ლუსტრაციის კანონი: მიიღებ ინანებ, არ მიიღებ – მაინც ინანებ! - კვირის პალიტრა

ლუსტრაციის კანონი: მიიღებ ინანებ, არ მიიღებ – მაინც ინანებ!

სპეცსამსახურების არქივების განსაჯაროების და ლუსტრაციის პროცესის ერთ–ერთი ყველაზე დიდი საფრთხე პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებაში იმალება.

ვინ და როგორ უნდა ჩაატაროს ლუსტრაცია? პარტიული ნიშნით შედგენილი ლუსტრაციის კომისია ობიექტური ვერასდროს ვერ იქნება და ქვეყნის მოსახლეობის სრული ნდობით ვერანაირად ისარგებლებს. ამ დროს ძალზე დიდია ცდუნება და ვინც ფლობს “ლუსტრაციის სახელმწიფო კომისიას” და სპეცსამსახურის არქივებს, ის ყოველთვის გაიმარჯვებს არჩევნებში. შერჩევითი ლუსტრაცია კი უკვე პოლიტიკურ ანგარიშწორებად იქცევა! ამის მაგალითია პოლონეთის ექს–პრეზიდენტისა და ნობელის პრემიის ლაურეატის, ლეხ ვალენსას „ჯაშუშური ეპოპეა“. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს ისტორია.

2008 წელს პოლონელმა ისტორიკოსებმა და "ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის" თანამშრომლებმა - ს. ცენცკიევიჩმა და პ. გონტარჩუკმა, პოლონეთის უშიშროების ორგანოების საარქივო დოკუმენტების საფუძველზე, გამოსცეს წიგნი: "უშიშროების სამსახური და ლეხ ვალენსა - ბიოგრაფიის დამატება", სადაც ამტკიცებდნენ, რომ ვალენსა 1970 წელს გადაიბირეს პოლონეთის სპეცსამსახურებმა და ექვსი წლის მანძილზე მათი აგენტი იყო, ოპერატიული ფსევდონიმით - "ბოლეკი". ამ წიგნს ყველაზე დიდი რეკლამა პოლონეთის მომავალმა პრეზიდენტმა და ლეხ ვალენსას მთავარმა ოპონენტმა, ლეხ კაჩინსკიმ გაუწია. 2008 წლის 5 ივნისს, მაშინ როცა წიგნი ჯერ დაბეჭდილიც არ იყო, კაჩინსკიმ ერთ-ერთ ტელეინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, რომ ვალენსა სპეცსამსახურების აგენტი იყო, "ბოლეკის" ოპერატიული ფსევდონიმით მოქმედებდა და ამ, ძალზე მძიმე ბრალდების მტკიცებულებად, ზემოაღნიშნული წიგნი დაასახელა. ამის შემდეგ, 2008 წლის 23 ივნისს, ოთხიათასიანი ტირაჟით გამოსული წიგნი, რომელიც საკმაოდ ძვირი - დაახლოებით, 45 ლარი ღირდა, იმავე დღეს სრულად გაიყიდა. წიგნის ავტორების აზრით, ვალენსას აგენტობა საარქივო დოკუმენტებით დასტურდება. მათ გამოაქვეყნეს პოლონეთის სპეცსამსახურების თანამშრომლების სამსახურებრივი მოხსენებები, სადაც აღნიშნული იყო, რომ ექვსი წლის მანძილზე "ბოლეკმა" ანაზღაურების სახით, საერთო ჯამში, მიიღო 13 100 ზლოტი.

თავდაპირველად ლეხ ვალენსა ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ შემდგომში განმარტა, რომ შესაძლოა, მან მართლაც მოაწერა ხელი ზოგიერთ დოკუმენტს, რომელმაც მისი კომპრომეტირება გამოიწვია. ვალენსამ მაშინ ძალზე "ჩახლართული" ისტორია მოჰყვა. გავიდა ცოტა ხანი და ვალენსამ ერთ-ერთ პოლონურ გაზეთთან ინტერვიუში უფრო ბუნდოვანი განცხადება გააკეთა, რითაც, ფაქტობრივად, დაადასტურა თანამშრომლობა უშიშროებასთან. მისი სიტყვებით, 1970-იან წლებში იგი, როგორც პროფკავშირის მუშაკი, იძულებული იყო, "აერჩია ერთ-ერთი გზა ორი ვარიანტიდან". პირველი ვარიანტი იყო, რომ არ ჰქონოდა არანაირი კონტაქტი პოლონეთის უშიშროების ორგანოებთან და არ ეცადა პრობლემების მშვიდობიანი მოგვარება. "მეორე გზა, რომელიც მე ავირჩიე, იყო (უშიშროების ორგანოებთან - ბ.ა.) საუბარი, დისკუსია, დარწმუნება და გამარჯვებისკენ წინსვლა", - ამბობდა მაშინ ვალენსა. ლეხ ვალენსამ, ასევე, განაცხადა, რომ 1970-იან წლებში სპეცსამსახურებთან მისი კონტაქტები იყო მხოლოდ მცდელობა, - "გადაერჩინა მამაცები, (სოლიდარობაში) რისკისმოყვარე ხალხის მგზნებარება გაეგრილებინა და შეექმნა გუნდი, რომელიც, საბოლოო ჯამში, გაანადგურებდა კომუნისტურ პარტიას. მე მინდოდა გამეგო, რა ხალხი მუშაობდა უშიშროებაში; რატომ მოქმედებდნენ ისინი პოლონეთის საზიანოდ; რატომ უნდოდათ მათ ადამიანებისათვის თავისუფლების წართმევა".

ს. ცენცკიევიჩისა და პ. გონტარჩუკის წიგნის გამოსვლის შემდეგ სიტუაცია ცოტათი მიწყნარდა. ვალენსა განაგრძობდა პოლონეთის პოლიტიკური ცხოვრებაში აქტიურობას და ხელისუფლების მწვავე კრიტიკას, როდესაც 2015 წლის ბოლოს მის წინააღმდეგ ახალ მტკიცებულებებს მიაკვლიეს. ახლადაღმოჩენილი დოკუმენტები ინახებოდა პოლონეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის - ჩესლავ კიშაკის არქივში. ამ დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში ლეხ ვალენსას ბრალი წაუყენეს 1970-იან წლებში კომუნისტური პოლონეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ ცრუ ჩვენების მიცემაში. ლეხ ვალენას აზრით კი, მისი პრობლემების საფუძველი იყო და არის პოლიტიკური დაპირისპირება ძმებ კაჩინსკებთან. ვალენსამ მიანიშნა, რომ კაჩინსკები მასზე შურისძიებისათვის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტს იყენებენ. ძმები კაჩინსკები - იაროსლავ და ლეხი - გასული საუკუნის 80-იან წლებში "სოლიდარობის" აქტიური წევრები იყვნენ, მაგრამ ვალენსას პოლონეთის

alada-1-1666340510.jpg
ლეხ ვალენსა და იაროსლავ კაჩინსკი

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ძმები შევიწროებულნი იყვნენ ახალი პრეზიდენტის მიერ. სწორედ იმ პერიოდიდან იწყება მათ შორის პოლიტიკური დაპირისპირება. ლეხ ვალენსა დღესაც რეგულარულად მონაწილეობს პოლონეთის დღევანდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში. ვალენსასადმი წაყენებულმა ბრალდებამ პოლონეთის საზოგადოება ორ, დაპირისპირებულ ნაწილად გაჰყო - ერთნი მიიჩნევენ, რომ ლეხ ვალენსას პოლიტიკურმა ოპონენტებმა მოიგონეს მისი აგენტობა, მეორენი კი არ გამორიცხავენ, რომ "ბოლეკი" - ვალენსა იყო და ის პოლონეთის უშიშროების ორგანოებთან ფარულად თანამშრომლობდა. ლეხ ვალენსას ირგვლივ განვითარებული სკანდალური მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ლუსტრაციის პროცესს, კარგად შევაფასოთ მისი პოზიტიური და ნეგატიური შედეგები, რათა საზოგადოებაში ახალი დაპირისპირება არ გამოვიწვიოთ.

ამავე დროს ლუსტრაციის პროცესის დადებითი შედეგებიც არ უნდა დავივიწყოთ. ამ შემთხვევაშიც საილუსტრაციოდ პოლონეთში განვითარებული მოვლენები გავიხსენოთ. 2007 წლის 7 იანვარს კათოლიკურ სამყაროში დიდი სკანდალი მოხდა, თუმცა არაფერი მოასწავებდა ამას. 2006 წლის 6 დეკემბერს რომის პაპმა ბენედიქტ XVI-ემ პოლონეთის ერთ-ერთი ქალაქის, პლოცკის 67 წლის ეპისკოპოსი სტანისლავ ველგუსი ვარშავის არქიეპისკოპოსად დანიშნა. ეს გადაწყვეტილება ნიშანი იყო იმისა, რომ ველგუსი მოკლე ხანში მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი გახდებოდა. მას უნდა შეეცვალა ცნობილი ანტიკომუნისტი მოღვაწე, კარდინალი იუზეფ გლემპი, რომელიც პოლონეთის კათოლიკურ ეკლესიას 1981 წლიდან, ყველაზე მძიმე პერიოდში ხელმძღვანელობდა.

სტანისლავ ველგუსი 1939 წელს დაიბადა, ხოლო 1962 წელს მღვდლად აკურთხეს, წლების მანძილზე იყო ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის დოქტორი, ხოლო 1989-1998 წლებში – ამ უნივერსიტეტის რექტორი. 1999 წლის მაისში რომის პაპმა იოან პავლე II-ემ ველგუსი პლოცკის ეპისკოპოსად აკურთხა.

პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ველგუსის ვარშავის არქიეპისკოპოსად დანიშვნის სასტიკი წინააღმდეგი იყო, თუმცა ვატიკანმა თავისი გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა. სწორედ მაშინ გამოჩნდა პოლონურ გაზეთებში ველგუსის წინააღმდეგ მიმართული სტატიები – არქიეპისკოპოსს კომუნისტური პოლონეთის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობას სდებდნენ ბრალად. ამ სკანდალური ინფორმაციის შემდეგ პოლონეთის “ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტში” – ლუსტრაციის მთავარ სტრუქტურაში, სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელმაც სპეცსამსახურის არქივებში არსებული ველგუსის პირადი საქმის შესწავლის შემდეგ უშიშროების ორგანოებთან მისი თანამშრომლობა დაადასტურა. გაირკვა რომ, არქიეპისკოპოსი, ოპერატიული ფსევდონიმით –“გრეი”, თითქმის 20 წელი აწვდიდა ინფორმაციას პოლონეთის უშიშროების ორგანოებს. პოლონელი ექსპერტების აზრით პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის მსახურთა 15-20 % “კომუნისტურ” სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. ეს მართლაც რომ შემაშფოთებელი და დამაფიქრებელი ფაქტია.

aladaaa-1666340565.jpg
სტანისლავ ველგუსი

2007 წლის 7 იანვრამდე ველგუსი უარყოფდა ამ ბრალდებებს და მოულოდნელად კათედრალურ ტაძარში შეკრებილი მრავალი მორწმუნის წინაშე საჯაროდ აღიარა აგენტობა. მან განაცხადა, რომ სხვა მღვდელთმსახურებს არ არ ასმენდა და ზიანიც არავისთვის მიუყენებიაო. შეცბუნებულ ვატიკანს სხვა რაღა დარჩენოდა და არქიეპისკოპოსს გადადგომის გადაწყვეტილება მოუწონა. ვფიქრობ კარგად ჩანს, თუ ლუსტრაციის პროცესის რამდენად საინტერესო და ამავდროულად მძიმე გამოცდილება აქვს პოლონეთის რესპუბლიკას.

(მეხუთე ნაწილის დასასრული)