"თუ ვინმეს აწყობს კახა კალაძის ჩაძირვა, ეს ივანიშვილია" - რას ამბობს კახა კუკავა - კვირის პალიტრა

"თუ ვინმეს აწყობს კახა კალაძის ჩაძირვა, ეს ივანიშვილია" - რას ამბობს კახა კუკავა

ვფიქრობ, დღეს თუ ვინმეს აწყობს კახა კალაძის ჩაძირვა, ეს ბიძინა ივანიშვილია - კახა კალაძის მოშორების ოპერაცია კი არ არის, ეს არის მისი „გაბანძების“ ოპერაცია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სისტემურ კორუფციაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ერთი ადამიანი - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. მისივე თქმით, „კახა კალაძეზე ისრების გადატანა ისეთივე არასწორია, როგორც ელექტრიკოსზე“.

„თუ ვსაუბრობთ, რომ პრობლემა არის სისტემური კორუფცია, ამ სისტემური კორუფციის სათავეში არ დგას არც კალაძე, არც ღარიბაშვილი და არც კვირიკაშვილი, ამ კორუფციის სათავეში ბიძინა ივანიშვილი დგას. კახა კალაძეზე ისრების გადატანა ისეთივე არასწორია, როგორც ელექტრიკოსზე. თუ სისტემურ კორუფციაზე ვსაუბრობთ, სისტემურ კორუფციაზე პასუხისმგებელია ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი. ეს შედის ბიძინა ივანიშვილის ინტერესში. ის პარტიები, რომლებიც საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის დროს პირდაპირ ემსახურებოდნენ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს, დღეს ისინი ყვირიან კალაძის გადადგომის შესახებ. ვფიქრობ, დღეს თუ ვინმეს აწყობს კალაძის ჩაძირვა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს იყო მისი გეგმა. კახა კალაძე არჩეული თანამდებობის პირი, დედაქალაქის მერია, არ არის დანიშნული, ვისაც „იუთუბით“ გადააყენებენ.

ბიძინა ივანიშვილი, ისევე, როგორც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი გაურბის ხელისუფლების შიგნით სხვა ძალაუფლების ცენტრის შექმნას. გახარიას მიმართ რა მოხდა?! როგორც კი გახარიას ირგვლივ ძალაუფლების ცენტრის შექმნა დაიწყო და რეიტინგის დაგროვება, მაშინ გახდა ივანიშვილისთვის მიუღებელი. კახა კალაძის მოშორების ოპერაცია კი არ არის, ეს არის „გაბანძების“ ოპერაცია. ივანიშვილის ამოცანა არ არის კალაძის გადადგომა, რომ გადადგეს ეს ახალ პრობლემებს წარმოაჩენს, რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს, დამატებითი ხარჯებია, მას სჭირდება კალაძე დარჩეს დედაქალაქის მერად, ოღონდ მისი თემა ყოველდღე იყოს განხილული, არ ჰქონდეს ამბიციები, რომ მომავალში პოლიტიკური გუნდის ლიდერი გახდეს. ეს არის ივანიშვილის გეგმა კახა კალაძისადმი“,- აღნიშნავს კუკავა.