"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები არ აღირებენ წარდგენილ ბრალს" - რას აცხადებს "მშენ-ექსპერტი"-ის დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები არ აღირებენ წარდგენილ ბრალს" - რას აცხადებს "მშენ-ექსპერტი"-ის დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი?

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე „მშენ-ექსპერტი“-ის დაკავებული თანამშრომლების ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფებმა ლიცენზია გასცეს იმასთან დაკავშირებით, რომ სამშენებლო ნორმები ხარჯთაღრიცხვასთან არის შესაბამისობაში და არა უსაფრთხოებასა და ხარისხთან.

მისივე თქმით, ბრალდებულების მიერ წარდგენილი დასკვნა კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია.

როგორც ადვოკატმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა, დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები არ აღირებენ წარდგენილ ბრალს. მიაჩნიათ, რომ მათ მიერ წარდგენილი დასკვნა არის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და მეორეს მხრივ აღნიშნული დასკვნა არ ეხება უსაფრთხოების სტანდარტებს და ხარისხს. თავისთავად, არავინ გაურბის პასუხისმგებლობას, მაგრამ მოცემული დოკუმენტებით და რეალობით, ნუგზარ ქიტიაშვილს და დავით თუშიშვილს არანაირი ბრალეულობა ტრაგიკულ შემთხვევასთან არ გააჩნიათ“,- განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, ვინ შეამოწმა შადრევნის და იქ გაყვანილი ელექტრო სისტემის უსაფრთხოება, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს კითხვა არ შეიძლება მიმართული იყოს იმ ექსპერტებთან, რომლებმაც შეამოწმეს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობა.

ადვოკატის თქმით, ხელშეკრულებაში არ ყოფილა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტები ვალდებულები არიან შეამოწმონ შესრულებული სამუშაოს ხარისხი ან უსაფრთხოება.

„უსაფრთხოების სტანდარტები, ელექტრო სისტემის მოწესრიგება და ა.შ. უნდა შეამოწმოს შესაბამისი ლიცენზიის მქონე სპეციალისტმა. ის ექსპერტები, რომლებმაც დასკვნა გასცეს, კომპეტენტურები იყვნენ იმ ლიცენზიის ფარგლებში, რომელიც მათ გააჩნდათ.

დაკვეთა „გრინსერვის +“- სა და „მშენ-ექსპერტ“-ს შორის ამ საკითხზე არ ყოფილა. ხელშეკრულებაში ერთი სიტყვაც არ ყოფილა, რომ ექსპერტები ვალდებულები არიან შეამოწმონ შესრულებული სამუშაოს ხარისხი ან უსაფრთხოება. პირდაპირ წერია შესრულება დაკავშირებულია ხარჯაღრიცხვასთან“,- აღნიშნა ადვოკატმა.

ამასთან, ამირან გიგუაშვილის თქმით, მხარეებს შორის უკანონო შეთანხმება არ ყოფილა. მას იმედი აქვს, რომ სასამართლო გამოძიების ამ ვერსიას არ გაიზიარებს.

"ინტერპრესნიუსი"