"უკანასკნელი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა: ბორის ჯონსონი რიში სუნაკის წინააღმდეგ?" - კვირის პალიტრა

"უკანასკნელი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა: ბორის ჯონსონი რიში სუნაკის წინააღმდეგ?"

"ლიზ ტრასის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის სავარძლისათვის დიდი მეტოქეობა იწყება. ანალიტიკოსების სცენარით, ერთმანეთს შეერკინებიან ბრიტანეთის ხაზინის ყოფილი კანცლერი რიში სუნაკი და ექსპრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი", - ნათქვამია ჟურნალ "სფექთეითორში" (The Spectator) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - "უკანასკნელი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა: ბორისი რიშის წინააღმდეგ?" (ავტორი - ქეით ბოლსი).

"ლიზ ტრასმა პრემიერის პოსტი დატოვა. კონსერვატორები იმედოვნებენ, რომ ერთ კვირაში პარტიის და ქვეყნის ახალი ლიდერის ვინაობას გაარკვევენ. პრემიერის თანამდებობის მაძიებელთა რიგები მცირდება: თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს კანცლერმა ჯერემი ჰანტმა და მაიკლ გოუვმა, რომელსაც ბოლო წლებში სხვადასხვა მინისტრის პოსტი ეკავა, იუსტიციიდან დაწყებული, საბინაო-კომუნალური მეურნეობით დამთავრებული. სოციალურ ქსელებში დიდი კამპანია მიდის პენი მორდონტის (თავდაცვის ექსმინისტრის) მხარდასაჭერად, თუმცა თემთა პალატის წევრებთან დაახლოებული წყაროების თქმით, მას პარტიული ოფიციოზი მხარს არ უჭერს და ამიტომ პერსპექტივა არ აქვს. დეპუტატები ფინალისტთა რაოდენობას ორ კანდიდატამდე შეამცირებენ, გამარჯვებული კი შიდაპარტიული არჩევნებით გამოვლინდება - თუ, რა თქმა უნდა, მანამდე ჯენტლმენური შეთანხმება არ გაფორმდება.

დავიწყოთ პირველით - რიში სუნაკით, რომელიც წინა არჩევნებში მეორე პრიზიორი იყო. რიში სუნაკი ბოლო დღეებში მდუმარედ შეჰყურებდა ლიზ ტრასის პრემიერობის დაცემას და "სიტუაციით ტკბებოდა". რა მოხდება, თუ იგი გახდება პრემიერი? ბოლოს და ბოლოს, იქნებ რიში სუნაკმა დაამყაროს წესრიგი ქაოსის ოკეანეში? მისი მხარდამჭერები უხვსიტყვაობენ და ამბობენ, რომ რიში სუნაკმა სწორად იწინასწარმეტყველა მთელი რიგი ფინანსურ-ეკონომიკური მოვლენები ლიზ ტრასის პრემიერობის დროს, რომლებმაც, საბოლოო ჯამში, მისი კრახი გამოიწვია.

რასაკვირველია, არიან დეპუტატები, რომლებმაც წინა არჩევნების დროს რიში სუნაკს მხარი არ დაუჭირეს, მაგრამ ახლა დარწმუნდნენ, რომ იგი ნამდვილად შესაფერის პიროვნებას წარმოადგენს. მაგრამ მთავარი სასაყვედურო ხაზინის ყოფილი კანცლერის მიმართ ისაა, რომ მან წინა არჩევნების დროს პარტიულ ერთიანობაში განხეთქილება შეიტანა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რიში სუნაკი ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მოაგროვებს.

და ამ დროს არენაზე გამოვა ბორის ჯონსონი. როგორც გაზეთი "თაიმსი" წერს, ყოფილი პრემიერი გამოცოცხლდა და კანდიდატების სიაში მოხვედრის შანსებს განიხილავს, სიტუაციას ზვერავს. ზოგიერთმა დეპუტატმა ბორის ჯონსონს უკვე მოუწოდა, რომ დიდ პოლიტიკაში დაბრუნდეს. მათი აზრით, ბორის ჯონსონის ხელახალი გაპრემიერება ერთადერთი ვარიანტია იმისთვის, რომ პარლამენტის საყოველთაო არჩევნები თავიდან იქნას აცილებული. კაცმა რომ თქვას, ბორის ჯონსონს მართლაც სრული ლეგიტიმური უფლება აქვს - იგი ხომ 2019 წლის არჩევნების მანდატს ფლობს. ისიც ცხადია, რომ ლიზ ტრასის უბადრუკი მმართველობის ფონზე ბევრ ბრიტანელს, ახლო წარსულის გახსენებისას, ბორის ჯონსონის პრემიერობა, რომელსაც ადრე აკრიტიკებდნენ, ახლა ცისარტყელას ფერებში ეჩვენება. "ერთიანი ერის" იდეის მომხრეები ხაზს უსვამენ ბორის ჯონსონის წარმატებულ მუშაობას საზოგადოებასთან და რომ ექსპრემიერს კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია (თუმცა იმავე კრიზისში ბრალი მასაც მიუძღვის). მაგრამ საქმე ისაა, რომ ჯონსონისა და ტრასის მმართველობებს შორის ჯერ კიდევ ცოტა დროა გასული და დეპუტატებს "ბრძოლაში მიღებული ჭრილობები არ შეხორცებიათ". ერთ-ერთი ექსმინისტრის თქმით, სიბრიყვე იქნებოდა ბორის ჯონსონისთვის ხმის მიცემა იმ დეპუტატების მხრიდან, რომლებიც სულ რაღაც ერთი თვის წინ მას ხმალმომარჯვებული ებრძოდნენ.

თუ ფინალი "სუნაკი ჯონსონის წინააღმდეგ" იქნება, მაშინ არანაირი ჯენტლმენური შეთანხმება არ მოხდება. რომელი იტყვის უარს ნებაყოფლობით პრემიერის სავარძელზე? - არც ერთი. როგორც ერთ-ერთმა კონსერვატორმა დეპუტატმა იწინასწარმეტყველა, "ახლოვდება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა". ბორის ჯონსონს რიში სუნაკი აშკარად არ მოსწონს. ყოფილ პრემიერს ყოფილი კანცლერისაგან ბევრი არასასიამოვნო რამ ახსოვს. რიში სუნაკის მომხრეები შიშობენ, რომ ბორის ჯონსონი ყველაფერს გააკეთებს თავისი მეტოქის ჩასაძირად. მოკლედ, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ წრეებს წინ ნერვიული კვირა ელოდებათ. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ