"დე ნირო ცოტა ვერ გაერკვა, პურ-მარილი რატომ იყო გაშლილი" - 6 შვილი, თავბრუდამხვევი კარიერა და ვიზიტი საქართველოში
“ოქროს გლობუსისა” და „ოსკარის“ მფლობელი ამერიკელი მსახიობი რობერტ დე ნირო უმცროსი ჰოლივუდის ვარსკვლავთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი მსახიობია.
ის მანჰეტენზე, ხელოვანთა ოჯახში, 1943 წლის 17 აგვისტოს დაიბადა. რობერტ დე ნირო უფროსი და ვირჯინია ედმირალი ცნობილი მხატვრები იყვნენ.
მსახიობის მამა იტალიელ-ირლანდიელი კათოლიკე ემიგრანტების შთამომავალი იყო, ხოლო დედა - გერმანელ-ჰოლანდიელი წინაპრების. როცა ის ჯერ კიდევ 2 წლის იყო, მსახიობის მშობლები დაშორდნენ. განქორწინებას არავითარი სკანდალი არ მოჰყოლია, თუმცა მომავალი მსახიობისთვის ეს დიდი დარტყმა იყო და ამ თემაზე საუბარი არ უყვარდა. როგორც ცნობილია, დე ნირო დედასთან დარჩა საცხოვრებლად, თუმცა ვირჯინია ბიჭს დიდ დროს ვერ უთმობდა და ამის ანაზღაურებას ფინანსურად ცდილობდა. ის ძირითად დროს ქუჩაში ატარებდა და უბნის ბიჭებმა თეთრი კანის გამო „ბობი მილკი“ შეარქვეს.
დე ნირომ ცხოვრების დიდი ნაწილი მანჰეტენზე, ერთ-ერთ უბანში, პატარა იტალიაში (Little Italy) გაატარა.13 წლის ასაკში ის ქუჩის ბანდას დაუახლოვდა და რომ არა ხელოვნების სიყვარული, ის ბანდის ერთ-ერთი წევრიც იქნებოდა.
თავდაპირველად, რობერტი კერძო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი ნიუ-იორკის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში ჩააბარა. რობერტი სამსახიობო ოსტატობას დიდი მონდომებით ეუფლებოდა. სწავლობდა სტელა ალდერის კონსერვატორიაში და, ასევე, ლი სტრასბურგის მსახიობთა სტუდიაში.
დე ნირო პირველად 20 წლის ასაკში, 1963 წელს კომედიური ჟანრის ფილმში - „ქორწილის წვეულება“ გადაიღეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფილმი გადაღებიდან 6 წელში გამოვიდა და ფილმოგრაფიაზე საუბრისას ხშირად აღნიშნავენ, რომ დე ნიროს კარიერა 1965 წელს ფრანგული ფილმით - „სამი ოთახი მანჰეტენზე“ დაიწყო.
1973 წლიდან მისი კარიერული წინსვლა იწყება. ამ პერიოდში ის მარტინ სკორსეზესთან თანამშრომლობდა. 1974 წელს კი ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში - „ნათლია“ დე ნირომ დონ ვიტო კორლეონეს როლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ეს ფილმი და პერსონაჟი დღესაც დიდი პოპულარულობით სარგებლობს. სწორედ ამ როლმა მოუტანა მსახიობს პირველი „ოსკარი“.
"ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც ეძლევა შანსი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ბედი გადაწყვიტოს. მე ეს შანსი 1970 წელს მომეცა, როცა წვეულებაზე დამწყები რეჟისორი გამაცნეს. ის ჩემსავით იტალიური კვარტლიდან იყო. მას მარტინ სკორსეზე ერქვა", - ამბობს ლეგენდარული მსახიობი.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არაინგლისურად მოლაპარაკე მსახიობმა მიიღო ოსკარი, ფილმში დე ნირო იტალიურად საუბრობს.
ამის შემდეგ დე ნირომ კიდევ რამდენიმე წარმატებულ ფილმში მიიღო მონაწილეობა და ის მსოფლიო კინოვარსკვლავადაც იქცა.
1980-იან წლებში, მსახიობმა სკორსეზეს ფილმში - „ცოფიანი ხარი“ ითამაშა, რისთვისაც კრივი ისწავლა და 27 კილოც მოიმატა. ამ ფილმმა მსახიობს კიდევ ერთი „ოსკარი“ მოუტანა.
1993 წელს ფილმში „ბრონქსული ისტორია” რობერტ დე ნირო იყო რეჟისორი და, ამავდროულად, ასრულებდა ავტობუსის მძღოლის როლს. სწორედ ეს ფილმი იყო მისი სარეჟისორო დებიუტი.
1984 წელს გამოსულმა ფილმმა „ერთხელ ამერიკაში“ მსახიობს კიდევ ერთი დიდი წარმატება მოუტანა.
კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებზე შესრულებული როლების გამო რეჟისორები მას, ძირითადად, კრიმინალური პერსონაჟის როლში იღებდნენ, თუმცა ამ სტერეოტიპის დასანგრევად ის კომედიური ჟანრის ფილმებსა და მელოდრამებშიც მონაწილეობდა.
1995 წელს, დე ნირომ გაახმოვანა ანიმაციური ფილმი ”ზვიგენის ამბავი”. ფილმს, ასევე, ახმოვანებდნენ უილ სმიტი და ანჯელინა ჯოლი. დე ნირომ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ანიმაციურ ფილმში მონაწილეობა ყველაზე სასაცილო სპექტრი იყო მთელ მის კარიერაში.
მან უამრავ ფილმში ითამაშა ისეთ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან: მორგან ფრიმანი, მაიკლ დუგლასი, მერილ სტრიპი, მონიკა ბელუჩი, ანჯელინა ჯოლი, ლეონარდო დიკაპრიო, ალ პაჩინო, ჟერარ დეპარდიე და სხვა.
პირადი ცხოვრება
ჰოლივუდის ვარსკვლავის პირადი ცხოვრება მუდამ დიდ ინტერესს იწვევდა საზოგადოებაში. ის ორჯერ დაქორწინდა. ახალგაზრდობაში მის ირგვლივ მუდამ იყო სკანდალები, მაშინაც კი, როცა ქორწინებაში იმყოფებოდა.
პირველად ის მომღერალ დეიენ ებოტზე დაქორწინდა, რომელთანაც მსახიობს ვაჟი რაფაელი შეეძინა. დეიენმა ეპიზოდური როლები შეასრულა იმ ფილმებში, სადაც დე ნირო მონაწილეობდა და სწორედ ასე გაიცნო წყვილმა ერთმანეთი. აღსანიშნავია, რომ პირველი ქორწინებიდან დეიენს შვილი დრენა ჰყავდა, რომელიც დე ნირომ შემდეგ იშვილა და გოგონას მამა ოფიციალურად გახდა.
10 წლის შემდეგ ისინი განქორწინდნენ, თუმცა წყვილი განქორწინებამდე დიდი ხნის განმავლობაში აღარ ცხოვრობდა ერთად. რობერტმა ურთიერთობა ფერადკანიან მოდელ ტუკი სმიტთან დაიწყო. ისინი სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდნენ, თუმცა ქორწინება ოფიციალურად არ დაარეგისტრირეს. ხელოვნური განაყოფიერებით მათ ტყუპი - ჯულიან ჰენრი და აარონ კენდრიკი შეეძინათ.
მედიის ცნობით, დე ნიროს რომანი შარმინ სინკლერთანაც ჰქონდა, რომელიც 18+ კატეგორიის ფილმებში მონაწილეობდა. მათი ურთიერთობა ორ წელს გაგრძელდა, დაშორების შემდეგ კი სინკლერმა ჟურნალისტებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ რობერტთან ურთიერთობის დეტალები უამბო...
1997 წელს ჰოლივუდის ვარსკვლავმა ოფიციალურად მეორე ოჯახი ყოფილ სტიუარდესასთან, მოდელსა და მომღერალ გრეის ჰაიტოუერთან შექმნა. ისინი თითქმის 20 წელი იყვნენ ქორწინებაში. წყვილი სუროგაციის დახმარებით ჰელენისა და ელიოტის მშობლები გახდნენ.
როგორც ცნობილია, ელიოტს აუტიზმი დაუდგინდა, ამის მიზეზად კი მსახიობი სამშობიარო სახლში ახალშობილისთვის გაკეთებულ აცრას ასახელებდა. ელიოტის დაბადებიდან ერთ წელში გრეისი და რობერტი დაშორდნენ, მსახიობი არ მალავდა, რომ მას სხვა ქალბატონებთანაც ჰქონდა რომანი, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, წყვილი შერიგდა და ერთად განაგრძეს ცხოვრება. 2011 წელს მათ სუროგატი დედის დახმარებით მეორე შვილი - ჰელენი შეეძინათ.
მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 2018 წელს მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ისინი განქორწინდნენ.
"ჩვენ ორი მშვენიერი შვილი გვყავს. უნდა განვქორწინდეთ და ეს ძალიან რთულია, მაგრამ პატივს ვცემ გრეისს, როგორც შესანიშნავ დედას", - აღნიშნა მსახიობმა.
რობერტს ყველასათვის ცნობილ ფერადკანიან მოდელთან - ნაომი კემპბელთანაც ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა, რომანი თითქმის ერთი წელი გაგრძელდა. იმ დროს 50 წლის დე ნირო მოდელზე 28 წლით უფროსი იყო. მან დე ნიროს გამო მოკრივე მაიკ ტაისონთან დაასრულა ურთიერთობა და როგორც ამბობდა, რობერტი მის ცხოვრებაში პირველი ნამდვილი სიყვარული იყო.
რობერტ დე ნიროზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მისი და ალ პაჩინოს 50-წლიანი მეგობრობა. მათ რამდენიმე ფილმში ერთად ითამაშეს და საუკეთესო მეგობრებიც გახდნენ.
"მე და ალი დიდი ხანია, ვმეგობრობთ. "ნათლიას" გამოსვლის შემდეგ, მისი კარიერა პიკს აღწევდა. ფილმის ერთ-ერთ ნაწილში მე ახალგაზრდა ვიტო კორლეონეს ანუ მამამისის როლს ვთამაშობ, ვფიქრობ, სწორედ მაშინ გავხდი მისთვის მამა და ამის შემდეგ ჩემზე მუდამ ზრუნავდა", - აღნიშნა დე ნირომ მეგობარზე საუბრისას.
"ერთმანეთს ხშირად ვერ ვნახულობთ, თუმცა როცა ვხვდებით, საუბრისას აღმოვაჩენთ, რომ ბევრ საკითხზე ერთნაირი შეხედულება გვაქვს. ხან ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება ერთმანეთს ვეხმარებით", - ამბობს ალ პაჩინო მეგობარზე.
აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული მსახიობი საქართველოსაც სტუმრობდა. 1986 წელს ის თბილისს ეწვია. თან ახლდნენ ქალიშვილი ბოიფრენდთან ერთად და ვაჟი. ერთ დილას, გასასეირნებლად სასტუმრო "მეტეხიდან" ავლაბარში დაეშვა ფეხით, მარტო. მერე მახლობელ პარკში სკამზე ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და თვალი მიადევნა საქმეზე მიმავალ ავლაბრელებს. ეგონა, გარს შემომეხვევიან, ტაშს დამიკრავენო, მაგრამ ზედაც არავინ შეხედა.
ნაწყენმა თანმხლებს და მეგზურად მიმაგრებულ მწერალ რეზო თაბუკაშვილს შესჩივლა, - ქართველები ვერ მცნობენო. რეზოს ჩაეღიმა, - შე კაცო, ავლაბარში რომ გამოიჭიმე, ვინ გიცნობდა, ყველას სომეხი არტაშა ეგონებოდიო. (წყარო)
მომღერალ ნინი ბადურაშვილის მამა, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი იხსენებდა:
"დე ნიროს აინტერესებდა, ეს ერთი ბეწო ქვეყანა როგორ ახერხებდა ასეთი თვითმყოფადი სურათების გადაღებას. მახსოვს, აეროპორტში მე, ელდარ შენგელაია და ზურა ყიფშიძე დავხვდით. ერთ დღეს თბილისი დავათვალიერებინეთ, საღამოს უკვე ზურიკო წერეთელმა თავის სახლში დაპატიჟა, ბაგებში. დე ნირო ცოტა ვერ გაერკვა, ხალხი რომ დახვდა და პურ-მარილი რატომ იყო გაშლილი.
დამიძახა, მოდი აქ, ბადურ, რა ხდება, მითხარიო. ავუხსენი, ასეთი ტრადიცია გვაქვს, დიდებულ სტუმარს ასე ვხვდებით და ეს ჩვენი პატივისცემის გამოხატულებაა-მეთქი... მახსოვს, რომელიღაც სპექტაკლს დაესწრო. უნდოდათ მისი სვანეთში წაყვანა, მაგრამ ღრუბლიანი ამინდი იყო და ვერ მოახერხეს. მხოლოდ თბილისი და ქუთაისი დაათვალიერებინეს. საქართველოში სულ ორი დღე იყო."
ასევე დაგაინტერესებთ:
"რობერტ დე ნირო ცოტა თავისებური კაცი იყო, დისტანცია უყვარდა. გვინდოდა, სვანეთში წაგვეყვანა"