"მეფე ვლადიმერმა სამხედრო მდგომარეობა შემოიღო" - რას წერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"მეფე ვლადიმერმა სამხედრო მდგომარეობა შემოიღო" - რას წერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა

ბრიტანული ჟურნალის - The Spectator-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველის, პოლიტოლოგიის პროფესორის - მარკ გალეოთის სტატია სათაურით - "მეფე ვლადიმერმა სამხედრო მდგომარეობა შემოიღო".

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით.

საზოგადოება სამხედრო მდგომარეობის მოწმედ სხვადასხვანაირად შეიძლება გახდეს: ვთქვათ, უეცრად ტანკები ქუჩაში გამოდიან, ტელევიზორებში კი "გედების ტბას" აჩვენებენ, ან შეიძლება სამხედრო მდგომარეობა ხელისუფლებამ "შემოაპაროს", ვთქვათ ისე, როგორც ეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა - ბრძანებულება იმ ზომების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში უნდა იქნეს განხორციელებული (№756). ასეა თუ ისე, ვლადიმერ პუტინმა ამ აქტით რუსეთი კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვა ტოტალიტარიზმს.

საინტერესოა, რომ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების წინაპროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და იმავდროულად - საყოყმანოც იყო: როცა თებერვალში პუტინის არმია უკრაინაში შეიჭრა, მისი გარემოცვის ყველაზე "ბასრნისკარტიანი ქორები" პრეზიდენტს ტოტალური ომის გამოცხადებისაკენ მოუწოდებდნენ, პარალელურად კი - მკაცრი სახელმწიფო კონტროლის შემოღებას ეკონომიკის დიდი ნაწილის მიმართ. ვლადიმერ პუტინი ყოყმანობდა - მთავრობაში მომუშავე ტექნოკრატებმა და ეკონომიკურმა ლიბერალებმა მისი შეჩერება მოახერხეს. იმ დროს ვლადიმერ პუტინის ვარაუდები სრულიად არარეალურ პროგნოზს ეფუძნებოდა, რომ ეს იქნება სწრაფი და ძლევამოსილი ომი და რომ დასავლური სანქციები შეზღუდული იქნება. ახლა, როცა მოსკოვი გამარჯვებაზე აღარ ფიქრობს და თავგანწირულად ომის ფრედ დამთავრებას ცდილობს, ხოლო დასავლეთთან რამე ახალი "გადატვირთვის" შესაძლებლობა უკიდურესად დაბალია, სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება სიტუაციის ისე წარმოჩენა, რომ ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის.

ამის მიუხედავად, ჯერჯერობით ვლადიმერ პუტინი მაინც ორჭოფულ მდგომარეობაშია - მისთვის ძნელია, სრულად გადავიდეს "ტექნოკრატების" ან "ქორების" პოზიციაზე, ან მთლიანად აიღოს საკუთარ თავზე იმის პასუხისმგებლობა, რასაც თვითონ დაგეგმავს და გააკეთებს.

რუსეთის უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომის შემდეგ, რომელზეც პრეზიდენტმა უკრაინა ტერორიზმში დაადანაშაულა - იმიტომ, რომ კიევმა უარი განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ნების აღიარებაზე "რეფერენდუმთან" დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინმა ორი ბრძანებულება გამოსცა:

პირველი, რომელიც ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სამხედრო მდგომარეობის შემოღებას ეხება, საკმაოდ მოკლე და სწორხაზოვანია. პრინციპში, კაცმა რომ თქვას, ამ ბრძანებულებამ იურიდიულად გააფორმა ის რეალური სიტუაცია, რომელიც დღემდე იყო - მოსკოვი აღნიშნულ ტერიტორიებს ოკუპირების დროიდან სწორედ სამხედრო მდგომარეობის მიხედვით მართავდა. ბრძანებულება, უბრალოდ, სიტუაციას აწესრიგებს გარკვეულ ჩარჩოებში. სხვათა შორის, პუტინის რეჟიმს უცნაური ლეგალიზმი ახასიათებს - ის ყველანაირ უკანონო საქმეს აკეთებს, მაგრამ ამის შემდეგ ცდილობს, რაღაც სამართლებრივი დასაბუთება იპოვოს მათთვის;

მეორე ბრძანებულება უფრო საინტერესოა, რადგან ის უკვე მთლიანად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას ეხება, თუმცა - ადგილობრივი ინტერპრეტაციით და პირობების გათვალისწინებით. მაგალითად, ყირიმში, კრასნოდარის მხარეში, ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკის და როსტოვის ოლქებში შემოღებულია "შერბილებული" სამხედრო მდგომარეობა, ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია თავისი შეხედულებით, ასე ვთქვათ, "ნებაყოფლობით" გამოაცხადოს კომენდანტის საათი და შეზღუდოს მოსახლეობის გადაადგილება;

ყველაზე ორაზროვნად და, ალბათ, სახიფათოდ ჩანს მესამე პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ობიექტის მუშაობის გაკონტროლებას და მათი თავდაცვის მიზნით გამოყენებას - იგულისხმება ტრანსპორტი, სტამბები, კომპიუტერული ცენტრები, აგრეთვე - მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინც წესებს არ დაემორჩილება და უკმაყოფილებას გამოხატავს, ყველა შეიძლება დააპატიმრონ - გაფიცული მძღოლებიდან გაზეთების რედაქტორების ჩათვლით, მათი საწარმო-დაწესებულებები კი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოექცევა. აი, ასეთი "დრაკონული ზომების" განხორციელება შეიძლება ცენტრალური და სამხრეთ ფედერალური ოლქების ტერიტორიაზე, შეიძლება ითქვას - მოსკოვამდე.

საგანგებო მმართველობის რეჟიმის გარკვეული დონე ამჟამად რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე დიდი ხანია, მოქმედებს, რაც ადგილობრივ ჩინოვნიკთა უფლებების "არასამართლებრივ" გაფართოებაში გამოიხატება - პრეზიდენტი უპირატესობას ანიჭებს იმას, რომ გუბერნატორებმა მეტი პასუხისმგებლობის თავიანთი წილი აიღონ პოტენციურად სადავო საკითხების გადაწყვეტაში. ახლა საინტერესო იქნება, ვინ როგორ და რას გააკეთებს ისე, როგორც ეს მოსკოვს სურს ან რას არ გააკეთებს და რის იგნორირებას მოახდენს.

არ არის გამორიცხული, რომ ვლადიმერ პუტინმა ადგილობრივი სახელისუფლებო მოთამაშეები გაძლიერების (მათი უფლებების გაფართოების) მნიშვნელობა ბოლომდე ვერ გააცნობიერა. მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, მაგალითად, აშკარად არ ითვლება ომის მხარდამჭერად. მისი მიერ ორშაბათს გაკეთებული განცხადება - მობილიზაცია მოსკოვში უკვე დასრულებულიაო, ბევრმა კრემლის მიმართ შეურაცხყოფად აღიქვა. უფრო მეტიც - მერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებების "ნებაყოფლობით" განხორციელებას ჯერჯერობით არ გეგმავს.

1905 წლის რევოლუციის შემდეგ მეფის რეჟიმი თანდათანობით აფართოებდა თავის დებულებებს "გაძლიერებული დაცვისა" და "საგანგებო დაცვის" მიმართ. საბოლოოდ კი, 1917 წლისათვის თითქმის მთელი ქვეყანა, ფაქტობრივად, ერთი და იმავე მდგომარეობაში იმყოფებოდა - სამხედრო მდგომარეობის პირობებში. ანალოგიური რეჟიმის "მცოცავი გავრცელება" ხდება ვლადიმერ პუტინის მმართველობის დროსაც, მაგრამ ეს ისტორიული პარალელი რუსეთის დღევანდელი მეფისათვის დამამშვიდებელი არ უნდა იყოს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ