"ეს იყო უწყვეტი ცეკვა ბურთით და ტიპური ქართული ცეკვების მოდელით" - რას წერს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ქართულ ფეხბურთსა და თბილისის "დინამოზე" - კვირის პალიტრა

"ეს იყო უწყვეტი ცეკვა ბურთით და ტიპური ქართული ცეკვების მოდელით" - რას წერს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ქართულ ფეხბურთსა და თბილისის "დინამოზე"

რაც უფრო იზრდება ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტი იტალიაში, მით უფრო მეტი იტალიელი ინტერესდება საქართველოთი, ქართული ფეხბურთით და მისი წარსულით. ერთ-ერთი ასეთია იტალიელი ჟურნალისტი ანდრეა ესპოზიტოა, რომელმაც ქართულ ფეხბურთსა და საქართველოში ამ სპორტის სოციალურ და პოლიტიკურ დატვირთვაზე საკმაოდ საინტერესო ანალიზი შემოგვთავაზა.

ნაწყვეტი იტალიელი ჟურნალისტის წერილიდან:

"თბილისის „დინამო“ თამაშობდა ტექნიკურ ფეხბურთს, რომელშიც დრიბლინგი და ხარისხი იყო მთავარი ელემენტი, რაც სრულიად ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა ფეხბურთის ფიზიკურ ძალასა და სიხისტეზე დამყარებულ თამაშს. ეს იყო უწყვეტი ცეკვა ბურთით და ტიპური ქართული ცეკვების მოდელით. კრემლს მოსკოვშიც სურდა ამის წარმოდგენა, რათა ეჩვენებინა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ხალხის კუთვნილება. თუმცა, განსხვავება მკვეთრი და თვალშისაცემი იყო: ქართული ფეხბურთი ბევრად უფრო ჰგავდა სამხრეთ ამერიკის ფეხბურთს, ვიდრე საბჭოურს – იმდენად, რომ ქართველებს ადარებდნენ 1920-იანი წლების დიდ ურუგვაის ნაკრებს. და ასეთ თამაშში გამოხატული გრძნობები სცილდებოდა იმ საზღვრებს, რასაც საბჭოთა ხელისუფლება ამკვიდრებდა.

როგორც ყველაფერი იმ დროს, მათ შორის, „დინამოც“, დაკავშირებული იყო სამთავრობო საქმეებთან, კერძოდ, ლავრენტი ბერიას ფიგურასთან, გარემოცვის წევრთან და სსრკ-ში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურასთან. 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, გუნდი პატრონის გარეშე დარჩა. თუმცა, ამან ოდნავადაც არ იმოქმედა თბილისური გუნდის სახესა და სიძლიერეზე, რომელმაც სსრკ-ს ჩემპიონის ტიტული დაკარგა მას შემდეგ, რაც კრემლის წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებით იძულებული გახდა, მოსკოვის „ტორპედოსთან“ უკვე მოგებული მატჩი განმეორებით ჩაეტარებინა. წმინდა პოლიტიკური მოტივებით, კრემლი რუსულ ფეხბურთზე ქართველების გამარჯვებას კეთილგანწყობით არ შეხვედრია.

თუმცა, მთავრობამ ვერაფერი გააკეთა 1964 წელს, როდესაც „ოქროს ბიჭებმა“ საბოლოოდ მოიგეს სსრკ ჩემპიონატი – მანამდე ოთხჯერ მეორე ადგილზე გავიდნენ. ამ მოგებით შური იძიეს 1953 წლის მოვლენებზე და ამაღლდნენ საკულტო გუნდის იმ თითქმის მითოლოგიურ სტატუსამდე, რომელსაც შემდეგ სიმღერები და ფილმები მიუძღვნეს. თბილისელთა წარმატება მხოლოდ საფეხბურთო ტრიუმფი არ იყო. ეს იყო ქართველი ხალხის ტრიუმფი საბჭოთა სამყაროზე, ეროვნული სიამაყე, რომელიც შეიძლება მაშინდელი გულშემატკივრის სიტყვებმა კარგად ახსნას – „ამიერიდან ევროპაში ფეხბურთზე ქართული აქცენტით ისაუბრებენ“. უმაღლეს ლიგაში ქართული ფეხბურთის წარმატებები დიდი იდეოლოგიური წნეხის გამო კრემლის ხელისუფლებას ძლიერ აშფოთებდა და თბილისის „დინამოს“ ყოველი გამარჯვება საკმარისი იყო კავშირში უკმაყოფილების გამოწვევისთვის. ამასთან, გუნდის გულშემატკივრებს მობეზრდათ, რომ მათი იდენტიფიცირება ხდებოდა არა ქართულ, არამედ საბჭოთა და რუსული გუნდადაც კი. ამან გამოიწვია ძლიერი განხეთქილება – მაყურებელს სურდა, რომ ყველას დაემახსოვრებინა, რომ „დინამო“ ქართული გუნდი იყო".

1TVSPORT