თბილისში ტალახიანი "დზოტიღა" გვაკლდა ანუ როდესაც კარგი ჩანაფიქრი ანტირეკლამად გადაიქცევა... - კვირის პალიტრა

თბილისში ტალახიანი "დზოტიღა" გვაკლდა ანუ როდესაც კარგი ჩანაფიქრი ანტირეკლამად გადაიქცევა...

ერთ კვირაზე მეტია, თბილისში საბურთალოელები გაკვირვებით უვლიან გვერდს სპორტის სასახლის წინ, გაჩერებაზე მოულოდნელად "ამოზრდილ" ბეტონისფილებიან და მიწიან ნაგებობას და იმაზე მარჩიელებონ, რა არის ის - ახალი დიზაინის ავტობუსის მოსაცდელი თუ მეტროს თავზე დედაქალაქის მერიის მიერ სპეციალურად დადგმული ბომბსაფარი, რომელსაც შესასვლელი კარიც კი არ აქვს...

თუმცა წვიმების დროს, ამ "ბუნკერთან" ატალახებულ ტროტუარზე ჩავლისას, ბევრი ერთ რამეზე თანხმდება და მის დამდგმელებს მრავალსართულიან "მოკითხვებს" უგზავნის...

მაინც რას უნდა ნიშნავდეს ბეტონის ფილებით შეკოწიწებული ეს უცნაური ნაგებობა თბილისის ცენტრალურ უბანში?

მის კედელზე მიკრულ ფურცელზე ინგლისურად, უკრაინულად და ქართულად დაწერილი ტექსტი იკითხება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ტექსტი სტილისტურად მთლად გამართული არ არის და ეტყობა, უცხო ენიდანაა პირდაპირ ნათარგმნი, მაინც შეიძლება შემდეგი აზრის გამოტანა - ასობით წლის განმავლობაში ბუნების მიერ შექმნილ პეიზაჟებს ჩვენი დაცვა შეუძლიათ, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩვენ თავდაცვისთვის ასეთი ახალი საგუშაგოების აგება ბეტონისგან, ხისგან, მიწისგან, ქვიშისგან რამდენიმე საათში ნაჩქარევად გვიწევს და არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესიო...

გასაგებია, რომ საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში ამის ჩამდგმელებს სურდათ, თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების ყურადღება მიექციათ რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომისთვის, მაგრამ ხვდებიან, რომ ბევრ მოქალაქეში, პირიქით - საპირისპირო განწყობა უფრო გააღვივეს?

2-bunkeri-1666180978.jpg
ვირტუალური „საგუშაგო“ ნელ-ნელა ჭუჭყისა და ანტისანიტარიის კერად გადაიქცევა დედაქალაქის ცენტრალურ უბანში...

უკრაინელებისთვის მორალურად მხარის დაჭერა სხვანაირადაც შეიძლებოდა და არა ამ უცნაური და, სამწუხაროდ, მახინჯი ნაგებობით, რომელიც ასევე ტალახის კერად გადაიქცა და მალე ანტისანიტარიის ბუდეც შეიძლება გახდეს.

თბილისში ბეტონის ბლოკებით გადაკეტილი ქუჩები, ავტომატების კაკანი რუსთაველზე და ქვემეხის ჭურვების წუილი გმირთა მოედანზე ახალგაზრდებს არ უნახავთ, მაგრამ ბევრს გვახსოვს 1991-92-ის საახალწლო დღეებში თბილისის ქუჩებში დაწყებული სამარცხვინო ძმათამკვლელი სამოქალაქო ომის დრო და ამის გამეორების გაფიქრებაც კი გვზარავს...

ისე კი, ზუსტად ასეთ საგუშაგოს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნიდან ნასროლი რაკეტის კუმულაციური ქობინის ჭავლი უპრობლემოდ გახვრეტს, ხოლო თერმობარულქობინიანი რაკეტა კი ამ ბეტონის ფილებს ჰაერში ააფარფატებს...

თუკი მაინც "დზოტის" (ხისგან და მიწისგან აგებული საცეცხლე წერტილი) ან "დოტის" (გრძელვადიანი საცეცხლე წერტილი) მაგვარი საფორტიფიკაციო თავდაცვითი ნაგებობის იმიტაციის განხორციელება სურდათ, ეს ბევრად სხვანაირად და იაფად შეიძლება გაკეთებულიყო, თანაც ისე, რომ ტალახში ამოთხვრილ გამვლელებში თანადგომის ნაცვლად პროტესტის გრძნობა არ გაეღვივებინა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფანჯრებიდან მომზირალი მგზავრები კი საგონებელში არ ჩაეგდო...

3-bunkeri-1666181001.jpg
„ბუნკერზე“ მიკრული, სამ ენაზე დაწერილი ტექსტი წაიკითხეთ და დასკვნა თავად გამოიტანეთ...

პ.ს. ისე, საინტერესოა, კიდევ რამდენი ხანი აპირებს თბილისის მერია ამ "შედევრის" დატოვებას სპორტის სასახლის წინ? თუ აჯობებს, მას გვერდით აფეთქებული ტანკიც მივუდგათ, რისი სპეციალურად ჩამოტანა უკრაინიდან არ დაგვჭირდება, სამწუხაროდ, საქართველოშიც ადვილად მოვძებნით...