"დეზინფორმაციაა. ასეთ ხმებს მიზანმიმართულად ავრცელებენ რუსები იმიტომ, რომ ქართველების ერთობა აშინებთ, მოსვენება ეკარგებათ" - კვირის პალიტრა

"დეზინფორმაციაა. ასეთ ხმებს მიზანმიმართულად ავრცელებენ რუსები იმიტომ, რომ ქართველების ერთობა აშინებთ, მოსვენება ეკარგებათ"

უკრაინაში მებრძოლი ქართველები კავკასიელი ერების რუსებისგან გათავისუფლების მიზნით ახალ ლეგიონს ქმნიან - ამის შესახებ ინფორმაციას „კავკასიის ლეგიონის" მეთაური ლადო გამსახურდია ავრცელებს. „კავკასიის ლეგიონი“ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდგომ, „მრგვალი მაგიდა, თავისუფალი კავკასიის“ მხარდამჭერებმა და წევრებმა შექმნეს. უკვე მეოთხეა თვეა, ლეგიონი ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის და საპასუხისმგებლო დავალებებს ასრულებს.

ლეგიონის მეთაური ლადო გამსახურდია აფხაზეთის მკვიდრია. ოთხი წლის იყო, როდესაც გუდაუთა მშობლებთან ერთად დატოვა. ამბობს, რომ სახლ-კარი რუსებმა წაართვეს, მაშინ წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ახლა კი საშუალება მიეცა, მტერს უკრაინელებთან ერთად ებრძოლოს. მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონდა, ომის დაწყებისთანავე, უკრაინაში მცხოვრებ 13 წლის ვაჟიშვილსა და ყოფილ მეუღლეს ჩააკითხა, ოჯახი სამშვიდობოს გაიყვანა და თავად საომარ მოქმედებებში ჩაება.

რამდენიმე დღით ადრე ჩაწერილი ინტერვიუს დასასრულებლად, ლადო გამსახურდიას მაშინ დავუკავშირდით, როდესაც რუსები კიევს ბომბავდნენ. ქართველმა მებრძოლმა საუბარი ვერ შეძლო, მაგრამ დარჩენილ შეკითხვებზე "ფეისბუკის" შეტყობინებების საშუალებით გაგვცა პასუხი. მადლობა მას ამისთვის! ის ქართველების მისიაზე უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე, „კავკასიის ლეგიონის" მიზნებსა და საკუთარ თავზე საინტერესო ამბებს მოგვითხრობს.

- ჩემი მთავარი მიზანი ჩემს სახლში გუდაუთაში დაბრუნებაა. როდესაც აფხაზეთი დავტოვეთ, ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მეხსიერებაში ღრმად ჩამრჩა ჩემი სახლი და საბავშვო ბაღი, სადაც დავდიოდი. ჩემმა ოჯახმა ყველა ის სირთულე იწვნია, რაც დევნილობას ახლავს. თავს არ დავზოგავ იმისთვის, რომ ჩემი სახლის ეზოში კიდევ გავიარო... ვოცნებობ იმ დღეზე, როდესაც ბოროტების იმპერია, რუსეთი, კავკასიას დატოვებს. ომში პირველად ვარ. პროფესიით აი-ტი-სპეციალისტი ვარ, მაგრამ თეატრალურიც მაქვს დამთავრებული. ასევე დავამთავრე ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია. სხვათა შორის, ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ: ომში წამოსვლამდე, სახელმწიფო უნივერსიტეტში არქეოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. პირველად აქ, უკრაინაში გავიარე წვრთნის კურსები და საბრძოლო ნათლობაც ფრონტის წინა ხაზზე მივიღე. ექვსი თვეა, რაც ომში ვმონაწილეობ, მაგრამ მეოთხე თვეა, ლეგიონს რომ ვხელმძღვანელობ. ჩემს ბიჭებთან ერთად, დღემდე უდანაკარგოდ ვასრულებ დავალებებს.

- ლეგიონისა და ჯერ კიდევ თბილისში შექმნილი თქვენი ორგანიზაციის შესახებ რას იტყვით?

- ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის დროს, 3 წლის წინ, თანამოაზრეებთან ერთად შევქმენი ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდა, თავისუფალი კავკასია“. გვაქვს გერბი და დროშა. მე ამ ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარე ვარ. ორგანიზაციის მიზანია (წესდების ერთ-ერთი მუხლი) კავკასიელი ერების ისტორიული სამართლიანობისთვის ბრძოლა - რასაკვირველია, თუ ამა თუ იმ ერს ექნება მონობისგან გათავისუფლების სურვილი. საბრძოლო მოქმედებების წამომწყებები და ინიციატორები არა და ვერ ვიქნებით, ჩვენ უბრალოდ, იდეოლოგებისა და პატრიოტების ჯგუფს წარმოვადგენთ, რომელიც დღეს უკრაინის გვერდით, მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე დგას. „კავკასიის ლეგიონი“ ამ ორგანიზაციის სამხედრო ფრთაა; ამასთანავე, უკრაინული არმიის შემადგენლობაში ვირიცხებით. რუსებს სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად ჩვენც "წითელ სიაში" ვყავართ შეყვანილი. ლეგიონში ერაყისა და კოსოვოს მისიებში ნამყოფი, ასევე აფხაზეთის ომში ნაბრძოლი ბიჭები გვყავს. საბრძოლო გამოცდილება ზოგს აქვს, ზოგს - არა, მაგრამ საომარი შემართება ყველას გვაქვს. ლეგიონში არიან, იყვნენ და იქნებიან: სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები, ჩეჩნები, დაღესტნელები და სრულიად კავკასიის ერების წარმომადგენლები, უფრო მეტად, ქართველები. ორგანიზმი ცოცხალია და შესაბამისად ხდება ხალხის შემოდინება და გადინება. ლეგიონერების ერთ ადგილას თავმოყრა ვერ ხერხდება, ამიტომ გადანაწილებულები გვყავს პატარ-პატარა ჯგუფები უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფში, რომლებიც „კავკასიის ლეგიონის“ სახელით ომობენ. მიმდინარეობს მუშაობა და მოლაპარაკებები, რომ საბოლოოდ, მსურველი კავკასიელები გავერთიანდეთ „კავკასიურ ლეგიონში“. რა თქმა უნდა, მეომრები ყოველთვის ჭეშმარიტების მხარეს იომებენ, ამ შემთხვევაში უკრაინის, მომავალში - საქართველოსა და ნებისმიერი ჩრდილოკავკასიური ქვეყნის თავისუფლებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ მათ თავისუფლებას დასჭირდება უსაფრთხოებისთვის სამხედრო ძალის დახმარება ჩვენი მხრიდან. სხვათა შორის, ჩვენს ორგანიზაციაში „მრგვალი მაგიდა, თავისუფალი კავკასია“ ჩეჩნური "შეიხ მანსურის ბატალიონის" ბიჭებიც არიან. ერთმანეთისთვის პირობა გვაქვს მიცემული, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ერთმანეთს მხარში ამოვუდგებით.

sheix-mansuris-metauri-copy-1666081380-1666256851.jpg

- კავკასიელებს შორის ბევრი სადავო საკითხია, მათ შორის ტერიტორიების საკითხიც. ამ პრობლემის მოგვარება როგორ წარმოგიდგენიათ?

- ის ფაქტი, რომ კავკასიელებს, ჩვენს სადავო საკითხებში რუსული იმპერიული ძალების ჩართვა ყოველთვის ძვირად დაგვიჯდა, გაკვეთილად უნდა გამოვიყენოთ. შეგახსენებთ, რომ კავკასიაში რუსების შემოსვლას პატარა ერების, ქვეყნების ოკუპაცია, გადასახლება, სისხლი, ანექსია ან საერთოდ გაქრობაც კი მოჰყვა. ნახეთ, რა უქნეს უბიხებს, ჩერქეზებს!.. მერე რა, რომ რიგ საკითხებში კავკასიელებს აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა და გვაქვს?! ახლა სხვა დროა, ცივილიზებული მსოფლიო პრობლემებს დიპლომატიური ურთიერთობით აგვარებს. ჩვენი ვალია, შევქნათ საერთო კავკასიური დიპლომატიური ველი. ჩვენ ქართველების სახელით, უკვე გადავდგით პირველი ნაბიჯი და შევქმენით არასამთავრობო ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდა, თავისუფალი კავკასია“. „მრგვალი მაგიდა“ ანუ - თანასწორობა. კავკასიელებმა მსოფლიოს უნდა ვუჩვენოთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ საკუთარი თავის პატრონები, შეგვწევს დიპლომატიური ურთიერთობების უნარი და გარე ძალების ჩარევის გარეშე შეგვიძლია შიდა პრობლემების გადაწყვეტა. თუმცა, სანამ აქამდე მივალთ, საჭიროა სრული დამოუკიდებლობის მოპოვება თითოეული კავკასიური ქვეყნისთვის. რაც შეეხება მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ ამიერკავკასიას და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს, ეს პრობლემა ისევ და ისევ ჩვენი წინა თაობის პოლიტიკოსების ბრალია, რომლებიც დღემდე მართავენ ქვეყნებს და მიზანმიმართულად აღრმავებენ კონფლიქტებს. მათ არ ეყოთ გონიერება, რომ დიპლომატიური ურთიერთობებით მოეგვარებინათ პრობლემები და ჩვენ, ახალ თაობას დაგვიტოვეს გადაუჭრელი კონფლიქტები. დიახ, ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ, მაგრამ შევძლებთ ამ პრობლემებთან გამკლავებას და იმდენს მივაღწევთ, რომ ცივილიზებულმა სამყარომ ყურადღება მოგვაქციოს და ყველა კავკასიური ქვეყანა დამოუკიდებლად აღიაროს.

- კონკრეტული გეგმები და რეალური მიზნები თუ გაქვთ?

- დღეს გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდა, თავისუფალი კავკასია“, ასევე გვაქვს სამხედრო ფრთა, რომელიც იბრძვის უკრაინაში ჭეშმარიტების მხარეს. „მრგვალ მაგიდაში“ დიპლომატიური კუთხით წევრდებიან აზერბაიჯანელები, ჩეჩნები და სომხები. ჩვენი მიზანია, მსოფლიოში შევქმნათ თავისუფლებისმოყვარე კავკასიური დიასპორები და დავაკავშიროთ თბილისს. არ არის გამორიცხული, საჭიროების მიხედვით, ჩვენმა ორგანიზაციამ სახე იცავლოს და გარდაიქმნას ძლიერ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც საკუთარი ფილიალები ექნება კავკასიის სხვადასხვა ქვეყანაში. ვიმედოვნებ, რომ კავკასიის ქვეყნების სრული თავისუფლება უნდა შედიოდეს დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიოს - ევროპის, ამერიკის და უკრაინის ინტერესებში. გვინდა, რომ ჩვენი რეგიონისგან ეკონომიკური და სამხედრო სარგებელი ჩვენთან ერთად მიიღოს ცივილიზებულმა სამყარომ და არა სისხლიანმა, იმპერიალისტურმა ძალებმა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც იჩქერიის მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს იმის სტატუსი და ძალა, რომ მაღალი პოლიტიკური წრეების დონეზე მოხერხდეს. ამიტომ ვმუშაობთ გეგმაზომიერად და ნელ-ნელა მივიწევთ წინ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც საკუთარი მთავრობა - საქართველოს ხელისუფლება არ არის მზად მსგავს იდეოლოგიურ ჯგუფებთან სამუშაოდ, რაც აჩენს ეჭვს, რომ ეშინიათ რუსეთის ზეწოლის. გამბედაობა ვერ გამოიჩინეს, რომ ხელი შეეწყოთ ჩვენთვის.

- ხელი როგორ უნდა შეეწყოთ?

- არ არის მართებული ამაზე ღიად საუბარი. ბევრი რამის გაკეთება შეეძლოთ, მაგრამ არაფერიც არ გააკეთეს. ცოტა სასაცილოა, ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემას ოპოზიციას რომ აბრალებენ. დღეს ოპოზიცია ხელისუფლებას მიუთითებს, რომ ამდენი რუსი მოქალაქის საქართველოში შემოსვლა სახიფათოა, ხელისუფლება კი ამას არ იმჩნევს. მოვა დრო და ქართველებს ეს ამბავი თავში საცემი გაგვიხდება, მაგრამ „ქართული ოცნება“ ისევ სხვისკენ გაიშვერს თითს. ძალიან დამწყდა გული, რომ ჩემი ქვეყანა დასავლურ სანქციებს ბოლომდე არ შეუერთდა. მგონია, რომ ახლა ჩვენივე ინტერესებშია, ყველანაირად ამოვუდგეთ უკრაინას მხარში, რუსეთს კი პირიქით, ყველანაირი დისკომფორტი უნდა შევუქმნათ, რისი შესაძლებლობაც გაგვაჩნია.

- ხელისუფლებას აქვს არგუმენტი, რომ ოქროს შუალედის დაჭერით ცდილობს, საქართველოს ომის საფრთხე აარიდოს თავიდან.

- არსებობს მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე შესაძლებელია როგორც უკრაინის მხარდაჭერა, ასევე რუსეთისთვის პრობლემების შექმნა. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის ამბავი, რომ ქართველებს ომით გვაშინებენ. რას ნიშნავს - „აბა, ომი გინდათ?!“ ომი, რა თქმა უნდა, არავის არ გვინდა, გიჟები არ ვართ, მაგრამ როდის იყო, ომის შიშით თავისუფლებასა და სახელმწიფოებრიობას ვთმობდით?!. ძალიან კარგი ნათქვამია - „თუ მშვიდობა გინდა, ომისთვის უნდა ემზადოო“. სწორედაც რომ ყოველდღიურად უნდა ვიფიქროთ ჩვენი თავდაცვის გაძლიერებაზე, სხვა თუ არაფერი, იმისთვის მაინც, რომ რუსეთს როცა მოესურვება, მაშინ არ შემოგრიხინდეს ტანკებით.

- დროდადრო ვრცელდება ინფორმაცია ქართველ მებრძოლებს შორის დაპირისპირების შესახებ...

- ეს არის დეზინფორმაცია. ასეთ ხმებს მიზანმიმართულად ავრცელებენ რუსები იმიტომ, რომ ქართველების ერთობა აშინებთ, მოსვენება ეკარგებათ. მათი სტილია „გათიშე და იბატონე“. ყველანაირად ცდილობენ, ერთმანეთს დაგვატაკონ, საამისოდ ათასნაირ ხრიკს მიმართავენ, ძალიან ვერაგი ხალხია. სიმართლე ის არის, რომ სხვადასხვა ბატალიონში მყოფი ქართველები ერთმანეთთან ვმეგობრობთ და ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ. მე და „ქართული ლეგიონის“ მოადგილე ლევან ფიფია მეგობრები ვართ. ფოტოც შემიძლია გამოგიგზავნოთ.

- ახლა რა ხდება ფრონტის ხაზზე, რისი თქმა შეგიძლიათ?

- ახლა ჯერ ვერაფერს გეტყვით. იცით, რომ უკრაინა უკვე გადავიდა შეტევაზე და ეს იმ იარაღის დამსახურებაა, რომელიც დასავლელი პარტნიორებისგან უკვე მივიღეთ. "ჰაიმარსებმა" გარდამტეხი როლი ითამაშა, სწორედ "ჰაიმარსებით" განადგურდა ხერსონისკენ მიმავალი ხიდები. ახლა, ამ წუთებში, როდესაც თქვენ გწერთ, კიევი იბომბება. არ ვიცი, ხვალ და ზეგ რა მოხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენი იქნება. ყირიმიც დაუბრუნდება უკრაინას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება და კავკასიაც გათავისუფლდება რუსეთისგან.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი "გზა"