"უცებ გამახსენდა, რომ მეორე დღეს ხვიჩას თამაში ჰქონდა და წავიმღერე: "ო დოლჩე ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია". ვიდეო თამილა ხეთაგურმა ატვირთა "ფეისბუკზე", მეც გავაზიარე და..." - კვირის პალიტრა

"უცებ გამახსენდა, რომ მეორე დღეს ხვიჩას თამაში ჰქონდა და წავიმღერე: "ო დოლჩე ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია". ვიდეო თამილა ხეთაგურმა ატვირთა "ფეისბუკზე", მეც გავაზიარე და..."

გერმანული თეატრების ქართველი მომღერალი

ტენორი მამუკა მანჯგალაძე უკვე მერვე წელია, რაც დიუსელდორფში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ის დიუსელდორფისა და დუისბურგის ოპერის მომღერალია. ვიდეო, რომელიც სოციალური ქსელში ვირუსულად გავრცელდა და რომელშიც მამუკა მანჯგალაძე ხვიჩა კვარაცხელიას უძღვნის სიმღერას, ბევრმა ადამიანმა ნახა და, როგორც უთხრეს, თავად ხვიჩასაც მოუსმენია.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"საქართველოში ოპერის თეატრში მუშაობა მინდოდა და თავდაპირველად უარი ვთქვი გერმანიაში წამოსვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკურსში გავიმარჯვე. არადა, აგენტმა მითხრა, როგორც კი სალაპარაკო გერმანულს ვისწავლიდი, უკვე იზრუნებდა ჩემს დასაქმებაზე. პატრიარქი ყოველთვის გვეუბნებოდა, არ დატოვოთ სამშობლოო, და რაღაცნაირად არც მე მინდოდა საქართველოსგან შორს ყოფნა. საარსებო წყარო რომ მქონოდა, რითიც შევძლებდი ჩემი ოჯახის რჩენას და მასზე ზრუნვას, დარჩენას ვფიქრობდი.

"მეშვიდე წელია, რაც ოჯახიც ჩამოვიყვანე. 8 წლის იყო მაშინ ჩემი გოგონა მარიამი, რომელიც ახლა უკვე რამდენიმე კონკურსის გამარჯვებულია - ფორტეპიანოზე უკრავს, ხატავს კიდეც. მეუღლეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ აქ ვცხოვრობ და წარმატებებს მივაღწიე. ფაქტობრივად, კარიერა დათმო ჩემ გამო. ფოლკლორისტია, განათლების მენეჯმენტში კითხულობდა ლექციებს საზღვარგარეთ. ლინცის უნივერსიტეტში ონლაინჩართვები აქვს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტშიც ჰქონდა საათები, მაგრამ უარი თქვა მოუცლელობის გამო...."

"...უცებ გამახსენდა, რომ მეორე დღეს ხვიჩას თამაში ჰქონდა და წავიმღერე: „ო დოლჩე ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია“. ვიდეო თამილა ხეთაგურმა ატვირთა "ფეისბუკზე", მეც გავაზიარე და ბევრმა ჩემმა ახლობელმა ნახა. ჩემმა მეგობარმა ირაკლი ზოსიაშვილმაც ნახა და მითხრა, რომ სპორტულ გვერდზე განათავსებდა და ასე გავრცელდა უცებ. ბევრს იტალიელი ვეგონე, ქართველებსაც მათ შორის, და მე ვწერდი, იტალიელი არ ვარ, ქართველი ვარ-მეთქი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 20 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი