლობალურ გავლენას და სამხედრო მანევრირებას შეზღუდვები ემუქრება.

რა უნდა გააკეთოს ამერიკამ? იარაღის ეკონომიური სახეობების ბაზრებში ჩინეთის ამბიციების ხელის შესაშლელად აშშ თავის მოკავშირეებს და პარტნიორებს უნდა დაეხმაროს, რომ მათ შესაბამისი საწარმოო სიმძლავრეები შექმნან და განავითარონ. ასევე, ამერიკა უნდა შეეცადოს "იარაღით საერთაშორისო ვაჭრობის წესების" (ITAR) ზოგიერთი პუნქტის შეცვლას, რომლებიც სამხედრო ტექნოლოგიების ექსპორტს ეხება. იგივე შეიძლება ითქვას მოძველებული იარაღის ექსპორტის გაფართოებაზეც. ITAR-ის მიზანმიმართული რეფორმირება ხელს შეუწყობს "ეკონომკლასის" იარაღის მწარმოებელი ქვეყნების კოალიციის შექმნას, რომლებიც ერთობლივად დაჯაბნიან ჩინეთს ამ სახეობის შეიარაღების ექსპორტში. აშშ-ის მთავრობამ შეღავათები უნდა მისცეს იმ კომპანიებს, რომლებიც მსგავსი იარაღის წარმოებას დაიწყებენ, ვთქვათ, სამხრეთ კორეაში ან ინდოეთში.

მოკლედ, შეიძლება დავასკვნათ:

ჩინეთის მზარდი კონტროლი "ეკონომკლასის" იარაღის ბაზრებისადმი პეკინს აშშ-ის ინტერესების გამოწვევის ნებას აძლევს. "ცისქვეშეთი" ცდილობს, "გლობალური სამხრეთის" (აფრიკის, ლათინური ამერიკის, სამხრეთ აზიის) ქვეყნების პოლიტიკურ ელიტებზე ზეწოლა გააძლიეროს, რათა იქ სამხედრო ბაზებისა და პორტების შექმნის უფლება ჰქონდეს. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სამხედრო-სამრეწველო თანამშრომლობა უნდა გააღრმავოს, ისინი უნდა წააქეზოს "ეკონომკლასის" იარაღის საწარმოებლად და გასაყიდ ბაზრებში მონაწილეობისათვის. ამით ვაშინგტონი არა მხოლოდ სტრატეგიულ უპირატესობას მიიღებს თავისი მთავარი მეტოქის მიმართ, არამედ - მეგობრებთანაც კავშირებს განამტკიცებს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ