"საამაყო ის მექნებოდა, გოგოც რომ გადამერჩინა" - დევი მეზურნიშვილი მწარე სინანული და წინათ გადაურჩენელი ადამიანები - კვირის პალიტრა

"საამაყო ის მექნებოდა, გოგოც რომ გადამერჩინა" - დევი მეზურნიშვილი მწარე სინანული და წინათ გადაურჩენელი ადამიანები

მიუხედავად იმისა, რომ დენი ურტყამდა და იცოდა, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, უკან არ დაუხევია, ბავშვების გადასარჩენად მაქსიმუმი გააკეთა. დღეს დანანებით ამბობს, _ ეტყობა, მარიტასთან მისვლა დამაგვიანდა, რადგან ამ ორი ბავშვის გამოყვანაში დრო დაიკარგა და დენიც არ მიშვებდა, ბოლომდე რომ მივსულიყავიო. ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ პატარა გოგონაც გადარჩებოდა, რადგან შემთხვევის ადგილზე "სასწრაფო დახმარების" ბრიგადაც მალე მოვიდა და იქ მყოფებიც მაქსიმალურად შეეცადნენ. ბავშვებისთვის სამედიცინო დახმარება გაეწიათ...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ეს არ იყო გმირობა, რაც შევძელი, ის გავაკეთე, მეტი არაფერი. სამი შვილის მამა ვარ და იმ წუთებში მხოლოდ ბავშვების გადარჩენაზე ვფიქრობდი. ბედნიერი ვიქნებოდი, გოგონა რომ ცოცხალი იყოს. ამ დღის გახსენებაზე სულ ვტირი. ორი გოგო და ერთი ბიჭი მყავს. გოგონები 28 და 29 წლისები არიან, ბიჭი _ 17 წლის. ჩემს ბიჭსაც სულ თან დავდევდი პატარა რომ იყო, მეშინოდა, არაფერი ეტკინოს-მეთქი..."

"რომ ჩავედი, მაშინათვე ვიგრძენი, დენი რომ იყო, მაგრამ წინ მივიწევდი და იქით-იქით უფრო რთულდებოდა სიტუაცია. შიგნიდან უფრო ძლიერი დენი მოდიოდა, ეტყობა, და ამიტომ უფრო აქეთ ვინც იყო, ის ბავშვი ამოვიყვანე მალევე, მერე მეორესთან მისვლაც გამიჭირდა, ორჯერ გავუშვი მას ხელი, იმიტომ, რომ დენი მეც მაქცევდა და ფეხს ვეღარ ვდგამდი. მაინც მოვახერხე მისი წყლიდან გამოყვანა. არც სუნთქავდა, ჩაძირული იყო ბავშვი..."

დევის ძმისშვილი, ნინი მეზურნიშვილი:"ასეთია მისი ბუნებაა. სხვანაირად არ შეუძლია. იყო შემთხვევა, ადიდებული ალაზნიდან გამოიყვანა ახალგაზრდა ბიჭი. ამ ამბის დეტალები მას ოჯახში არასოდეს მოუყოლია, სხვისგან გავიგეთ, არადა, მაშინაც ძალიან გარისკა თავისი სიცოცხლე. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა..."

"არც ერთ დედას არ ვუსურვებ შვილთან თუნდაც დროებითი დაშორების ტკივილს. ჩემსა და ქეთას შორის ძალიან ცოტაა ასაკობრივი სხვაობა, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ და სულ იმას ვამბობ, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი თავად გავაჩინე. საოცარი აურის გოგოა და ძალიან წარმატებული მოსწავლე...აი, ცოტა ხნის წინ რა მომწერა ერთმა ქალბატონმა: "ნინი, ბატონ დევის გადაეცით დიდი მადლობა, ბედნიერები ვართ საქართველოს მოქალაქეები რომ გმირი და დიდი იმედი გვყავს. 2001 წელს ბატონმა დევიმ, წინანდალში 4 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. წინანდლის გზაზე მოცურდა ყინულში მანქანა და ხევში გადავარდა. მარტო ბატონმა დევიმ ამოიყვანა ოთხივე მათგანი იქიდან. დღეს გამახსენა მეგობარმა ეს ამბავი. მე არ გამიკვირდა მისგან ეს, რომ შევხედე დღესაც მის თვალებს, გასაგები იყო ჩემთვის ყველაფერი. თავს ვხრი მთელი ოჯახის წინაშე. მშობლების და ბატონი დევის წინაშე. გთხოვთ, გადაეცით მას ჩემგან დიდი მადლობა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 20 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა