"ივანიშვილს აფრთხილებენ, რომ გემი, რომელიც მიტრიალებულია რუსეთისკენ, მოატრიალოს ცივილიზებული სამყაროსკენ" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს აფრთხილებენ, რომ გემი, რომელიც მიტრიალებულია რუსეთისკენ, მოატრიალოს ცივილიზებული სამყაროსკენ"

ფაქტობრივი მმართველის ოჯახის წევრებს ასანქცირებენ რუსეთთან თანამშრომლობისთვის, მაშინ როდესაც რუსეთი ბომბავს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს, ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს? ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს? - ასე ეხმაურება "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი, გიორგი რუხაძე "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებას.

გიორგი რუხაძის განცხადებით, ივანიშვილის გარემოცვა დასანქცირდა იმის გამო, რომ ისინი კოლაბორაციაში არიან რუსეთთან.

"ვიღაცას წამოუარა ან ვიღაცას მოუნდა, ვიღაცას აწყობს, ამის გამო სანქციებს არ აწესებენ. ეს სანქციები დაწესდა კონკრეტული მიზეზის გამო, ის ადამიანები, რომლებიც ჩამონათვალში მოხვდნენ, ივანიშვილის ოჯახის წევრები, ესენი არიან ხალხი, რომლებიც კოლაბორაციაშია რუსეთთან, მოსკოვთან და თავიანთი საქმიანი გარიგებებით ფულს აკეთებენ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებაც დადგა უკრაინაში ომთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

კითხვაზე, რატომ არ არის თავად ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში, გიორგი რუხაძე პასუხობს, რომ ეს არის გაფრთხილება ივანიშვილისთვის.

„ჩემი აზრით, ეს არის გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე მასაც მისწვდებიან. მაგრამ მას ხელი მიუწვდება ყველაზე მთავარზე, ის არის საქართველოს ფაქტობრივი მმართველი. შესაბამისად, ის ქვეყანას მართავს და ივანიშვილი რომ დაასანქცირონ გამოვა, პირდაპირ ქვეყნის მმართველი დაასანქცირეს და ასევე გამოვა, რომ ქვეყნის მმართველი პირდაპირ კოლაბორაციაშია კრემლთან, მაშინ უნდა ავიღოთ თოფ-იარაღი და უნდა ვიმოქმედოთ, აბა, სხვანაირად რა უნდა გავაკეთოთ? ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებენ იმის შესახებ, რომ სახელმწიფო პოლიტიკა შეცვალოს, გემი, რომელიც მიტრიალებულია რუსეთისკენ, მოატრიალოს ცივილიზებული სამყაროსკენ. აქამდეც იყო ასეთი გაფრთხილება და არ შეისმინა ივანიშვილმა და მე არ მგონია, რომ ხვალ და ზეგ შეისმინოს, შესაბამისად არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილიც აღმოჩნდეს ამ სიაში“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

გიორგი რუხაძე ირაკლი კობახიძის მიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უკრაინა ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებს, რათა პოლიტიკაში დაბრუნდეს და ქვეყანა ომში ჩართოს.

გიორგი რუხაძის თქმით, „ომში ჩართვის ამბავი არის ერთუჯრედიანებისთვის მოფიქრებული რაღაც პიარ მაიმუნობა თუ ხრიკი“.

"რა ომში ჩართვა? ამერიკული მხარე ამბობს, რომ ეს არის სრული სისულელე, ევროკავშირის ლიდერები ამბობენ, რომ ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი. ამ ქვეყანაში ცოტა მაინც აზროვნება ვისაც შეუძლია, ყველა ხვდება, რომ ეს არის უბრალოდ მოსახლეობის შიშებზე თამაში“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

"ინტერპრესნიუსი"