"ჩემი შვილის გამო დღემდე შოკიდან ვერ გამოვედი, თუმცა ამ თემაზე საუბარი მომავალი მსხვერპლის გამო მიმაჩნია აუცილებლად" - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილის გამო დღემდე შოკიდან ვერ გამოვედი, თუმცა ამ თემაზე საუბარი მომავალი მსხვერპლის გამო მიმაჩნია აუცილებლად"

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და იძულების ბრალდებით 2 პირის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სკოლის მოსწავლეების მიმართ სექსუალური შინაარსის საუბრებს ახორციელებდა და მათ სასქესო ორგანოებზე ხელით შეხებას სთხოვდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში, სხვადასხვა დროს, 1977 წელს დაბადებული დ.ზ. - არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი იძულების ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული, გ.რ. - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ზ.-მ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვან გოგონას ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი მობილური ტელეფონის გადაცემა აიძულა.

სამართალდამცველებმა, კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.ზ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს - გ.რ.-ს, იგი სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სკოლის მოსწავლეების მიმართ სექსუალური შინაარსის საუბრებს ახორციელებდა და მათ სასქესო ორგანოებზე ხელით შეხებას სთხოვდა.

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების და იძულების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 138-ე მუხლებით“, -აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პედოფილიის გახშირებული ფაქტები მეტყველებენ იმაზე, რომ ამის შესახებ არა მხოლოდ უფროსებმა, არამედ ბავშვებმაც უნდა იცოდნენ. აი, რას წერდა ამ დღეებში პედოფილიის ბრალდებით ქუთაისში დაკავებულების შესახებ ადვოკატი ლევან ჭელიძე:

"ქუთაისში, პოლიციის მე-5 განყოფილებამ 2 პირი დააკავა: დ.ზ. და გ.რ. (ერთი გუშინ და ერთი დღეს), რომელთაც ედავებიან ს.ს. კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ერთ-ერთ მათგანს ბრალი უკვე წარუდგინეს, ხოლო მეორე პირს ბრალს ხვალ წარუდგენენ. მათ შორის ერთ-ერთი, კერძოდ, დ.ზ. რამდენიმე ხნის წინათ ახდენდა ჩემი დასაცავი პირის, ე.ა.-ს შევიწროებას, რის გამოც მივმართე სასამართლოს. დ.ზ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სცნო სამართალდამრღვევად და 500 ლარით დააჯარიმა...".

…ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ ჯარიმის რაოდენობაა საყურადღებო, არამედ ის ფაქტი, რომ კანონი, მსგავსი სასჯელის შემდეგ პირის მიმართ შემაკავებელ მექანიზმებს არ ითვალისწინებს. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ბავშვის მშობელი გვიამბობს, პედოფილიაში ბრალდებულთაგან ერთ-ერთი გაუპატიურების სასჯელიდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა; მეორე კი ცნობილი "ტიკ-ტოკერია", რომელიც ვიდეოებში "გოგოებს ლექსებს უწერდა".

ლ.მ. მშობელი:

- ჩემი შვილის გამო დღემდე შოკიდან ვერ გამოვედი, თუმცა ამ თემაზე საუბარი მომავალი მსხვერპლის გამო მიმაჩნია აუცილებლად. ძალიან ვწუხვარ, რომ იმ ნაძირალას, რომელმაც შვილი და ოჯახი საშინელ სტრესში ჩამიგდო, თურმე მეც ვახალისებდი. მეც მეღიმებოდა მისი "ტიკ-ტოკის" ვიდეობზე, რომლებშიც გოგოებს ვითომ უმტკივნელო, სახუმარო ლექსებს უწერდა. ამასობაში კი ჩემს შვილს შეეხო. მოკლედ, ჩემი 10 წლის ბიჭი სკოლიდან უკვე მარტო ბრუნდება. ან ასე რატომ არ უნდა იყოს, როცა ბავშვი მოზრდილია და თანაც გზაზე, ერთი შეხედვით, არანაირი საფრთხე არ არის და ხალხიც მოძრაობს. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნაძირალა სწორედ მარტო მყოფ ბავშვებს უთვალთვალებდა და ირჩევდა მსხვერპლად. მოკლედ, მას გაკვეთილების შემდეგ, გზაზე ვიღაც შავქურთუკიანი კაცი გადაუდგა და დაშაქრული ხმით უთხრა, - არ გინდა, 10 ლარი მოგაგებინო, ოღონდ მაგისთვის უნდა წამომყვეო. საბედნიეროდ, ჩემს შვილთან მსგავს თემებზე ნასაუბრები მქონდა და ამ საუბრებმა ნაყოფი გამოიღო. ამიტომ, ამ დროს ბავშვმა ამ ნაძირალასაგან გაიწია, - არაფერი 10 ლარი არ მჭირდება, გამატარეო. თუმცა, ამ არაკაცმა, როგორც ჩანს, საქმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა, იფიქრა, მსხვერპლი ხელიდან მისხლტებაო, ბავშვს ხელი ჩასჭიდა და თავისკენ ქაჩვა დაუწყო.

- ამ დროს გარშემო ხალხი სად იყო?

- იმ წუთში ძალიან ახლოს არავინ იყო, ახლომახლო კი იყვნენ, მაგრამ შორიდან ვინ რას მიხვდება, ბავშვს კაცმა ხელი რატომ ჩასჭიდა... მოკლედ, ჩემმა შეშინებულმა შვილმა ძალები მოიკრიბა და ნაძირალას როგორღაც უბიძგა. როგორც ჩანს, ის ამგვარ წინააღმდეგობას არ ელოდა და ამიტომაც წაბორძიკდა. რითაც ჩემმა შვილმა ისარგებლა და გამოექცა. ოღონდ, არ იფიქროთ, რომ ის შეეშვა. ბავშვმა მითხრა, რომ გამოვიქეცი, კიდევ მომდევდა, ამიტომ პირველივე "მარშუტკა" გავაჩერე და სულ სხვაგან წავყევი, ამის გამო დავბრუნდი გვიან სახლშიო. ამას რომ ამბობდა, ბავშვი მთლიანად გათეთრებული იყო. წარმოიდგინეთ. ოჯახში ვინ რა დღეში ჩავვარდებოდით, მაშინვე მივმართე პოლიციას და ვიდეოკამერების ამოღება მოვითხოვე. თუმცა ამის უფლება იმ წუთში არ მომცეს. ჩემი შვილი პოლიციაში შემთხვევიდან მესამე დღეს გამოიძახეს ამ ნაძირალას ამოცნობაზე, მაშინ როდესაც ქუთაისის სხვა სკოლასთანაც მოხდა მსგავსი შემთხვევა. ოღონდ იქ, ეს არაკაცი გოგონას გაჰყვა, რომელსაც გარყვნილ სიტყვებს ეუბნეოდა. საბედნიეროდ, ამ დროს ამ ნაძირალასთვის ფოტოს გადაღება გოგონას მეგობარმა შეძლო, რომელიც იმით დაეჭვდა, თუ ვინ და რატომ აედევნა მის თანაკლასელს.

მადლობა ვთქვათ გონიერი თაობის გამო. ბავშვები რომ არა, პედოფილიაში ბრალდებულები დიდხანს ივლიდნენ...

ჩემი შვილის შემთხვევაში მოძალადე, რამდენადაც ვიცი, სწორედ გაუპატიურების მცდელობაზე იხდიდა სასჯელს და გირაოთი გამოუშვეს. რაც შეეხება მეორეს, ამ თემაზე, მასაც ჰქონდა კანონთან პრობლემა, მაგრამ ჯარიმით გამოძვრა. კანონის ეს ლოიალობა ტრაგედიაა. სამაგიეროდ, მათ ბავშვებზე გადმოინაცვლეს. პირადად მე და იმედი მაქვს, არაერთი მშობელი შემომიერთდება, ვითხოვ, რომ კანონი შეიცვალოს და პედოფილიაში გამოძიებით ბრალდებულები სამუდამო პატიმრობაში აიყვანონ. ჩვენს შემთხვევაში, როგორც გავარკვიე, კანონი მხოლოდ 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, რაც ჩემთვის აღმაშფოთებელია. რადგან დარწუნებული ვარ, რომ ისინი სასჯელის მოხდის შემდეგაც იპოვიან მსხვერპლს და იგივეს გააგრძელებენ.

(სპეციალურად საიტისთვის)